არქივი

როგორ გარდაიცვალა კარდინალი რიშელიე

fb8497cc400c
არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე 1624 წელს სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის სამეფო საბჭოს და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. მრავალრიცხოვან შეთქმულებებსა და თავდასხმებს იგი მოხერხებულად იცილებდა თავიდან და საპასუხო დარტყმებით იგერიებდა. ისე, რომ უფალმა ინება ყოვლისშემძლე პირველი მინისტრი საკუთარ საწოლში აღსრულებულიყო.

1642 წლის შემოდგომით რიშელიე ბურბონ–ლანსიში სამკურნალო წყლებს ეწვია, ვინაიდან მისი ჯანმრთელობა, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში უდიდესი ნერვიული დაძაბულობა გადაიტანა, თვალსა და ხელს შორის ილეოდა. ავადმყოფი კარდინალი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე საათობით კარნახობდა ბრძანებებს არმიისთვის, გასცემდა დიპლომატიურ ინსტრუქციებს, განკარგულებებს სხვადასხვა პროვინციების გუბერნატორებისთვის. 28 ნოემბერს ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა. ექიმებმა კიდევ ერთი დიაგნოზი დაუსვეს – ჩირქოვანი პლევრიტი. სისხლის გამოშვებამ შედეგი არ გამოიღო, პირიქით, უკიდურესობამდე დაასუსტა ავადმყოფი. კარდინალი დროდადრო კარგავდა გონებას, მაგრამ, გონსმოსული, მუშაობის გაგრძელებას ცდილობდა. იმ დღეებში მის გვერდით მუდმივად იმყოფებოდა მისი ნათესავი, ჰერცოგინია დ,ეგიიონი.

2 დეკემბერს სიკვდილის პირას მყოფი კარდინალი მეფე ლუდოვიკო მე-13–მ მოინახულა.

– აი, ჩვენც ვემშვიდობებით ერთმანეთს, – სუსტი ხმით უთხრა რიშელიემ, – როდესაც თქვენს უმაღლესობას ვტოვებ, თავს იმით ვინუგეშებ, რომ თქვენს სამეფოს დიდებისა და დღემდე მიუღწეველი გავლენის საფეხურზე ვტოვებ, თქვენი ყველა მტერი დამარცხებული და დამცირებულია. ერთადერთი, რასაც გავბედავ და ვთხოვ თქვენს უმაღლესობას, ჩემი სამსახურისა და შრომის საფასურად, ის არის, რომ კვლავაც ისარგებლონ თქვენი მფარველობითა და კეთილგანწყობით ჩემმა ნათესავებმა და ახლობლებმა. მე მათ ჩემს დალოცვას მხოლოდ იმ პირობით მივცემ, რომ ისინი არასოდეს დაარღვევენ თქვენდამი ერთგულების და მორჩილების ფიცს და თქვენს ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებენ.

შემდეგ რიშელიემ თავის ერთადერთ მემკვიდრედ კარდინალი მაზარინი დაასახელა:

– თქვენს უმაღლესობას ჰყავს კარდინალი მაზარინი, მე მჯერა მისი გონიერებისა და ერთგულების, რომ მას შეუძლია უმწიკვლოდ ემსახუროს თქვენს სამეფო უდიდებულესობას.

ლუდოვიკო მე-13 შეჰპირდა მომაკვდავს მისი ყველა თხოვნის შესრულებას და დატოვა.

85c81ada1589
ექიმებთან დარჩენილმა რიშელიემ სთხოვა ეთქვათ, რა დრო ჰქონდა დარჩენილი. ექიმებმა ზუსტი პასუხის გაცემას თავი აარიდეს და მხოლოდ ერთმა მათგანმა, მესიე შიკომ გაბედა ეთქვა:

– მონსენიორ, ვფიქრობ, რომ 24 საათის განმავლობაში ან მოკვდებით ან ფეხზე დადგებით.

– კარგადაა ნათქვამი, – თქვა რიშელიემ და რაღაცაზე გადაიტანა მთელი თავისი ყურადღება.

მეორე დღეს მეფე კიდევ ერთხელ, უკანასკნელად ეწვია რიშელიეს. ერთი საათის მანძილზე მათ განმარტოებით ისაუბრეს. ლუდოვიკო მე-13 მომაკვდავის ოთახიდან აღელვებული გამოვიდა. თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი ამტკიცებდა, რომ მეფე შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა. კარდინალის საწოლთან თავი ღვთისმსახურებმა მოიყარეს, რომელთაგან ერთ–ერთი მისთვის ლოცვებს აღავლენდა. ასეთ შემთხვევებში ტრადიციად ქცეული საკუთარი მტრების შენდობის მიმართვაში რიშელიემ თქვა:

– მე არ მყოლია სხვა მტრები, გარდა სახელმწიფოს მტრებისა.

იქ მყოფნი გაკვირვებულნი იყვნენ მომაკვდავის ზუსტი, ნათელი პასუხებით. როდესაც ფორმალობები დასრულდა, რიშელიემ სრული სიმშვიდით თქვა:

– ძალიან მალე ჩემი უზენაესი მოსამართლის წინაშე წარვსდგები. მთელი გულით შევევედრები გამასამართლოს იმ ნიშნით, მქონდა თუ არა სხვა განზრახვა, გარდა იმისა, რომ ჩემს ქმედებებს ეკლესიისა და სახელმწიფოს სასიკეთოდ ვახორციელებდი.

4 დეკემბერს ადრიან დილით რიშელიემ უკანასკნელი მნახველები – ანა ავსტრიელის და გასტონ ორლეანელის წარგზავნილები მიიღო, რომლებიც მის მიმართ საუკეთესო გრძნობებში არწმუნებდნენ. მათ შემდგომ მისული ჰერცოგინია დ,ეგიიონი თვალცრემლიანი უყვებოდა, რომ წინა ღამეს ერთ–ერთ მონაზონს ხილვა ჰქონდა, რომ მისი უსამღვდელოესობა უზენაესის ხელით გადარჩებოდა.

– არ ღირს, ჩემო ნათესავო, არ ღირს, ეს ყოველივე სასაცილოა, მხოლოდ ბიბლიას უნდა დაუჯეროთ, – უპასუხა რიშელიემ.

გარკვეული დრო მათ ერთად გაატარეს. დაახლოებით შუადღისთვის რიშელიემ ნათესავს სთხოვა მარტო დაეტოვებინა.

– გახსოვდეთ, – უთხრა რიშელიემ ქალს გამომშვიდობებისას, – რომ მე თქვენ ყველაზე მეტად მიყვარდით დედამიწის ზურგზე. ცუდი იქნება, თუ თქვენ თვალწინ აღვესრულები.

დ,ეგიიონის ადგილი მამა ლეონმა დაიკავა, რომელმაც მომაკვდავს ცოდვის მიმტევებელი ლოცვები წაუკითხა.

– უფალო ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულს, – დაიჩურჩულა რიშელიემ, შემდეგ შეაკანკალა და დადუმდა.

მამა ლეონმა მას პირთან ანთებული სანთელი მიუტანა, ალი არ შერხეულა. კარდინალი რიშელიე გარდაიცვალა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button