საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართველი გერმანელების ამბავი

საქართველოში შემორჩენილი ერთ-ერთი გერმანული სახლი. ახლა აქ თანამედროვე ღვინის მარანია მოწყობილი
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას , პოსტის სხვა საიტიდან პირდაპირ დაკოპირებისთვსი მაგრამ , როდესაც ეს სტატია წავიკითხე გამიჩნდა სურვილის ეს ამბავი უფრო ფართო მასებისთვის გამეცნო. ახლა კი დავიწყოთ !!!
ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, უცნაურიცაა და ტრაგიკულიც, მაგრამ განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ამ საოცარ ისტორიას გაგრძელება აღარასოდეს ექნება… სანამ იოსებ ბესარიონოვიჩი (სტალინი) საშინელებებს ჩაიდენდა, საქართველოში ათეულ ათასობით ევროპელები, უმეტესად კი, გერმანელები ცხოვრობდნენ. მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე, ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, 7 ათასი გერმანელი ცხოვრობდა და ამ ადამიანებს უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს არქიტექტურის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობისა და რაც ასე მნიშვნელოვანია – სპორტის განვითარებაში.
ქვემო ქართლში არსებულ გერმანულ კოლონიებში მცხოვრები გერმანელები ყოველთვის მისდევდნენ სპორტს და სანამ მათ მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინი შუა აზიაში გაასახლებდა (სტალინს მიაჩნდა, რომ ქართველი გერმანელები, ჰიტლერის კავკასიაში შემოსვლის შემთხვევაში, ადოლფის სამსახურში ჩადგებოდნენ) უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ ფეხბურთის გუნდები და ცურვის, ტანვარჯიშის, კრივისა და მძლეოსნობის სექციები.
ცოტა ხნის წინათ, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი 1920 წელს გადაღებულ ფოტოს, რომელზეც გამოსახულნი არიან თბილისელი და ლუქსემბურგელი (ბოლნისელი) ფეხბურთელები. განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქართველ გერმანელებს უაღრესად ხარისხიანი სპორტული ამუნიცია აცვიათ და ფორმებზე ნუმერაციაც კი არის დატანილი (მოგეხსენებათ, იმ დროისთვის, ჯერ მსოფლიოს პირველი ჩემპიონატიც კი არ იყო გამართული და აღმოსავლეთ ევროპაში სპორტის ეს სახეობა ჯერ სათანადოდაც არ იყო განვითარებული).
ეს და სხვა ფოტოები, რამდენიმე წლის წინათ, სრულიად შემთხვევით მოიძიეს საქართველოში გერმანული ჩასახლებების მკვლევარებმა და ახლადგამოცემული სპეციალური ბროშურიდან მათი გადმობეჭვდის უფლება, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვიპოვეთ. (თუმცა, უახლოეს მომავალში, ამ თემაზე მუშაობას კიდევ ვაპირებთ და იმედია, მალე ფოტოებსაც გაახლებთ).
ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ გერმანელ ტანმოვარჯიშეებს სამშობლოსთანაც ჰქონდათ კავშირი. 1909 წელს, თბილისში გერმანიიდან ჩამოვიდნენ გერმანელი ტანმოვარჯიშეები, რომლებმაც შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა და ერთობლივი ვარჯიშიც ჩაატარეს. გერმანელ სპორტსმენებს საქართველოში ჩამოუტანიათ საეკლესიო ორღანი, რომელიც თბილისის კათოლიკურ ეკლესიას გადასცეს. ეს ორღანი საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის დროს დაიკარგა, თუმცა, ყველაფერში წესრიგისმოყვარე გერმანელებს სამშობლოდან გამოგზავნილი ყველა საჩუქარი აღწერილი და ოფიციალურად გაფორმებული ჰქონდათ.
თბილისის ცნობილი ”ცისფერი გალერეის” ამშენებელს – გერმანელ არქიტექტორ ალბერტ ზალცმანს, ქვემო ქართლში, მანგლისთან ახლოს, აუშენებია იმ პერიოდისათვის თანამედროვე სპორტული დარბაზი, სადაც ვინმე ოტო ლეზიენგი, გერმანელებთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებსაც ავარჯიშებდა (იმ პერიოდში, საქართველოში უკვე 6 გერმანული ჩასახლება არსებობდა). სტრუქტურულად ყველაფერი იმდენად კარგად ყოფილა აწყობილი, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს მწვრთნელი სახლებში ომნიბუსით (ომნიბუსი – ცხენებშებმული დიდი ეტლი, ფაქტობრივად, მაშინდელი ავტობუსი იყო) სახლებში აკითხავდა და ისე მიყავდა ვარჯიშზე.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ”ულვაშამ” (სტალინმა) გერმანელები საქართველოდან გაასახლა, ეს ტანვარჯიშის დარბაზი ჯერ საწყობად გადააკეთეს, შემდეგ კი, აგურ-აგურ დაშალეს და მისი მასალით, სოფლის კოლმეურნეობამ ახალი ბოსლები ააშენა.
წავიდნენ გერმანელები და მთლიანად გავერანდა მათი აყვავებული სოფლები. გაველურდა მათ მიერ შემოტანილი ევროპული ვაზი და ხილის ხეები. გერმანელების ნასოფლარებში შემდგომ წლებში ჩასული ხალხი გაოცებას ვერ ფარავდა, როდესაც ხედავდნენ დანგრეულ კლასიკური ევროპული სტილით აშენებულ პატარა სახლებსა და მოედნებს, ბაღებსა და ვენახებს (ვენახების დატერასება ბევრმა ქართლელმა გლეხმა სწორედ გერმანელებისაგან ისწავლა), ამ სოფლებში ექსკურსიაზე შემთხვევით მოხვედრილ ექსკურსანტებს კი, წინასწარ დარიგებული გიდები ატყუებდნენ, რომ თითქოს გერმანელებმა თავად არჩიეს გერმანიაში წასვლა, თორემ საბჭოთა ხელისუფლება მათ გაშვებას არ აპირებდა.
ყაზახეთში, სადაც ქართველი გერმანელები გაასახლეს, დღეს ყველაზე აყვავებული და მოვლილი სოფლები სწორედ აქედან გადასახლებულ გერმანელებს აქვთ. უფრო მეტიც – ახლა საკუთარი ბანაკიც კი შეუქმნიათ და ევროს გარდა, სხვა ვალუტაზე არც კი ვაჭრობენ. აქ კი, მათი დარჩენილი ნასახლარები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენი დაკარგა საქართველომ ჩვენი ქვეყნიდან ევროპელების წასვლით. სტალინს ეს ავი საქმე რომ არ ჩაედინა, დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში, შეიძლება, ქართველ გერმანელებსაც ეთამაშათ და ერთი-ორ ”ჰანზასა” და ”აინტრახტს” ჩვენი ეროვნული პირველობაც დაემშვენებინა.
დასაწყისში შემთხვევით ნამდვილად არ მითქვამს ის, რომ ქართველი გერმანელების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გულსატკენი ამბავია ჩვენი ქვეყნისათვის. დღეს ხომ აქეთ ვეხვეწებით ევროპელებს, ოღონდ ჩამოვიდნენ და რაიმეში წაგვეშველნონ. არადა, ჩვენ ხომ საკუთრივ ჩვენი – ”ქართველი” გერმანელები გვყავდა…

სტატიის ავტორი: ლევან  სეფისკვერაძე

წყარო: worldsport.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close