არქივი

არსებობს თუ არა წყლისქვეშა ცივილიზაციები?

c89c6af887a2

ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე ინტერესი უცნობი ცივილიზაციებისადმი ერთიორად გაიზარდა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყურადღება გადატანილი იქნა დიდ სტრუქტურებსა და ობიექტებზე.

თითქმის ყოველდღიურად სამხედრო და სავაჭრო გემების მეზღვაურები იტყობინებიან აუხსნელი მოვლენების, წყალქვეშა მანათობელი ცეცხლისა და ამოუცნობი ობიექტების შესახებ. ასეთი მოვლენები ძირითადად წყნარ და ატლანტის ოკეანეებში ჩნდება. უცნაური და ხშირ შემთხვევაში შემაძრწუნებელი მოვლენა ბევრი მეზღვაურისათვის კარიერის დასრულების მიზეზიც კი გახდა.

გასული საუკუნის 60–იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემები პუერტო რიკოს ნაპირებთან შეჩერდნენ. რა თქმა უნდა, მათთან ერთად წყალქვეშა ნავებიც მანევრირებდნენ. მოულოდნელად მთავარი გემის კაპიტანს აცნობეს, რომ წყალქვეშა ნავებიდან ერთ–ერთი დაიძრა და სიღრმისაკენ მაღალი სიჩქარით მიქროდა. სწრაფი რეაგირებისა და მცდელობის მიუხედავად, ნავს ვერ დაეწივნენ და ის წყლის სიღრმეში გაუჩინარდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი სიღრმე ოთხჯერ მაინც აღემატებოდა წყალქვეშა ნავებისათვის განსაზღვრულ სიღრმეს. მომხდარი მაშინვე ნორფოლკში განთავსებულ ფლოტს აცნობეს.

ამ მოვლენის ახსნა ვერ შეძლო გამოცდილმა სპეციალისტმა ანდერსონმა, რომელმაც თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ოკეანის სიღრმისეული საიდუმლოებების შესწავლას მიუძღვნა. ანდერსონი სპეციალურად მგზავრობდა სავაჭრო თუ სამგზავრო გემებით, რათა უცნაურ მოვლენებს თავად შესწრებოდა და აეხსნა.

პირველად ამგვარი შემთხვევის მოწმე ატლანტის ოკეანეში გახდა. მაშინ ანდერსონი ყინულმჭრელით მოგზაურობდა. მოულოდნელად გამთენიისას წყლიდან რაღაც უცნაური ვერცხლისფერი ობიექტი გამოჩნდა, რომელმაც გაარღვია უზარმაზარი სისქის ყინული, ცაში აიჭრა და გაქრა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 წამში მოხდა. ანდერსონი თვალებს არ უჯერებდა. მისი მონაყოლისთვის მეზღვაურებს ყურიც არ უთხოვებიათ. მესაჭემ მხოლოდ ის შენიშნა, რომ უზარმაზარი ყინულის ლოდები ზევით ავარდნენ და დიდი ხმაურით უმალვე წყალს დაენარცხნენ. ოკეანეში იმ ადგილზე საშინელი ტალღები გაჩნდა. ყველაზე საკვირველი კი ის გახლდათ, რომ მალე წყალმა დუღილი დაიწყო და ირგვლივ ყველაფერი ორთქლის საბურველში გაეხვია.

გასული საუკუნის 60–იანი წლები, უცნაური მოვლენების წყალობით, მთელ მსოფლიოს კარგად დაამახსოვრდა. ზემოთ აღნიშნული მოვლენა არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი. 1967 წლის 20 მაისს არგენტინის სანაპიროსთან შეჩერებული გემის ოფიცერმა ხორხე მონტოიამ კაპიტანს უცნაური ობიექტის გამოჩენის შესახებ აცნობა. კაპიტანმა ოდნავ მოშორებით ნამდვილად დაინახა მანათობელი საგანი, რომლის კარგად გარჩევა ვერ შეძლო, მაგრამ ერთი ცხადი იყო, საგანს სიგარისებური ფორმა ჰქონდა, მისი სიგრძე დაახლოებით 4 მეტრამდე აღწევდა. მისგან გამომავალი ცისფერი შუქი ხან ქრებოდა, ხან – ნათდებოდა. უცნობი ობიექტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გემის პარალელურად მოძრაობდა, მაგრამ ვერც მაშინ შეძლეს მისი კარგად გარჩევა. ამის შემდეგ მოულოდნელად წყალში ჩაყვინთა და სიღრმეში გაუჩინარდა. წყლის ქვეშ მისმა ნათებამ დიდხანს გასტანა.

მე–20 საუკუნეში მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება მანათობელმა წისქვილებმაც მიიპყრო. ისინი უდიდესი მანათობელი გამოსახულებანი გახლავთ ზღვებსა და ოკეანეებში. მიუხედავად ხანგრძლივი კვლევებისა, მეცნიერებმა და მკვლევრებმა ამ უცნაური ფენომენის ამოხსნა მაინც ვერ შეძლეს.

პირველად ე.წ. მანათობელი წისქვილები, როგორც თავად მეცნიერებმა შეარქვეს, წყნარ ოკეანეში 1926 წლის 30 სექტემბერს შეამჩნიეს. სამგზავრო გემზე მყოფთ ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, თითქოს წყლის ქვემოდან უზარმაზარი პროჟექტორი ანათებდა. ნათება იმდენად ძლიერი იყო, რომ გემის წინა ნაწილს ცეცხლიც კი გაუჩნდა.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მანათობელი ობიექტი არა წყლის ზედაპირზე, არამედ წყლის სიღრმიდან ანათებდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ცეცხლი მხოლოდ გემის წინა ნაწილს კი არა, მთელ გემს ერთიანად მოედებოდა.

არაერთი გამოკვლევის შემდეგ ანდერსონი ხმამაღლა ალაპარაკდა წყალქვეშა ცივილიზაციების არსებობის შესახებ. მსგავსი შემთხვევები არამარტო ზღვებსა და ოკეანეებში, არამედ ტბებზეც დაფიქსირებულა. 1928 წელს რუსეთში ტბა ვედლოზერის ნაპირებთან გლეხები უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ. ეს მოვლენა დღესაც საკამათო საგნად რჩება. ცილინდრის მსგავსი ობიექტი, რომლის კუდიც წითელი ფერის შუქს გამოსცემდა, ტბაში ჩავარდა. გლეხების მტკიცებით, ის დღესაც ტბის ფსკერზე დევს და თევზების ჭერაში ხელს უშლით. ამ ობიექტის ჩამოვარდნის შემდეგ ტბის სანაპიროზე ხშირად შეუმჩნევიათ დაახლოებით 12 მეტრი სიმაღლის უცნაური არსებები, რომლებსაც გრძელი თხელი ტანი და სასწაულად გრძელი ხელები ჰქონდათ, ოთხ–ოთხი თითით. ეს არსებები თითქოს გავარვარებულნი იყვნენ. ხალხის დანახვაზე ცახცახებდნენ და წყალში უჩინარდებოდნენ.

იაპონიაში არსებობს ლეგენდები უცნაურ ადამიანებზე, რომლებიც წყალქვეშ ცხოვრობდნენ და ჰაერშიც დაფრინავდნენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი აქამდე არ აღმოჩენილა.

ყველასათვის ცნობილია ამერიკაში აწყობილი აპარატის მონაცემების შესახებ, რომელიც ოკეანეში თითქმის 10.000 მეტრ სიღრმეში გამოკვლევებს აწარმოებდა. უპილოტო აპარატი აღჭურვილი იყო გამანათებელი მოწყობილობითა და მგრძნობიარე სატელევიზიო სისტემებით. წყალში გაშვებიდან რამდენიმე საათი აპარატი საერთოდ არაფერზე რეაგირებდა. უცებ რაღაც მოხდა და მონიტორზე უცნაურად დიდი ტანის სილუეტი გამოჩნდა. მიკროფონებმა უცნაური ხმებიც დააფიქსირეს. როდესაც აპარატი წყლის ზემოთ ამოსწიეს, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნაწილი მოგლეჯილი ჰქონდა. დღემდე გაურკვეველია, რამ მოაგლიჯა აპარატს ნაწილი.

კითხვა, არსებობენ თუ არა უცნობი წყალქვეშა ცივილიზაციები, დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

მსგავსი ამბები

Back to top button