უცნაური

პარასკევი 13

7a8d5f33ba3a
ამ პოსტის დადება 13 მაისს დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე.

პარასკევი 13 არის დღე, როცა თვის 13 რიცხვი ემთხვევა პარასკევ დღეს. ასეთი დღე წელიწადში მინიმუმ ერთია და მაქსიმუმ სამი. უამრავი ადამიანი ამ დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მათ მიაჩნიათ რომ იგი უბედურების მომტანია, ანუ ადამიანისთვის ყველაზე უიღბლო დღე. ამ მოსაზრებას რამდენიმე ისტორიული საფუძველი აქვს. ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად პარასკევი 13-ის კომპლექსი XIV საუკუნის საფრანგეთში, მეფის ფილიპ IV-სა და ტამპლიერებს შორის მომხდარ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს უკავშირდება.

ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღარიბი რაინდები, ანუ ტამპლიერები შუა საუკუნეებში რელიგიური ომების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონაწილეები იყვნენ. ეს ორდენი 1118 წელს იერუსალიმში დაარსდა და ამ მისი მატარებელი მეომრების მიზანი ქრისტიანი მომლოცველების დაცვა იყო ჯვაროსნული ომებს დროს. ისტორიკოსთა ცნობით, ტამპლიერების მიმართ შური გასჩენია საფრანგეთის მეფეს ფილიპ IV-ს (1285-1314). მისი მიზანი იყო საფრანგეთში ტამპლიერების ავლადიდებას დაპატრონებოდა და ამისთვის ამ ორდენის გაუქმება და მეომრების დაპატიმრება განიზრახა. ფილიპ IV ცდილობდა ფრთხილად ემოქმედა და მიზნის მიღწევის შემთხვევაში ყველაფერი ისე წარმოეჩინა რომ იმდროინდელი რომის პაპის კლემენტ V-ის რისხვა არ დაემსახურებინა. ამიტომ მან გადაწყვიტა ტამპლიერების შეპრობისთანავე მათთვის სხვადასხვა ბრალდებები წაეყენებინა და მათი აღიარებაც სწრაფად მოეპოვებინა.

ფილიპ IV
544037915ae5

მართლაც, 1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს ფილიპ IV-მ განთიადიდანვე დაიწყო მზადება ტამპლიერთა დასაპატიმრებლად, რაც იმავე დღეს ზედმეტი ხმაურის გარეშე მოახერხა (შეპრობილთა შორის იყო ტამპლიერთა თვალსაჩინო წარმომადგენელი ჟაკ დე მოლე). მეფემ ტამპლიერები სასტიკად აწამა, რათა მათგან გამოგონილი დანაშაულის იძულებითი აღიარება მოეპოვებინა. მართლაც, რომის პაპი აღაშფოთა ცრუ ცნობებმა იმის შესახებ, რომ ტამპლიერები მამათმავლობის ცოდვას სჩადიოდნენ და ქრისტიანულ ჯვარს შეურაცხყოფდნენ.

1307 წლის 13 ოქტომბერი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და უიღბლო დღედ მიიჩნევა მსოფლიო ისტორიაში. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ეს ისტორიული ფაქტია პარასკევი 13-ის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებისა.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც პარასკევი 13 “შავ დღედ” მიიჩნევა თავის საფუძვლებს ბიბლიაში ჰპოვებს. ბიბლიის მიხედვით საიდუმლო სერობის (პურობა ქრისტესი და თავისი მოწაფეებისა) ბოლო, ანუ მეცამეტე სტუმარი იუდა იყო, პარასკევ დღეს კი ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ადამმა და ევამ აკრძალული ხილი სწორედ პარასკევ დღეს გასინჯეს და რომ პარასკევ დღეს მოხდა დიდი წარღვნაც.

არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ ცნება “პარასკევი 13” შესაძლოა კავშირში იყოს ნორვეგიულ მითოლოგიასთან, რომლის მიხედვითაც, როცა 12 ღმერთი ლხინს მართავდა, მათ გამოეცხადათ მეცამეტე, დაუპატიჟებელი სტუმარი, სიბნელის ბრმა ღმერთი, რათა მათგან ერთ-ერთი, ლხინისა და მხიარულების ღმერთი მოეკლა. ხოლო სიტყვას “პარასკევი” (Friday) შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფრიგასთან, სიყვარულისა და გამრავლების ქალღმერთთან ამავე მითოლოგიიდან.

 

საზოგადოდ, პარაკევი 13 ჩვეულებრივი დღეა. სტატისტიკურად ეს დღე არანაირი კატაკლიზმებითა, თუ უბედური შემთხვევებით არ გამოირჩევა სხვა დანარჩენი დღეებისგან.

8285c2203772

თუმცა, მრავალ ადამიანს სწამს, რომ პარასკევი 13 განსაკუთრებული დღეა. არსებობს მითები იმის შესახებ, რომ ამ დღეს ზოგიერთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

მაგალითად, შავი კატა ამ დღეს განსაკუთრებულად უარყოფითი აურის მატარებელია. ამიტომაც, ზოგიერთ ადამიანს პარასკევ დღეს, 13 რიცხვში შავი კატის გამოჩენა ცუდი ნიშანი ჰგონია. ასევე ცუდი ნიშანია ამ დღეს სარკის გატეხვა, ან სახლში ქოლგის გაშლა.

 

პარასკევი 13-ის თემა კიდევ უფრო პოპულარიზებულია 1980 წლის საშინლებათა კლასიკით “პარასკევი 13” (Friday the 13th), რომელშიც იგი სისხლიანი სერიული მკვლელობების დღეა.

8fea18085753

ფილმის მთავარი მოქმედი გმირი ჯეისონ ვურჰიზი ძალიან პოპულარულ პერსონაჟად იქცა. მისი ერთ-ერთი შემქმნელი ფილმის “პარასკევი 13” სცენარისტი ვიქტორ მილერია.

6b3e69c899bd

ჯეისონ ვურჰიზი საშინელებათა ე.წ. slasher ფილმების მოყვარულთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბოროტმოქმედია და ხშირად ასოცირდება ამ დღესთან.

აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო ფაქტი პარასკევი 13-თან დაკავშირებით. მაგალითისთვის, აშშ-ში საგრძნობლად დაბალი იყო ამ დღეს დაქორწინების მსურველთა რიცხვი. ამის საპასუხოდ, 1913 წელს ნიუ ჯერსის ერთ-ერთმა პასტორმა გადაწყვიტა უფასოდ დაექორწინებინა წყვილები ამ დღეს.

ჯოაკინო ანტონიო როსინი
8a60518beb08

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იტალიელ კომპოზიტორს როსინის უკავშირდება. ცნობილია, რომ იგი რიცხვ 13-ს თარს რიცხვად მიიჩნევდა და ასეთივე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პარასკევ დღესთან. თუმცა, გამოჩენილი კომპოზიტორი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 1868 წლის 13 ნოემბერს, ერთ მშვენიერ პარასკევ დღეს დატოვებდა წუთისოფელს.

მისტიკური განწყობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ბოლოში მიმეწერა, რომ ეს პოსტი 13 მაისს სწორედ იმიტომ არ დავდე, რომ პარასკევი 13 ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. მაგრამ თქვენ რამდენად დაიჯერებთ მის განსაკუთრებულობას, თქვენი გადასაწყვეტია.

მსგავსი ამბები

Back to top button