გასართობისაკითხავი

რაინდობა

0ba00984d35f

ბავშვობიდან ვოცნებობდი შუასაუკუნეების რომელიმე ცნობილ მონარქიულ ქვეყანაში მეცხოვრა, მცმოდა გრძელი, ფაშფაშა კაბები, ხელში დიდი მარაო მჭეროდა, კარის პოეტებს ჩემთვის ლექსები წაეკითხათ და რაც მთავარია, მყოლოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი. როგორც ხედავთ, ოცნება აუხდენელი დამრჩა, მაგრამ ეს თემა დღემდე მხიბლავს და მიტაცებს, ამიტომაც გადავწყვიტე ამ პოსტის გაკეთება.

,,რაინდობა” -თვით ეს სიტყვა მეხსიერებაში შუასაუკუნოვან სურათებს აცოცხლებს: ცხენზე ამხედრებული რაინდი, მზეზე აელვარებული საბრძოლო საჭურველით ან ,,წმინდა მიწის” გასათავისუფლებლად შემართული, თეთრი, ქათქათა მოსასხამით, რომელზედაც რომელიმე სიმბოლოა გამოსახული. რაინდისთვის აუცილებელ თვისებათა ნუსხაც არსებობდა: სიმამაცე, ერთგულება, დიდსულოვნება, თავაზიანობა, ქცევის დახვეწილი, ლაღი და უშუალო მანერა, რომელიც გამოითქმებოდა ფრანგული სიტყვით-franchise და ის კეთილშობილი წარმომავლობის ყველაზე უტყუარი დასტური იყო…

რაინდი-ესაა მხედარი, სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენელი, სათანადოდ აღჭურვილი და ტრადიციული რიტუალის შემდეგ, რაინდად ხელდასმული. საბრძოლველად შეიარაღებულ რაინდს მთელი სხეული ჯავშნით ჰქონდა დაფარული. XI საუკუნის ბოლომდე ეს იყო რკინის რგოლებისაგან მოქსოვილი ჯაჭვის პერანგი, მოგვიანებით მას ლითონის ფირფიტებისაგან გაკეთებული აბაჯრი ცვლის. ბრძოლის დროს რაინდი თავზე იხურავდა მუზარადს — რკინის ჩაფხუტს, კონუსის ფორმის მქონე ფოლადის თავსაბურავს. მუზარადი რკინის ან შუშის ბურთულით ბოლოვდება. მუზარადს თან ახლდა ლითონის ფირფიტა ცხვირის დასაცავად.რაინდის საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა მძიმე მახვილი და გრძელი ხის შუბი, რომბისებრი რკინის ბუნიკით. ბუნიკთან აჭედებდნენ ქსოვილისაგან დამზადებულ ემბლემას, რომელიც ქარში ფრიალებდა. რაინდი ასევე განუყრელად ატარებდა ფარს. ფარი ხისა და ტყავისაგან იყო დამზადებული, რომელიც დაფარული იყო ლითონის ფირფიტებით.ფარი ჯერ მრგვალი იყო, შემდგომში კი ისე დაგრძელდა, რომ მთლიანად ფარავდა მხედარს. ფარზე გამოსახული იყო რაინდის გერბი, რომელიც მის კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიუთითებდა. ამრიგად, შეიარაღებული რაინდი ცოცხალ ციხესიმაგრეს ემსგავსებოდა.

კეთილშობილი ყმაწვილის აღზრდა 7 წლიდან იწყებოდა; 14 წლისა ის, როგორც წესი, საჭურველთმტვირთველი იყო, ხოლო 21 წლისათვის უკვე რაინდად აკურთხებდნენ. რაინდად ხელდასმის ცერემონიალი შუა საუკუნეების განმავლობაში მეტნაკლებად იცვლებოდა, მაგრამ, მისი ძირითადი ქარგა მაინც უცვლელი იყო და ძალზედ შთამბეჭდავი:არსებობდა კურთხევის განსაკუთრებული ცერემონიალი. კურთხევის წინ იგი უნდა განბანილიყო და თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილს ღამე ტაძარში გაეთია ლოცვით. მეორე დილით მას ეკლესიის საკურთხეველთან მიიყვანდა მამა ან ნათლია. მათ ხელში ეჭირათ თაფლის სანთელი მოძღვარი აზიარებდა მომავალ რაინდს და იღებდა მისგან საზეიმო ფიცს. შემდეგ იღებდა საკურთხევლიდან მახვილს და შემოარტყამდა წელზე. როდესაც ეს პროცესი დამთავრდებოდა, მას მიუახლოვდებოდა სენიორი, რომლის ციხე-კოშკშიც იზრდებოდა. ის სამჯერ დაადებდა მახვილს მხრებზე და თავზე შემდეგი სიტყვებით: „ღვთის, წმინდა გიორგისა და წმინდა მიხეილის სახელით გაკურთხებ შენ რაინდად!“ ბოლოს, ახლად ნაკურთხი რაინდი ტაძრიდან გამოსული შემოახტებოდაცხენს და გააჭენებდა ციხე-კოშკისაკენ, სადაც მას ამ დღის აღსანიშნავად დიდი ზეიმი და ტურნირი ელოდებოდა. ცერემონიალს მღვდელმთავარი უძღვებოდა ან რომელიმე რჩეული რაიდი, ან, სულაც, მეფე. რაინდად ხელდასმის ნიშნად, ჭაბუკის მხარს (ან კეფას) უნდა შეხებოდა წმინდა მახვილი; საომარ მახვილს მას საზეიმოდ შემოარტყამდნენ წელზე, ხოლო ჩექმებზე მიუმაგრებდნენ ოქროს დეზებს… სხვათაშორის, ჯალათის მიერ ამ დეზების საჯარო ჩამოკვეთა პატივის აყრის ფორმა იყო იმგვარი ზნეობრივი დანაშაულისათვის, რომელიც სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებდა.

ძალზედ მნიშვნელოვანი სარაინდო ფენა სამურაებისა არსებობდა შუასაუკუნოვან იაპონიაში. მათი ეთიკური კოდექსი-,,ბუსიდო”, არსობრივად უახლოვდებოდა ევროპული სარაინდო ინსტიტუტის ტრადიციებს, თუმცა, მაინც უფრო სასტიკი და ხისტი იყო.
სხეულისა და სულის გამოწრთობით, გონებისა და გრძნობის დახვეწით, რაინდს შეეძლო შესატყვისი ადგილი დაეკავებინა საერო იერარქიაში, რომელიც ზეციურ იერარქიას იმეორებდა. ამიტომაა, რომ ლიტერატურაში რაინდისა და წმინდანის, რაინდისა და მეფის ( მეფე არტური ან წმ.ლუდოვიკო IX ) სახეები ერთმანეთს ერწყმის. აქვე აღსაღნიშნავია, რომ რაინდობის მისიონერული პათოსი კანონიკურ ჩარჩოში მოაქცია იეზუიტების ორდენის დამაარსებელმა წმ.იგნასიო ლოიოლამ.

შუასაუკუნოვანმა სარაინდო ჰერალდიკამ თავისი სიმბოლური სპექტრი შექმნა: მწვანე რაინდი- ეს ნეოფიტია, ჯერ კიდევ გამოუცდელი; თეთრი- უბიწო, უმარცხებელი გმირი; წითელი- სულიერად მოწიფული და ბრძოლებში გამობრძმედილი, შავი-გაორებული ფიგურაა; ის შეიძლება, იყოს როგორც ბოროტების განსახიერება, ასევე მონანიების გზაზე შემდგარი ანონიმური გმირი…
რაინდთა ბრძოლები, მათი სასიყვარულო და საგმირო თავგადასავალი აისახა შუა საუკუნეების ლიტერატურაში. რაინდები ხშირად თვითონ თხზავდნენ სიმღერებს, რომელიც წარსულ დროებასა და გმირობებს ასახავდა. ასეთი იყო ცნობილი რაინდი ვალტერ ფონ ფოგელვაიდე.ამ სიმღერებიდან წარმოიშვა ისეთი მშვენიერი სარაინდო ეპოსები, როგორიცაა ნიბელუნგების სიმღერა, ისტორიები პარცეფალის, ლოენგრინისა და მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ.

საინტერესოა რომ საქართველოში რაინდობა როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი არსებობდა ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური ფენის გარეშე. ის ზნეობრივი ნორმები, რასაც აფიქსირებდა ევროპული სარაინდო კოდექსი, თუ იაპონური ,,ბუსიდო”, ქართულ სინამდილესთან მისადაგებული, არსებობდა ,,მოყმის” თუ ,,კაი ყმის” ცოცხალი ტრადიციიის სახით, რაც ესოდენ შთამბეჭდავად აისახა ,,ვეფხისტყაოსანსა” და ვაჯა-ფშაველას პოეზიაში…

P.S ამ შუასაუკუნეების, მორთულ-მოკაზმული რაიდების რა გითხრათ, მაგრამ თეთრ ცხენზე ამხედრებულ, ვაჟკაცური თვისებებით შემკობილ რაინდზე არც დღეს ვიტყოდი აურს… ( ,,ფაშფაშა” კაბებზე კი საბოლოოდ ვთქვი უარი :):):) )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close