არქივი

ანაკონდა

ddf282c4ab0b

ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია და ბინადრობს მთელს ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში:  აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.

შეფერილობა

ანაკონდას ზურგის ძირითადი შეფერილობა მორუხო-მომწვანოა, მსხვილი მურა ფერის ლაქებით, რომლებიც მრგვალი ან მოგრძო ფორმისაა და მონაცვლეობენ ჭადრაკისებურად. გვერდებზე აღენიშნება რამოდენიმე რიგი წვრილი, ღია ფერის ლაქებისა, რომლებიც შემოფარგლულია შავი ზოლებით. ამგვარი შეფერილობა ანაკონდას შეუმჩნეველს ხდის მიწაზე და ფოთლებით დაფარულ წყლის ზედაპირზე.

ცხოვრების წესი

ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანი ამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში, ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს:  სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან, წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ანაკონდას მსხვერპლნი ხშირად ხდებიან შინაური ცხოველები და ფრინველები: ღორები, ძაღლები, ქათმები, ბატები, როდესაც ისინი წყალს უახლოვდებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5 მეტრიანმა ანაკონდამ დაახრჩო და გადაყლაპა 2,5 მეტრი სიგრძის მუქი ფერის პითონი სულ რაღაც 45 წუთში.

ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე და ღებულობს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის. ის კარგად ცურავს, ყვინთავს და ხანგრძლივად შეუძლია წყალქვეშ ყოფნა. წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში ანაკონდა გადადის მეორე წყალსატევში ან ცურვით მიუყვება მდინარეს. როდესაც ამის საშუალება არ არის, მშრალი სეზონის განმალობაში, იგი ღრმად ეფლობა ტალახში და ამგვარ მდგომარეობაში ელოდება წვიმის მოსვლას. ზოოპარკებში არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუ როგორ იხეხავს ანაკონდა სხეულს წყლის ფსკერზე ხახუნით.

გამრავლება

ანაკონდა კვერცხცოცხლადმშობია. დედალი დებს 28-42 კვერცხს, საიდანაც იბადებიან 50-80 სანტიმეტრი სიგრძის წიწილები, შესაძლოა მან ცოცხალი ნაშიერებიც შობოს. ნიუ-იორკში აკვირდებოდნენ, თუ როგორ ამტვრევდა ანაკონდა კბილებით მის მიერ დადებულ კვერცხებსა და ხელს უწყობდა ნაშიერების გამოჩეკვას. კვერცხების მთავარ გარსს და გაუნაყოფიერებელ კვერცხებს დედალი ანაკონდები თავად მიირთმევენ, ზოგჯერ – ახლადდაბადებულ ნაშიერებსაც ჭამენ. გველების ამ სახეობას შორის, კანიბალიზმიც საკმაოდ გავრცელებულია. არც თუ იშვიათად მოზრდილი მდედრი ანაკონდა, მომცრო მამრს ყლაპავს. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მდედრ ანაკონდას ეს იმიტომ ესაჭიროება, რომ გამრავლებისთვის მოსამზადებლად დამატებითი საკვები ჰქონდეს მიღებული, ზოგი კი ფიქრობს, რომ სავალალო შემთხვევა სექსუალურ ამორფიზმს უკავშირდება; თუმცა, დაზუსტებული ახსნა ამ ფაქტისა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ტყვეობა

ტყვეობაში ანაკონდები ცოცხლობენ 5-6 წელიწადს, მაქსიმუმ 28 წელს. ტყვეობაში ანაკონდა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა.

მითები და ლეგენდები

მიუხედავად მრავალგვარი მონათხრობისა, ანაკონდა ზრდასრულ ადამიანს თავს არ ესხმის გარდა იშვიათი შემთხვევებისა. არსებობს რ. ბლომბერგის მონათხრობი, თუ როგორ მოგუდა და გადაყლაპა ანაკონდამ 13 წლის ბიჭი. თუმცა ადგილობრივებს, როგორც წესი, მისი არ ეშინიათ და ხშირად ნადირობენ მასზე. ანაკონდა რეწვის ობიექტია – იყენებენ მის ტყავს, ხორცს, ცხიმს.

 

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button