არქივი

წმინდა გრაალი

af60662817f6

წმინდა გრაალი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ლეგენდარული სიმბოლოა, ამასთანავე, სიმბოლურია თავად გრაალიც და მისი მოძიების იდუმალი, ხიფათიანი გზაც.მითიპოეტურ წარმოსახვათა კურთხეული წყარო-გრაალი შუასაუკუნოვან ლეგენდებსა და მისტიკურ თხზულებებში სულიერი სრულყოფის ერთგვარი აბსოლუტის ფიზიკური განსხეულებაა, ხოლო მისი მოძიება – უსასრულო პროცესი ამ სრულყოფისა; იმავდროულად მარადიული ჭეშმარიტების შეცნობაც. გრაალი გაიგივებული იყო იმ თასთან, რომელშიც ნიკოდომოსის აპოკრიფული სახარების თანახმად, იოსებ არიმათიელმა წვეთ-წვეთად შეაგროვა ჯვარცმული იესოს იარებიდან მომდინარე სისხლი. გრაალის მითის ქრისტიანულ ვერსიებში გამოიკვეთა ევქარისტული ასპექტი; ზოგან, გრაალი მიჩნეულია იმ თასად, რომელსაც იესო დაეწაფა საიდუმლო სერობის დროს; ზოგან-ეს ბიბლიერი წარმომავლობის საწყაულია, ადამის ნაქონი და შემდგომ დაკარგული… საბოლოო ჯამში ეს საკრალური საგანი გაიგივდა ქრისტეს სამსხვერპლოზე მიტანილ მადლისგამღებ გულთან…
მთელი ეს ქრისტიანული სიმბოლიზმი ორგანულად შეერწყა შუა საუკუნიის რაინდულ წარმოდგენებს, რომელთაც თავის მხრივ, ესოდენ დაემჩნათ მაცხოვრის საფლავის გამოხსნის იდეით ატაცებულ ჯვაროსანთა სულისკვეთება. შუასაუკუნოვანი რწმენით, წმინდა რელიქვიას მხოლოდ ის ადამიანი მონახავდა, რომელსაც თავად გრაალი უხმობდა და რომლის სპეტაკ სულსაც ბიწიერების ნატამალი არ ემჩნეოდა. თავად გრაალი სიმბოლური პოლისემანტიზმის წყალობით, ერთსახოვანი განსხეულებით არ გვევლინება: მისი პირველხატია თასი, მაგრამ, იმავდროულად, ის ანგელოზების მიერ ჩამოტანილ წმინდა ქვადაც გარდაისახება. არტურის ციკლის რომანის დამფუძნებელ კრეტიენ დე ტრუასთან გრაალი სეფისკვერის შესანახი ჭურჭელია. გრაალის თემის გერმანული და ფრანგული წყაროებისგან განსხვავებით, ინგლისურ მითოლოგიაში ჩნდება ახალი ასპექტი, ე.წ ,,მრგვალი მაგიდის”. ,,მრგვალი მაგიდის” წინარე ხატი საიდუმლო სერობის განუყოფელი ატრიბუტია და ეს ბიბლიერი არქეტიპი მეორდება ბრიტების მეფის, არტურის სასახლეში, ოღონდ აქ მრგვალ მაგიდას მეფე არტურთან ერთად შემოუსხდება 150 თანასწორი რაინდი. ( ამიტომაა, ინგლისურ ენაში ,,მრგვალი მაგიდის” ცნება თანასწორუფლებიანობის სინონიმი). სწორედ ამ მრგვალი მაგიდის ირგვლივ იხილავენ რაინდები აქ დავანებულ წმინდა გრაალის თასს და მას შემდეგ, უკვე რეალური თასის პოვნა მათი ცხოვრების ძირითადი მიზანი გახდება.ისიც სათქმელია, რომ შუასაუკუნოვანი გრაალის თასისი ძებნა იყო არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მქონე მითოლოგიურ-ლიტერატურული სიუჟეტების თემა, არამედ შუასაუკუნოვან ,,მოხეტიალე რაინდთა” მიერ რეალური ექსპედიციების მამოძრავებელი მუხტი.
თავის ფუნდამეტურ ნაშრომში-,,ჯვრის სიმბოლიკა” რენე გენონი ცალკე თავს უთმობს გრაალის ფენომენს. ის განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ,,მარადისობის განცდასა” და ეზოთერიულ ტრადიციაზე, რომლის მეტაფორულ განსახიერებას ის გრაალში ხედავს.
ყოველივე ის, რაც წმინდა და ამაღლებულია, ქართველთათვის პოეტურ სიტყვაშია განცხადებული, ამგვარადაა გრაალის თასი გალაქტიონთან სათუთად კაზმული, სადაც ეს მარადიული და შეუცნობელი სიმდიდრე წილნაყარია ხეობაში მყოფ ,,თიბათვის მზესთან”. გრაალის ეს მედიტაციები გაღრმავებულია გრიგოლ რობაქიძოს რომანში ,,გრაალის მცველნი” ( შექმნილია გერმანულ ენაზე). აქ გრაალი სწორფერი ვაზით განსხეულებული მზეა. რობაქიძის გრაალი სავსეა წმინდა ნინოს ნაზარდი ოქროსფერი მტევნების ნაჟურით.
წმინდა გრაალის თემა დღემდე პოპულარობით სარგებლობს ქართულ პროზასა თუ პოეზიაში. ის ხელშეუხებელი, იდუმალი, საკრალური, მაგრამ სასწაულმოქმედი საგანია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button