არქივი

რაზე მეტყველებს ჩვენი გარეგნობა

e2673e719a05

ალბათ გაგიგონიათ, რომ ადამიანის გარეგნული ნიშან-თვისებები ხშირად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს. მაინც რომელი გარეგნული სიმპტომი მიუთითებს დაავადებაზე? ამის შესახებ კლინიკა “კურაციოს” პირადი ექიმიელზა გვაძაბია გვესაუბრება.

– დამეთანხმებით – ზოგჯერ ადამიანის სიარულის მანერაზე დაკვირვებისას გვიფიქრია, რომ ჩვენს წინ ავადმყოფია. რა განაპირობებს სიარულის თავისებურებებს და, საზოგადოდ, რა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანი ჯანმრთელი არ არის?

ალბათ გაგიგონიათ, რომ ადამიანის გარეგნული ნიშან-თვისებები ხშირად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს. მაინც რომელი გარეგნული სიმპტომი მიუთითებს დაავადებაზე? ამის შესახებ კლინიკა “კურაციოს” პირადი ექიმიელზა გვაძაბია გვესაუბრება.

– დამეთანხმებით – ზოგჯერ ადამიანის სიარულის მანერაზე დაკვირვებისას გვიფიქრია, რომ ჩვენს წინ ავადმყოფია. რა განაპირობებს სიარულის თავისებურებებს და, საზოგადოდ, რა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანი ჯანმრთელი არ არის?
– ადამიანის სიარულის მანერა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სიარული პიროვნების ტემპერამენტს, თვითშეგრძნებას, გუნება-განწყობასაც ასახავს. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელი ადამიანი გამართული, ზუსტი და მყარი ნაბიჯებით დადის, თავი მაღლა აქვს აწეული, ხელები – თავისუფლად დაშვებული, ოდნავ აქნევს, ნაბიჯები თანაბარი აქვს, მცირეამპლიტუდიანი, ერთი ხაზის გასწვრივ მიმართული. სიარულის მანერა იცვლება ძვალ-სახსართა დაავადებების, ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელკავის და, რაც მთავარია, ნერვული სისტემის დაავადებების შემთხვევაში. ასე რომ, ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება და ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგია შეიძლება პაციენტის სიარულზე დაკვირვებითაც ამოვიცნოთ. მკითხველთათვის კარგად ნაცნობი პარკინსონის დაავადების დროს ნაბიჯები ძალიან მოკლეა, სიარული შენელებულია, თან არ ახლავს კიდურების ავტომატური მოძრაობა. ადამიანს განსაკუთრებით უჭირს სიარულის დაწყება. ეს თვალსაჩინოა არა მარტო წამოდგომისას, არამედ მდგომარე ადამიანის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმის დროსაც. გარდა ამისა, დამახასიათებელია სიარულის დაწყების შემდეგ ნაბიჯის აჩქარება და წინ წავარდნის, დაცემის ტენდენცია. დგომისას თავი დახრილია, ხერხემლის გულმკერდის ნაწილი წინ არის წაწეული, ზედა კიდურები იდაყვშია მოხრილი, ქვედა კიდურები – მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. სიარულისას სხეული კიდევ უფრო წინ იხრება, კიდურები მოხრილი რჩება. ადამიანი ხშირად ეცემა, ვინაიდან არ შეუძლია წონასწორობის დაცვა. თავის ტვინში განსაზღვრული ლოკალიზაციის სისხლჩაქცევისას (ინსულტის დროს) ყალიბდება სიარულის დამახასიათებელი მანერა. თავის ტვინის დაზიანებულ მხარეს ხელი მოხრილია, ხოლო ფეხი მაქსიმალურად არის გამართული, პაციენტს მისი მოხრა არ შეუძლია, რის გამოც სიარულისას ფეხით თითქოს ნახევარწრეს შემოხაზავს. სიარული გაძნელებული და ნელია. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს როდი აქვს ჯანსაღი იერი. ზოგჯერ გარეგნული შეფასება მართლაც საკმარისია, რომ ამა თუ იმ დაავადებების არსებობა ვიეჭვოთ. მაგალითად, თუ ადამიანს გენერალიზებული, მთელ სხეულზე გავრცელებული შეშუპება აქვს, უნდა ვივარაუდოთ გულის უკმარისობა ან თირკმელების პათოლოგია. მაღალი ტანი, გრძელი კიდურები, ობობასებრი თითები მარფანის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ამ სინდრომის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს მიტრალური სარქვლის პროლაფსი, აორტის გაგანიერება. ზოგჯერ მოსალოდნელია აორტის განშრევებაც. ეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა. საბედნიეროდ, პათოლოგია არ არის ხშირი. მაღალი ტანი და თავისებური იერი – ცხვირის, ტუჩების, წარბზედა რკალების გასქელება და გადიდება, მტევნების ზომის მატება – აკრომეგალიას ახასიათებს. ეს გახლავთ ენდოკრინული სისტემის დაავადება, რომელიც ზრდის ჰორმონის სიჭარბით არის განპირობებული. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი მეტისმეტად მსუქანი ადამიანი ძილიანობას უჩივის. მათ შესაძლოა ჰქონდეთ ძილის აპნოე (სუნთქვის ეპიზოდური შეჩერება ძილის დროს), ფილტვების ჰიპერტენზია და ფილტვისმიერი გული. ძლიერი სიმსუქნის დროს პათოლოგიურ ძილიანობას პიკვიკის სინდრომს უწოდებენ. ეს სახელწოდება დიკენსის ნაწარმოების “პიკვიკის კლუბის ჩანაწერების” სათაურის მიხედვით შეიქმნა – იქ არის ერთი პერსონაჟი, ჩასუქებული ბიჭი ჯო, რომელსაც მუდამ ეძინება. უპირატესად სხეულის ზედა ნაწილში ლოკალიზებული სიმსუქნე, წვრილი კიდურები, კანზე მოლურჯო ზოლები (სტრიები), კისრის არეში ცხიმის დაგროვება (კლიმაქსური კუზი), მთვარისებური (მრგვალი მსუქანი) სახე კუშინგის სინდრომს ახასიათებს. ეს არის ენდოკრინული დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ჭარბად წარმოიქმნება. არაბუნებრივად სწორი ზურგი დამახასიათებელია მაანკილოზებელი სპონდილიტისთვის. მოგვიანებით პაციენტი წელში იხრება, “მათხოვრის პოზას” იღებს. გარდა სიარულის მანერისა და ტანდეგობისა, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას ყურადღება ექცევა მის სახეს, კიდურებს, კანის ფერს, თვალებს, თმიან საფარველს, ფრჩხილებს, ერთი სიტყვით, თითქმის ყველა გარეგნულ სიმპტომს.
– რა ინფორმაციას გვაწვდის პაციენტის სახე?
– ზოგიერთი დაავადების დროს იმდენად დამახასიათებელი ცვლილებები ვითარდება, რომ სავარაუდო დიაგნოზს ექიმი პაციენტის შეხედვისთანავე სვამს. ცნობილია, რომ მშრალი კანი, მტვრევადი თმა, წარბების გარეთა ნაწილების გაცვენა, შეშუპებული ქუთუთოები, აპათიური, ყველაფრისადმი განურჩეველი სახე, გადიდებული ენა, ოდნავ ღია პირი, კანის გასქელება და მოყვითალო ელფერი ტიპობრივია მიქსედემისთვის – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებისთვის. კანის გამკვრივება, ელასტიკურობის დაქვეითება, სახის არეში დაჭიმვა, პირის ირგვლივ ქისისებური ნაკეცები ახასიათებს სისტემურ სკლეროზს ანუ სკლეროდერმიას, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა და დამახასიათებელ გარეგნულ ცვლილებებთან ერთად შინაგანი ორგანოების მნიშვნელოვანი დაზიანება სდევს თან. მიტრალური სტენოზის (გულის მანკის ერთ-ერთი სახეობა) დროს ტიპობრივია ლოყების ვარდისფერი და ტუჩების მოლურჯო ანუ ციანოზური შეფერვა. თირკმლის დაავადებების დროს სახე ფერმკრთალია, შეშუპებული, განსაკუთრებით თვალსაჩინოა შეშუპება ზედა ქუთუთოების არეში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენტთა შეშფოთებას უმეტესად იწვევს ქვედა ქუთუთოების შეშუპება, მუქი შეფერვა. უნდა ითქვას, რომ ასეთი ცვლილება არავითარ პათოლოგიას არ უკავშირდება. ის განპირობებულია ქვედა ქუთუთოების არეში კანისა და კანქვეშა შრის აგებულების თავისებურებებით და მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია. უფრო შესამჩნევია უძილობის, გადაღლის, მარილიანი საკვების მიღების, თამბაქოს წევის, ასაკის მატების დროს. თირეოტოქსიკოზის დროს პაციენტის სახე თითქოს ერთსა და იმავე დროს შიშსა და მრისხანებას გამოხატავს, თვალები ფართოდ აქვს გახელილი, კაკლები – წინ წამოწეული (ეგზოფთალმი), თითქოს პრიალებს, ზედა ქუთუთოსა და თვალის ფერად გარსს შორის კარგად ჩანს სკლერის თეთრი ზოლი. სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში სახეზე გამონაყარი და სიწითლე ისეა განლაგებული, რომ კონტურს პეპლის ფორმა აქვს. ამ ცვლილებას მგლურას პეპელას უწოდებენ. ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონის სიჭარბე, რაც უმეტესად პოლიცისტური საკვერცხის სინდრომთან არის დაკავშირებული, მამაკაცური ტიპის თმიანობას იწვევს. აქვე უნდა ითქვას, რომ თმიანობისადმი მიდრეკილება ჩვენს ქვეყანაში განპირობებულია გენეტიკური მიზეზებით, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ძალზე ტიპობრივია კავკასიის ქვეყნებისთვის და არავითარ ჰორმონულ დარღვევას არ უკავშირდება. ამ შემთხვევაში მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ეპილაციაა. მამაკაცური თმიანობის ერთ-ერთი მიზეზია თამბაქოს წევა. ამ მავნე ჩვევის უკუგდების შემდეგ ნორმალური თმიანობა ხშირად აღდგება.
– როგორ შეიძლება შეიცვალოს კანის ფერი დაავადების დროს?
– კანის შეფერილობის შეფასებით მართლაც შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ. საზოგადოდ, კანის შეფერილობა ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლებიც კონკრეტულ დაავადებებზე მეტყველებს. კანის სიფითრე, წესისამებრ, დაკავშირებულია ანემიასთან ან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის თავისებურებებთან – არტერიოლების სპაზმთან, რაც ზოგიერთი დაავადებისთვის არის ტიპური (ასეთია, მაგალითად, გულის ზოგიერთი მანკი, ჰიპერტენზია, თირკმლის დაავადებები). ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ადამიანს კანის კაპილარები ღრმად აქვს განლაგებული ან სუსტად აქვს განვითარებული, რაც ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე იწვევს სიფითრეს. არიან ადამიანები, რომელთა სისხლძარღვებიც ძლიერი სპაზმით რეაგირებენ ემოციაზე, სტრესზე, სიცივეზე. ესეც სიფითრის ერთ-ერთი მიზეზია. კანის მოწითალო შეფერილობა ანუ ჰიპერემია შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლძარღვთა გაფართოებით, რაც ხდება ცხელების, სხეულის გადახურების, კოფეინით მდიდარი სასმლის, ალკოჰოლის მიღების, ნერვული დაძაბულობის დროს. გარდა ამისა, კანის ჰიპერემიის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობის მატება. ამ დროს კანი ღაჟღაჟა, მოლურჯო-მოწითალო ფერისაა. არიან ადამიანები, რომელთაც სისხლძარღვოვანი კაპილარული ქსელი ზედაპირულად აქვთ განლაგებული, რის გამოც კანი ყოველგვარი დაავადების გარეშე იღებს მოწითალო ელფერს. მთელი რიგი პათოლოგიების დროს ვითარდება კანის მოლურჯო შეფერვა ანუ ციანოზი. მისი გამომწვევი მიზეზების მიხედვით განასხვავებენ ცენტრალურ ციანოზს, რომელიც ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დროს სისხლის ჟანგბადით გამდიდრების დარღვევის შედეგია და ხშირად თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა. ასეთი მოლურჯო შეფერილობა დიფუზურია – გავრცელებულია სახეზე, სხეულზე, კიდურებზე, ხშირად თავისებური მონაცრისფრო-ალუბლისფერი ელფერი აქვს. ამისგან განსხვავებით, გულის დაავადებებისთვის ტიპურია პერიფერიული ანუ სხეულის წარზიდული ნაწილების – ტუჩების, ცხვირის, თითების, ყურების ციანოზი. პერიფერიულ ვენებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებისას (ზეწოლის შემთხვევაში), ასევე – ვენების თრომბოზის დროს შესაძლოა ადგილობრივი, შემოფარგლული ციანოზი აღმოცენდეს. კიდურების პერიფერიული ციანოზი ვითარდება რეინოს სინდრომის დროსაც. შეუძლებელია, კანის ფერზე საუბრისას არ შევეხოთ სიყვითლეს – კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვას. მისი მიზეზი სისხლში პიგმენტ ბილირუბინის ჭარბი დაგროვებაა. გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, სიყვითლე შეიძლება იყოს პარენქიმული ანუ უშუალოდ ღვიძლის დაავადებებით განპირობებული, მექანიკური ანუ სანაღვლე გზების დახშობით (კენჭის, სიმსივნის გამო) გამოწვეული და ჰემოლიზური – ერითროციტების გაძლიერებულ დაშლასთან დაკავშირებული. სიყვითლის აღმოცენებისას აუცილებელია ვიზიტი ექიმთან მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ.
– ალბათ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ბევრი დიდ ყურადღებას უთმობს წონას, სხეულზე ცხიმის განაწილების თავისებურებებს. როგორია ამ მაჩვენებელების კლინიკური მნიშვნელობა?
– რასაკვირველია, სხეულის წონასა და სიმსუქნის თავისებურებებს უდიდესი კლინიკური მნიშვნელობა აქვს. არიან ადამიანები, რომელთაც ცხიმი უპირატესად სხეულის ზედა ნაწილში (კისერი, მხრები, გულმკერდი, მუცლის ზედა ნაწილი) აქვთ დაგროვილი, მათი წელის გარშემოწერილობა დიდია. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ცენტრალურ სიმსუქნეზე. პერიფერიული სიმსუქნის დროს კი ცხიმი უპირატესად სხეულის ქვედა ნაწილშია განლაგებული – მუცლის ქვედა ნაწილში, მენჯზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე. ცნობილია, რომ ცენტრალური ტიპის სიმსუქნე დამახასიათებელია მამაკაცებისთვის, ხოლო პერიფერიული ტიპისა – ქალებისთვის. ცენტრალური სიმსუქნის პროგნოზი გაცილებით სერიოზულია, ვინაიდან ის ხშირად ერწყმის არტერიულ ჰიპერტენზიას, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, გულის იშემიურ დაავადებას და სხვა ქრონიკულ პათოლოგიებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხეულის მასის დეფიციტი, პათოლოგიური სიგამხდრე. ის შეიძლება ინფექციური გართულებებისა და ჭრილობათა შეხორცების დარღვევის მიზეზად იქცეს.
– დაგვეთანხმებით, რომ ყველას სურს, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. რა განაპირობებს ახალგაზრდულ იერსახეს?
– დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას – არიან ადამიანები, რომლებიც დიდხანს გამოიყურებიან ახალგაზრდულად და ეს თაობიდან თაობაში მეორდება. ცნობილია, რომ თამბაქოს წევა, ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას და დანაოჭებას. ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სიმსუქნე ადამიანს ასაკს მატებს. თუმცა არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლებიც ასაკთან შედარებით ახალგაზრდულ იერს აძლევს ადამიანს. ასეთია, მაგალითად, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება, რომელთა დროსაც ფერხდება ზრდა-განვითარება. იგივე ეფექტი აქვს იმუნოდეპრესანტების მიღებას ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ.
– ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქალები კრიტიკულ მზერას მიაპყრობენ სარძევე ჯირკვლებს. რას უნდა მოვაქციოთ ყურადღება ამ თვალსაზრისით?
– სამედიცინო თვალსაზრისით საყურადღებოა დვრილის ახალაღმოცენებული ცვლილებები – ასიმეტრია, გადახრა, ჩაბრუნება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სარძევე ჯირკვალზე კანის მდგომარეობას. მისი ლიმონის ქერქისებრი შესახედაობა, ჭიპისებრი ჩაზნექა ან დვრილის არეში მოწითალო ქერქების გაჩენა ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის საჭიროებაზე მიუთითებს.
– ბევრი მიმართავს ექიმს ქვედა კიდურების შეშუპების გამო. ეს სიმპტომი განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება წლის ცხელ პერიოდში. მის მიზეზად ხშირად გულისა თუ თირკმლის პათოლოგიას მიიჩნევენ. რეალურად რისი ბრალია ქვედა კიდურების შეშუპება?
– ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზად მართლაც შეიძლება იქცეს გულის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება, მაგრამ, საბედნიეროდ, არა ყოველთვის. გულის ან თირკმლის დაავადებებთან დაკავშირებული შეშუპებისას ყურადღებას იპყრობს ამ პათოლოგიებისთვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომებიც. იმ შემთხვევაში, როცა არც ერთი დაავადების სიმპტომი არ ვლინდება, ქვედა კიდურების შეშუპება ღრმა ვენების უკმარისობასთან არის დაკავშირებული. ასეთი შეშუპება ხშირია ქალებში, თავს იჩენს 30-40 წლის შემდეგ, ხშირად ასოცირებულია სიმსუქნესთან, შესამჩნევია დღის ბოლოს და წლის ცხელ პერიოდში მართლაც განსაკუთრებით შემაწუხებელია. საბოლოო დიაგნოზი დაისმის ქვედა კიდურების სპეციალური ულტრაბგერითი გამოკვლევის – დუპლექსსკანირების საფუძველზე. არცთუ იშვიათად ქვედა კიდურების ტკივილი და თრომბოზი დაკავშირებულია ორალური კონტრაცეპტივების – ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების – მიღებასთან.
– ალბათ ხშირად მოგმართავენ მტევნის, თითების ცვლილებების გამო. ამ კუთხით რომელი სიმპტომები იპყრობს ყურადღებას?
– ხშირია მტკივნეული კვანძების წარმოქმნა ფრჩხილების ახლოს მდებარე სახსრებში. ასეთი კვანძები შეიძლება გაჩნდეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე სახსარზე და, ჩვეულებრივ, არ წარმოიშობა ცერთან. ეს კვანძები მკვრივია, 2-3 მმ ზომისა, წყვილი. კანი მათ ზემოთ უცვლელია. კვანძები ხელს არ უშლის თითების მოძრაობას. მათ ჰებერდენის კვანძებს უწოდებენ. ასეთივე კვანძები ზოგჯერ მტევანთანაც ჩნდება. მათ ბუშარის კვანძებს უწოდებენ. ჰებერდენისა და ბუშარის კვანძები მტევნის ოსტეოართრიტის ნიშანია. ეს არის სახსართა დისტროფიული დაავადება, რომელსაც ხალხი მარილების დაგროვებას უწოდებს. დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჰებერდენისა და ბუშარის კვანძები უმეტესად ასაკოვან პირებში გვხვდება. განსაკუთრებით ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდეგ და მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. მტევნის ახლოს შეიძლება აღმოცენდეს ჰეიგარტის კვანძებიც. მათ ჰებერდენისა და ბუშარის კვანძებისაგან ანთებითი ბუნება განასხვავებს. ანთების გამო კვანძების არეში შეინიშნება კანის გაწითლება, ადგილობრივი ტემპერატურის მატება, სახსარში ანთებითი სითხის დაგროვება, სახსარი იღებს თითისტარისებრ ფორმას, მოძრაობა შეზღუდულია. ჰეიგარტის კვანძები შეხებისას მტკივნეულია, ზოგჯერ ტკივილი თავისთავადაც აღმოცენდება. ასეთი კვანძები რევმატოიდულ ართრიტს ახასიათებს. რევმატოიდული ართრიტის დროს ყურადღებას იპყრობს კანქვეშა კვანძებიც. მათი შემჩნევა შესაძლებელია ზედა კიდურების სახსრების გამშლელ ზედაპირებზე – იდაყვებზე, აგრეთვე – თითებზე; რევმატოიდული კვანძები შეიძლება შევამჩნიოთ მუხლებზე, წვივებზე, კეფაზე. კანქვეშა კვანძები გვხვდება არა მარტო რევმატოიდული ართრიტის, არამედ სხვა რევმატული დაავადებებისა და ზოგადი პათოლოგიების დროსაც, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას, რევმატიზმის, სარკოიდოზის, სიფილისის შემთხვევაში. ზოგჯერ ხელის მტევნებზე, ყურებსა და ტერფებზე შევამჩნევთ სითხოვანი შიგთავსის შემცველ მომრგვალო წარმონაქმნებს – ტოფუსებს. ეს არის შარდმჟავას კრისტალების დაგროვება. ტოფუსები ტიპობრივია პოდაგრისთვის ანუ ნიკრისის ქარისთვის. მტევნებსა და ტერფებზე შესაძლოა მოწითალო ან სისხლჩაქცევის მსგავსი მტკივნეული გამონაყარი გაჩნდეს. ასეთი გამონაყარი, რომელსაც ჯეინუეის ლაქებს უწოდებენ, ტიპურია ბაქტერიული ენდოკარდიტისთვის. ამ დაავადების დროს ვითარდება ოსლერის კვანძებიც – მუხუდოს მარცვლისოდენა შეშუპებული, მტკივნეული კვანძები თითის ბალიშებზე, მტევნებზე, ტერფებზე. ოსლერის კვანძებისა და ჯეინუეის ლაქების აღმოცენების მიზეზია მცირე კალიბრის სისხლძარღვთა ემბოლია ბაქტერიებით ან სისხლძარღვთა არაბაქტერიული ანთება. ყურადღება უნდა მივაქციოთ თვით მტევნის ზომასა და მოყვანილობას. როგორც მოგახსენეთ, ენდოკრინული დაავადების – აკრომეგალიის დროს სხეულის სხვა პერიფერიულ ნაწილებთან ერთად დიდდება მტევნებიც. ზოგიერთის თითებს ობობასებრი მოყვანილობა აქვს – თითები გრძელი და წვრილია, ობობას მოხრილ კიდურს გვაგონებს. ამ მოვლენას არაქნოდაქტილია ეწოდება და მარფანის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგს თითის ბოლოები კომბლისებურად აქვს გამსხვილებული. ასეთი რამ შეიძლება დაემართოს როგორც ხელის, ასევე ფეხის თითებს. ეს სიმპტომი – ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია – შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგია. კომბლისებური ანუ დოლის ჯოხისებური თითების აღმოცენება ტიპურია ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადებებისთვის, ბრონქოგენული კიბოსთვის. შესაძლოა, მისი მიზეზი გულის მანკიც იყოს. არიან ადამიანები, რომელთაც უვითარდებათ მტევნის IV-V თითების მოხრითი კონტრაქტურა – არ შეუძლიათ ამ თითების გაშლა. ეს სიმპტომი, რომელსაც დიუპიუიტრენის კონტრაქტურას უწოდებენ, გვხვდება ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზის, ეპილეფსიის და თამბაქოს წევის დროს. თითების ფალანგების ციანოზი ანუ მოლურჯო შეფერვა დამახასიათებელია გულის ზოგიერთი მანკისათვის. პერიფერიული არტერიების თრომბოემბოლიისას შესაძლოა უეცრად აღმოცენდეს კიდურის ტკივილი, კანის სიფერმკრთალე და გაცივება. სკლეროდერმიის დროს თითების მოძრაობა შეზღუდულია, შესაძლოა, განვითარდეს ფალანგების ნეკროზი. გარდა ამისა, ხშირია IV-V თითების უეცარი გაფითრება, რაც სისხლძარღვთა სპაზმისა და ამის გამო სისხლის მიწოდების მკვეთრი დაქვეითების ბრალია. რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლის მიმოქცევა აღდგება, თითები ჯერ მოწითალო, შემდეგ მოლურჯო შეფერილობას იღებს. ამ მოვლენას რეინოს სინდრომი ეწოდება. არ შეიძლება, ცალკე არ გამოვყოთ მტევნის ცვლილებები, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის დროს ვითარდება. დაავადებისთვის სხვა ცვლილებებთან ერთად დამახასიათებელია თითების სხვადასხვაგვარი დეფორმაცია, რაც დაზიანებული სახსრების მდებარეობასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. დეფორმაცია ზოგჯერ იმდენად ტიპურია, რომ მას დამოუკიდებელი სახელითაც კი იხსენიებენ. მაგალითად, სელაპის თათის ტიპის დეფორმაციის დროს მთელი მტევანი იდაყვის მხარეს არის გადახრილი, ღილკილოს მსგავსი დეფორმაციის დროს შეინიშნება მტევანთან ახლოს მდებარე ფალანგთაშუა სახსრების მოხრითი და შორს მდებარე სახრების გაშლითი კონტრაქტურა, ლორნეტიანი ხელის ტიპის დეფორმაციას ახასიათებს ფალანგების დამოკლება, კანის შეჭმუხვნა, ცერა თითისკენ მტევნის გადახრა. სახსრების ასეთი შეუქცევადი ცვლილებები დაავადების სავიზიტო ბარათია.
– ფრჩხილების რა ტიპის ცვლილებებს აქვს მნიშვნელობა სამედიცინო თვალსაზრისით?
– ფრჩხილების სხვადასხვაგვარი ცვლილება შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს აღმოცენდება. ზოგიერთი ცვლილება იმდენად ტიპურია, რომ ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. არის შემთხვევები, როცა ფრჩხილის ფირფიტა სცილდება კანს, წამოიწევა. ამ მოვლენას, რომელსაც ონიქოლიზისი ეწოდება, ვხვდებით თირეოტოქსიკოზის, ფსორიაზის, ფრჩხილის ეგზემური თუ სოკოვანი დაზიანების დროს. ზოგჯერ ფრჩხილსა და კანის იმ ნაწილს შორის, რომელზეც ფრჩხილია მოთავსებული, თეთრი ლაქები შეინიშნება. ეს ლაქები შეიძლება მოიცავდეს მთელ ფრჩხილს (ამ მოვლენას ტოტალური ლეიკონიქია ეწოდება), ჰქონდეს ხაზოვანი ან წერტილოვანი ფორმა (ხაზოვანი ან წერტილოვანი ლეიკონიქია). ტოტალური ლეიკონიქია თანდაყოლილი დარღვევაა, ხოლო ხაზოვანი და წერტილოვანი – ტრავმის შედეგია და ფრჩხილის ზრდის კვალდაკვალ გაივლის. შესაძლოა ფრჩხილი ჩაიზნიქოს, კოვზისმაგვარი შესახედაობა მიიღოს. ეს მოვლენა, რომელსაც კოილონიქია ეწოდება, რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს ფრჩხილის ზედა ნაწილი მოთეთრო ფერისაა, ხოლო ქვედა – მოყავისფრო, მოწითალო ან ვარდისფერი. ფრჩხილებზე არსებული წერტილოვანი ჩაღრმავებები კანის დაავადების – ფსორიაზისთვის არის ტიპური. ლიმფის მიმოქცევის დარღვევისას ფრჩხილი მოყვითალო ფერისაა. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ფრჩხილების მტვრევადობას. ეს ჩივილი უმეტესად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას, რკინისა და კალციუმის დეფიციტს უკავშირდება.
– თვალების მხრივ რომელი სიმპტომები იპყრობს ყურადღებას?
– წარბების გარეთა ნაწილების არარსებობა ან მათი გათხელება დამახასიათებელია თირეოტოქსიკოზისთვის, თუმცა ასეთი რამ შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანსაც აღენიშნებოდეს და ნორმის ვარიანტს წარმოადგენდეს. წარბების გაცვენის მიზეზად შეიძლება იქცეს ზოგიერთი მედიკამენტი, კანის დაავადება და სისტემური წითელი მგლურა. ზოგჯერ ქუთუთოზე შეიმჩნევა კანიდან წამოწეული მოყვითალო წარმონაქმნები. ესენია ქსანთელაზმები – მცირე ზომის მოყვითალო ფერის მაკულები, რომლებიც თვალების შიგნითა კუთხეში ჩნდება ჰიპერქოლესტერინემიის (ქოლესტერინის დონის მატების) დროს და წარმოადგენს ცხიმის დაგროვებას ქუთუთოს კანქვეშ. ოთხიდან ერთ შემთხვევაში მათი აღმოცენების მიზეზი ცხიმოვანი ცვლის ამა თუ იმ ტიპის დარღვევაა, ამიტომ მსგავსი წარმონაქმნების გაჩენისას რეკომენდებულია სისხლში ლიპიდების დონის განსაზღვრა და, ჩვენებისამებრ, მედიკამენტური მკურნალობა. ტრიგლიცერიდების (ცხიმოვანი ნივთიერება) მკვეთრი მატებისას ხდება ბადურას გაცხიმოვნება, რასაც ავლენს სპეციალური გამოკვლევა – ოფთალმოსკოპია. გარდა ამისა, კვანძების სახით ქოლესტერინის ჩალაგების შედეგია მყესოვანი ქსანთომების ფორმირება – კვანძები აქილევსის, ხელის გამშლელი, მუხლის და იდაყვის კუნთების მყესებში. ხელისგულებისა და თითის ნაკეცებში ქოლესტერინის დეპოზიტების ჩალაგების შედეგია პალმარული ქსანთომატოზი. ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებელია სისხლის ლიპიდური სპექტრის შესწავლა და სათანადო მკურნალობა. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ ზედა ქუთუთო დაშვებულია. ეს არის ფთოზი. ის შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი. მისი მიზეზი უმეტესად ასაკი, ტრავმა ან ქირურგიული ჩარევაა. არსებობს თანდაყოლილი მიზეზებიც. არის შემთხვევები, როცა ერთი ან ორივე თვალის კაკალი პათოლოგიურად არის წამოწეული წინ. ეს არის ეგზოფთალმი. მისი მიზეზი უმეტესად თირეოტოქსიკოზია. სიხშირის მიხედვით მეორე ადგილზეა სიმსივნეები და მათი მეტასტაზები.
– გასაკვირი არ არის, რომ ბევრს აღელვებს ცხვირის ფორმა, თუმცა ცნობილია, რომ ეს ინდივიდუალურია და სულაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. იმავეს ვერ ვიტყვით ცხვირის ფერზე. მის სიწითლეს ხშირად ამა თუ იმ დაავადების გამოვლინებად მიიჩნევენ. სინამდვილეში რისი ბრალია ეს?
– ცხვირის კანის გასქელება, გამკვრივება, ზომიერი სიწითლე, კაპილართა მცირედი გაფართოება და აკნეს ტიპის გამონაყარი რინოფიმის სახელით არის ცნობილი. რინოფიმის დროს აღმოცენებული ცვლილებების შედეგად ცხვირი კარტოფილს ემსგავსება. ხშირად ცხვირის ასეთ ცვლილებას ალკოჰოლიზმს უკავშირებენ. მიზეზი მართლაც შეიძლება ალკოჰოლიზმი იყოს, თუმცა ეს სამეცნიერო გამოკვლევებით არ არის დადასტურებული. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს კლიმატურ ფაქტორებს. ცხვირის სიწითლე ხშირად სისხლში გლუკოზის დონის მატებასაც უკავშირდება.
– ორგანო, რომელსაც ადამიანი თითქმის ყოველდღე ათვალიერებს, არის ენა. ზოგჯერ მისი შესახედაობაც იცვლება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– ხანში შესულ ადამიანს ენაზე სხვადასხვა მიმართულებისა და მოყვანილობის ნახეთქები შეიძლება შევამჩნიოთ. ასეთ ენას სკროტალურს უწოდებენ. ცვლილება ასაკობრივია და სადიაგნოზო მნიშვნელობა არ აქვს. ზოგჯერ ენის დვრილები მოყავისფრო-მოშავო ელფერს იღებს. ჩვეულებრივ, ეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგია, თუმცა უმიზეზოდაც შეიძლება წარმოიშვას. პრიალა ენა ატროფიული გლოსიტისთვის (ენის დვრილების ანთება) არის დამახასიათებელი. გლოსიტის ადრეულ სტადიაზე ენის დვრილები ჰიპერტროფირდება, შემდეგ ბრტყელდება, საბოლოოდ დვრილები ქრება. სიწითლე სიფერმკრთალით იცვლება, ზედაპირი კი გლუვი და პრიალა ხდება. ატროფიული გლოსიტის მიზეზი უმეტესად ბ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტია, შედარებით იშვიათად – ენტერიტი (ნაწლავის ანთება), რკინადეფიციტური ანემია, ალკოჰოლიზმი, კვების მძიმე მოშლა, საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა. ზოგჯერ ენაზე შეინიშნება გლუვი წითელი ლაქები თეთრი არშიით. ეს ლაქები გეოგრაფიულ რუქაზე გამოსახულ კუნძულებს მოგვაგონებს. აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც – გეოგრაფიული ენა. ასეთი ცვლილება, ატროფიული გლოსიტისაგან განსხვავებით, დაავადების სიმპტომი არ არის, არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა, არ საჭიროებს მკურნალობას და რამდენჯერმე მდებარეობის შეცვლის შემდეგ თავისთავად გაივლის.
– რისი ბრალია პირის კუთხეებზე ნახეთქების არსებობა?
– პირის ერთი ან ორივე კუთხის გაწითლებასა და დახეთქვას ქეილოზი ეწოდება. მისი მიზეზი უმეტესად ცუდად მორგებული პროთეზი და პირის კუთხეების ნერწყვით გაღიზიანებაა. ქეილოზის განვითარებას ხელს უწყობს ბ ვიტამინების დეფიციტი, რკინადეფიციტური ანემია. ტუჩების (უპირატესად – ქვედა ტუჩის) პერპენდიკულარული მტკივნეული ვერტიკალური ნახეთქები ქეილიტია. მისი მიზეზი გახლავთ მზის სხივების ან ქარის ზემოქმედება, კვების დარღვევა, კრონის დაავადება (ნაწლავთა ანთებითი დაავადება). ქეილიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ტუჩის საცხის ან ბალზამის გამოყენება.

წყარო: mkurnali.ambebi.ge

ავტორი:მარიკა დვალი
– ჩვენ საკმაოდ თვალსაჩინო სიმპტომების შესახებ ვისაუბრეთ. ასეთი დეტალური აღწერის შემდეგ არ არის გამორიცხული, ჩვენმა მკითხველებმა მრავალი ნიშანი საკუთარ სხეულზეც აღმოაჩინონ და დაასკვნან, რომ სერიოზული დაავადება აქვთ.
– საუბრისას ჩვენ შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა იმ გარემოებისთვის, რომ საყურადღებო სიმპტომები პათოლოგიასთან ყოველთვის არ არის დაკავშირებული, თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ ზოგიერთი ცვლილება ექიმის დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. ამიტომ აჯობებს, თუ სხეულის ნიშან-თვისების, აღნაგობის ცვლილება ან ახალი წარმონაქმნი შევამჩნიეთ, ერთხელ მაინც მივმართოთ ექიმს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ბევრს საკუთარი თავის კრიტიკული შეფასების სურვილი სწორედ გვიან გაზაფხულზე, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უჩნდება. გირჩევთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი მოახლოებული შვებულებისა და რამდენიმე თვეში ქალაქიდან გამგზავრების მოტივით, დარწმუნდით, რომ მღელვარების საფუძველი არ გაქვთ და მშვიდად შეხვდით ზაფხულს, რომელიც სულ მალე მოვა.

P.S. ბოლომდე ვინმემ წაიკითხეთ? :D

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button