საკითხავისასარგებლოუკატეგორიო

ბლეზ პასკალი-აზრები

a7068e70191b

ბლეზ პასკალი (1623-1662) მათემატიკოსი, ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიკოსი, ფილოსოფოს-მორალისტი.

1. ადამიანს ჩვეულებრივ, ის აზრი უფრო არწმუნებს, რომელიც მას მოსდის თავში, ვიდრე ის, რომელიც სხვის თავში იბადება.

2.როდესაც ნაწარმოებს დავასრულებთ, მაშინღა ვხდებით, რითი უნდა დაგვეწყო იგი.

3.მჭერმეტყველება აზრის მხატვრობაა; ხოლო როცა დახატულს კვლავ ხატავენ, პორტრეტს კი არა, ჭყეტელა სურათს ქმნიან.

4.აზრბი მათი გამომხატველი სიტყვების მიხედვით იცვლებიან. აზრები კი არ ანიჭებენ სიტყვებს ღირსებას, არამედ სიტყვები აზრებს.

5.ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმათ, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

6. ხსოვნა, სიხარული გრძნობებია. გეომეტრიული თეორამაც შეიძლება გრძნობად იქცეს, ვინაიდან გონება აბუნებრივებს გრძნობებს და გონებავე შლის ბუნებრივ გრძნობებს.

7. თითოეულ ჩვენთაგანს რომ შეეტყო, რას ამბობენ ჩვენი მოყვასნი ჩვენზე, დარწმუნებული ვარ, ოთხი გულრწფელი მეგობარიც აღარ დარჩებოდა ამქვეყნად. ამის დასტურია როყიოდ წამოროშილი სიტყვის გამო ატეხილი აყალ-მაყალი.

8. მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ კაცს არაფერს გამოელის სიცრუისაგან , დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ის სიმართლეს ამბობს; ზოგი მხოლოდ იმიტომ ცრუობს , რომ იცრუოს.

9.მთავარია ნიჭი , რომელიც განაპირობებს ყველა დანარჩენს.

10. ბუნება ასხვავებს და ბაძავს, ხელოსანი ბაძავს და ასხვავებს.

11. ჩვენ ყოველთვის არა მარტო სხვა მხრით ვუყურებთ საგნებს, არამედ სხვა თვალითაც, ამიტომაც გვგონია, რომ ისინი შეიცვალნენ.

12. ჩვენი ბუნების ნამდვილი არსი მოძრაობაა. სრული სიმშვიდე სიკვდილს მოასწავებს.

13. ჩვენ ერთი ბეწო რამ გვანუგეშებს, იმიტომ რომ ასეთივე უბადრუკი წვრილმანის გამო ვეძლევით უნუგეშობას.

14. სიკვდილი უფრო ადვილია, როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა სიკვდილი არ გემუქრება.

15. ძლიერნიც და სუსტნიც ამა სოფლისანი ერთნაირად უბედურნი არიან, ერთნაირად საცოდავნი, ერთნაირად ვნებულნი. მაგრამ ერთნი ბედისწერამ მბრუნავი ბორბლის ფერსოზე მოათავსა, მეორენი კი მორგვზე, და ამიტომ უფრო ნაკლებ არყევთ ბედის ტრიალი.

16.ჩვენ შლეგური უდარდელობით მივქვრივართ უფსკრულისაკენ, ჩვენივე ხელით თვალახვეულნი, რათა არ დავინახოთ , საით მივრივართ.

17.კაცის გრძნობელობა ყოველგვარი წვრილმანისადმი და მისი სრული უგრძნობლობა ყოველივე დიადის მიმართ- სულის უცნაური გახრწნილების ნიშანია.

18. არაფერი ისე რიგად არ ეთანხმება გონებას , როგორც უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ.

19. სიამაყე ყოველგვარ ნაკლს აწონასწორებს. ის ან ჩქმალავს ამ ნაკლს, ანდა , თუ ამხელს, ამაყობს თავისი გამჭრიახობით და გამბედაობით.

20.ჩვენი არსებობის მთელი სიმწრის, მთელი ჩვენი უბედობის მიუხედავად, რომელიც წალეკვასა და განადგურებას გვიქადის, მაინც ვინარჩუნებთ ერთგვარ მხსნელ ინსტიქტს, წარუხოცელსა და ამამაღლებელს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close