არქივი

გია ფერაძის ოხუნჯობები

9f07c71ac7d6

ცნობილი მსახიობი, გია ფერაძე ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა. თუმცა, ვისაც მისი კინო თუ თეატრალური როლები უნახავს, კარგად ახსოვს მსახიობის მიერ
განსახიერებული როლები – “კავკასიური ცარცის წრიდან” ან ფილმიდან – “არასერიოზული კაცი”. მსახიობის ცხოვრებიდან რამდენიმე მხიარულ ეპიზოდს მისი ძმა, ილია ფერაძე იხსენებს.

c994e16878b9

პირველად სცენაზე
გია 6 წლის იყო, როცა ბაბუა – სერგო გადასახლებიდან დაბრუნდა. იგი გიას დააყენებდა ხოლმე სკამზე და ლექსებს ათქმევინებდა. გია მაშინ ყველა სიტყვას გამართულად ვერ წარმოთქვამდა და ენას ბავშვურად უქცევდა.
ერთხელაც, ბაბუის მეგობრის, დიდი პოეტის – იოსებ გრიშაშვილის საღამო ტარდებოდა; იმ ლექსებს შორის, რომელიც გიამ იცოდა, იყო გრიშაშვილის ლექსი – “დიდება ბელადს”. ბაბუამ გიას ხელი მოჰკიდა და საღამოზე წაიყვანა. პოეტს შვილიშვილი წარუდგინა და უთხრა, რომ გიამ მისი ლექსი იცოდა და თანაც, გამოთქმით კითხულობდა. მეორე განყოფილებაში ის წამყვანმა წარადგინა და ხალხით სავსე დარბაზის წინაშე დიდ სცენაზე გია პირველად გამოვიდა. როგორც ბაბუა ჰყვებოდა: არავითარი დაბნეულობა და მორცხვობა, გია რიხიანად გავიდა, სცენის შუაში დადგა და გამოთქმით დაიწყო: “დიდება ბელადს”. ლექსი – “აქდამეკიდოს” გრიშაშვილისა!” დარბაზში ხარხარი ატყდა. გია დაიბნა. იგი სიტყვა “აკადემიკოსის” ნაცვლად, “აქდამეკიდოს” ამბობდა, რაც ბაბუამ კარგად იცოდა! სცენაზე, სავარძელში მჯდომი სოსო წამოდგა, გიასთან მივიდა, თავზე ხელი მოუთათუნა და ღიმილით უთხრა: “შვილო, ამ მთავრობას რომ ვკიდივარ, ეგ ვიცოდი, მაგრამ შენ რაღა დაგიშავე?” ეს იყო მომავალი მსახიობის სასცენო დებიუტი.

ბებიები სკოლაში
გია სკოლაში გაუთავებლად ოხუნჯობდა, დადიოდა “შატალოებზე” და ხშირად, ცუდი ნიშნებიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში, ყველა მასწავლებელი ნორმალურ ნიშანს უწერდა, რათა იგი კლასში არ ჩარჩენილიყო და ერთი წლით არ გახანგრძლივებულიყო მათი წვალება. როდესაც დამრიგებელი მშობელს იბარებდა, გიას მორიგეობით ბებიები მიჰყავდა. არ ჰყავდა, თუ რა! – ხან ერთს გაუძღვებოდა, ხან – მეორეს და ხანაც – მესამეს… ის ბებიებს მოფერებით, “ბლაგაროდნი დევიცებს” ეძახდა, რადგანაც ისინი მხოლოდ მეგობრულად “ურჩევდნენ საქმეს”. გია ჰპირდებოდა მათ, რომ აუცილებლად გამოსწორდებოდა, გახარებული ბებიები კი ნაყინის ფულსაც აძლევდნენ ხოლმე.
მასწავლებლის საყვედურების მოსმენა ყველაზე ხშირად ბებია ნინას უწევდა. გია მას სიყვარულით “მაკარენკოს” ეძახდა. თუ დედა და ძმა რამეზე ტუქსავდნენ, იმწუთასვე გაისმოდა: – оставь ребенкаб не будь садистом!.. და სამივე ბებია მატროსოვივით გადაეფარებოდა.
როცა კინოში წასასვლელად ფული მოუნდებოდა, ბებიებს დასვამდა და სხვადასხვა ფოკუსს უტარებდა (ფულს წინასწარ ართმევდა). ერთხელ, ერთ-ერთი ფოკუსი არ გამოუვიდა. ნადია ბებიამ დაუსტვინა და შვილიშვილს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ გია უკვე ეზოში იყო.

“მიცვალებულის” გამოცხადება
დაბრუნდებოდა თუ არა გია გასტროლებიდან, მისი სახლისკენ მონატრებული მეგობრების განუწყვეტელი სვლა იწყებოდა. კარზე ზარია, ე.ი. მორიგი სტუმარი მოვიდა; გიამ სათვალთვალოში გაიხედა და მეგობარი – ამირან ბუაძე დაინახა. ოთახში შებრუნდა, მიცვალებული ქალის რეზინის ნიღაბი გაიკეთა, ბებიის ხალათი ჩაიცვა, წელში მოკუნტულმა და ჯოხზე დაყრდნობილმა კარი გაუღო. თან არაამქვეყნიური ხმით სახლში შეიპატიჟა. ამირანს გული კინაღამ გაუსკდა, რადგანაც ნიღაბი მართლაც, საშინელი შესახედავი იყო.
– ვაიმე! – იყვირა ამირანმა და მეექვსე სართულიდან პირველამდე სირბილით ჩავიდა, თან, იძახდა: – ფერაძე ხარ, ფერაძე, ხომ ვიცი, რო ფერაძე ხარ!..

ზეიკოს პურმარილი
გია, ნანული სარაჯიშვილი და ამირან ბუაძე “პახმელიაზე”, დილით, ზეიკო ბოცვაძეს მიადგნენ. ფული არც ერთს არ ჰქონდა. ზეიკო მათი ხშირი მასპინძელი იყო, მაგრამ იმ დროს ფული არც მას ჰქონდა. იგი თეატრისგან თავისუფალ დროს თავს ჭრა-კერვით ირჩენდა. ამავე დროს, ზეიკოს თაყვანისმცემლები რესტორანში ხშირად ეპატიჟებოდნენ და იქიდან, ვითომდა ძაღლისთვის, მეგობრებისთვის პურმარილი მოჰქონდა.
ამჯერადაც, დატრიალდა ზეიკო თავის კოხტა სამზარეულოში და სულმიხდილ მეგობრებს სუფრა გაუშალა. წინადღეს, მეზობლის დასაფლავება ყოფილა და ჭირისუფალმა ოჯახმა, მეზობლებს მოსახსენებელი გაუგზავნა. მაგიდაზე გაჩნდა მოხარშული ზუთხი, სათალი, ხაშლამა და როდესაც შილაფლავიც მოაყოლა, გიამ თქვა:
– ისეთი ქელეხის პურმარილი გაგვიშალა, რომ მგონი, სადმე მიცვალებულიც ეყოლება დამალული.
ადგა და ზეიკოს საძინებელში შევიდა. მუთაქები სწრაფად საწოლში დაალაგა, ზეწარი გადააფარა და ისე გაასწორა, გეგონებოდა, ვინმე იწვა, მერე კი იქიდან გაფართოებული თვალებით გამოვარდა, – ხომ გითხარით, მართლაც ჰყავს მკვდარი, თუ არ გჯერათ, მიდით, ნახეთო. მან ნანული და ამირანი ძალით შეუშვა საძინებელში.
ლოგინში ზეწარგადაფარებული “მიცვალებულის” დანახვაზე ნანული და ამირანი საძინებლიდან ყვირილით გამოცვივდნენ და კიბეზე დაეშვნენ. ზეიკომ ბევრი იცინა, მერე კი შეშინებული მეგობრები ძლივს დაამშვიდა.

სურათთან გასაუბრება
ვაჟა ლორთქიფანიძე გიას ახლო მეგობარი იყო. როდესაც იგი კომკავშირის ცეკას მდივანი გახდა, შეხვედრებზე გიაც ხშირად დაჰყავდა. ერთ დღეს, გიამ კაბინეტში მიაკითხა. ვაჟამ სთხოვა: ცოტა ხანს აქ დაჯექი, 10 წუთში უცხოელი სტუმრები უნდა მივიღოო. გია მოშორებით, კუთხეში დაჯდა, შემოვიდნენ სტუმრები. გია როგორც აქტივისტი მსახიობი, ისე წარადგინეს, გავიდა 20 წუთი. შეხვედრა გაჭიანურდა. პურმარილის მოლოდინში გიას სული უკაწკაწებდა, ადგილზე ვერ ისვენებდა. ცოტა ხანში ადგა, სიგარეტი ამოიღო, ცეკას მდივანთან მივიდა და მობოდიშებით ასანთი სთხოვა. უარი მიიღო. მივიდა კედელთან, სადაც ბრეჟნევის ახალგაზრდობის სურათი ეკიდა. “მცირე მიწაზე” გადაღებული ფოტოდან, პაპიროსით ხელში ფორმაში გამოწყობილი ბრეჟნევი იმზირებოდა.
– разрешите прикурить? – ჰკითხა გიამ და ყველასგან შეუმჩნევლად ჯიბიდან სანთებელა ამოიღო, შემდეგ კი სიგარეტი ბრეჟნევის სიგარეტს მიადო, მსუყე ბოლი გამოუშვა და გემრიელად გააბოლა. მერე სურათს თავი დაუკრა და ლეონიდ ილიჩს მადლობა ხმამაღლა გადაუხადა.
სტუმრები გაოგნდნენ და სურათს მიაშტერდნენ. ყველაზე მეტად, ვაჟა ლორთქიფანიძე გაოცდა, რომელიც სურათთან ზურგით იჯდა, ამიტომაც, ვერ გაეგო, როგორ მოუკიდა გიამ სიგარეტს და რატომ უხდიდა მადლობას ლეონიდ ილიჩს.

წყარო:ჟურნალი “სარკე”

პს: თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ.

მსგავსი ამბები

Back to top button