გასართობისაკითხავი

ტერმინი “კანონიერი ქურდი” – როგორ გაჩნდა

5f8c779b2457

1929 წელს სსრკ–ში დაიწყო კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. ამას ლოგიკურად მოჰყვა რეპრესიები, მოსახლეობის გაღატაკება. იფეთქა მძლავრმა კრიმინალურმა ტალღამ. ხელისუფლებამ ამას დაუნდობელი ღონისძიებებით უპასუხა, თუმცა სტალინს ესმოდა, რომ მარტოოდენ ეს არ კმაროდა. დიქტატორმა გამოიძახა გპუ–ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჰენრიხ იაგოდა:

– ჰენრიხ გრიგორიევიჩ, მე მსურს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე დაგავალოთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა ვებრძოლო კრიმინალურ ტალღას, რომელმაც ქვეყანა წალეკა?

– გამოსავალი ერთია, ამხანაგო სტალინ, უნდა გავაკონტროლოთ კრიმინალური სამყაროს ელიტა.

– როგორ?

– ოდესღაც ამ პრობლემაზე თავად ვილჰელმ შტიბერი მუშაობდა, ეს მან შექმნა გერმანული დაზვერა, კონტრდაზვერვა, კრიმინალური პოლიცია…

– თქვენზე კარგად ვიცი, ვინაა შტიბერი, – მკვახედ შეაწყვეტინა სტალინმა, მას არ უყვარდა, როდესაც ვინმე მის წინაშე საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას ახდენდა.

– მაპატიეთ, ამხანაგო სტალინ.

– გთხოვთ, საქმეზე ილაპარაკოთ.

– ჩემი აზრით, უნდა შევისწავლოთ ამ შტიბერის გამოცდილება.

– რამდენადაც მახსოვს, შტიბერი რუსეთშიაც მოიწვიეს, არა?

– დიახ.

– კეთილი, შეისწავლეთ. რამდენი ხანი დაგჭირდებათ საამოსოდ?

– ორი კვირა.

– ბევრია, გირჩევთ, ხუთ დღეში ჩაეტიოთ.

– არის, ამხანაგო სტალინ!

შტიბერი – მაძებრების მეფე

ვილჰელმ შტიბერი (1818–1882) სამართლიანად ითვლება მაძებრების მეფედ. მან შექმნა არამარტო პრუსიის კრიმინალური პოლიცია, არამედ დაზვერვაც და კონტრდაზვერვაც.

შტიბერი განათლებით იურისტი იყო და, როგორც ადვოკატმა, სახელი მოიხვეჭა, პარალელურად მისდევდა ჟურნალისტიკასაც. პოლიციის შეფმა უმალ შენიშნა მისი ტალანტი და ერთი თავსატეხი საქმის გამოძიება დაავალა. შტიბერმა საქმე გახსნა. ასე დაიწყო მისი, როგორც მაძებრის, კარიერა. წლების მანძილზე შტიბერი ებრძოდა ბანდიტებს, ქურდებს, ჯაშუშებს, კომუნისტებს. მან შეიმუშავა დამნაშავეობასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი.

– კრიმინალის მოსპობა შეუძლებელია, – ამტკიცებდა შტიბერი, – დანაშაული იყო, არის და იქნება. ამიტომ აუცილებელია კრიმინალური სამყაროს კონტროლი. საამისოდ კი ერთადერთი გზა არსებობს: ჩვენ კონტროლქვეშ უნდა მოექცეს კრიმინალური ელიტა.

საამისოდ შტიბერმა უდიდესი სამუშაო გასწია. მან საგანგებოდ შეისწავლა ინდოეთში არსებული ქურდული კასტების სტრუქტურა, ზნე–ჩვეულებანი. ასე ჩამოყალიბდა კრიმინალური სამყაროს ელიტის პორტრეტი.

– არა ოჯახი, არა პოლიტიკა, არა გაზეთები, არა მთავრობასთან თანამშრომლობა. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, დეკლარაციულ ხასიათს უნდა ატარებდეს. ელიტა ძირითადად ჩვენი ან ჩვენს კონტროლქვეშ მოქცეული პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც გაარჩევენ საქმეებს, გაყოფენ ნადავლს, დასჯიან იმათ, ვინც თავის თავზე მეტისმეტად ბევრს იღებს ან ჩვენ დაგვეხმარებიან მათ დასჯაში.

აღნიშნული მოდელი გერმანიაში წარმატებით განხორციელდა. კრიმინალმა იკლო. მთავრობა აკონტროლებდა დამნაშავეობის ზრდას. შტიბერიც მთელმა ევროპამ მაძებრობისგენიად შერაცხა. შემდგომში შტიბერმა დაამტკიცა, რომ დაზვერვა–კონტრდაზვერვის გენიოსიცაა. მან შექმნა უნიკალური აგენტურული ქსელი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ამან დიდად განაპირობა პრუსიელების გამარჯვება ფრანგებზე (1870–71). სამსახურიდან გადადგომის შემდეგ შტიბერი რუსეთში მოიწვიეს. ის კონსულტაციას უწევდა დამნაშავეობასთან ბრძოლას. შტიბერისეული მეთოდი რუსებმაც გადმოიღეს. ქურდი, – ასე ეწოდა რუსული კრიმინალური სამყაროს ელიტის წარმომადგენელს.

იაგოდა მუშაობს

სტალინის ბრძანება იაგოდამ დანიშნულ ვადაში შეასრულა. მისმა მოხსენებამ დიქტატორზე შთაბეჭდილება მოახდინა.

– შექმნილ ვითარებაში, როდესაც სახეზეა კრიმინალური აფეთქება, მის შესაჩერებლად არსებობს ერთადერთი გზა: კონტროლი დამნაშავეთა სამყაროს ელიტაზე. დაე, მათ გაარჩიონ საქმეები, დასაჯონ უმართავები, ან დაგვეხმარონ მათ დასჯაში. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ჩვენი აქტიური ძალისხმევით შეიქმნას კრიმინალთა ახალი ელიტა. ძველებზე ეს იმოქმედებს.

– ანუ თქვენ გსურთ კრიმინალი კანონის ჩარჩოებში მოაქციოთ? – შეეკითხა სტალინი.

– დიახ, მე მსურს შევქმნა ქურდის ახალი ტიპი, რომელიც კანონის კონტროლქვეშ იქნება, ასე ვთქვათ, კანონიერი ქურდი, – მიუგო იაგოდამ.

ასე გაჩნდა ხსენებული ტერმინი. იაგოდაც აქტიურად მუშაობდა. მალე ვორკუტისა და მაგადანის ზონებში გაჩნდნენ პირები, რომლებიც თავს კანონიერ ქურდებს უწოდებდნენ. კანონიერ ქურდს ეკრძალებოდა ოჯახის ყოლა, პოლიტიკაში მონაწილეობა, გაზეთების კითხვა. კანონიერ ქურდად შეიძლებოდა ეკურთხებინათ მხოლოდ ის პირი, რომელიც რამდენიმეჯერ იქნებოდა ნასამართლევი. საგანგებო “სხოდკა” წყვეტდა, რამდენად იმსახურებდა ის ამას. კანონიერი ქურდი ხელშეუხებელი პირი იყო. ყველა, ვინც მას შეეხებოდა, სასტიკად ისჯებოდა.

კანონიერი ქურდები ციხეებსა და ზონებში მეფეებად გრძნობდნენ თავს. ისინი არ მუშაობდნენ, ჰყავდათ ამალა, გააჩნდათ ძალაუფლება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე.

თავად კანონიერი ქურდები უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. ქურდი, რომელიც გამოდიოდა კონტროლიდან, სავალალოდ ამთავრებდა, მას ან “აფუჭებდნენ”, ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ასევე სავალალო იყო იმ ქურდის ხვედრი, რომელიც აღარ სჭირდებოდათ. საბოლოოდ, კანონიერი ქურდები ან თავისივე ძმაკაცების, ან მილიციელების ტყვიის წერა ხდებოდნენ. ბედნიერნი იყვნენ ისინი, ვინც ნაადრევად დაბერებულნი, ავადმყოფნი, ჭუჭყსა და სიბუნძურეში ასრულებდნენ სიცოცხლეს. მათ ადგილს ახალგაზრდები იკავებდნენ. ფინალი უცვლელი იყო.

სტალინს ძალიან მოეწონა იაგოდასეული სქემა. უფრო მეტად, ვიდრე მათი შემქმნელი. იაგოდა 37–ში დახვრიტეს. კანონიერი ქურდები კი განაგრძობდნენ მოღვაწეობას.

კრიმინალები და მეორე მსოფლიო ომი

1941 წელს ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა სსრ კავშირს. ომი არც საბჭოთა კრიმინალურ სამყაროს ასცდა. კანონიერი ქურდების ნაწილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ნაცისტებისგან სამშობლოს დაცვა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამაზე უარი თქვეს. მათ უმალ ზონებში უკრეს თავი.

კრიმინალთა ნაწილი საჯარიმო ბატალიონებში იბრძოდა. მათ ყველაზე საშიშ უბნებზე აგზავნიდნენ. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ასეთებს ჩეკისტები ადგილზე ხვრეტდნენ. ზოგი გერმანელებს ჩაბარდა და მათ მხარეს გადავიდა. გერმანელები ასეთ ხალხს იყენებდნენ პოლიცაებად და ყველაზე ბინძურ საქმეებს ავალებდნენ. დაუმორჩილებლობას ნაცისტებიც ვერ იტანდნენ და ამის გამო მკაცრად სჯიდნენ.

ჩეკისტები იყენებდნენ იმ კრიმინალებსაც, რომლებიც მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ბელორუსიის გაულაიტერ კუბეს ლიკვიდაცია. კუბეს რეზიდენციაში დამლაგებლად მუშაობდა ვინმე ელენე მაზანიკი, ფრიად კოლორიტული ბიოგრაფიის ქალბატონი. წარსულში მაზანიკი ნასამართლევი იყო ქურდობისთვის. დაპატიმრებული მაზანიკი შინსახკომის აგენტი გახდა. ეს დაეხმარა მოწყობილიყო ოფიციანტად ბელორუსიის ცეკას სასადილოში. ოკუპაციის დროს მაზანიკი ჯერ ოფიციანტად მუშაობდა, შემდეგ თავისი საყვარლის, გერმანელი ოფიცრის, წყალობით კუბეს რეზიდენციაში დამლაგებლად მოეწყო. კუბეზე ნადირობდა როგორც შინსახკომი, ასევე გრუ. მაზანიკსაც დაუკავშირდნენ ყოფილი პატრონები:

– გერმანიამ წააგო ომი. მალე ჩვენები მოვლენ, გამოისყიდი თუ არა დანაშაულს სამშობლოს წინაშე?

– ღმერთო ჩემო, მე დანაშაული არ ჩამიდენია.

– კუბეს რეზიდენციაში შემთხვევით ხალხს არ იღებენ.

– მივეცი სდ–ს თანამშრომლობის ხელწერილი. მერე რა? არავინ გამიცია. ფაშისტები კი მძულს და მზად ვარ, მათთან ბრძოლაში ჩავება.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაზანიკს საკონტროლო დავალებები მისცეს. მან წარმატებით ჩააბარა გამოცდა. ამის შემდეგ უფრო სერიოზული საქმე დაავალეს. მას უნდა შეეტანა ასაფეთქებელი მოწყობილობა კუბეს საძინებელში. მაზანიკმა ესეც შეძლო და ის კუბეს ლეიბის ქვეშ ამოდო. შუაღამისას მოხდა აფეთქება. კუბე ნაფლეთებად იქცა. მაზანიკი გადაიყვანეს პარტიზანულ რაზმში, იქიდან კი თვითმფრინავით – მოსკოვში, სადაც დააჯილდოვეს. კუბეს სიკვდილის გამო კი ნაცისტებმა ჯავრი მშვიდობიან მოსახლეობაზე იყარეს. მინსკში მათ სისხლის ტბა დააყენეს.

ვინც უმართავია, უნდა მოკვდეს

ომის დამთავრებას ლოგიკურად მოსდევს კრიმინალური აფეთქება. გამონაკლისი არც სტალინური სსრკ გახლდათ. კრიმინალურ სამყაროში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც აღარ მოისურვეს დადგენილი წესებით თამაში. ყოფილ ფრონტელებს შორისაც უხვად იყვნენ ისეთები, რომელთაც გაუტკბათ იარაღი და “კომუნალკებში” დაბრუნება თუ ფაბრიკა–ქარხნებში მონური შრომა აღარ სურდათ. ასეთებს “ბესპრედელშჩიკებს” უწოდებდნენ, რადგან ისინი არც ხელისუფლებას ცნობდნენ და არც კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს. ლავრენტი ბერიამ ასე ჩამოაყალიბა მათდამი დამოკიდებულება:

– ვინც ბესპრედელშჩიკია, უნდა მოკვდეს!

იმდროინდელი კრიმინალური სიტუაციის საუკეთესო მაჩვენებელია ბანდა “შავი კატა”. ძმებმა ვაინერებმა ეს აღწერეს თავიანთ შესანიშნავ წიგნში “გულმოწყალეობის ერა”, ხოლო რეჟისორმა გოვორუხინმა კი გადაიღო ბრწყინვალე ფილმი “შეხვედრის ადგილი უცვლელია”. ბანდა, რომელიც აქაა ნაჩვენები, სინამდვილეში არსებობდა. ის დაკომპლექტებული იყო ყოფილი ფრონტელებით და სისხლის სამართლის დამნაშავეებით. ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟია ბანდიტი ფოქსი. მას ჰყავდა რეალური პროტოტიპი, საბჭოთა არმიის ოფიცერი, რომელიც ომის დროს ტყვედ ჩავარდა, მაგრამ გაიქცა და საბჭოთა პარტიზანებს შეუერთდა. ომის შემდეგ ის დააპატიმრეს. დაიწყო დაკითხვები: როგორ აღმოჩნდით მტრის ზურგში? ხომ არ იყო თქვენი გაქცევა გესტაპოს მიერ ინსცენირებული? ბოლოს ოფიცერს ბანაკში უკრეს თავი. რამდენიმე ბანდიტთან ერთად ის გაიქცა და შექმნა ბანდა. ისინი ძარცვავდნენ მაღაზიებს, მდიდარ ბინებს, მხეცურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდათ, დანაშაულის ადგილას კი შავ კატას ხატავდნენ. ბანდა კარგა ხანს მოუხელთებლად ითვლებოდა, რადგან მას გამოცდილი კრიმინალი (მეტსახელად კარპი) და მებრძოლი ოფიცერი მეთაურობდნენ. თუმცა, საბოლოოდ მოხერხდა მისი განადგურება. ასეთი ბედი ეწია სხვა ბანდებსაც, ყველას, ვისაც არ სურდა დადგენილი წესებით თამაში. იმ მეთოდებზე, რომლებითაც ებრძოდნენ ბანდიტებს, ნათელ წარმოდგენას გვაძლევს მაღალჩინოსანი ჩეკისტის, რიასნოის მონათხრობი:

– საქმე იქამდე მივიდა, რომ ქუჩებში ღამით სიარული საშიში გახდა. მე შემდეგ ხერხს მივმართე – შევარჩიე ჩეკისტებიდან ახალგაზრდა ლამაზი გოგო–ბიჭები, ჩავაცვი უკანასკნელ მოდაზე და დავურიგე იარაღი. აი, მოდის ღამით ლამაზი გოგონა, თან ძვირფასი ბეწვის შუბა აცვია. მას უახლოვდება მძარცველი: “აბა, გაიხადე და თან ცოცხლად!”. გოგონა ელვის სისწრაფით იღებს რევოლვერს. წამიც და შუბლგახვერტილი ბანდიტი მიწაზე ეცემა.

ასეთი გახლდათ რიასნოის რეცეპტი: არც სასამართლო, არც გამოძიება, პირდაპირ სიკვდილი! დილით ნაგვის მანქანას დახოცილები მიჰყავდა. ბერიას სქემა რეალურად ტარდებოდა ცხოვრებაში: ვინც უმართავია, უნდა მოკვდეს!

პოლიტიკური მაფია, რომელიც ხელისუფებაში იმყოფებოდა, გაუსწორდა კრიმინალებს. ყველა, ვინც უმართავი იყო, მოკვდა.

მსგავსი ამბები

Back to top button