არქივი

სიმართლე “კარგი” და “ცუდი” ცხიმების შესახებ

b036e05cfab8
შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ ცხიმიანი საკვები მავნეა, გვასუქებს და საშიში ქოლესტერინია. უახლესი სამედიცინო გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ცხიმი ადამიანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. მაშ, ზედმეტ წონას რატომ ვებრძვით? ცხიმიც არის და ცხიმიც. თუ საკვებში “კარგ” ცხიმებს გამოიყენებთ, ეს თქვენს კანს, თმას, ფიგურას და ზოგადად ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება.

რისთვის ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს ცხიმი?

მასში არის სასიცოცხლოდ აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის შემადგენლობაში შედის. თავის ტვინი ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება. ნერვული უჯრედებიც ასევე თავს “ცხიმიანი სამოსით” იცავენ. ამიტომ ცხიმის ნაკლებობა, პირველ რიგში, ინტელექტზე აისახება, რაც ყურადღების გაფანტულობით, მეხსიერების პრობლემით ვლინდება. ცხიმები ადამიანის ორგანიზმში მრავალი ჰორმონის სინთეზისთვის ამოსავალი მასალაა. ქალი, რომლის ორგანიზმს ცხიმი აკლია, დაფეხმძიმებას ვერ შეძლებს.

ორგანიზმისთვის ყველა ცხიმი სასარგებლოა?

მთავარი პრინციპი – რაც უფრო ნატურალურია, მით უკეთესია. შეარჩიეთ ცხიმის შემცველი პროდუქტები, რომლებმაც თერმული დამუშავება არ გაიარეს. სასარგებლოა თესლებისა და თხილეულის მცენარეული ცხიმები, ცხიმიანი ჯიშის თევზი, სელისა და კანაფის ზეთები. ჩვენს ორგანიზმს ცხიმჟავების დამოუკიდებლად გამომუშავება არ შეუძლია, ამიტომ ისინი საკვებიდან უნდა მივიღოთ.

რამდენი ცხიმი უნდა იდოს თეფშზე?

დღიური რაციონის კალორიების 40% ცხიმიანი საკვებიდან უნდა მივიღოთ. ცხიმები მეტაბოლიზმის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათი უკმარისობის დროს ორგანიზმი ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას იწყებს. ეს ნივთიერებათა ცვლას ამუხრუჭებს და შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროვოცირებას ახდენს.

თუ ცხიმიან საკვებს შევჭამთ, წონაში დავიკლებთ?

დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქამდე თქვენი რაციონის ძირითადი შემადგენელი ნახშირწყლები იყო. თუ მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, ცხიმების სასარგებლოდ ნახშირწყლების რაოდენობა შეამცირეთ. ცხიმებით მდიდარი საკვები არამხოლოდ სწრაფად ანაყრებს, ამავდროულად გონებრივ საქმიანობასა და საერთო ტონუსზე სასიკეთოდ აისახება. დიეტოლოგები გვირჩევენ, რაციონიდან გაზიანი სასმელები გამოვრიცხოთ. მთელი კალორიების დაახლოებით მესამედს სასმელებიდან ვიღებთ. წყალსა და ჩაიზე გადადით.

რომელ პროდუქტებზე ვთქვათ უარი?

გამორიცხეთ საკონდიტრო ნაწარმი, კანფეტები, ჩიპსები და კარტოფილი ფრი. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ე.წ. ტრანსცხიმებს (სახეშეცვლილი ცხიმჟავები, რომლებიც უმ პროდუქტებში არ არის), რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე მცენარეული ზეთების დამუშავების შედეგად ან მარგარინზე შეწვის დროს წარმოიქმნება. ტრანსცხიმები მეტად კალორიული და ჯანმრთელობისათვის უკიდურესად საშიშია.

რისთვის გვჭირდება ომეგა–3?

ომეგა–3 აუცილებელია ტვინისთვის, მხედველობისა და სისხლძარღვებისათვის. ამ ცხიმმჟავით მდიდარია სკუმბრია, ქაშაყი, თართი, ანჩოუსი. ის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის რისკს ამცირებს, აუცილებელია ჰიპერტონიასთან, დეპრესიასთან, სახსრებში ტკივილთან ბრძოლაში. ასევე კანის დაავადებების პროფილაქტიკისათვის. მოზრდილი ადამიანის დღიური ნორმა არის დღეში 1 გრამი ომეგა–3. ამ რაოდენობას შეიცავს 50 გრამი თევზი ან 15 გრამი ნიგოზი. ომეგა–3–ის წყაროა: ბროკოლი, ისპანახი, ლობიო, ყურძნის ფოთლები, ყვავილოვანი კომბოსტო.

წყარო:sana.ge

ეს ჩემი პირველი პოსტია და შემიფასეთ თუ შეიძლება :)

მსგავსი ამბები

Back to top button