გართობა

“Nike” – ყველა დროის ბრენდი

NIKE logo

“ჩვენი წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეოს, რომ ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი მიზანია გავუღვივოთ Nike-ის პროდუქციის მოხმარების სურვილი ყველას, ვინც სპორტითაა დაინტერესებული.”
ფილ ნაიტი. ბრენდის ხელმძღვანელი. 
კომპანია Nike მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპორტული ბრენდია, რომლის წლიური ბრუნვა 12 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ყოველ წელიწადს მსოფლიო ბრენდი ცდილობს, კიდევ უფრო დახვეწოს და მრავალფეროვანი გახადოს თავისი პროდუქცია.
Nike-მა წელს ტანისამოსის რამდენიმე ხაზი წარმოადგინა. ესაა BACK COUNTRY, ALL MOUNTAIN, TRANSITION, 4 TRAIL, 4 LIFE. ახალი კოლექციის მთავარი მახასიათებელი შტრიხი ინოვაციურობაა. “ახალი კოლექციის დიზაინზე მუშაობისას ჩვენ გამოვიყენეთ ველური დასავლეთის თემატიკის ელემენტები” –აღნიშნეს პრესასთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენლებმა, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება კოლექციაში გამოყენებულ ინოვაციურ მასალაზე გაამახვილეს.
ტრადიციისამებრ, ბრენდის მიერ წარმოდგენილი ტანისამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები სპორტული ადამიანებისათვის, პირველ რიგში კი ექსტრემალური სპორტისა და აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა გათვლილი. კოლექციაში ძირითადად თეთრი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ყავისფერი ტონები დომინირებს.
გარდა ახალი კოლექციისა, 2008 წელს ბრენდმა საზოგადოებას ახალი, ე.წ “მწვანე” კონცეფციაც, სახელწოდებით, Nike considering Desing წარუდგინა. კონცეფციის თანახმად, 12 წლის განმავლობაში ბრენდის პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადდება.

ამით Nike –ს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული პროდუქციის წარმოების 20%-ით გაზრდის შესაძლებლობა ექნება. ბრენდის მესვეურთა მიერ შემუშავებული “მწვანე კონცეფცია” მომხმარებლის ჯამრთელობის უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის და ამასთანავე, გარემოს ქიმიური ნარჩენებით დაბინძურებას შეამცირებს.
დღესდღეობით, მსოფლიო სპორტული ბრენდის “Nike”-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე “adidas”-ია. თუმცა, Nike, თავისი ნოვატორობის წყალობით დღემდე ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად რჩება სპორტული მოდის სამყაროში. მის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ბრენდის არასტანდარტულობით გამორჩეულმა სარეკლამო კამპანიებმა შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ 2002 წელს კომპანიის სარეკლამო რგოლში მსოფლიოს 24-მა საუკეთესო ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიო რეკლამის ისტორიაში Nike-ი პირველი ბრენდი იყო, ვინც საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისათვის სპორტის ვარსკვლავები გამოიყენა. მათ შორისაა ბეის ბოლისტი ბო ჯექსონი, ჩოგბურთელი ჯონ მაკინროი და მძლეოსანი კარლ ლუისი.
1984 წელს ბრენდმა NBA-ის კალათბურთელ მაიკლ ჯორდანთან გააფორმა კონტრაქტი. სპორტსმენის წყალობით ბრენდის შავ-თეთრი ბოტასები ყველაზე კომერციულ პროდუქციად იქცა სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანიის შემოსავალი წელიწადში 870 მილიონიდან 4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ფილ ნაიტისა და ბილ ბაუერმანის მიერ 60-იანი წლების დასაწყისში კომპანია Blue Ribbon Sports ბაზაზე შექმნილი Nike, რომლის სახელწოდებაც ბერძნული გამარჯვების ქალღმერთის სახელიდან
“ნიკე”-დან მომდინარეობს, სპორტული ამუნიციის ბაზარზე დღემდე ყველაზე კომერციულ ბრენდად სახელდება. მისი პროდუქცია ერთნაირი წარმატებით სარგებლობს როგორც განვითარებად, ასევე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებში.
Nike-ის წარმატების სტრატეგია, რომელიც თავის დროზე ფილ ნაიტმა შეიმუშავა, დღეისათვის მსოფლიოს სავაჭრო კომპანიებისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
”იმისათვის, რომ ბრენდმა დიდხანს იცოცხლოს, მყიდველისთვის მეტი სიახლეებისა და მოულოდნელობების შეთავაზებაა საჭირო. ეს უნდა იყოს ერთგვარი სიურპრიზი მომხმარებლისათვის.” აღნიშნავს ფილ ნაიტი. ბიზნესმენი, რომელიც Nike-ის მსოფლიო სავაჭრო ქსელს ბრენდის შექმნიდან მოყოლებული დღემდე ხელმძღვანელობს.

მსგავსი ამბები

Back to top button