საკითხავისასარგებლო

მსოფლიოს გამოცანები


საინტერესოა
მესამე რაიხის გაუხსნელი საიდუმლო

კარგადაა ცნობილი, თუ როგორ ეკიდებოდნენ ჰიტლერი და სხვა ნაცისტები ასტროლოგების წინასწარმეტყველებას, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მესამე რაიხს უცხოპლანეტელთა საკითხის მიმართ. დასავლური უფოლოგები თვლიან, რომ ეს საკითხი შეგნებულადაა დაფარული, რადგან ნაცისტების სამხედრო–ტექნოლოგიური მემკვიდრეობის ბევრი საიდუმლო მსოფლიოსთვის უკვე ცნობილია, ეს კი – არა.

ბევრი რამ, რის შესახებაც ისტორიკოსები და უფოლოგები წერენ, შეიძლება მეტისმეტად ფანტასტიკური მოგეჩვენოთ. ცნობილია, რომ ნაცისტები დიდი მონდომებით მუშაობდნენ ატომური ბომბის შექმნაზე, ასევე შეიარაღების სხვა სახეობაზე და იმ დროისათვის არნახულ ტექნოლოგიურ მწვერვალებს მიაღწიეს. მრავალი დასავლური მკვლევარი თვლის, რომ მათ ამ წარმატებას უცხოპლანეტელებთან ურთიერთობით მიაღწიეს. აქვე აღნიშნავენ, რომ ეს კონტაქტი მუდმივ ხასიათს ატარებდა.

შემთხვევა ჰიმალაებში

ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამდე ნაციონალ–სოციალისტები აქტიურად მუშაობდნენ ლეგენდარული არიელების ადგილსამყოფელის ძიებაზე. ამით ისინი იმედოვნებდნენ, მიეღოთ საიდუმლო ზეცოდნა, რომელიც დაეხმარებოდათ, უსწრაფესად დაეპყროთ და ებატონათ მთელ მსოფლიოზე. ამ მიზნით ტიბეტსა და ჰიმალაიში საიდუმლო ექსპედიციები იგზავნებოდა. მას შემდეგ, რაც 1933 წელს ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ექსპედიციების სიხშირე და მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ეს საიდუმლო სამუშაოები 1935–1939 წლებში გაცხოველებით მიმდინარეობდა. ექსპედიციები ევროპაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგაც კი გაგრძელდა. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა დოკუმენტაცია გერმანელებმა გაანადგურეს ან დღემდე მიუწვდომელ სამალავში ინახება.

უფოლოგებმა არაერთხელ წამოაყენეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ნაცისტებს ამ ექსპედიციების დროს შეეძლოთ ეპოვათ ავარიაში მოყოლილი “მფრინავი თეფში” და მის ეკიპაჟთან კონტაქტში შესულიყვნენ. ამისათვის სავარაუდო ადგილად ყველაზე მეტად ჰიმალაები მოიაზრებოდა, რომელიც ძნელად მისაღწევი მთიანი რაიონია. მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტებიც არსებობს: გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს ავარიაში მოყოლილი ეკიპაჟი ან შემთხვევით აღმოაჩინეს უცხოპლანეტელთა ბაზა.

მკვლევართა უმრავლესობა ყველაზე რეალურ სცენარად ავარიის ვერსიას მიიჩნევს, რომლის დროსაც უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა დამყარდა “ურთიერთსასარგებლო პირობების” მოთხოვნით. მოსულები გერმანელებისაგან იღებდნენ ვარსკვლავთშორისი თანამგზავრის შეკეთებისთვის საჭირო საშუალებებს, ხოლო ნაცისტები სამაგიეროდ ახალ, კაცობრიობისათვის მანამდე მიუწვდომელ ცოდნასა და ტექნოლოგიას ითვისებდნენ. გამოდის, რომ სამხედრო ტექნიკურ სფეროში გერმანიის მრავალი მეცნიერული მიღწევა არამიწიერი ცივილიზაციის დახმარებამ განაპირობა.

ამ ვერსიის ირიბ დადასტურებად ითვლება ის, რომ იმ პირობებში, როდესაც გერმანიიდან მრავალი გამოჩენილი სწავლული გაიქცა და სამეცნიერო სკოლებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს, წესით, ქვეყანაში აღარ უნდა ყოფილიყო სამეცნიერო ტექნიკური სიახლეების შექმნის საშუალება, მაგრამ ნაცისტები ამერიკასა და საბჭოთა კავშირს მრავალი წლით უსწრებდნენ წინ უახლესი ტექნოლოგიების სფეროში.

პასუხის გაცემა კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ნაცისტებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტი, ახლა შეუძლებელია. ამ საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ სამალავში დაცული დოკუმენტებითაა შესაძლებელი, თუკი ეს სამალავები მართლა არსებობს. დღეს კი მხოლოდ იმ ირიბ ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ, რომლებიც ეჭვს არ იწვევენ.

როგორც სამხედრო ტექნიკის და ეკონომიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, გერმანიას ოთხწლიანი (1941–45) ომის პერიოდში აგებული ჰქონდა 1163 სუპერთანამედროვე წყალქვეშა ნავი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო მოქმედებებში.

გერმანია ატომური იარაღის დამუშავებას წარმატებით აწარმოებდა, მაგრამ, მოკავშირეთა საბედნიეროდ, სამუშაოს დასრულება ვერ მოასწრო. სამაგიეროდ ნაცისტებმა წარმატებით შეძლეს პირველი რეაქტიული რაკეტის შექმნა, რომელიც საათში 1000 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებდა და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოწინააღმდეგე ქვეყნების თვითმფრინავების სიჩქარეს. გამოცანას წარმოადგენს ის, თუ როგორ შეძლეს ნაცისტებმა 1945 წელს, განუწყვეტელი დაბომბვის პირობებში, 2000 ახალი საბრძოლო მანქანის გამოშვება და მათი ბრძოლაში გამოყენება, პრინციპულად ახალი საავიაციო მართვის ტიპის შემუშავება.

ამოუცნობი საიდუმლო

ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო არქივებში სამხედრო მფრინავების არაერთი პატაკი ინახება, რომელიც მათ მიერ გაცემულ ბრძანებებს გვატყობინებს. იქიდან ჩანს, რომ მათ არაერთხელ შეხვედრიათ ბრიტანული სამხედრო მუზარადების მსგავსი “მფრინავი თეფში”. ამერიკელი კენეტ არნოლდიც პირველი არ ყოფილა, რომელმაც ცაზე “მფრინავი თეფში” შეამჩნია. ინგლისელი მფრინავები ამ ფენომენს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეხვდნენ.

პირველი კი, რომელმაც შეძლო მფრინავი ობიექტის თვალთვალი, პოლონელი კაპიტანი სობინსკი გახლდათ. იგი ბრიტანულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 1942 წელს სობინსკი ბომბდამშენით ესენის სამრეწველო ცენტრზე ღამის სადაზვერვო ფრენას აწარმოებდა. დავალების შესრულების შემდეგ, როცა თვითმფრინავი გერმანიის საჰაერო სივრციდან გამოვიდა, უცნობი მფრინავი აპარატი შეამჩნია. კაპიტანმა მას ტყვიამფრქვევით ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა. იგი მშვიდად აგრძელებდა ფრენას. ასეთი მგზავრობა ათი წუთი გრძელდებოდა. შემდეგ ელვისებურმა განათებამ ააგდო ზევით და ობიექტი ღამის ცაზე გაფანტა.


1943 წელს ინგლისელი მაიორი ჰოლმსი თავის პატაკში წერდა, რომ 14 ოქტომბერს გერმანული ქალაქის დაბომბვის დროს რამდენიმე “დიდი, მბრწყინავი დისკი” შეამჩნია. ისინი არ რეაგირებდნენ ცეცხლზე, რომელიც მათ მფრინავებმა გაუხსნეს. ინგლისელებთან ერთად საიდუმლოებით მოცული ობიექტები ამერიკელმა მფრინავებმაც ნახეს. ასეთი მასალები ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს არქივშია შემონახული.

ჰიტლერის კოსმოსური ხომალდები

მეტად გასაკვირი იყო 85 წლის გერმანელის, რაულ შტრაიხერის განცხადება, რომელიც 2000 წელს ჟურნალ “შპიგელში” გამოქვეყნდა. მოხუცი ამტკიცებდა, რომ პირველი კოსმონავტის ტიტული ეკუთვნოდა არა გაგარინს, არამედ მას, რადგან ის ორბიტაზე ჯერ კიდევ 1945 წელს გავიდა. ეს შეიძლება ჭკუაზე გადასული მოხუცის ფანტაზიად მიგვეჩნია, მაგრამ სპეციალური გამოკვლევები, რომლებიც “შპიგელმა” მესამე რაიხის საიდუმლო არქივში ჩაატარა, ადასტურებს მოხუცის სიტყვებს კოსმოსურ ფრენაზე.

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიაში შეიქმნა გასაიდუმლოებული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანება, რომელთა მიზანს შეიარაღებების საკითხზე მუშაობა და ასევე ადამიანზე მათი მოქმედების მეთოდები წარმოადგენდა. ამავე დროს, 1938 წელს ვეველსბურგის მახლობლად, სადაც მთავარი შტაბი იმყოფებოდა, შეიქმნა სპეციალური სარაკეტო ტექნიკა. კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა ვერნერ ბრაუნი, ხოლო ინსტიტუტს ავიაციის მინისტრი გერინგი კურირებდა.

ამ ინსტიტუტის კედლებში სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო რაკეტა მუშავდებოდა. მათზე გერმანელები უდიდეს იმედებს ამყარებდნენ და, როგორც ჩანს, არც შემცდარან. იქ შემუშავებული ფრთიანი რაკეტის პირველი საცდელი გაშვება 1942 წელს მოხდა, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო 18 რაკეტიდან 16 აფრენისას აფეთქდა. მომავალ წელს ბრაუნის მიერ გაუმჯობესებული 40–მდე რაკეტა გამოუშვეს.

ომის დასრულების შემდეგ ნაცისტებმა ვეველსბურგთან მდებარე კოსმოდრომის აფეთქება გადაწყვიტეს, ხოლო გამოკვლევების შედეგების ციხესიმაგრეში დამალვა უნდოდათ, რომელიც ბრაუნს ეკუთვნოდა, მაგრამ მათი გეგმები მოკავშირეებმა დაამსხვრიეს. ბრაუნი ამერიკელებს ჩაუვარდათ ხელში, საბჭოთა სამხედროებმა კი რაკეტების ნაწილი წაიღეს და კოსმოსური ტექნიკის დამუშავებისთვის გამოიყენეს.

შტრაიხერი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, გაენადგურებინა პირადი საქმე, ჯერ აღმოსავლეთ ევროპაში დასახლდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ – გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. გაგარინის გაფრენის შემდეგ კი განცხადებით გამოვიდა, რომ მას ეკუთვნოდა კოსმოსის დაპყრობის პირველობა და არა – რუს კოსმონავტს. როგორც ჩანს, შტრაიხერმა ამის დამტკიცება ვერ მოახერხა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close