არქივი

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მზვერავები

9afa7d3a2642

1993 წლის გვიან შემოდგომაზე თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე ამერიკის დაზვერვის ეგიდით ჩატარდა ნარკოტიკების ტრანზიტის წინააღმდეგ მიმართული შავი ზღვის აუზის ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ოლდრიჩ ეიმსი იყო. ეს კონფერენცია თბილისში უნდა გამართულიყო და ეიმსი ედუარდ შევარდნაძეს და საქართველოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსაც შეხვდა.

ფიციალური ვიზიტების შემდეგ ორმა ამერიკელმა – ოლდრიჩ ეიმსმა და ფრედ ვუდროფმა მხიარული პიკნიკი მოაწყვეს ბუნებაში, ყაზბეგთან ახლოს. ვუდროფის საყვარელ ადგილას – ანანურის ციხესთან დიდხანს შეჩერდნენ და ფოტოსურათებიც გადაიღეს. ისინი 1970-იანი წლების ბოლოდან იცნობდნენ ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ ერთ “კანტორაში” (ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში) მუშაობდნენ, საერთო ისიც ჰქონდათ, რომ ორივე ბახუსსა და ამურს უდრეკდა მუხლს.
განსხვავება კი უფრო კარდინალური ჰქონდათ – ეიმსი ამერიკელი მზვერავის “ქურქში გახვეული” რუსეთის უმნიშვნელოვანესი აგენტი იყო, ვუდროფი კი ქართველების დასახმარებლად გამოგზავნილი ამერიკელი მზვერავი. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იმავე გზაზე ფრედ ვუდროფს მოკლავენ. უბრალო დამთხვევაა? ძალიან საეჭვოა.

ვუდროფი თითქმის 30 წლის განმავლობაში ამერიკის კონტრდაზვერვასა და დაზვერვაში მუშაობდა და საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამიტომაც მან სწრაფადვე გაშიფრა საქართველოს ხელისუფლებაში (უპირველესად კი უშიშროებაში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, პროკურატურასა და მინისტრთა საბჭოში) ლაღად მოქმედი რუსეთის აგენტურა, რაც საბოლოოდ მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ათასობით კილომეტრიდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოსული კაცი მალევე მიხვდა, რომ ყველა საიდუმლო სამხედრო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ იყო გაყიდული. ვუდროფი მალევე გაერკვა რეალურ სიტუაციაში. მისდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს, ფაქტობრივად, რუსეთის აგენტურა მართავდა. რუსეთის “მეხუთე კოლონა” ყველა სფეროში იყო ფეხმოკიდებული.

როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია (კონკრეტული გვარების მითითებით) ვუდროფმა თბილისში ჩამოსულ ცსს-ს მაღალჩინოსანსა და მრავალი წლის ნაცნობ ოლდრიჩ ეიმსს გაანდო. სავარაუდოდ, ეს არაფორმალურ ვითარებაში მოხდა, რადგანაც იმხანად ვუდროფის საქმიანობა ეიმსის საკურატორო სფეროში (ნარკოტრანზიტთან ბრძოლა) მხოლოდ ნაწილობრივ შედიოდა.

ასეა თუ ისე, ეიმსი სრულიად საიდუმლო ინფორმაციას გაეცნო. წარმოიდგინეთ რუსეთის აგენტის შეშფოთება – ვუდროფის შემდგომი მუშაობა პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მისი პატრონისა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს და აგენტურულ ქსელს. სავარაუდოა, რომ ეიმსმა თბილისშივე შეძლო რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის (ვისთანაც იყო ოპერატიულ კავშირზე) ამ ინფორმაციის გადაცემა. ვუდროფის მოცილება მოსკოვში დაიგეგმა, სცენარი იქ დაიწერა. შემსრულებლები კი საქართველოში იყვნენ. ვუდროფის მკვლელობის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია სამხრეთ კავკასიაში უფრო ინერციით მოქმედებდა, ვიდრე გამიზნულად.

საინტერესოა, რომ 1993 წლის 16 აგვისტოს ვუდროფის ცხედარს აეროპორტში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ორმოცი მაღალჩინოსანი თანამშრომელი დახვდა. მათ შორის იყო, ალბათ, ამ მკვლელობის დეტალებში ყველაზე კარგად გარკვეული პიროვნება – ოლდრიჩ ეიმსი.

ოლდრიჩ ეიმსის დაპატიმრება:

ოლდრიჩ ეიმსი ჯერ კიდევ 1991 წელს მოხვდა გფბ-ს მიერ შედგენილ ეჭვმიტანილთა სიაში და მასზე მეთვალყურეობა დაწესდა. გასაოცარია ის, რომ ეიმსს ამ პერიოდში არ შეუწყვეტია რუს კურატორებთან კონტაქტები და აშშ-ის სპეცსამსახურების ცხვირწინ მათთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა და გასამრჯელოს მიღება. მარტო 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში ცსს-გფბ-ს გარე მეთვალყურეობის ბრიგადას, რომელიც დღედაღამ უთვალთვალებდა ეიმსის გადაადგილებას, სამჯერ(!) გამოეპარა სამალავებთან რუსეთის აგენტის მისვლა, ინფორმაციის დატოვება და ფულის ამოღება.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების გაერთიანებულმა ჯგუფმა მხოლოდ 1994 წლის 21 თებერვალს შეძლო ეიმსის დაპატიმრება.

ამერიკის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის თანახმად, ოლდრიჩ ეიმსის დაკავება მხოლოდ მისი საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების (უფრო მარტივად, ნაგვის) მრავალჯერადი “ქექვის” შედეგად მოხერხდა. ისინი წააწყდნენ საინტერესო ნივთმტკიცებას – საფოსტო კონვერტის ნაგლეჯზე ეიმსის ხელით ეწერა: “მე მზად ვარ შეხვედრისათვის 1 ოქტ. ბ-ში”. ამერიკელებისათვის უკვე იოლი დასადგენი იყო, რომ ეიმსი თავის ოპერატორს კა-გე-ბედან უნდა შეხვედროდა 1 ოქტომბერს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. ეს იყო პირველი აშკარა სამხილი რუსეთის ჯაშუშის წინააღმდეგ, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა.

ოლდრიჩ ეიმსი საბჭოთა და რუსეთის დაზვერვაზე 9 წელიწადს მუშაობდა. ამ პერიოდში მან 2,5 მლნ დოლარი მიიღო. ოლდრიჩ ეიმსს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button