არქივი

მითად მიჩნეული ცხოველები #2

051b17f5c01f

ზოგიერთი ცხოველის არსებობა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უარყოფილი იყო მეცნიერების მიერ, ვიდრე მათი არსებობის მტკიცებულებები არ გაჩნდა. დღესდღეობით ზოგიერთი მათგანი იმდენად პოპულარულებია, რომ ბევრისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი არსებობა არ დაეჯერებინათ…

ნაწილი პირველი იხილეთ აქ

1. პითონი

fe363168f6a8

ისტორიკოსები უძველესი დროიდან აღწერდნენ უზარმაზარ გველებს, რომლებიც მსხვერპლს შემოეხვეოდნენ, გუდავდნენ და შემდეგ მიირთმევდნენ. ისიდორე სევილიელი მიიჩნევდა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გველი, პლინიუს უფროსი კი აღწერდა პითონისა და სპილოს ბრძოლას: უზარმაზარი პითონი შემოეხვია სპილოს და თავის რგოლებში სულის ამორთმევას უპირებდა, მაგრამ სპილო მიწაზე დავარდა, გველს თავისი წონით დააწვა და მოკლა. პლინიუსის ცნობით, პითონი იყო ეთიოპიაშიც, მაგრამ ყველაზე დიდები ინდოეთში ბინადრობდნენ.

მერვე საუკუნეში წმინდა იოანე დამასკელმა განაცხადა: “მე ვეღარ გეტყვით რომ დრაკონები არ არსებობენ. ისინი არსებობენ, მაგრამ გველებს უფრო გვანან. დაბადებისას ჭიის ზომისები, ზრდასრულ ასაკში უზამაზარი ხდებიან და ნებისმიერ გველს აჯობებენ სიგრძითა და სისქით. ამბობენ, რომ 13-14 მეტრამდეც იზრდებიან და მორივით სქელები ხდებიან.” ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უძველეს ლეგენდებსა და მითოსში აღწერილი დრაკონები იგივე პითონები არიან. ძველ რომში ხანდახან პითონებს იჭერდნენ და იკვლევდნენ, თუმცა მათ მითის სტატუსი მაინც დიდხანს შერჩათ.

2. გიგანტური კალმარი

d9e128505e02

ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითოლოგიური მონსტრია კრაკენი: უზარმაზარი არსება, რომელიც აღჭურვილია უსასრულოდ გრძელი საცეცებით და თავისუფლად შეუძლია გემი შეიწიროს. ამ მითოსის სამშობლო ნორვეგის და ირლანდიაა. მეცნიერები მიიჩნევენ რომ კრაკენის მითი გიგანტური კალმარის მხილველი მეზღვაურების ნაამბობზეა დაფუძნებული. გიგანტური კალმარი 9-10 მეტრამდე იზრდება, რიგ შემთხვევებში შეიძლება 15-20 მეტრამდეც. თუმცა ეს არსებები ღრმა წყლებში ბინადრობენ და სანდო ცნობა, რომ ვინმემ ეს არსება ცოცხლად იხილა, არ არსებობდა. მისი ნახვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მკვდრებს ტალღები ნაპირზე გამორიყავს ხოლმე.

გარდა კრაკენისა, გიგანტური კალმარს ანალოგები სხვა მითოსებშიც ჰყავს. მაგალითად სცილა ბერძნულში – უზარმაზარი მონსტრი, რომელიც გემებს ანადგურებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არსება აღწერეს არისტოტელემ და პლინიუს უფროსმა, მაინც ფანტასტიკის სფერო იყო და მეცნიერებს უჭირდათ დაჯერება. 1861 წელს ფრანგული გემი “ალექტონი” შეეჩეხა ამ არსებას და მოახერხა მისი კუდის ნაწილის მოპოვება. თუმცა მეცნიერებმა ფრანგები მასხრად აიგდეს და უთხრეს, რომ მსგავსი რამ “ბუნების კანონებს ეწინააღმდეგებოდა”. ფოტოზე აღბეჭდვა მხოლოდ 2004 წელს მოახერხეს, ვიდეო კი 2 წლის წინ გადაუღეს.

3. კომოდოს დრაკონი

ac560e4b7e1c

მიიჩნევენ, რომ კომოდოს დრაკონი აღმოაჩინა I მსოფლიო ომის პილოტმა, რომელმაც ინდონეზიის მიდამოებში ავარიული დაშვება განახორციელა. სამშობლოში დაბრუნებისას ის ყვებოდა გიგანტურ ხვლიკებზე, მაგრამ არავინ უჯერებდა. სხვა ვერსიით, ამ მონსტრებზე მაქამდეც ყვებოდნენ, მაგრამ ფაქტების უქონლობის გამო ეს ცნობები მალევე იკარგებოდა. 1910 წელს ერთმა ჰოლანდიელმა ლეიტენანტმა გადაწყვიტა ამ ცხოველის რელურობა-მითიურობის საკითხი ამოეხსნა. მისი ცდა წარმატებული აღმოჩნდა და ხვლიკის ფოტო და კანი მოიპოვა, რომლებიც დაუყოვნებლივ გააგზავნა ბოგორში (იავა). ზოოლოგიურმა მუზეუმმა კი ახალი ცხოველის აღმოჩენის შესახებ ამცნობა მსოფლიოს. 1926 წელს მოეწყო კიდევ ერთი ექსპედიცია, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა: დაიჭირეს კომოდოს ორი ხვლიკი. შთაგონების წყარო იყო იმ დროს პოპულარული ფილმი “კინგ-კონგი”.

კომოდოს დრაკონები ყველაზე დიდი ხვლიკები არიან. გავრცელებულია მითი, რომ კომოდოს დრაკონებს სუსტი შხამი აქვთ და მსხვერპლი სისხლის ნაკლებობითა და ბაქტერიებისგან კვდება. მართალია ამ დრაკონების ნერწყვი უამრავი ბაქტერიითაა “გაძეძგილი”, მაგრამ მათი შხამი საკმაოდ მძლავრია და პარალიზებას იწვევს. ამის გამო კომოდოს დრაკონები ასევე ყველაზე დიდი შხამიანი არსებები არიან.

4. ნისკარტიანი ვეშაპი

ecd53f1a511b

ზიპიუსი, იგივე “ზღვის ბუ” ცნობილი ზღვის მონტრია, რომელიც ბევრ მითშია ასახული. მას დიდი თვალები და ნისკარტის მსგავსი პირი აქვს, საიდანაც მისი სახელი მოდის. გადმოცემებით, ამ მონსტრს შეეძლო მცირე ზომის გემის ნაწილებად დამსხვრევა და ამასთან, მისი დანახვა ძნელი იყო ხოლმე. ისინი დიდ დელფინებს გვანან, მაგრამ რეალურად მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ძირითადად ღრმა წყლებში ცხოვრობენ და ზედაპირზე მხოლოდ ჰაერის ჩასასუთქად ამოდიან.

ნისკარტიანი ვეშაპები სანახევროდ დღესაც მითად ითვლებიან. მათზე ძალიან ცოტაა ცნობილი. მათი შესწავლა მხოლოდ ნაპირზე გამორიყული გვამების მეშვეობით ხდება. მეცნიერები ბევრს ცდილობენ, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ მათ შესახებ.

5. ვეფხვი

5cc3049ca1f1

წარსულში ვეფხვი ლეგენდარულ ცხოველად მიიჩნეოდა. ბერძნები მას მანტიკორს ეძახდნენ. მანტიკორს დიდი ტორები ჰქონდა და სწრაფად დარბოდა. ადამიანებს ზურგიდან ესხმოდა თავს, თიშავდა, კლავდა და მიირთმევდა. მანტიკორი ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობდა. აღნაგობით ლომს ჰგავდა, მაგრამ მოწითალო ბეწვი ჰქონდა.

იმის მიუხედავად, რომ ვეფხვები უძველეს რომში ზოოპარკში ჰყავდათ, ევროპაში მათ შესახებ არაფერი იცოდნენ. ვეფხვებზე ხშირად თხზავდნენ ლეგენდებს, რომლებიც ძირითადად ეხებოდა მონადირის მიერ ბოკვერის მოპარვას და დედა-ვეფხვის გამოკიდებას.

ვეფხვი განთქმული იყო სისწრაფით. სპარსული სიტყვა “ტიგრის”, რომლიდანაც წამოვიდა ვეფხვის სახელი ინგლისურად “Tiger”, ისარს ნიშნავს.

მსგავსი ამბები

Back to top button