არქივი

,,თორი-ბორჯომის ხეობის ისტორიული წარსული.“

2504b6e2d4f4

დღევანდელი  ბორჯომის  ხეობის  უძველესი  სახელწოდებაა თორის მხარე.იგი  მდებარეობს  საქართველოს  სამხრეთ  მთიანეთის  ჩრდილო-დასავლეთ  ნაწილში,მდინარე მტკვარისა და მისი მარჯვენა შენაკადების ხეობაში.ამ  ხეობის ფართობი  1180  კვ.კილომეტრია,რომელიც,როგორც  ადმინისტრაციული  ერთეული,ცალკეულ  ისტორიულ  ეპოქებში იცვლებოდა,მაგრამ მის ძირითად ტერიტორიულ ბირთვს მაინც ბორჯომის ხეობა შეადგენდა.

ისტორიკოსი  ჯუანშერი  აღნიშნავს,რომ  ვახტანგ  გორგასლის  ძემ  -დაჩიმ,თავის  ძმას  მირდატს  მისცა  ჯავახეთი  ფარავნიდან  მტკვრამდე, ტასისკარიდან,ვიდრე  სპერამდეო.ეს  ცნობები  იმაზე  მიუთითებს,რომ  ძველი  დროიდანვე  ბორჯომის  ხეობა,მთლიანად  თუ  არა,ნაწილობრივ  მაინც,ადმინისტრაციულად  სამცხის  შემადგენელობაში შედიოდა.ტერმინი „ბორჯომის  ხეობა“  იმ  ტერიტორიის  სახელწოდებად,რომელსაც  იგი  დღეს  მოიცავს,ისტორიულ  წყაროებში  1819  წლიდან  იხსენიება.მანამდე  ეს  მხარე  „მტკვრის  ხეობად“,ანუ  „ხეობად“  იწოდებოდა  (XV-XVIII  სს-ში),  ხოლო  ადრე, „თორის  მხარედ“  სახელწოდება  თორი,როგორც  ბორჯომის  ხეობის  აღმნიშვნელი  ტერმინი,ძველი  დროიდანვე  არსებობდა,რაც  დასტურდება VII  საუკუნის  ძეგლის,უსახელო  გეოგრაფიის  იმ ნაწილიდან,სადაც  ნათქვამია : „გაივლის მტკვარიჯავახეთის ზირობაზე,ჩამოეშვება სამცხეში,მოექცევა  მტკვარი  აღმოსავლეთისაკენ  გავლით  ქართვლის  ზენა  სოფელზე  და  ჰყოფს  მხარეებს  თორი,გოვათის-ხევი,ტორნისხეობა,მანგლისის  ხეობა,ხოლო  ჩრდილოეთით  დიდი  მდინარე  მტკვრისა  არგვეთის  მთიანეთია  და  იმავე  მხრიდან  ველი  დვანისა“.

ბორჯომი  არქეოლოგიური  თვალსაზრისით  ნაკლებადაა შესწავლილი,მაგრამ  ის  მცირეოდენი  არქეოლოგიური  ძეგლი,რაც  აქაა  მოპოვებული,მოწმობს,რომ  აქ  უცხოვრიათ  პირველყოფილი-თემური  წყობილების  დროინდელ  ადამიანებს.მაგალითად,სოფელ ბალანთაში  აღმოჩენილია  ობსიდიანის  დაუმუშავებელი  იარაღები,სოფელ ტაბაწყურში  ნაპოვნია  ქვის  ცულები  და  კაჟის  დანები,ისინი  ძალზე  პრიმიტიულად  არიან  დამუშავებული  და  ზედა  პალეოლითის  ხანას  უნდა  მივაკუთვნოთ.მის  სხვადასხვა  ადგილებში  აღმოჩენილი   არქეოლოგიური  ნივთების  უმრავლესობა   სპილენძისა  და  ბრინჯაოსაგანაა  დამზადებული.მონაპოვართა  შორის  ბევრია  სხვადასხვა  ფორმისა  და  დანიშნულების  თიხის  ჭურჭელი.ყველა  ამ  იარაღის  შესწავლა  და  მათზე  დაკვირვება  გვაფიქრებინებს,რომ  ის  ადმიანები,რომლებიც  ამ  ნივთებს  აწარმოებდნენ  და  ხმარობდნენ,შრომის  იარაღების  წარმოებაში  საკმაოდ  დახელოვნებულები  ყოფილან  და  წარმოების  კულტურის  მხრივ  განვითარების  საკმაოდ  მაღალ  საფეხურზე  მდგარან.ზემოთ  დასახელებული  წარმოების  იარაღების  უმრავლესობა  შუაბრინჯაოს   ხანას  უნდა  მივაკუთვნოთ(XVII-XIII სს.ძვ.წ.აღრ.).

c74a43030bf0

გეოგრაფიის  უცნობი  ავტორის  მიერ  იბერიის  აღწერაში  მოცემული  ფაქტები  ახალი  წელთაღრიცხვით  VI  საუკუნის  სინამდვილიდან  არის  აღებული  და  იგი  ძირითადად  პაპა  ალექსანდრიელის  აღწერას  ეყრდნობა.აქედან  იმ  დასკვნის  გაკეთება  შეიძლება,რომ  თორი,როგორც  იბერიის  ერთ-ერთი  ოლქი (საერისთავო,მხარე)  VI  საუკუნეში არსებულა.გამოსარკვევია,თუ  სად  მდებარეობდა  თორის  ოლქი,ეს  საკითხი  სწორად  გადაჭრა  პ.ინგოროყვამ.მისი აზრით  თორის  მხარე  მოიცავდა  დღევანდელი  ბორჯომის  ხეობას  (მტკვრის მარცხენა ნაპირის გამოკლებით)   და  შეადგენდა  ქართლის  ნაწილს.მართლაც  თუ  ანონიმი  გეოგრაფის  აღწერას  თუ კარგად დავუკვირდებით,არ  შეიძლება  სხვა  აზრი  არსებობდეს  თორისა  და  მისი  მხარის  ადგილმდებარეობის  შესახებ.იქ ნათქვამია:„ხოლო  ჩრდილოეთით  დიდი  მდინარე  მტკვარისა  არგვეთის მთიანეთია“.არაგვეთის  მთიანეთი  ლიხის  მთის  ის  ნაწილია,რომელიც  ბორჯომის  ხეობას  ჩრდილოეთით  აკრავს  და  იმერეთიდან  საზღვრავს. მართალია,არაგვეთის  მთებად  ლიხის  მთის  ეს  ნაწილი  წყაროებში  ხშირად  არ  მოიხსენიება,მაგრამ  საკმაო  საბუთია  იმისა,რომ  ეს  მოსაზრება  გამართლდეს.

მონასტერი  ბერძნული  სიტყვაა  და  ნიშნავს  შენობათა  ისეთ  ჯგუფს,სადაც  მონაზვნები  ცხოვრობენ.ბორჯომის  ხეობაში  არსებულ  საკულტო  ნაგებობებს  ახასიათებს  მონასტრებისთვის  დამახასიათებელი  ნიშნები:საძვალე,სენაკები  და  სამეურნეო  დანიშნულების  ნაგებობანი.

გიორგი  მერჩეულეს  ცნობების  მიხედვ  ირკვევა,რომ  თორის  მხარეს  არაბთა  შემოსევისგან  დიდი  აოხრება  განუცდია.იგი  ამ  ფაქტს  შემდეგნაირად  აღწერს:„ზოგად  ქართლისა  და  სამცხისა  არეთა  მათ  უდაბნოთა“.ქართლ-სამცხის   სანაპირო  მხარე  თორის  მხარე  იყო  და  იგი  არაბების  შემოსევის  გამო  ისე  გავერანებულა,რომ  მას  მერჩულე  უდაბნოდ  იხსენიებს.თორის  მხარის  ხელახალი  აღორძინება  დაწყებულა  VIII  საუკუნიდან  და  IX-X  საუკუნეებში  იგი  კულტურულად  და  ეკონომიკურად  საკმაოდ  დაწინაურებულა.ამ  მხარის  ახალ  აღმშენებლობათა  დამწყებად  თეოდორე  ნეძველი  და  ქრისტეფორე  კვირიკეწმინდელი  ითვლებიან.ისინი  გრიგოლ  ხანძთელის  მოწაფეები  ყოფილან  და  თავდაპირველად  ხანძთაში  უმოღვაწიათ,შემდეგ  თორის  მხარეში  გადმოსულან  და  აქ  IX  საუკუნის  პირველი  ნახევრის  ბოლო  წლებში(840წლის ახლო ხანებში)თეოდორეს  დაუარსებია  სავანე  ნეძვი,ქრისტეფორეს  კი  კვირიკეწმინდის   სავანე(მონასტერი).ნეძვი  და  კვირიკეწმიდა,კლარჯეთის  თორმეტ  სავანესთან  ერთად,ძველი  ქართული  კულტურის  კერებია.ნეძვის  და  კვირიკეწმიდის  სავანეების  ადგილმდებარეობის  შესახებ  გრიგოლ  ხანძთელის  ცხოვრებაში  ნათქვამია:,,კერძოთა  ქართლისათა…ზოგად  ქართლისა  და  სამცხისა  არეთა…იმყოფებოდა  ნეძვი  დიდებული  ლავრა…და  მონასტერი  კვირიკე  წმიდა“.

ნეძვის  სავანის  ადგილმდებარეობა  ცნობილია.სადგურ ახალდაბიდან  აღმოსავლეთით  8  კილომეტრის  მანძილზე  მდინარე  ნეძვურას  ხეობაში  არის  სოფელი  ნეძვი,აქვე  დაცულია  ნეძვის  დიდებული  ლავრის  ნანგრევები,ასე,რომ  ნეძვის  სავანის  თორის  მხარეში  არსებობის  საკითხი  ეჭვს  არ  იწვევს.ნეძვის  სავანეში ბაგრატ  IV  (1027-1072  წწ.)  სამოღვაწეოდ  მოუწვევია  XI  საუკუნის  ცნობილი  მწერალი  და  მეცნიერი  გიორგი  მთაწმინდელი (ათონელი).,,მისცა  ადგილნი  შუენიერნი,ლავრანი  დიდებულნი, განსასვენებლად  და  საყოფელად  მისდა,პირველად  ნეძვი  ქართლისა შინა  და  შემდომად  მცირედისა  შატბერდი,დიდებული  ლავრა  კლარჯეთისა  შინა“.როგორც  ჩანს,საკმაო  ხანს  უმოღვაწია  ნეძვის  დიდებულ  ლავრაში  გიორგი  მთაწმინდელს.

ისტორიული  წყაროებით  დასტურდება,რომ  XI  საუკუნის  დამდეგისათვის სოფ.ტაძრისში  არსებობდა  დედათა  მონასტერი.ამჟამად  იქ  ორ  ადგილზე,გუჯრისხევსა  და  ტაძრისის  სასაფლაოზე  არსებობს ორი  მონასტერი,ძნელია  იმის თქმა,ამ  ორთაგან  რომელი  იყო  დედათა  მონასტერი,მაგრამ  ამას  არსებითი  მნიშვნელობა  არა  აქვს.მთავარი  ის  არის,რომ  დედათა  მონასტერი  ტაძრისში  იყო.ტაძრისი თორის მხარეში  ადრიდანვე იხსენიება  და ეს  სახელწოდებაც,ვფიქრობთ,ტაძრების   არსებობის  გამო  უნდა  მიეღო  ამ  სოფელს.ცნობილია,რომ  გიორგი  მთაწმინდელს  დაწყებითი  სწავლა-განათლება  ტაძრისის  დედათა  მონასტერში  მიუღია.

გიორგი  ათონელის  ცხოვრების  აღმწერელი  ასეთ  ცნობებს  იძლევა: ,,გიორგი  ათონელის  მამას  იაკობს ,ესხნეს  სამნი ძენი  და სამნი  ასულნი“… უფროსი  შვილი  თეკლე  სამი  წლისა  რომ  შესრულებულა, ,,წარიყვანეს  იგი  სამცხეს  მონასტერსა  სადედოსა,რომელსა  ტაძრისი ეწოდების  და  მისცეს  იგი  ხელთა  წინამძღვარსა  მის  მონასტრისასა,რომელსა  საბაი  ეწოდებოდა,დედაკაცსა  ღირსსა  და  წმინდასა,რომელმაც  შეიწყნარა  იგი,ვითარცა  შვილი  თავისი და  კეთილად  აღზარდა“…შემდეგ,როდესაც  თეკლეს  უმცროს  ძმას  გიორგის  შვიდი  წელი  შესრულებია,ისიც  ტაძრისის  მონასტერში მიუყვანიათ აღსაზრდელად-,,და  ესრეთ  ახალ-ნერგი  შუენიერი  იზრდებოდა  მონასტერსა მათ შინა  და  ისწავლიდა  საღმრთოთა  დედაკაცისა  მისგან  ღირსისა  დისა თვისისა“.

საისტორიო  წყაროებიდან  ირკვევა,რომ  თორის  მხარეში  უმოღვაწია  თეოდორე  ნეძველს,ქრისტეფორე  კვირიკეწმინდელს,

1902f555e51e

გიორგი  მთაწმინდელსა  და  მრავალ  სხვა  გამოჩენილ  ქართველ  მოღვაწეს. მართალია,ბევრი  მათგანის  აქ  მოღვაწეობის  ფაქტი  ჯერ კიდევ  უცნობია, მაგრამ  ის,რაც  ცნობილია,მოწმობს  იმას,რომ  თორის  საერისთაო  IX-X-XI საუკუნეებში  ქართლის  საერისთაოებს  შორის,კლარჯეთთან  ერთად, ყველაზე  დაწინაურებული საერისთაო ყოფილა  როგორც  კულტურის,ისე სოციალურ-პოლიტიკური  ცხოვრების მხრივ.თორის  მხარის  ისტორიული  განვითარება  შეაფერხა  არაბ  დამპყრობელთა  თარეშმა,რასაც  მოწმობს  ის, რომ  VII  საუკუნის  მეორე  ნახევრისა  და  VIII  მატერიალური  კულტურის  ძეგლები  არ  შემოგვრჩენია.ხოლო  როდესაც  არაბთა  ბატონობა  ქართლში  შესუსტდა,ამ  დროიდან  თორის  მხარის,კლარჯეთთან  ერთად,ნამდვილი  აყვავება  იწყება,რასაცც  მოწმობს  IX-X  საუკუნეებში  აქ  აგებული  კულტურის ძეგლები,ისეთები  როგორიცაა  ნეძვი,კვირიკეწმინდა,ტაძრისის  დედათა  მონასტერი  და  სხვა.

ცნობილია,რომ  მონასტრების  კულტურის  კერებს  წარმოადგენდნენ, რომ  იქ  იქმნებოდა  ლიტერატურული  და  მეცნიერული  შრომები,ხდებოდა  თარგმნა  ასეთივე  შრომებისა  უცხოური  ენებიდან,იქ  ღებულობდა  განათლებას  ახალგაზრდობა.დღევანდელ  მესხეთში  დაცულია  ძველი  ხალხური  თქმულება,რომლის  მიხედვითაც  დიდ  შოთა  რუსთაველს  სოფელ  ქვაბისხევში  (ბორჯომის ხეობაშია)  მარიამწმიდის  მონასტერში  მიუღია  განათლება.შესაძლებელია,ეს   თქმულება  მართალიც  იყოს,ვინაიდან  მარიამწმინდის  მონასტერის  (რაც  დღესაც  დაცულია  ქვაბისხევში)  სამხრეთის  ეკლესიის  აღმოსავლეთ  მხარეს,წითელი  ჩარჩოთი  გამოყოფილ  ნაწილში,დახატულია  ორი  საერო  პირი-ქალი  და  მამაკაცი.ქალის  სურათის  გასწვრივ  მარჯვნივ  არის  წარწერა  ,,იაი“,ხოლო  მამაკაცის  სურათის  გასწვრივ  წერია  ,,შოთა“.ძნელია  ითქვას,რომ  ამ  სურათზე  შოთა  რუსთაველია  გამოსახული,მაგრამ  შესაძლებელი კი არის. ეს  საკითხი  კვლევა-ძიებას  მოითხოვს.

გაერთიანებული  საქართველოს  ხანაში,თორის  მხარე  წარმოადგენდა  ერთ-ერთ  ყველაზე  დაწინაურებულ  მხარეს,რომელსაც

ცნობილი  ფეოდალები-თორელები  ფლობდნენ.XII-XIII  საუკუნეებში  თორელები  მაღალ  ადმინისტრაციულ  და  სამხედრო  თანამდებობებზე გვევლინებიან.ცნობილია  გამრეკელი  თორელი,რომელიც  ჯერ  ამილახორი,შემდეგ კი ამისპასალარია,შალვა  თორელ-ახალციხელი  კარის  მფლობელი-თამარ  მეფის  დიდი  მოხელე,კახა  თორელი,ახალქალაქის  ერისთავთერისთავი  რატი  თორელი  და  ,,სხვა  მრავალნი  თორელნი“, რომლებიც  მოხსენიებულნი  არიან  ჩვენი  ერის  მატიანეში.

საკითხავია,ვინ  არიან  ეს  თორელები,რა  დროიდან  იცნობს  მათ  ჩვენი  ისტორია?  ,,თორელობა“  საპატიო  სახელი  იყო  და  წარმოდგებოდა  სახელწოდება  თორიდან.თორელები  თორის  საერისთავოს  განაგებდნენ  და  ამიტომ  თორელებად  იწოდებოდნენ,ხოლო  მათი  ნამდვილი  გვარი  სამძივარი  ყოფილა.

საინტერესოა,თუ  საიდან  წარმოდგა  და  მოვიდა  სამზივართა  გვარი  თორში.არსებობს  ამის  რამდენიმე  ვერსია.ჩვენ  ვფიქრობთ  რომ  ამ  საკითხში  უფრო  დამაჯერებელი  ვერსიაა,რომლის  მიხედვითაც  სამძივართა  გვარი  უნდა  უკავშირდებოდეს  XV  საუკუნის  წყაროებში  მოხსენიებულ  მესხეთში  მდებარე  სამძივის  ხევს.

თორის  მხარე  თავისი  აყვავება-გაძლიერების  უმაღლეს  დონეს  XI-XII  საუკუნეებსა  და  XIII  საუკუნის  დასაწყისში  აღწევს.ამ  პერიოდში  თორელებს  ყველგან  ვხვდებით,ქართლსა  და  სამცხე-ჯავახეთშიც. XII- XIII საუკუნეებში  სამეფო  კარზე  თორელების  დიდი  პატივით  სარგებლობენ.  ისინი  ერისთავები,ერისთავთ-ერისთვები,მთავარსარდლები  და  მეფის  ვაზირნი  არიან.ეს  იმას  ნიშნავს,რომ  თორელები,ერთსა  და  იმავე  დროს, როგორც  დარბაზის  რიგის,ასევე  საქვეყნოდ  გამრიგე  მოხელენი  არიან, რაც  XII –XIII  საუკუნეების  საქართველოში  ჩვეულებრივი  მოვლენა იყო.

თორის  მხარეში  კულტურული  და  სამეურნეო  აღმავლობა, რომელიც  IV  საუკუნიდან  დაიწყო  და  რომელსაც  VII-VIII  საუკუნეებშიც არაბთა  შემოსევამ  შეუშალა  ხელი,მომდევნო  საუკუნეებშიც   არ

შეწყვეტილა. XII  საუკუნის  ბოლოს  და  XIII  საუკუნის  დასაწყისში  თორის მხარეშიც  აუგიათ  ტიმოთესუბნის  დიდებული  მონასტერი,რომელიც  დღესაც  კარგადაა  შემონახული.ამ  მონასტერს  დიდი  საგანმანათებლო  მნიშვნელობა  უნდა  ჰქონოდა  ამ  მხარისათვის.ტიმოთესუბნის  მთავარი  ეკლესიის  უკან  დგას  მცირე  ეკლესია,რომლის  სარკმლის  ზემოთ  ქვაზე  წარწერაა.ეს  წარწერა  ასეა წაკითხული:,,ქრისტე  ადიდე  სული  შალვა  ერისთავისთვის“  და  ვარაოდობენ რომ, ,,ეს  მონასტერი  შალვა  თორელის  განსასვენებელი  ადგილია“. XIV  საუკუნეშია  აგებული  სოფ.დაბის  მონასტერი,რომელიც  კარგადაა  დაცული.მასზე  წარწერაა,რომლითაც  ვგებულობთ,რომ  იგი  გიორგი  ბრწყინვალეს ( 1314-1346 წწ. )  აუშენებია.  მშენებლობა  დათარიღებულია  1333  წლით.გიორგი  მეხუთეს  (ბრწყინვალეს)  მეფობის  ხანა  შედარებით  მშვიდობისა  და  აღმშენებლობის  განახლების  პერიოდია,რაც  თორის  მხარეშიც  საგრძნობი  ყოფილა.

XIII  საუკუნიდან  თორის  მხარე  ადმინისტრაციულად  სამცხის  შემადგენლობაში  შედის.ათაბაგების  რეზიდენცია  სოფელი  ციხისჯვარია, თორის  მხარეში,დაბა  თორის  მახლობლად,მდებარეობდა.ამიერიდან  თორის  მხარის  ისტორია  იგივეა,რაც  სამცხის  ისტორია.სამცხე  დიდ  ტერიტორიას  მოიცავდა.იგი  საქართველოს  ერთ  მესამედს  უდრიდა  და  გადაჭიმული  იყო  ,,ტასისკარიდან,ვიდრე  ერზერუმამდე“.მას  საუკეთესო  გეოგრაფიული  მდებარეობა  ჰქონდა,იშვიათი  კლიმატითა  ა  მდიდარი  ბუნებით  ხასიათდებოდა,რის  გამოც  აქ  სოფლის  მეურნეობა  კარგად  იყო  განვითარებული.დაწინაურებული  იყო  ხელოსნობა და  ხუროთმოძღვრება. ყოველივე  ეს  სამცხეს  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  ანიჭებდა.XIII  საუკუნეში  ისეთი  ისტორიული  ვითარება  შეიქმნა,რომ  სამცხემ  პირველმა  წამოიწყო  ერთიანი  საქართველოდან  გამოყოფისათვის  ბრძოლა,რაც  1266  წელს  მონღოლთა  მხარდაჭერით  განხორციელდა. სამცხის  მთავართა  პოლიტიკური  გეზი  ძირს  უთხრდა  ცენტრალური  ხელისუფლების  ძლიერებას  და  ფეოდალური  დაშლის  მოკავშირედ გამოდიოდა.

ბორჯომის  ხეობის  ფართობი  120 768  ჰექტარია.აქედან  სოფლის  მეურნეობისათვის  42 276  ჰექტარია  გამოყენებული,დანარჩენი  კი  ტყეებსა  და  ბუჩქნარებს  უჭირავს.კლიმატური  პირობების  მიხედვით  ბორჯომის  ხეობა  ორ  ზონად  იყოფა:ზედა  და  ქვედა.ზედა  ზონა  ცივი  ჰავით  ხასიათდება,ქვედა კი  თბილით.სწორედ  ეს  კლიმატური  პირობები  განსაზღვრავენ  სოფლის  მეურნეობის  ხასიათს.ზედა  ზონაში  საკვებ-საძოვრების  სიუხვის  გამო  წამყვანი  დარგი  მეცხოველეობაა,ხოლო  ქვედა  ზონაში  მებაღეობა-მებოსტნეობა.

ბორჯომმა,როგორც  კლიმატურ-ბალნეოლოგიურმა  კურორტმა,  ყურადღება  ჯერ  კიდევ  გასული  საუკუნის  მეორე  ნახევარში  მიიქცია. ბორჯომის  ხეობის  თვალწარმტაც  ბუნებას,მის  მინერალურ  წყალსაც  და  შემოგარენს  აღთაცებში  მოუყვანია  ბევრი  მნახველი,დამსვენებელი  და  აქ  სამკურნალოდ  ჩამოსული  ადამიანი.მრავალმა  გამოჩენილმა  ადამიანმა  ინახულა  ბორჯომი,დაისვენა  და  იმკურნალა.მათ  დაგვიტოვეს  საუკეთესო  შთაბეჭდილებანი.ბორჯომის  ხეობის  სილამაზით  მოხიბლული  იყო  გრიგოლ  ორბელიანი,აკაკი  წერეთელი  და  ბევრი  სხვა  გამოჩენილი  ადამიანი.1887  წლის  ივნისში  ბორჯომს  ესტუმრა  დიდი  რუსი  კომპოზიტორი პ.ი.ჩაიკოვსკი.მან  ერთი  თვე  დაჰყო  ბორჯომში, კმაყოფილი  დარჩა  მკურნალობით  და  აღფრთოვანებული  მისი  ბუნების  მშვენიერებით.

1925  წელს  ბორჯომში  გაიხსნა  ფიზიოსამკურნალო,26  კომისრის  სახელობის  პლატოზე  მწყობრში  ჩადგა  დასასვენებელი  სახლი.1927  წელს  თორის  პლატოზე  მდებარე  სერგეი.რომანოვის  ყოფილი სასახლე დასასვენებელ   სახლად  გადაკეთდა, ასევე  დასასვენებელ  სახლად  გადაკეთდა დიდვაჭარ  კონდუროვის   აგარაკი  მდებარე  ბორჯომულას მარცხენა სანაპიროსე და  ირანის  კონსულის  აგარაკი „ფირუზა“- მინწყლების ბაღის  შესასვლელთან.

მეორე ხუთწლედში  კურორტის  გაფართოება-კეთილმოწყობისათვის  მნიშვნელოვანი  ღონისძიებები  გატარდა. 1935  წელს  დამთავრდა საკავშირო   პროფსაბჭოს  ლიკნის  სანატორიუმის  ერთი  კორპუსი, ხოლო  მერე  კორპუსი  1938  წელს.  გეოლოგიური  საძიებო  სამუშაოების  ჩატარების შედეგად,  ბორჯომში  მინერალური  წულის სამი  ახალი  წყარო  იქნა  აღმოჩენილი, რითაც  მინწულების  დებეტი  90 000  ლიტრიდან 400 000   ლიტრამდე  გაიზარდა.  ამ  ფაქტს  საკურორტო  მეურნეობის  შემდგომი  გაფართოება-აღმავლობისათვის  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  ჰქონდა.

ბორჯომს,  როგორც  კურორტს,  ჯეროვანი  ყურადღება  მხოლოდ  საბჭოთა  ხელისუფლების  პირობებში  მიექცა.  მთავრობამ  კურორტის  განვითარება-კეთილმოწყობისათვის  დიდძალი  თანხა  გამორო.

საბჭოთა  ხელისუფლების  წლებში სახალხო   განათლების   დარგში  რადიკალური  ცვლილებები  მოხდა.  1921  წელს  ბორჯომის  რაიონში  არსებობდა  7  პირველი  საფეხურის  სკოლა  302  მოსწავლით.  1933   წლისათვის  სკოლების  რიცხვი  60-მდე   გაიზარდა,  ხოლო  მოსწავლეთა  რაოდენობამ  6609  შეადგინა.  ამავე  დროს  ბორჯომის  რაიონში  45  წერა-კითხვის  უცოდინართა  და   მცირემცოდნეთა  სლოლა  არსებობდა.  ბორჯომის  რაიონის  ყველა  ტიპის  სკოლაში  1933  წელს  213  მასწავლებელი  იყო,  მათგან  21-ს   უმაღლესი  განათლება  ჰქონდა.

წარმატებით  წარიმართა  კულტურულ-საგანმანათლებლო  დაწესებულებების  მშენებლობა.

ბორჯომის  რაიონიდან  სამამულო  ომში  მონაწილეობდა  8000 ზე  მეტი  მებრძოლი, მათგან  2000-მა  სიცოცხლე  სამშობლოს  დაცვას  შესწირა,  4 00 0  კი  ორდენებითა  და  მედლებით  დაჯილდოვდა.

ომის  შემდგომ  წლებში  სახალხო  მეურნეობის  ყველა  დარგი  ბორჯომის  რაიონში  მკვეთრი  აღმავლობით  ვითარდებოდა.სამამულო  ომი  ჯერ  კიდევ  დამთავრებული  არ იყო,რომ  ბორჯომის  რაიონში  მდინარე  მტკვარზე  მძლავრი  ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა  დაიწყო.1949  წლის  ბოლოს  მწყობრში  ჩადგა  ჩითახევის

ჰიდროელექტროსადგური  ჩითახევჰესი.ჩითხევჰესის  აშენება  ჩვენი  რესპუბლიკის  მშრომელთ  დიდი  გამარჯვება  იყო.ამის  შემდეგ  სხვა  ახალი  საწარმო  რაიონში  არ  აშენებულა,მხოლოდ  მოხდა  ძველი  საწარმოების  გაფართოება,ძველი  დანადგარების  ახლით  შეცვლა  და  ტექნოლოგიური  პროცესების  გაუმჯობესება.რამდენიმე  წლის  შემდეგ  1952  წელს  დაიწყო  ჩარხისწყალზე  ახალი  ჩამომსხმელი  ქარხნის  მშენებლობა,რომელიც  1955  წელს  დამთავრდა.იგი  ახალი  მანქანადანადგარებით  აღიჭურვა.ახალი  ჩამომსხმელი  ქარხანა  შუშის  ქარხნის  ახლოს  აშენდა,რამაც  გაადვილა  მათ  შორის  საჰაერო  კიდური  კონვეიერის  მოწყობა  და  შუშის  ქარხნიდან  ჩამომსხმელ  ქარხანაში  ბოთლების  მიწოდება.საჰაერო  კონვეიერის  მოწყობა  1958  წელს  განხორციელდა,რითაც  დაიზოგა  დიდძალი  სარანსპორტო  ხარჯი.

ბორჯომის  საქალაქო  მეურნეობას  დიდი  ზიანი  მიაყენა  1968  წლის  წყალდიდობამ.როდესაც  მდინარე  მტკვარი  უჩვეულოდ  ადიდდა, წალეკა  ორივე  სანაპირო,დაანგრია  და  წაიღო  მრავალი  ხიდი.ამის  შემდეგ  ბორჯომ-ბაღში  მტკვრის  ორივე  სანაპირო  რკინა-ბეტონის  კედლებით  გამაგრდა,ამიერიდან  ქალაქი  ყოველგვარი  წყალდიდობისგან  დაცულია.1968  წლიდან  ბორჯომში  ფართოდ  გაიშალა  საბინაო  მშენებლობა,აშენდა  მრავალსართულიანი  საცხოვრებელი  სახლები,რითაც  უამრავი  ოჯახი  დაკმაყოფილდა.ასევე  მოპირკეთდა  და  განახლდა  ქალაქის  ბევრი  შენობა.

ბორჯომის  ხეობის  აღმასვლა,განვითარება  ისტორიის  ახალ  ფურცელს  შლის,მისი  თანაცხოვრების  ისტორიაში.

წყარო : ,,ბორჯომის  ხეობის  წარსული  და  აწმყო“

 

მსგავსი ამბები

Back to top button