არქივი

ძველი ბაბილონური ხეოფსის პირამიდა

rrkw1
1944 წელს იელის უნივერსიტეტმა კერძო კოლექციონერისგან პატარა ქვა შეიძინა, რომელზედაც კვადრატი, დიაგონალები და რიცხვები იყო ამოკაწრული ლურსმნული დამწერლობით. ქვა ჩვ. წ.აღ.-მდე მე-18 საუკუნით თარიღდება და ევფრატისა და ტიგროსის დელტაშია ნაპოვნი, ანუ იქ სადაც ოდესღაც ძვ. ბაბილონელები სახლობდნენ. თანამედროვე მეცნიერებას ძალიან გაუმართლა, რომ ეს ქვა აღმოჩენილი იქნა, ვინაიდან ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა ძვ. ბაბილონელთა გონიერების გაქანების შესახებ.

დაუკვირვებელი თვალი უმალ ამჩნევს კვადრატს და დიაგონალებს და იბადება შეკითხვა: ნუთუ პითაგორას თეორემაა გამოსახული?! პასუხი ამ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელია: დიახ, პითაგორამდე თორმეტი საუკუნით ადრე ბაბილონელებმა იცოდნენ, რომ კვადრატის მომიჯნავე ორი გვერდის კვადრატების ჯამი დიაგონალის კვადრატის ტოლია, თუმცა ამით არ ამოიწურება ამ ქვის უნიკალურობა. ქვის უნიკალურობა ნაკაწრშია, რომლის გასაგებადაც სამოცობით სისტემაზე მომიწევს ორიოდე სიტყვის თქმა.

ძველი ბაბილონელები სამოცობითი სისტემის შემქმნელები არიან, რაც დღემდე შემოგვრჩა. დროს და კუთხეებს ჩვენ მათ მსგავსად 60 ნაწილად ვყოფთ. ასე მაგალითად: 1 საათში 60 წუთია, 1 წუთში 60 წამი და ა.შ. ჩვენი შუამდინარეთელი წინაპრები ამ სამოცობითი სისტემით აზროვნებდნენ და შესაბამისად მათი საშუალებით არამხოლოდ დროს და კუთხეებს ითვლიდნენ და ზომავდნენ, მათთვის საათი და 24 წუთი ჩვეულებრივი რიცხვი იყო და აღნიშნავდა ისევე როგორც დროის ინტერვალს, ამავდროულად 1 მთელ 24/60-ს.

ლურსმნული ნაკაწრების გაშიფრვა, როგორც აღმოჩნდა ძნელი არ არის:
dqmvh

კვადრატის გვერდზე 30-ია ამოკაწრული. ზედ დიაგონალზე 1, 24, 51, 10 და ცოტა ქვემოთ 42, 25, 35. ისმის შეკითხვა: კი მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?! – ამაზე პასუხის გასაცემად სამოცობითი სისტემა დაგვეხმარება. ძველი ბაბილონელისათვის 30 აღნინავდა 1/2-ს (30/60), ანუ ჩვენს წინაშეა კვადრატი რომლის გვერდია 1/2. დიაგონალზე ჩანაწერი სამოცობითში რომ გადავიყვანოთ მივიღებთ:

1 + 24/60 + 51/3600 + 10/216000 = 1.4142129…

ეს კი, რა თქმა უნდა, არის ფესვი 2-დან და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ძვ. ბაბილონელებმა მემილიონედის სიზუსტით იცოდნენ ფესვი 2-ის მნიშვნელობა. ქვედა ნაკაწრი რომ გადავიყვანოთ სამოცობითში მივიღებთ:

42/60 + 25/3600 + 35/216000 = 0.7071064…

ეს კი არის ფესვი ერთი მეორედიდან, რაც ასევე მემილიონედის სიზუსტით ემთხვევა!

ხეოფსის პირამიდა არამხოლოდ იმიტომ იწვევს აღფრთოვანებას, რომ დიდია და გრანდიოზული, არამედ იმითაც, რომ მისი ზომები სიზუსტის სტანდარტი იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში. ასევე ეს ქვაც იმითაა საყურადღებო, რომ მემილიონედის სიზუსტით 38 საუკუნის წინ როგორ მოახერხეს ფესვი 2-ის გამოთვლა დღემდე უცნობი და გაუგებარია სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

წყარო:linguistuss.com

მსგავსი ამბები

Back to top button