ყაზბეგის ეროვნული პარკი
ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი ტერიტორიებისგან შედგება და მისი საერთო ფართობი 8707 ჰექტარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთლიანად მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა.
ყაზბეგის ეროვნული პარკი მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, მდინარე თერგის აუზშია განლაგებული ყაზბეგის რაიონში (ხევში); მისი ტერიტორიის ქვედა ნიშნული ზ.დ-დან 1400 მ სიმაღლეზეა, ხოლო ზედა 3300-4100 მ ფარგლებშია მოქცეული. ყაზბეგის ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება მაღალი მთის ეკოსისტემების დაცვას.
მისი რელიეფი რთულია, მთაგორიანი და ძლიერ დანაწევრებული. მხარის გეოლოგიაში აგრეთვე ფართოდაა წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული ბალიშა ლავები. დარიალის ხეობაში და უფრო სამხრეთითაც, ყველგან სადაც მდინარე თერგს ღრმა კანიონები გაუჭრია, ამ ხეობათა კედლები ადგილობრივი გეოლოგიის საუკეთესო თვალსაჩინოებას წარმოადგენს.
ყაზბეგის ეროვნული პარკის მცენარეული საფარი საკმაოდ მრავალფეროვანია. იგი ყაზბეგის ფლორისტული ოლქის დიდი კავკასიონის სწორედ იმ ნაწილშია მოქცეული, რომლიც ენდემური სახეობების სიმდიდრით გამოირჩევა. ამ ფლორისტულ ოლქში გავრცელებულია 1347 სახეობის მცენარე, მათგან 26 % ენდემური მცენარეებია. აქ გავრცელებული ალპური, სუბალპური, ქსეროფიტული და მრავალი სხვა ეკოლოგიური დაჯგუფების მცენარეულობა.
ნაკრძალში მერქნიანი მცენარეების 105 სახეობაა გავრცელებული, თუმცა უმეტეს წილად გვხვდება ლიტვინოვის არყი, სოსნოვსკის ფიჭვი , ღვიები, მოცვი . აღსანიშნავია, რომ საქართველოსში იშვიათობას წარმოადგენას ქაცვის – საკმაოდ მოზრდილი მასივი, რომელიც დაბა სტეფანწმინდის სიახლოევეს გვხვდება. ხოლო აღმოსავლური წიფელი და მაღალმთის მუხა შედარებით ვრცელ ფართობებზეა გავრცელებული.
მრავალფეროვანი მცენარეულობის არსებობა მდიდარი ფაუნის მომასწავებელია. სწორედ ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალშია გავრცელებული
საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები, როგორიც არის აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, არჩვი , მგელი , ტყის კვერნა,მურა დათვი, ფოცხვერი და სხვა. ნაკრძალი მტაცებელი ფრინველების საუკეთესო გარემოა, მაგალითად აქ ვხვდებით მთის არწივს, ორბს, ბატკანძერსა და სხვა. ყურადღებას იქცევს აგრეთვე კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.
ბატკანძერი
არჩვი
ჯიქი
დამთვალიერებლებისთვის ასევე საინტერესოა ისტორიული ღირებულების მეთოთხმეტე საუკუნის სამების ტაძარი, მეათე საუკუნის გარბანის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, ახალციხის ბაზილიკა და სნოს მეჩვიდმეტე საუკუნის ციხე. დამთვალიერებელს იზიდავს ადგილობრივთა სარწმუნეობრივი ადათ-წესები, რომლებიც ქრისტიანულ და წარმართულ წეს-ჩვეულებათა ნაზავს წარმოადგენენ.
ადგილობრივები საკუთარ თავს მოხეევებს უწოდებენ. თუშების და ნაწილობრივ ხევსურების მსგავსად თავისუფალი მთიელები – მოხევეები საუკუნეების მანძილზე კავკასიონის წყალგამყოფ ქედს იქით ცხოვრობდნენ და ჩრდილოეთიდან ამაგრებდნენ საქართველოს კარიბჭეს. მათ ეპყრათ საქართველოსკენ მომავალი მთავარი გზა დარიალის („დარი ალან“ – „ოსების კარიბჭე“) ვიწრო და ღრმა ხეობა და მას საუკუნეების მანძილზე შეუპოვრად იცავდნენ.
ყველაზე დიდი გაჭირვების და განუკითხაობის დროსაც კი – ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ხევში არ დაფიქსირებულა ტურისტების ან მოგზაურების ძარცვის ერთი შემთხვევაც კი. ხევს ყოველწლიურად ძალიან ბევრი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობს და ამის ერთერთი მიზეზი ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობასთან და მაღალი მწვერვალების დაპყრობის სურვილთან ერთად, აქაური გასაოცარი ლანდშაფტები და უნიკალური ფაუნაა
უახლოეს მომავალში იგეგმება ყაზბეგის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რაც ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს.
ორბი
წყარო: geouni.ge