საკითხავისასარგებლო

სტრესი

www.ucnauri.com

სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქციაა მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამღიზიანებელზე. ექიმები და ფსიქოლოგები განასხვავებენ სტრესის დადებით და უარყოფით ფორმებს.


როგორიც არ უნდა იყოს სტრესი: დადებითი თუ უარყოფითი, ემოციური თუ ფიზიკური, – ორგანიზმზე მისი ზემოქმედება ყოველთვის ერთნაირად აირეკლება. ამიტომაც არის, რომ სტრესულ მდგომარეობაში ადამიანი ყველაზე იოლად იქცევა ინფექციის მსხვერპლად.

სტრესი პირველად 1936 წელს აღწერა კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ და მას ზოგადადაპტაციური სინდრომი უწოდა. მისი განმარტებით, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმის დასუსტება და ორგანოთა სისტემების ფუნქციათა დარღვევა ახასიათებს. ტერმინი “სტრესი” მოგვიანებით გაჩნდა. ის ინგლისური სიტყვაა და დაძაბულობას ნიშნავს.

სტრესის ფორმები
თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ სტრესს ორგანიზმზე ყოველთვის დამანგრეველი, ნეგატიური გავლენა ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით იმავე ჰანს სელიემ სტრესები დადებითებად და უარყოფითებად დაყო. დადებით სტრესს ეუსტრესი უწოდა, ხოლო უარყოფითს – დისტრესი.
ტერმინ ეუსტრესს ორი მნიშვნელობა აქვს:
1. სტრესი, რომელიც გამოწვეულია დადებითი ემოციით;
2. არცთუ ძლიერი სტრესი, რომელიც იწვევს ორგანიზმის მობილიზებას.
დისტრესი ის სტრესია, რომელთან გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს აღემატება. ის ანგრევს ადამიანის მორალურ ჯანმრთელობას და მძიმე სომატური და ფსიქიკური დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
სტრესის წყაროა:
• ტრავმა ან კრიზისული სიტუაცია;
• ახლობლის დაკარგვა;
• წვრილმანი ყოველდღიური პრობლემები;
• კონფლიქტები ან ურთიერთობა უსიამოვნო ადამიანებთან;
• წინააღმდეგობა, რომელიც არ გვაძლევს დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას;
• მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნის შეგრძნება;
• აუსრულებელი ნატვრა ან საკუთარი თავისთვის წაყენებული მეტად მკაცრი მოთხოვნები;
• ხმაური;
• მონოტონური სამუშაო;
• საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რომ რაღაცას ვერ მივაღწიეთ ან შანსი ვერ გამოვიყენეთ;
• დანაშაულის განცდა იმის გამო, რაშიც, შესაძლოა, ბრალი არც კი მიგვიძღოდეს;
• დაძაბული სამსახური;
• ფინანსური სირთულეები;
• ძლიერ პოზიტიური ემოციები;
• კამათი განსაკუთრებით ძვირფას ადამიანებთან (სტრესს იწვევს იმის ყურებაც, როგორ კამათობენ ოჯახის წევრები);
• ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლება.
რისკჯგუფები:
• ქალბატონები, რამდენადაც ისინი მამაკაცებზე გაცილებით ემოციურები არიან;
• მოხუცები და ბავშვები;
• დაქვეითებული თვითშეფასების მქონენი;
• ექსტრავერტები;
• ნევროტიკები;
• ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს;
• პირები, რომლებიც სტრესისადმი გენეტიკურად არიან განწყობილნი.

კონსტიტუციური ტიპები
ტემპერამენტის მიხედვით ჰიპოკრატემ ადამიანთა ოთხი კონსტიტუციური ტიპი გამოყო: სანგვინიკი, მელანქოლიკი, ქოლერიკი და ფლეგმატიკი. ეს ოთხი ტიპი სტრესულ სიტუაციებს განსხვავებულად აღიქვამს და მათდამი განსხვავებულ რეაქციებს ავლენს. სანგვინიკები არიან “ტანადნი, ახოვანნი, გარეგნულად მშვენიერნი, ვაჟკაცნი, თავაზიანნი, ხალისიანნი, ალერსიანნი”, მაგრამ მოკლებული არიან ამტანობასა და შრომის სიყვარულს. მელანქოლიკები სანგვინიკების საპირისპირო ტიპები არიან, ახასიათებთ ნაღვლიანობა, მელანქოლია, სევდა, მწუხარება. ქოლერიკები – “ხორცით ძლიერნი, ხმელ-ხმელნი, კარგად გამონაკვთული ტანით, ენერგიულნი და მხნენი, ქცევით ამაყნი, ქედმაღალნი, გულცივნი, მეომრული სულის მქონე, ნიჭიერი და ხელოვნების მოყვარული” ადამიანები არიან. ფლეგმატიკები ქოლერიკთა საპირისპირონი არიან – “მოდუნებულნი, ძილისკენ მიდრეკილნი, არაგონებამახვილები, შრომასა და ხელოვნებაში მოუქნელნი”. ჰიპოკრატე იმასაც აღნიშნავდა (და ეს მოსაზრება დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება), რომ თითოეულ ტიპს სხვადასხვა დაავადებასთან, მათ შორის – ფსიქოემოციურ მოშლილობებთან აქვს კავშირი და მათდამი დადებით ან უარყოფით განწყობას ამჟღავნებს. ასე, მაგალითად: სტრესი შედარებით ნაკლებად ერევა სანგვინიკებსა და ქოლერიკებს, შესაბამისად, მათთვის უცხოა დეპრესიული მდგომარეობა. იმავეს ვერ ვიტყვით მელანქოლიკებსა და ფლეგმატიკებზე – სტრესით გამოწვეული დეპრესიითა და სხვა სახის ფსიქოემოციური მოშლილობით დაავადებულთა დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ტემპერამენტის ადამიანები შეადგენენ.
ზოგადადაპტაციური სინდრომი
ზოგადადაპტაციური სინდრომი სამ სტადიად ვითარდება. ესენია:
1. განგაშის სტადია – ამ სტადიაზე ხდება მობილიზება ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმებისა, რომელთა შესაძლებლობაც შეზღუდულია;
2. წინააღმდეგობის სტადია;
3. გამოფიტვის სტადია.
განგაშის სტადია
სტრესული ფაქტორის გავლენით მთელი ორგანიზმი ექსტრემალურ რეჟიმში იწყებს მუშაობას, უჯრედები გაცილებით მეტ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გაძლიერებული მოთხოვნილების გამო ორგანოებიცა და ორგანოთა სისტემებიც გაცილებით სწრაფი მოქმედების რეჟიმში გადადიან და გაძლიერებულად ფუნქციონირებენ. თუ ექსტრემალური რეჟიმი გახანგრძლივდა ან ხშირად გამეორდა, უჯრედები იძულებულნი ხდებიან, მიეჩვიონ მას და კიდევ უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები მოითხოვონ. ამის შემდეგ პროცესში ორგანიზმის საკომპენსაციო მექანიზმები ერთვება და უჯრედების მოთხოვნილება კვლავ კმაყოფილდება. სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმების მობილიზებას.
წინააღმდეგობის სტადია
საადაპტაციო მექანიზმების მობილიზების შემდეგ ორგანიზმში იწყება ერთგვარი წინააღმდეგობის მოძრაობა: უჯრედები საკვები ნივთიერებების ეკონომიურ ხარჯვას იწყებენ. პარალელურად აქტიურდება გლიკოკინაზის ტიპის (დამშლელი) ფერმენტები, ხოლო უჯრედები გაძლიერებულად წარმოქმნიან საკვებ ნივთიერებას გლუკოზა-6-ფოსფატის სახით. სპეციალური მუშა ორგანოების წყალობით უჯრედებში ერთგვარი “ენერგეტიკული ფაბრიკები” ჩნდება. გაძლიერებულად გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ანეიტრალებს მავნე რადიკალების ტოქსიკურ ზემოქმედებას. თუ გარე გამღიზიანებელი ფაქტორის ძალა ადაპტაციურ შესაძლებლობებს ჭარბობს, ხოლო სტრესული ფაქტორი ორგანიზმზე ხანგრძლივად ზემოქმედებს ან თავდაცვითი მექანიზმები იმთავითვე სუსტია, წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზმში მაინც იჩენს თავს ერთი სერიოზული პრობლემა – ის ვეღარ ასწრებს “ნაგვის” გატანას, თავისუფალ რადიკალებს ხელ-ფეხი ეხსნებათ და უჯრედების ჯერ დაზიანებას, შემდეგ კი განადგურება-დაშლას იწყებენ. დგება გამოფიტვის სტადია.
გამოფიტვის სტადია

ამ სტადიაზე ორგანიზმის საკომპენსაციო მექანიზმები ამოწურულია. ის უკიდურესად დაბინძურებულია მეტაბოლური ნარჩენებით, რომელთა დროული ალაგება აღარ ძალუძს. თვალნათლივ ვლინდება სტრესის ნეგატიური შედეგები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – ტკივილი მკერდის არეში, გულის რიტმის დარღვევა, ჰიპერტონიული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი;
სასუნთქი სისტემის მხრივ – პრობლემები უმთავრესად თავს იჩენს ბრონქული ასთმით დაავადებულებში, ხშირია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ცვლილებებიც;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავური სისხლდენა, ნერვული ფაქტორებით გამოწვეული საჭმლის მონელების დარღვევა;
კუნთოვანი სისტემის მხრივ – ნერვული ტკივილები კუნთებში (ამ სისტემაში სტრესის შედეგი უმთავრესად მუსკულატურის მომატებული მგრძნობელობითა და მტკივნეული დაჭიმვით ვლინდება);
რეპროდუქციული ორგანოების მხრივ – მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია (სქესობრივი აქტის ჩატარების შეუძლებლობა);
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ – შარდის გამოყოფისა და დეფეკაციის მოშლა;
კანის მხრივ – ეგზემა ან ფსორიაზი.

წყარო: ajafsandal.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close