არქივი

1983 წლის 18 ნოემბერი

1983 წლის 17 ნოემბერს რესტორან “ქალაქურში” ახალგაზრდები გერმანე (გეგა) კობახიძისა და თინათინ ფეტვიაშვილის დაქორწინებას ზეიმობდნენ. წვეულებას ესწრებოდა თბილისის აეროპორტის საერთაშორისო სექტორის თანამშრომელი ანა ვარსიმაშვილი, რომელიც სწორედ მეორე დღეს მორიგეობდა.

18 ნოემბერს ა. ვარსიმაშვილის ხელშეწყობით საქორწინო მოგზაურობაში მიმავალმა ახალდაქორწინებულებმა მეგობრებთან – დავით მიქაბერიძესთან, სოსო წერეთელთან, ეკა შალუტაშვილსა და ანანო მელივასთან ერთად “ინტურისტის” სამსახურებრივი გასასვლელი სპეცკონტროლის გარეშე გაიარეს. ძმები, კახა და პაატა ივერიელები, და გია ტაბიძე “კანონიერი” გზით შეუერთდნენ დანარჩენებს თვითმფრინავში.

თვითმფრინავი “ტუ-134” თბილისის აეროპორტიდან, მოსკოვის დროით, 1543 საათზე, აფრინდა, რომელსაც უნდა შეესრულებინა რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. თვითმფრინავში 58 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა კურსს. მგზავრები კი მშვიდად უნდა მჯდარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ემუქრებოდათ.

ისინი აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით: “TT” ტიპის 2 პისტოლეტით, “ნაგანისა” და “რევსტერის” ტიპის 2 რევოლვერით, 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარით. შეიარაღებულები საბჭოთა წყობაზე განაწყენებული “დასავლური” ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები იყვნენ.

კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში შეცვივდნენ. კ. ივერიელმა პილოტ გარდაფხაძეს იარაღი თავზე მიადო და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა გასოიანმა ზედმეტად “იყოჩაღა”, ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა.

თავდამსხმელებმა სროლას სროლით უპასუხეს. ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა ბორტმექანიკოსი ჭედია, ბორტგამყოლი კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი. ასევე გარდაიცვალნენ მგზავრები სოლომონია, აბოიანი, ჩვიდმეტმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა…

პილოტმა იყოჩაღა და თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი, ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი…

სპეცოპერაცია დასრულდა. ოთხი დამნაშავე: კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. მათივე თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ…

ეს ადამიანები საბჭოთა ეპოქის მკაცრი კრიტერიუმებით ასე შეაფასეს “преступная группа имея намерения изменить родину в форме бегство за границу” და გაასამართლეს. თინათინ ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს – სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა…

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა. დაისაჯა ანა ვარსიმაშვილიც.

1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გერმანე კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, სისრულეში იქნა მოყვანილი…

მათი შეწყალება არ მოხერხდა, რადგან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა კარიერისთვის ეს იქნებოდა სამარცხვინო ლაქა…

წყარო; შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქვივო სამმართველოს საიტი

P.S ჩემი აზრით ეს ადამიანები არ იყვნენ ტერორისტები.ესენი იყვნენ ახალგაზრდები,რომლებასც არ უნდოდათ რუსეთის მიერ დამონებულ ქვეყანაში ცხოვრება…. და სასჯელი რომელიც მათ მიუსაჯეს ჩემი აზრით ძალიან მძიმეა…მე არ ვამართლებ მათ საქციელს მაგრამ მიმაჩნია რომ ისინი არ იყვნენ “ტერორისეტბი”..ასეთი სახელი მათ საბჭოთა ხელისუფლებამ შეუქმნა….. თუ დაგაინტერსებთ კიდევ მოვიპოვებ დაწვრილებით ინფორმაციებს

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემის შესახებ..

მსგავსი ამბები

Back to top button