არქივი

ქარიშხლის დამაოკებელი ორი ზღვის ყაენი

e73e31ce1058

ამჯერად მინდა მოგითხროთ იმ ქართველ მამლუქებზე, რომლებმაც დაუდ-ფაშას მსგავსი გზა გაიარეს და საუკუნეების მანძილზე აზანზარებდნენ მსოფლიო საოცრებების ქვეყანას – ეგვიპტეს და მის ახლომახლო სახელმწიფოებს.

საქართველო ოდითგან უბადლო მეომართა ქვეყანა იყო. სიყრმიდანვე საბრძოლო ხელოვნებაში გაწაფულნი მამაცობითა და თავგანწირვით აოცებდნენ მტერსაც და მოყვარესაც. სადაც უნდა გადაესროლა ბედს ქართველი მოლაშქრე, ყველგან გამორჩეული იყო ვაჟკაცობით,
სრულყოფილებამდე დახვეწილი საბრძოლო ხელოვნებითა და მხედართმთავრული ნიჭით. არა მარტო საკუთარ სამშობლოს ეხმარებოდნენ ქართველი მამლუქები, არამედ უცხო ქვეყნების ისტორიასაც წერდნენ საკუთარი სისხლითა და სიცოცხლით. თითქმის არ დარჩენილა სახელმწიფო დედამიწაზე, რომლის ძლიერებისთვის ქართველებს არ მოექნიოთ მახვილი. რომ არა ბედის უკუღმართობა, მათი ნიჭი და შემართება ჩვენს მამულს უნდა გამოსდგომოდა, მაგრამ…

c574676351e7

ლეგენდარული ეგვიპტე… ძველი წელთაღრიცხვის მე-5 ათასწლეულში დაწყებული ცივილიზაციით… ფარაონებისა და დღემდე მოღწეული ხუროთმოძღვრული სასწაულების – პირამიდების სავანე. სწორედ ამ ქვეყანას საუკუნე-ნახევარი ერთპიროვნულად მართავდნენ ქართველი მამლუქები, სამშობლოს ბავშვობიდანვე უსულგულოდ მოწყვეტილნი, მონებად გაყიდულნი, მაგრამ სიმამაცისა და რაინდობის წყალობით სულთნად აღზევებულნი. სწორედ ქართველთა ვაჟკაცობამ დაუდო საფუძველი ეგვიპტელთა გამოხსნას ოსმალთა მრავალწლიანი ბატონობისგან…

1763 წელს კაიროში, სასახლის მთავარ მოედანზე შეკრებილ ხალხს აუწყეს: ეგვიპტის მმართველი და სულთანი ამიერიდან შეიხი ალი-ბეი არისო… შიშნაკრავი აღტაცებით შეეგება კაირო ახალი სულთნის გამოჩენას. თუმცა, მალე მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ ალი-ბეის მოსვლით იწყება ოქროს ხანა ნილოსის ქვეყანაში. მაგრამ ბევრისთვის საიდუმლოდ დარჩება ის ამბავი, რომ ეგვიპტის აღორძინებისთვის თავგადაკლული ალი-ბეი ქართველი იყო, სახელად იოსები, პატიოსანი მღვდლის შვილი და 13 წლისა სტამბოლის მონათა ბაზარზე უღვთოდ გაყიდული…

ქართველი ალი-ბეი ჯერ უდაბნოში მოთარეშე ბედუინთა რაზმებს დაერია, სისხლს რომ უშრობდნენ ეგვიპტელებს. ვინც გაწყვიტა – გაწყვიტა, ვინც გადაურჩა ალი-ბეის უდაბნოს მზის სხივებზე მოელვარე ხმალს, უგზო-უკვლოდ გადაიხვეწა. მანამდე ვერავის მოეხერხებინა თავგასული ბედუინების თარეშის ალაგმვა, მათ შორის, ვერც ეგვიპტეში გაბატონებულ თურქებს. უდაბნოს ქარიშხალს უწოდებდნენ ბედუინთა ყოველ ლაშქრობას ეგვიპტელები.

…და უწოდეს ალი-ბეის მითური და გამაოგნებელი თიკუნი – “ქარიშხლის დამაოკებელი”!..
ბედუინთა დასამარების შემდეგ ქარიშხლის დამაოკებელმა ოსმალებისთვისაც მოიცალა. 5 წელი არ ჩაუგია ხმალი ქარქაშში და მთელი ეგვიპტე გაწმინდა თურქთაგან. რა აღარ სცადეს ოსმალებმა – ქრთამი, საწამლავი თუ პირდაპირი ხმალთა კვეთება, მაინც ვერაფერი დააკლეს ალი-ბეი ქართველს. უკვირდათ, სხვისი საქმისთვის რა თავს გვაკლავს ეს წყეული გურჯიო… ის კი არ უწყოდნენ, რომ გურჯი, სადაც უნდა იყოს, მონობას ყოველთვის მეომრის მარცხ-ხიფათიან ცხოვრებას არჩევს…

მთელი ეგვიპტე, დიდი და პატარა, ალი-ბეის მზეს ფიცულობდა. ააყვავა და ააღორძინა ოსმალთაგან დაქცეული ქვეყანა სულთანმა. ძველი დიდება უბრუნდებოდა პირამიდების სამშობლოს…

ახლა ეგვიპტის საზღვრებს იქითა სამფლობელოებს გადაჰკრა თვალი. მტკიცე ნებითა და ხელით მოდრიკა ყველა, ვინც წინააღმდეგობა შეჰბედა. მთელ სამუსლიმანოში გაუვარდა სახელი ეგვიპტის უძლეველ სულთანს. ალი-ბეი მაჰმადიანთა წმინდა ქალაქ მექაში ჩავიდა ლაშქრით, ქალაქის მთავარი შეიხი გადააყენა და მის ადგილას თავისი ხელქვეითი დასვა, იქიდან წითელი ზღვის სანაპიროს ჩამოუყვა და უზარმაზარი ტერიტორია ეგვიპტეს დაუმორჩილა…

მისი მოღვაწეობის აპოთეოზი კი 1771 წელი იყო. ალი-ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო – სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ მამლუქთა ათასეულებით!..

ეგვიპტელებმა ქარიშხლის დამაოკებლის თიკუნი აღარ აკმარეს სათაყვანებელ სულთანს და “ორი ზღვის ყაენი” უწოდეს!..
გამაოგნებელი ამბავია – შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული თვალცრემლიანი ქართველი ბიჭი აზია-აფრიკის გზასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად იქცა!.. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ…

ძლიერ მმართველობაზე დაფუძნებული ტახტი ედგა ალი-ბეის კაიროში. ზემო და ქვემო ეგვიპტეს მის დროს ორ ათეულამდე ბეგი განაგებდა, რომლებიც სულთანს მორჩილებდნენ. ბეგთა უმრავლესობა ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, სწორედ ქართველი მამლუქი – მუჰამედ აბუ-ზაჰადი, ალი-ბეის თანამებრძოლი და ახლობელი ჩაუდგა სათავეში შეთქმულებას ორი ზღვის ყაენის წინააღმდეგ. აბა, რას იფიქრებდა ალი-ბეი, რომ მის მიერვე აღზევებული და შვილივით ნაპატრონები თვისტომი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს…
ღამის სიმყუდროვეში გაყუჩებულა კაიროს სასახლე. სულთნის სადგომისკენ მიიპარებიან შეთქმულნი. სასახლის კარის მცველთა უმთავრესიც მათთანაა. თავისი ერთგული ხალხი გაუმწესებია სულთნის ყოვლად შეუღწევ სასახლის ნაწილში… გაატარეს შეთქმულნი მცველებმა… მშვიდად სძინავს ალი-ბეი ქართველს…

მძიმე კარის ჭრიალმა გამოაღვიძა. მისკენ მიმავალ ლანდებს ჰკიდა თვალი. ელვის უსწრაფესად წამოხტა და მახვილისკენ გადაიწოდა ხელი. დაასწრეს, გადაუქნიეს მრუდე ხმალი… მძიმედ დაჭრილი გადავარდა სარეცელზე. ხმლის ხელმეორედ დაკვრა ვეღარ შეჰბედეს ორი ზღვის ყაენს. მხოლოდ აბუ-ზაჰადი მიუახლოვდა… თვალი გაახილა მომაკვდავმა. სიკვდილის დანისლული ფარდის მიღმა მაინც გაარჩია სისხლიანი მახვილი და ამ მახვილის პატრონი. სინანულის ეული ცრემლი ჩამოუგორდა ალი-ბეის და გათავდა კიდეც. მახვილი გაუვარდა ხელიდან მუჰამედ აბუ-ზაჰადს, მუხლებზე დაეცა გამზრდელის წინაშე და ატირდა…

ალი-ბეის აღსრულების შემდეგ ეგვიპტის მმართველობა ისევ ქართველებს ერგოთ. ზემო ეგვიპტის მმართველი შეიქნა მურად-ბეი, ხოლო ქვემო მხარისა – მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი. ისევ მძლავრობდა მათ ხელში ნილოსის ქვეყანა. ისევ ქართველები განაგებდნენ ყველა საკვანძო პოსტებს ეგვიპტეში. იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი ედგა სათავეში კოალიციურ ძალებს ნაპოლეონის წინააღმდეგ. სახელოვანი ფრანგის მთავარი მეტოქეები სწორედ ქართველი მამლუქები იყვნენ და მათმა სიმამაცემ ათქმევინა დიდ იმპერატორს, – ისინი უძლიერესნი არიან მთელ აღმოსავლეთში. თუ ამ რჩეულ ხალხს დავუმატებდი ჩემს არტილერიას, დაუმარცხებელი და დაუმხობელი არავინ და აღარაფერი დამრჩებოდაო!. .

იბრაჰიმ-ბეის გულს უხრავდა სამშობლოს ნატვრა. კავშირის აღდგენას ცდილობდა მარტყოფელი ვაჟკაცი. ერთხელ ერეკლე მეფისთვის დიდძალი ოქრო გამოუგზავნია და უთხოვია: – დედაჩემი მოხუცებულია, უჭირს შორს სიარული და ეგებ მისი სახლის ახლოს ააშენებინო ეკლესიაო. აუსრულა სურვილი თვისტომს პატარა კახმა…

მერე კიდევ შეეწია ლარით და განძით იბრაჰიმ შინჯიკაშვილი საქართველოს იარაღისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად. მარტყოფში დღესაც დგას კოშკი, რომლის ასაგები ფული იბრაჰიმს ძმისთვის – ვასილ შინჯიკაშვილისთვის გამოუტანებია…
ასევე მარტყოფელი ყოფილა კაიროს გარნიზონის მხედართმთავარი სელიმ-აღა და არც მას დაუშურებია შესაწირი ქართული საქმისთვის…
იბრაჰიმ-ბეის გარდაცვალების შემდეგაც ქართველი ჩაუდგა სათავეში ეგვიპტის მართვას – მურად ბეი. თბილისის შემოგარენიდან გატაცებული ქართველი ისე განთქმულა, რომ კაიროს ერთ-ერთი ქუჩისთვის ეგვიპტელებს მისი სახელი უწოდებიათ…
ასე ააყვავეს და ააღორძინეს ქართველმა ტლუ ბიჭებმა ლეგენდარული ეგვიპტე. მაგრამ ის მაინც არ იყო მათი სამშობლო, მაინც უცხო მიწა იყო… ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველ მამლუქებს, რომლებიც მოგვიანებით ძალზე შეავიწროეს ახალმა მმართველებმა, სამშობლოში დაბრუნებაც სურდათ და რუსეთის საიმპერიო ძალებთან გაუმართავთ მოლაპარაკება… ოცნება ვერ აისრულეს. მეფობაგაუქმებულ და მუდამ აჯანყებისთვის ალესილ საქართველოში რუსეთის სამეფო კარს ნამდვილად არ აძლევდა ხელს აღმოსავლეთის ზარდამცემი რამდენიმე ათასი ქართველი მამლუქის დაბრუნება…

მალე ეგვიპტის მმართველად წარმოშობით ალბანელი მოჰამედ-ალი დაინიშნა. მან მშვენივრად იცოდა ქართველი ბეგების ურჩობა და თავისუფლების სიყვარული და ისიც, რომ ქართველთა განადგურების გარეშე ვერასოდეს შეძლებდა ერთპიროვნულ მმართველობას ეგვიპტეში. ერთ დღეს მუკატანის ციხეში დაიბარა ქართველები სამხედრო თათბირზე. 600-მდე წარჩინებული ბეგი და სარდალი გამოცხადდა ციხეში. ნათათბირევს ალაყაფისკენ მიმავალ გზაწვრილზე ქართველ მამლუქებს მზაკვრული მახე დაუგეს, ორ ჭიშკარს შორის მცირე მონაკვეთში ისე მოაქციეს, რომ ვერც ცხენი გაეტოკებინათ და ვერც მახვილი, ალაყაფი დაუგმანეს, სათოფურებიდან ტყვია დაუშინეს…

მხოლოდ ერთმა, სახელად ჰასანმა, სასწაულებრივად დააღწია თავი სასაკლაოს, ციხის გოდოლს ელვის უსწრაფესად თავზე მოექცა და 25 მეტრის სიმაღლიდან უფსკრულში გადაფრინდა. ყველა გააოგნა მისმა თავზე ხელაღებულმა სიმამაცემ, მით უფრო მას შემდეგ, რაც ჰასან-ქართველი, მცირედ დაჟეჟილი და დაკოჭლებული იქაურობას გაეცალა. მოჰამედ-ალიმ ჰასანს მალემსრბოლი დაადევნა და თავის კარზე სამსახური შესთავაზა, მაგრამ მან არ ისურვა ქართველ მამლუქთა ძვლებზე აღზევებული მოჰამედის მონობა და უკვალოდ გაქრა…
ამის შემდგომ მოჰამედი ეგვიპტეში დარჩენილ ქართველებს მიადგა. უთანასწორო ბრძოლას კიდევ ბევრი მამლუქი შეეწირა და მათი ძლიერების მზეც ჩაესვენა…

უკანასკნელი სახელოვანი მამლუქი მე-19 საუკუნეში მოიხსენიება, ეს იყო ლაზ-ოღლი, რომელიც მეთაურობდა ეგვიპტის დამოუკიდებლობის პატრიოტულ მოძრაობას. თუ როგორ არის მისი ღვაწლი დაფასებული, ამას კაიროს მთავარ მოედანზე აღმართული დიდებული ქანდაკებაც მოწმობს ამაყი და მრავლისმთქმელი წარწერით:” “მამლუქი ლაზ-ოღლი””…
p.s. საქართველოს დაპყრობისა და განადგურების მოსურნე მტარვალნი ყველაზე უფრო ერთ რამეს ნატრობდნენ: – ოღონდაც ერთი პირი არ ჰქონდეთ ქართველებსო…

მაგრები არიან ერთიანი ქართველები, მაგრამ ვაი, რომ ერთად დგომა ისე უჭირთ, როგორც მუხის კორომებს – უსიერ ტყეში. ცალ-ცალკე კი ღვთივმომადლებული ნიჭისა და სიმამაცის წყალობით წერენ და ამდიდრებენ უცხო ქვეყნების ისტორიას. საამაყოა, როცა გესმის შენი სისხლის და ხორცის წარმატების ამბავი, მაგრამ უსაზღვრო სინანული გიჭამს გულ-ღვიძლს, როდესაც აცნობიერებ, თუ როგორ უმიზნოდ გადაალიეს სამშობლოსთვის დასახარჯი ნიჭი და ენერგია სხვათა მატიანის შექმნას, მაშინ როცა სულს ღაფავდა მათი ელვარე მახვილების მომლოდინე საქართველო…

ღმერთო, მიეცი ერთი პირი, ერთი მიზანი და ერთიანი ძალა ქართველობას სამშობლოს გადასარჩენად!..))

წყარო: kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button