არქივი

“კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე” – განხილვა

on stranger tides poster02
19 მაისს, კინოთეატრ ამირანში შედგა დისნეის მეკობრეების ფრანშიზეს კიდევ ერთი ფილმის პრემიერა. ფილმს საქართველოში სულმოუთმენლად ელოდნენ, გამომდინარე იქიდან რომ წინა ტრილოგია ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან განსაკუთრებით პოპულარულია. შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმის წინასწარ მიმოხილვას. პირადად მე ბილეთები საქართველოს ბანკის Facebook-ის ტრივია-კონკურსში მოვიგე და ფილმითაც უფასოდ ვისიამოვნე. რაც შეეხება თვითონ პრემიერას, ნამდვილად კარგი იყო, თუმცა Dress Code-მა, როგორც მოსალოდნელი იყო არ გაამართლა. სურათში მონაწილეობენ ჯონი დეპი, პენელოპე კრუზი, იან მაკშეინი, ჯეფრი რაში, კევინ მაკნელი და სხვები. რეჟისორი გორ ვერბინსკი მეოთხე ფილმში რობ მარშალმა ჩაანაცვლა.

კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე (Pirates of the Caribbean: On Stranger Tides) მოგვითხრობს ჯეკისა (ჯონი დეპი) და ბარბოსას (ჯეფრი რაში) შესახებ, რომლებიც ჩათრეულნი არიან უკვდავების წყაროს ძიებაში. ჯეკი ანჯელიკასთან (პენელოპე კრუზი) ერთად აღმოჩნდება შავი წვერის გემზე “დედოფალი ანას შურისძიება”, სადაც აღმოაჩენს რომ ანჯელიკა ყველაზე დაუნდობელი მეკობრის ქალიშვილია. ის შავ წვერთან ერთად შეუდგება წყაროს ძიებას. პარალელურად იმავე მიზნისკენ ისწრაფვიან ბრიტანეთის მეფის სამსახურში შესული ჰექტორ ბარბოსა და ესპანელი ფანატიკოსი მონარქის ქვეშევრდომები.

Pirates of the Caribbean On Stranger Tides Review

ვერ ვიტყვი, რომ ფილმი უინტერესო იყო, თუმცა ტედ ელიოტისა და ტერი როსიოს სცენარი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეა. სიუჟეტი წინა სერიებისგან განსხვავებით სრულად გადმოტანილია ზღვიდან ხმელეთზე და გემს სატრანსპორტო ფუნქცია უფრო აქვს, ვიდრე სამხედრო. არც ხომალდთა მრავალრიცხვოვნობით გამოირჩა ფილმი. ჩანდა მხოლოდ “დედოფალი ანას შურისძიება” და ინგლისელების გემი ბარბოსას ხელმძღვანელობით (ისიც სულ რამდენიმე მომენტი). არ ვიცი ეს შეცვლილ რეჟისორს უნდა დავაბრალოთ თუ ბიუჯეტს (რომელიც არც თუ ისე ცოტა ჰქონდა ფილმს), მაგრამ ფილმი საერთოდ არ შეიცავს საზღვაო დაპირისპირებებს, იქ თქვენ ვერ ნახავთ ქვემეხიდან გავარდნილ ვერცერთ ყუმბარას.

მოკლედ ის გამოირჩევა თავისი ექშენის სიმცირით. ფილმის დასაწყისში ბრძოლა ჯეკი ჯეკის წინააღმდეგ იყო უხარუსხო ანალოგი ბეღურასა და უილის ბრძოლისა “შავი მარგალიტის წყევლიდან”. ექშენიდან აღსანიშნავია მხოლოდ ქალთევზათა შეპყრობის მომენტი.

potc mermaid poster

სამსახიობო ჯგუფზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი. ჯონი დეპი და ჯეფრი რაში კვლავინდებურად თავიანთ ამპლუაში იყვნენ. იგივეს თქმა შემიძლია მეორეხარისხოვანი გმირების შემსრულებელ მსახიობებზე, თუმცა მათმა კარგმა შესრულებამ სრულად ვერ აანაზღაურა პერსონაჟთა წუნი.

ტრილოგიის ერთ-ერთ მიმზიდველობას წარმოადგენდა ის, რომ ფილმში შომეყვანილი იყო რამდენიმე მხარე, რომლებიც ზოგჯერ ერთად იბრძოდნენ, ზოგჯერაც ერთმანეთის წინააღმდეგ. ამის მცდელობა მარშალსაც ჰქონდა “უცხო ნაპირებზე”-ში, თუმცა არც თუ ისე წარმატებული. ინგლისელთა შესახებ საუბარი ზედმეტიცაა (ახლა არ მითხრათ ბარბოსა ბრიტანეთს ემსახურებოდაო), ესპანელები კი მთელი ფილმის მანძილზე ამოუცნობ და ბუნდოვან მხარეს წარმოადგენენ, რომელთა ასავალ-დასავალისა და მიზნის შესახებ არაფერი ვიცით.

pirates of the caribbean movie penelope cruz angelicaროგორც ეს წინასწარ მიმოხილვაში აღვნიშნე, უილიამისა და ელიზაბეთის წასვლამ შექმნა ფილმში ახალი რომანტიკული ისტორიის შემოტანის საჭიროება. რეჟისორმა გადაწყვიტა წინა სერიების ტაქტიკა შეეცველა და ეს ისტორია ჯეკს დაუკავშირა. ანჯელიკას და ჯეკის სიყვარული ნაკლებად სერიოზულია, რადგან ორივე მეკობრეა და ეს გრძნობა მათი მოკავშირეობა/მოწინააღმდეგობიის განმსაზღვრელი უფროა. მეორე მხრივ იუმორის კუთხით ის კარგადაა გამოყენებული, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. უილისა და ელიზაბეთის კიდევ ერთი შემცვლელი წყვილია კათოლიკე მისიონერი ფილიპი და ქალთევზა სირენი, თუმცა გაცილებით უმნიშვნელო, რადგან პერსონაჟები არ არიან გამოკვეთილნი და წინაისტორია არ გააჩნიათ. თანაც მეზღვაურის შესახებ ფილმში ქალთევზისა და ადამიანის სიყვარული ერთგვარი კლიშეა.

Sam Claflin and Astrid Berges Frisbey in Pirates of the Caribbean On Stranger Tides

როდესაც თავიდან გავიგე იმის შესახებ, რომ ფილმის უარყოფითი პერსონაჟი შავი წვერი იქნებოდა, ამ ფაქტმა დამაინტერესა. პირველ რიგში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეკობრეების პერსონაჟი ნამდვილ მეკობრეს ეფუძნება, თუ არ ჩავთვლით ჯეკის მამის, კოდექსის მცველი ტიგის გმირს, რომელიც ვერბინსკიმ აგრეთვე შავ წვერზე დააფუძნა და ეს გვარიდანაც კარგად ჩანს. ედვარდ ტიჩი თავისი დაუნდობლობით ყველაზე ცნობილი მეკობრეა მეკობრეობის ისტორიაში, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ფილმში ის წარმოჩენილია, როგორც უკვე მოხუცი კაპიტანი, რომელსაც ახალგაზრდობის დაბრუნება სურს. დიდი პოტენციალის მიუხედავად ის გაცილებით უინტერესო პერსონაჟი გამოდგა, ვიდრე დეივი ჯონსი წინა ორ სერიაში.

3D. რომელი 3D? ა, ფილმი 3D-ში იყო? მეორეჯერ თუ ვნახავ დავაკვირდები, არ შემიმჩნევია. ჩემი სათვალე ბუნდოვანი გამოსახულების გასწორებისა და მისი დაბნელების გარდა არაფერს აკეთებდა. შეიძლება სათვალეების ბრალიც ყოფილიყო ეს. სამი განზომილების დიდი გულშემატკივარი არ ვარ და სათვალის შეცვლასა და ეგეთ რაღაცეებზე არ ვჩალიჩობ.

ის, რითიც მეოთხე სერია ტრილოგიას ტოლს არ უდებდა იყო იუმორი, რაც ფილმს მართლა სასიამოვნოდ სანახავს ხდიდა. ბეღურას ამ ასპექტში ბარბოსა და ანჯელიკა უმაგრებდნენ მხარს.

წინა ფილმებთან შედარებით უინტერესო პერსონაჟებისა და გაცილებით უარესი ექშენის მიუხედავად, ფილმი მაინც ღირს სანახავად, თუნდაც იმიტომ რომ შესანიშნავი ტრილოგიის გაგრძელებაა. ასეთი ჩავარდნის მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არც თუ ისე კარგი რეჟისორი რობ მარშალია, რომელმაც ვერ შეძლო გორ ვერბინსკის ღირსეული გამგრძელებელი ყოფილიყო.

 

2.5stars
2.5/5

თქვენ რას ფიქრობთ ფილმზე?

www.sincopy.com

იხილეთ ასევე
Close
Back to top button