გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური ურთიერთობები


თქვენ შესაძლოა ძალიან ბევრი რამ იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ,რომლებზეც პოსტში იქნება ლაპარაკი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ინტიმური დეტალებია. ასე რომ ფარდა ავხადოთ ცნობილი, თუ მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანთა უცნაურ და ხშირად მალულ ურთიერთობებს.

ვუდი ალენი ყველამ იცით, ის ამერიკელი სცენარისტი, კინორეჟისორი, მსახიობი, მუსიკოსი,მწერალია. განსაკუთრებით თავი კინორეჟისორობით დაგვამახსოვრა და დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მისი მესამე ცოლი მია ფეროუ გახლდათ, ისიც საკმაოდ ცნობილი და ამასთანავე ლამაზი ქალბატონი. 1978 წელს მიამ 8 წლის სუნ–ენ პრევენი იშვილა. როდესაც სუნი 10 წლის გახდა, მიამ სწორედ მაშინ გააბა ალენთან ურთიერთობა, ამ რომანმა 12 წელი გასტანა. 1992 წელს კი ოჯახს დიდი სკანდალი დაატყდა თავს. მიამ სუნის შიშველი ფოტოები იპოვნა ვუდის სახლში, თანაც მშვენივრად მიხვდა,რომ მათ გადაღებაში ქმრის ხელი ერია. მიუხედავად იმისა, რომ ვუდი შვილივით ზრდიდა სუნს, ამ სურათების ნახვის შემდგომ ცხადი გახდა ალენი ახალ რომანში იყო თავფეხიანად გადაშვებული. ამ დროს სუნი 22 წლის გახლდათ, მისი ,,მამობილი” კი 56–ის. საზოგადოება რა თქმა უნდა გულხელდაკრეფილი არ შეხვედრია ახალ სალაპარაკო თემას, დასაწერი დაიწერა, სათქმელიც ითქვა, ენებიც დაიფხანა და ის მოხდა,რომ ვუდიმ ერთიც ფეხებზე დაიკიდა, მეორეც და მესამეც ზედ მიაყოლა. ყველაფერი კი ქორწილით დააგვირგვინა და თავისი ყოფილი შვილობილი სუნი ცოლად შეირთო 1997 წელს : ) ამით გამწარებულმა ვუდის ბიოლოგიურმა შვილებმა (ორი ჰყავს) საბოლოოდ ხელი აიღეს მამაზე და მის ნახვაზეც კი უარი განაცხადეს. ალენმა და პრევინმა კი ორი ბავშვი იშვილეს.

ლორდ ალფრედ დუგლასი, 22 წლის ოქსფორდის სტუდენტი ოსკარ უაილდის ცხოვრებაში 1891 წელს გამოჩნდა. ალფრედი ნიჭიერი მწერალი გახლდათ და ძალიანაც გაუხარდა,როდესაც ასეთი გავლენიანი ფიგურა – უაილდი მისით დაინტერესდა. თუმცა ოსკარს არა მხოლოდ ალფრედის ნიჭიერება როდი აღელვებდა, უფრო მისი სილამაზე ჩარჩა გულში და რომანიც დაიწყო. დადიოდნენ სამოგზაუროთ, რჩებოდნენ ერთად ღამე და ა.შ. თუმცა ალფრედი არც ისეთი გულწრფელი ჩანდა ურთიერთობაში. ერთხელ თურმე ავად გახდა, ოსკარმა მის გამოსაჯანმრთელებლად რა აღარ იღონა, გვერდიდან არ მოცილებია. ამის გამო მასაც შეეყარა სურდო და ამ დროს რა გააკეთა ალფრედმა? რა თქმა უნდა ,,კუდი გამოიფსკვნა” და მიატოვა. თან ბარათიც დაუტოვა სატრფოს, სადაც ეწერა: შენ როცა აქტიური ცხოვრებით არ ცხოვრობ,სულაც არ ხარ საინტერესო. ამის შემდეგ როცა ავად გახდები, მუდამ მიგატოვებ”.
ალფრედის მამა, გავლენიანი პიროვნება ქვინსბერის მარკიზი, ჯონ შოლტო გახლდათ. იგი არც ისე კარგი თვალით უყურებდა შვილისა და ოსკარის ურთიერთობას, მაგრამ როცა ეს უკანასკნელი გაიცნო, ძალიანაც მოეწონა. თუმცა შემდგომ მიხვდა, რომ იგი ჰომოსექსუალი იყო და დაჟინებით მოთხოვა შვილს, გაეწყვიტა ეს სამარცხვინო ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფულის მიცემის შეწყვეტით დაემუქრა.
ალფრედმა კი მამამისს მისწერა: ,,პატარა სასაცილო კაცი ხარო”..
ამის შემდგომ მარკიზსა და უაილდს შორის დაუმთავრებელმა მტრობამ დაისადგურა. მარკიზი ყველანაირად ცდილობდა ხაზი გაესვა და საზოგადოების წინაშე შეერცხვინა უაილდი თავისი ჰომოსექსუალობის გამო, მაშინ ეს ხომ დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ერთხელ ბარათიც დუტოვა შვეიცარს, სადაც მიაწერა: ჰომოსექსუალ, ოსკარ უაილდს”. ოსკარმა როცა ეს ნახა, სასოწარკვეთაში ჩავარდა, იცოდა მარკიზი მას არ მოეშვებოდა, მისი სახელი კი ლაფში ამოვლების საფრთხის წინაშე იდგა. გაგიკვირდებათ და ოსკარმა სასამართლოს მიმართა, მან განაცხადა,რომ მარკიზი წილს სწამებდა და მისი სახელის შეურაცხყოფა ჰქონდა განზრახული.
სასამართლო პროცესი შედგა და იქ ცნობილ მწერალს ჰომოსექსუალური ურთიერთობების არსებობის დამამტკიცებელი საბუთებიც ამოუქექეს, ჯერ ერთი წერილები,რომელსაც იგი ალფრედს სწერდა და რომელშიც აშკარად იგრძნობოდა სექსუალური ლტოლვა, მერე სხვა ბიჭებთან წარსული ურთიერთობები, მისი გულუხვი საჩუქრები, დროსტარება და რესტორნები, ამ საქციელს ხომ უამრავი მოწმე ჰყავდა. საქმე ისე წავიდა,რომ ოსკარი დაითანხმეს გამოეტანა სარჩელი, მაგრამ სამაგიეროდ ახლა მარკიზმა შეიტანა, საბოლოოდ ოსკარი დააპატიმრეს. მან 2 წელი დაჰყო პატიმრობაში.

გაგიკვირდებათ და აბრაამ ლინკოლნის სექსუალურ ორიენტაციაზე უამრავი ჭორი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მას ცოლიც ჰყავდა და 4 შვილიც, დღემდე ბევრი მიიჩნევს რომ ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გარედან ჩანდა ლამაზი და მშვენიერი, სინამდვილეში კი ლინკოლნი ჰომოსექსუალი იყო. კერძოდ კი, მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პარტნიორად ჯოშუა სფიდს მიიჩნევენ.
28 წლის ლინკოლნი სფრინგფილდში ჩავიდა, სადაც 23 წლის ჯოშუა გაიცნო. აბრაამს სურდა საწოლი ეყიდა ჯოშუას მაღაზიაში, მაგრამ საბოლოოდ მათ ერთმანეთი კარგად გაიცნეს და ჯოშუამ იგი თავის ოთახში დააბინავა. როგორც ცნობილია, მათ ერთ საწოლზე 4 წელი ეძინათ. გარდა ამისა, ხალხს კიდევ უფრო ეჭვებში აგდებს ლინკოლნის წერილები,რომელსაც ჯოშუას უგზავნიდა და ბოლოში აუცილებლად აწერდა: ,,სამუდამოდ შენი”.
სხვათაშორის ცნობილმა ფსიქოლოგმა ტრიპმა წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით ,,იყო თუ არა ლინკოლნი გეი?”. იგი ამ თემაზე10 წლის მანძილზე მუშაობდა და თავის აზრებს ლინკოლნის ბიოგრაფებსაც უაზიარებდა.

აქვე მოვიყვან მელორ სტურუას მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ამ ამბის შესახებ:

ტრიპი ცნობილი ფსიქოლოგი, მწერალი და ამასთანავე ჰომოსექსუალი გახლდათ. იგი ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო დოქტორ ალფრედ კინსლის ჯგუფისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შეერთებულ შტატებში ჰომოსექსუალიზმის კვლევებს. ტრიპი 2003 წელს გარდაიცვალა, სულ რაღაც ორ კვირაში, მას შემდეგ, რაც ლინკოლნის შესახებ წიგნის წერა დაასრულა.

ამ წიგნში ავტორი კომენტარებსა და ანალიზს უკეთებს ყველაფერს, რაც კი მანამდე ლინკოლნის შესახებ დაწერილა და თქმულა. ტრიპი წიგნზე დაახლოებით ათი წლის მანძილზე მუშაობდა და მთელი ეს ათი წელიწადი მისი შრომის ირგვლივ გამალებული დებატები მიმდინარეობდა (ტრიპი თავისი გამოკვლევების საქმის კურსში აყენებდა კოლეგა-მკვლევარებს). მაგალითად, ჰარვარდელი ისტორიკოსი, ლინკოლნის ცნობილი ბიოგრაფი, პროფესორი დევიდ ჰერბერტ დონალდი თავის წიგნში “ჩვენ ლინკოლნის ხალხი” ტრიპის გამოკვლევებს კიდეც ახსენებს და ეჭვის ქვეშაც აყენებს.

1975 წელს ტრიპმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ჰომოსექსუალიზმის მატრიცა”, რომელშიც უარყოფდა ფროიდის შეხედულებას ჰომოსექსუალიზმზე, როგორც ადამიანის აბნორმალურობაზე. თავის ახალ წიგნში კი ავტორი ამტკიცებს, რომ ლინკოლნის ბიოგრაფები, სახელგანთქმული ამერიკელი პოეტის კარლ სენდბერგის ჩათვლით, ადრეც “გრძნობდნენ, რომ ლინკოლნი გეი იყო.”
მაგალითად, 1926 წელს გამოქვეყნებულ ლინკოლნის ბიოგრაფიის წინასიტყვაობაში სენდბერგი წერდა: “თვიდან თვემდე, ფაქტებისა და ლეგენდების გროვაში ქექვისას, ვპულობდი უხილავ კომპანიონებს, რომლებიც მანცვიფრებდნენ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი კიდეც შენიშნოთ ამ წიგნში”. სენდბერგი, ასევე, წერდა, რომ ლინკოლნსა და ჯოშუა სპიდს “თითქმის ერთნაირი ხასიათი ჰქონდათ, რბილი, როგორც მაისის იები (მსგავსი მინიშნებები ლინკოლნის ჰომოსექსუალობაზე ამოღებული იყო სენდბერგის წიგნის უფრო გვიანდელი,1954 წლის რედაქციიდანაც.) ლინკოლნის სხვა ბიოგრაფებიც, მაგალითად, ლიდა თარბელი და მარგარეთ ლიჩი, ასევე მიანიშნებდნენ პრეზიდენტის ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე, მაგრამ დემორალიზაციის შიშით თავიანთი მიგნებების ფაქტებით გამყარებას ერიდებოდნენ.

ტრიპი წერს, რომ ლინკოლნი საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო. “მას გოგონები არ მოსწონდა”, – იხსენებდა ლინკოლნის დედობილი სარა ბუშ ლინკოლნი. მერი თოდთან ცოლ-ქმრობა კი აშფოთებდა. ერთხელ ცოტა ხნით გაშორებულებიც კი იყვნენ”. მეორე მხრით, დონალდი წიგნში “ჩვენ ლინკოლნის ხალხი” ამტკიცებს, რომ თანამედროვეთაგან ლინკოლნსა და სპიდს “სექსუალურ პარტნიორებად” არავინ მიიჩნევდა. ლინკოლნის მეგობარი ჰერიდონი, რომელსაც არაერთხელ სძინებია ლინკოლნთან და სპიდთან ერთად ოთახში, ამბობს, რომ მათთვის ერთმანეთის მიმართ “სექსუალური აქტივობა” არასოდეს შეუნიშნავს. ჰარვარდელი ისტორიკოსი განმარტავს, რომ იმ ეპოქაში ადგილის სიმცირის გამო მამაკაცებს ხშირად ეძინათ ერთ საწოლში. სხვათა შორის, არც წერილები, რომლებსაც ლინკოლნი და სპიდი ერთმანეთს უგზავნიდნენ, არ ჰგავდა საყვარლებისას. თავად ლინკოლნი წერდა, რომ ოთხი წელი სპიდთან ერთად ეძინა. მაგრამ სწორედ ეს გულახდილობა მოწმობს მათი ურთიერთობების სისუფთავეზე.
“წინააღმდეგ შემთხვევაში ლინკოლნი ამის შესახებ ხმამაღლა არ ილაპარაკებდა”, – მიაჩნია დონალდს.

მაგრამ სტრიპი ლინკოლნის ჰომოსექსუალობის დასამტკიცებლად თავის წიგნში სხვა წყაროებს იმოწმებს. ილინოისის შტატში, ნიუ-სეილემში ცხოვრებისას ლინკოლნთან სარეცელს ვინმე ბილი გრინიც იყოფდა. ჰოდა, ავტორს ზემოთ ნახსენები ჰერიდონის სიტყვები მოჰყავს: “ბილი მეუბნებოდა, რომ ლინკოლნის ბარძაყები უნაკლოა მამაკაცის პირობაზეო”.

საკუთარი ვერსიის გასამყარებლად სტრიპს მოჰყავს ლინკოლნის მიერ 1829 წელს დაწერილი სახუმარო ბალადა “რუბენის პირველი ქრონიკა” ბალადაში ნახსენებია ვინმე ბეილი, რომელსაც ყველა ქალი ცოლობაზე უარს ეუბნებოდა, ამიტომ წავიდა და მამაკაცი – ნეტი მოიყვანა ცოლად.
როგორც ცნობილია, ლინკოლნს თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე დეპრესია სტანჯავდა. ითვლებოდა, რომ ეს გამოწვეული იყო მისი ახალგაზრდობის დროინდელი სიყვარულის ენ რამლიჯის უეცარი გარდაცვალებით. მაგრამ ტრიპი ამ ვერსიას უარყოფს. ის საერთოდ, ლინკოლნის რომანის არსებობას აყენებს ეჭვქვეშ. ჯერ ერთი, რომ ენ რამლიჯი სხვაზე, ვინმე ჯონ მაკნომარზე იყო დანიშნული, მეორეც – ლინკოლნის არც ერთ წერილში ეს ქალი ნახსენებიც არ არის. შესაბამისად, ტრიპის აზრით, ლინკოლნის დეპრესიის მიზეზი სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი ჰომოსექსუალობა.

ლინკოლნსა და დერიქსონზე საუბრისას, ტრიპი წერს, მათი ურთიერთობა ვაშინგტონში არაერთი ჭორის აგორების საფუძველი გახდა (თითქოს, ლინკოლნი დერიქსონთან ერთად ატარებდა დროს ქალაქგარეთ მდებარე აგარაკზე, რომელსაც “ჯარისკაცის სახლს” ეძახდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოადგილის გუსტავუს ფოქსის ცოლის ვირჯინია ვუდბერი ფოქსის დღიურში, 1862 წლის 16 ნოემბრით დათარიღებულ ჩანაწერში ნათქვამია: “პრეზიდენტს მიჩენილი ჰყავს ჯარისკაცი, რომელიც მასთან ერთად მოძრაობს, ხოლო, როდესაც პირველი ლედი შინ არ არის, ერთადაც სძინავთ”. აი, ჰარვარდელი ისტორიკოსი დონალდი ამ უკანასკნელ ფრაზას საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს და მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა უარყოფს ხმებს ლინკოლნისა და მისი დაცვის თანაცხოვრების შესახებ.

ამაზე კი სტრიპს კონტრარგუმენტად იმ პოლკის დოკუმენტი აქვს გამოყენებული, რომელშიც დერიქსონი მსახურობდა. პენსილვანიის 150-ე მოხალისეთა პოლკის 1895 წლით დათარიღებული დოკუმენტის ავტორი, პოლკის მეთაური და დერიქსონის უშუალო ხელმძღვანელი თომას ჩემბერლენი წერს: “კაპიტანმა დერიქსონმა პრეზიდენტთან ისეთი ნდობის დამსახურება მოახერხა, რომ, როდესაც ქალბატონი ლინკოლნი შინ არ იყო, ის ხშირად ატარებდა ღამეს მის კოტეჯში, მის ლოგინში ეძინა და ამბობენ, მისი ღამის პერანგებითაც სარგებლობდაო!”
როდესაც დერიქსონი სხვა თანამდებობაზე უნდა გადაეყვანათ, ლინკოლნს ამის ასაცილებლად თავისი გავლენის გამოყენება მოუხდა. მაგრამ დონალდი მიიჩნევს, რომ ლინკოლნისა და დერიქსონის ურთიერთობა “რომანტიკული” რომ ყოფილიყო, პრეზიდენტი მას არც 1863 წელს მოიშორებდა.

ლინკოლნის ჰომოსექსუალობის ირგვლივ ტრიპისა და დონალდის დისკუსიაში ბევრი ისტორიკოსი ტრიპის მხარეს იჭერს. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ შორის დონალდის მოსწავლეებიც არიან. ასე, ჯეინ ბეიკერმა, “მერი თოდ ლინკოლნის ბიოგრაფიის” ავტორმა, ტრიპის წიგნისთვის წინასიტყვაობაც კი დაწერა. წინასიტყვაობაში ის წერს, რომ, სავარაუდოდ, სწორედ ლინკოლნის ჰომოსექსუალობით აიხსნება მისი “შტორმული ურთიერთობა” ცოლთან და ამ უკანასკნელის “აგონია და შიშები” მთელი ერთობლივი ცხოვრების მანძილზე.

“ოჯახური უთანხმოების მიზეზი, როგორც წესი, ლინკოლნის გაუცხოება იყო. ადრე მეგონა, რომ ეს გაუცხოება გამოწვეული იყო მისი სასამართლო პროცესებით, მისი დებატებით დუგლასთან. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ამას სრულიად განსხვავებული ახსნა აქვს, – ამბობს ცოტა ხნის წინათ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბეიკერი, – დროის ხანგრძლივობა, როდესაც ეს მამაკაცები ერთ ლოგინში იწვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. მიუთითებს მათი ურთიერთობის არაწესიერებაზე”.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ლინკოლნის დროს ტერმინი “ჰომოსექსუალიზმი” არ არსებობდა. ინგლისურ ლექსიკონში ის პირველად 1892 წელს შევიდა. სიტყვა “გეი” ხომ ჰომოსექსუალური დატვირთვით საერთოდ სიახლეა. გარკვეული თვალსაზრისით ამანაც შეუწყო ხელი იმ გაურკვევლობას, რაც ლინკოლნის ჰომოსექსუალობის ირგვლივ ტრიალებს. ბეიკერის თქმით, მე-19 საუკუნეში გაცილებით ამორალურად და სახიფათოდ ითვლებოდა მასტურბაცია. “რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს, – ამბობს ბეიკერი, – მათ თავზე კი იყრიდნენ თავს ღრუბლები, მაგრამ არ წვიმდა. ხალხი მშვიდად უყურებდა მამაკაცებს შორის მეგობრობას”.

ტრიპს კი მოულოდნელი მოწინააღმდეგე თავისი წიგნის თანაავტორის ფილიპ ნობილეს სახით გამოუჩნდა. რაღაც მომენტში მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. ნობელემ ტრიპი პლაგიატობასა და იმ მონაცემთა ფაბრიკაციაში დაადანაშაულა, რომლებიც, თითქოს, ლინკოლნის ჰომოსექსუალობას ადასტურებდნენ. ამჟამად ნობელე ამზადებს მასალებს მისი ყოფილი თანაავტორის წიგნში მოყვანილი მოსაზრებების უარსაყოფად. ნობილეს განცხადებებმა გამომცემლობა “ფრი პრესი” აიძულა გადაევადებინა ტრიპის წიგნის გამოცემა. გამომცემლობის წარმომადგენელმა ადამ რომბერგმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: ” ჩვენ ტექსტში პატარ-პატარა შესწორებები შევიტანეთ და ახლა დარწმუნებულნი ვართ, რომ გამოვცემთ წიგნს, რომელიც ასახავს მისტერ ტრიპის იდეებს და რომელიც გამყარებულია მისი რწმენითა და გამოკვლევებით”.

მწერალ ლარი კრამერის აზრით: “ტრიპის წიგნი შეცვლის ლინკოლნის პრეზიდენტობის ისტორიას”. “ეს რევოლუციური წიგნია, – ამბობს იგი, – რადგანაც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი გეი იყო. ამის მერე მაინც დაგვანებებენ თავს მის მიერ დაარსებული პარტიის წარმომადგენლები”. (თავად კრამერი გეია. ლინკოლნმა კი რესპუბლიკური პარტია ჩამოაყალიბა, რომელიც ახლა, პრეზიდენტ ბუშის ხელმძღვანელობით, ამერიკაში ჰომოსექსუალებს დევნის).

ტრიპის მოწინააღმდეგის, დონალდის კიდევ ერთი მოსწავლე, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ჩესონი, რომელმაც ტრიპის წიგნისთვის ბოლოსიტყვაობა დაწერა, მხარს უჭერს თეზისს ლინკოლნის ჰომოსექსუალობის შესახებ. მისი თქმით: ტრიპის წიგნი “ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკის 16 პრეზიდენტის პიროვნების შესასწავლად”. მასვე მოჰყავს შედარება ამ წიგნსა და თომას ჯეფერსონის ბიოგრაფიას შორის, რომელიც ფაბი ბროდიმ 1974 წელს დაწერა და რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორს შვილები ჰყავდა მისივე მონის სალი ჰემინგსისგან. მოგვიანებით ეს ვერსია ჰემინგსის შთამომავლობის გენეტიკური ანალიზით დადასტურდა.

ბუნებრივად ჩნდება ერთი კარდინალური კითხვა: თუ ლინკოლნი მართლაც იყო გეი, როგორ აისახა ეს მის პრეზიდენტობაზე? პროფესორი ბეიკერი მიიჩნევს, რომ დადებითად. მისი თქმით, “აუტსაიდერის სტატუსი” ხსნის ლინკოლნის დამოუკიდებელ ხასიათს, მის შესაძლებლობას, დაეკავებინა ანტიისტებლიშმენტური პოზიცია, ხსნის მონობის გადამგდები პროკლამაციის გამოცემას. “ის ჰომოსექსუალი იყო, შესაბამისად, ტრადიციებისგან გარიყული, – ასკვნის ბეიკერი, – მას დამოუკიდებლობა სურდა თავისი თავისთვის, სურდა ეკეთებინა ის საქმე, რასაც სწორად მიიჩნევდა. ეს მის სულში იყო ჩადებული, მის ფსიქიკაში, მის მოქმედებებში”.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close