არქივი

“ჯენერალ მოტორსი” მოკვდა, გაუმარჯოს ახალ “ჯენერალ მოტორსს”

fcb4bda671bf

კომპანია რომელიც ყელამდე ვალებშია

რა მოკლეა გზა დიდებიდან კრახამდე, გენერალ მოტორსისთვისაც კი. 6 ივლისს ძველი “ჯენერალ მოტორსის” არსებობა ოფიციალურად დასრულდა, ახლისა კი – დაიწყო. აშშ-ის გაკოტრების საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებულ “ჯენერალ მოტორსს” ახალი “ჯენერალ მოტორსისთვის” აქტივების მიყიდვის უფლება მიეცა. ოთხი დღის შემდეგ კი კომპანიამ გაკოტრების რეჟიმი დაასრულა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.
ახალი “ჯენერალ მოტორსის” სრული სახელწოდებაა “ჯენერალ მოტორს კომპანი”. ძველ კომპანიას სახელი შეეცვალა და “მოტორს ლიკვიდეიშნ კომპანი” დაერქვა. ის დარჩენილი, წამგებიანი აქტივების გაყიდვას ეცდება. თუ ეს ვერ შეძლო, არსებობას მათთან ერთად, ლიკვიდაციით დაასრულებს. თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან სიცოცხლეს ახალი “ჯენერალ მოტორსი” გააგრძელებს, რომელიც წინამორბედზე გაცილებით პატარა, სამაგიეროდ, ფინანსურად უფრო ძლიერი კომპანია იქნება. ის ახლო მომავალში, თავისი საინვესტიციო რესურსის დიდ ნაწილს მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებაზე მიმართავს.

675c599e50b2

“ჯანმრთელი ადგილობრივი ავტოინდუსტრია გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. ჩვენ ვაცნობიერებთ აშშ-ის, კანადის და ონტარიოს მთავრობათა, ასევე გადასახადის გადამხდელთა მიერ ახალი “ჯენერალ მოტორსისთვის” გამოცხადებულ ნდობას და იმ ძალისხმევას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემების გადასაწყვეტად გაკეთდა. ახლა ჩვენი ჯერია, რომ ეს ბიზნესი ფეხზე დავაყენოთ და კომპანია დაუყოვნებლივ წარმატებულ საქმიანობაზე გადავიყვანოთ”, – ამბობს “ჯენერალ მოტორს კომპანის” მთავარი აღმასრულებელი ფრიც ჰენდერსონი.

3f8ed6c2f1f5

ცნობისათვის, ახალი “ჯენერალ მოტორსის” აქციების 60,8 პროცენტი აშშ-ის მთავრობის ხელში გადადის, კანადის მთავრობას 12 პროცენტი ერგება, ავტოპროფკავშირების გაერთიანება 17,5 პროცენტს მიიღებს, ძველი კომპანიის კრედიტორებს კი 10 პროცენტი დარჩებათ, თუმცა მომავალში, ამ წილის 25 პროცენტამდე გაზრდის საშუალება მიეცემათ (სახელმწიფო წილის ხარჯზე). ამგვარად, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ პირველი დიდი საქმე მოაგვარა – ამერიკული დიდი საავტომობილო სამეულიდან ორის – “კრაისლერისა” და “ჯენერალ მოტორსის” გადარჩენა და ამით ამ ორი კომპანიის ათეულობით ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნება შეძლო. აშშ-ის ბიუჯეტს ეს აქცია ათეულობით მილიარდი დოლარი დაუჯდა, მაგრამ ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა, ეს ორი კომპანია ალალბედზე რომ მიეშვათ და რეალური (და არა მართვადი) გაკოტრებისთვის გაეწირათ. ეს დიდი ალბათობით, მათი ლიკვიდაციით დასრულდებოდა, რაც შემდგომში სერიოზულ პრობლემებს “ფორდსაც” შეუქმნიდა.

7d893e365925

კერძო კომპანიის საქმეში სახელმწიფოს ჩარევის გამო, ობამას ბევრი აკრიტიკებს და სოციალისტურ გადახრაში ადანაშაულებს, მაგრამ აშშ-ის მთავრობა ხაზგასმით აცხადებს, რომ როგორც კი ახალი “ჯენერალ მოტორსის” საქმიანობა მომგებიანი გახდება და მის არსებობას საფრთხე არ დაემუქრება, სახელმწიფო მაშინვე საფონდო ბირჟაზე გამოიტანს კომპანიის მის წილ აქციებს.

c93a2de9d12f

“ჯენერალ მოტორსის” გადასარჩენად, სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა მთლიანობაში 60 მილიარდ დოლარს მიაღწევს. აქედან, 50 მილიარდით მთავრობა კომპანიის მესაკუთრე გახდა (ამ თანხიდან 20 მილიონს, კომპანია ამ წლის ბოლომდე მიიღებს), 10 მილიარდი კი “ჯენერალ მოტორსს” ვალად აქვს. “ჯენერალ მოტორსის” მთავარი აღმასრულებელი ფრიც ჰენდერსონი ამბობს, რომ ახალ კომპანიას მენეჯმენტის ზედმეტ შრეებს მოაცილებს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებათა მიღება გაცილებით სწრაფად მოხდება. სხვათა შორის, ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ასწლოვანი კომპანიის კრახის უპირველესი მიზანი სწორედ მისი მოუქნელი მმართველობა იყო. ამ ეტაპზე, განიხილება ეგრეთ წოდებული თეთრსაყელოიანი თანამშრომლების შტატის 20 პროცენტით (რაც დაახლოებით 6000 თანამშრომელია) შემცირება. პარალელურად, 35 პროცენტით შემცირდება სხვადასხვა რანგის აღმასრულებლების რაოდენობა.

რეორგანიზაციის შედეგად, ახალი კომპანიის მფლობელობაში დარჩება 34 ქარხანა, სადაც ავტომობილებს, მათ ძრავებს და ძარის დეტალების ტვიფრებს ამზადებენ. ამ ქარხნებში სულ 64 000 ადამიანი იმუშავებს (ადრე “ჯენერალ მოტორსს” 91 000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული). “ჩვეულებრივი ბიზნესი, რაც აქამდე გვქონდა, დასრულებულია. ყველა, ვინც “ჯენერალ მოტორსთანაა” დაკავშირებული, უნდა შეიცვალოს. და თანაც, ეს ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოს. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს”, – რეპორტიორებთან შეხვედრაზე განაცხადა ჰენდერსონმა.

მართვადი გაკოტრების წყალობით, მნიშვნელოვნად შემცირდა “ჯენერალ მოტორსის” ვალები და ვალდებულებები პროფკავშირების მიმართ. ამ კუთხით, ამიერიდან კომპანიას პროფკავშირებთან ისეთივე პირობები ექნება, როგორიც უცხოურ კომპანიებს, უპირველეს ყოვლისა, “ტოიოტას” აქვს.

ამიერიდან, “ჯენერალ მოტორსი” გაცილებით პატარა კომპანიაა, ვიდრე გაკოტრებამდე იყო. ჯგუფში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი იყო, განახლების შემდეგ, სულ ოთხი კომპანია – “შევროლე”, “კადილაკი”, “ბიუიკი” და GMC დარჩა. იყიდება “ჰამერი”, “სატურნი”, “სააბი” და “ოპელ/ვოქსჰოლი”, “პონტიაკი” კი არსებობას წყვეტს.

ჩამოთვლილი ბრენდებიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ ორის – “სააბის” და “სატურნის” ახალი მფლობელებია გარკვეული. ესენი არიან “პენსკე აუტომოტივი” (“სატურნს” ყიდულობს), რომელსაც აშშ-ის მასშტაბით, მეორე უდიდესი სადილერო ქსელი აქვს და სუპერავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია “კიონიგსეგი” (ის შვედურ “სააბს” შეიძენს). თითქმის გადაწყვეტილია “ოპელის” ბედი – წინასწარი შეთანხმებით, მას ავტომაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური გიგანტი “მაგნა ინტერნეიშნლი” ყიდულობს, რომელსაც პარტნიორობას რუსული ბანკი “სბერბანკი” უწევს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ფინანსურად არამდგრადი “მაგნას” ნაცვლად, საბოლოოდ სხვა მყიდველი შეირჩეს. ასეთი კი, ამ ეტაპზე სამია – იტალიური “ფიატი”, ჩინური “ბეიძინ აუტომოტივი” და ბელგიური კონსორციუმი “RHJ ინტერნეიშნლი”.

b51d479d585f

რაც შეეხება “ჰამერს”, მისი შეძენის ყველაზე რეალური შანსი მძიმე მრეწველობის ჩინურ გიგანტ “სიჩუან ტენჟონს” აქვს, რომელთანაც წინასწარი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. თუმცა, გარკვეული სირთულეები ამ მიმართულებითაც არსებობს. და კიდევ, “გენერლები” აჩერებენ თავიანთ მონაწილეობას ერთობლივ საწარმო NUMMI-ში (ნიუ იუნაიტიდ მოტორ მანუფაქტურინგ ინკორპორეიტიდ), სადაც მათი პარტნიორი “ტოიოტაა”. ეს საწარმო 1983 წლის შემდეგ კალიფორნიაში მუშაობს და ორივე კომპანიისთვის, ერთსადაიმავე პლატფორმაზე აწარმოებს ავტომობილებს (მათ შორის, “პონტიაკ ვაიბს”). თავის დროზე, ამ საწარმოს შექმნის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მართვის იაპონური მეთოდები ამერიკაშიც დამკვიდრებულიყო და შემდგომში, ეს მეთოდები “ჯენერალ მოტორსშიც” აეთვისებინათ.

მოკლედ, ეს ქარხანა, რომელშიც 4 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ბოლო “პონტიაკ ვაიბს” აგვისტოში გამოუშვებს. “ტოიოტა”, რომლისთვისაც NUMMI სედან “კოროლას” და კომპაქტურ პიკაპ “ტაკომას” აწარმოებს, აცხადებს, რომ ამ ქარხნის შენარჩუნება სურს, თუმცა თავადაც კრიზისში მყოფ იაპონურ კომპანიას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. პარალელურად, “ჯენერალ მოტორსი” აცხადებს, რომ მზადაა “ტოიოტასთან” თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ოღონდ, რას სახის თანამშრომლობაზეა ლაპარაკი, ეს ჯერ არ კონკრეტდება.

ახალი “ჯენერალ მოტორსი” ახალი კულტურა?
610aa32cf0e0
0792ffd88d65

ფრიც ჰენდერსონი, ვინც მთავარი აღმასრულებელი მას შემდეგ გახდა, რაც ამ პოსტის დატოვება რიკ ვაგონერს სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ, ობამას ადმინისტრაციის პირდაპირი მითითებით აიძულა (კომპენსაციის სახით, ვაგონერი 10 მილიონ დოლარს მიიღებს), აცხადებს, რომ ამიერიდან კომპანიას აღმასრულებელთა ერთადერთი კომიტეტი მართავს, იმ პირთა რაოდენობა კი, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს, განახევრდება.

რეორგანიზაციის პროცესში, კომპანიის ჩრდილო-ამერიკული შტოს აღმასრულებელთა გუნდი, რომლის ხელშიც კომპანიის შიდა ბიზნესმა 2005 წლის შემდეგ, საერთო ჯამში, 80 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა, გაუქმდება. სამაგიეროდ, დაწინაურდა კომპანიის აზიური ოპერაციების ხელმძღვანელი ნიკ რილი, ვინც ამიერიდან, “ჯენერალ მოტორსის” საერთაშორისო ოპერაციებს გაუძღვება. მისი ოფისი კი ბინას შანჰაიში დაიდებს, რითაც ხაზი ესმება იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ, რაც “ოპელს” გაყიდის, ამერიკული კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტული აზიური, მეტადრე ჩინური ბაზარი გახდება, სადაც მას ამჟამადაც მყარი პოზიცია უკავია.

კომპანიაში მუშაობას გააგრძელებს “გენერლების” წარმოების ყოფილი შეფი, 77 წლის ბობ ლუცი, ვინც ამიერიდან მარკეტინგისა და კომუნიკაციების შტოებს უხელმძღვანელებს და პარალელურად, ახალი ავტომობილების შექმნის პროცესსაც გაუწევს კურატორობას.

“ჯენერალ მოტორსი” მწვანდება

“ასოშიეიტიდ პრესის” ცნობით, “ჯენერალ მოტორსის” ხელმძღვანელობა ლოგოს შეცვლას და კორპორატიული ლურჯი ფერის მწვანეთი შეცვლის მიზანშეწონილობას განიხილავს. ამგვარად, კომპანია ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ სწრაფად და გადამჭრელად მოქმედება შეუძლია და რომ ამიერიდან მისი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვა და შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებაა.

ჯერჯერობით, კორპორატიული ფერის და ლოგოს შეცვლის საკითხი განხილვის პროცესშია. ამ ეტაპზე, მას მარკეტოლოგების ჯგუფი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ამუშავებს. და თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, ეს კომპანიის ისტორიის ბოლო 50 წლის განმავლობაში, ლოგოს ყველაზე რადიკალური ცვლილება იქნება. ლოგოს ცვლილების პარალელურად, “ჯენერალ მოტორსი” უარს ამბობს ძველ იმიჯზე, რომლის მიხედვითაც, ის გიგანტი, საწვავის მხაპავი ავტომობილების მწარმოებლის სახელით იყო ცნობილი. ამიერიდან კი ის ეკონომიურსა და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებთან უნდა ასოცირდებოდეს. ამ მისწრაფებებს კი ზურგს კომპანიის უახლოესი გეგმები უმაგრებენ.

კერძოდ, მერმისს ბაზარზე გამოვა Plug-in ჰიბრიდი “შევროლე ვოლტი”, რომელიც “დელტა II” პლატფორმაზეა ბაზირებული და ფაქტობრივად, ელექტრომობილს წარმოადგენს. ცნობისათვის, ამავე პლატფორმაზე მზადდება ახალი “ოპელ ასტრა”, “შევროლე კრუზი”, “ოპელ ზაფირა”, ”შევროლე ორლანდო” და სხვა ავტომობილები. მართალია, ჩამოთვლილთაგან “ოპელის” მოდელები მალე “გენერლების” აქტივში აღარ ჩაიწერება, მაგრამ ნაწილობრივ, ისინი ამერიკულ კომპანიას მოგებას მაინც მოუტანენ, რადგან “მაგნასთან” მიღწეული წინასწარი შეთანხმებით, “ოპელის” გაყიდვის შემდეგაც, “ჯენერალ მოტორსი” მასში საკმაოდ სოლიდურ წილს (დაახლოებით, 35 პროცენტს) შეინარჩუნებს.

“ფორდი” “ჯენერალ მოტორსს” გადაასწრებს

“ჯენერალ მოტორსმა” ორი წლის წინ, გაყიდვების მოცულობით, ლიდერობა “ტოიოტას” გადააბარა, ახლა კი პირველობას ამერიკულ ბაზარზეც თმობს. ყოველ შემთხვევაში, კორპორაცია “აუტოდატას” ექსპერტები ასეთ პროგნოზს აკეთებენ, რასაც ზურგს სტატისტიკაც უმაგრებს.

კერძოდ, ივნისში “ფორდის” ჯგუფში შემავალმა მარკებმა გაყიდვების მოცულობით, აშშ-ის ბაზრის 17,2 პროცენტი დაიკავეს, ახალი “ჯენერალ მოტორსის” ოთხი ბრენდის (შევროლე, კადილაკი, ბიუიკი და GMC) შესამაბისი მაჩვენებელი კი მხოლოდ 16,5 პროცენტი იყო. ამ მონაცემებში არ შედის “ვოლვოს”, “პონტიაკის”, “სატურნის” და “ჰამერის” სტატისტიკა. პირველს მალე “ფორდი” უპირებს გაყიდვას, დანარჩენებზე კი ზემოთ მოგახსენეთ.

უფრო მეტიც, “აუტოდატას” ექსპერტები ვარაუდობენ, რომ “გენერლები” მალე “პონტიაკის” მყიდველებს დაკარგავენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ავტომოყვარულების უმეტესობა, რომლებიც უახლოეს მომავალში “პონტიაკის” ყიდვას გეგმავდნენ, თავის არჩევანს იმ ავტომობილებზე შეაჩერებს, რომლებსაც ცისფეროვალიანი ლოგო ამშვენებს. ისე კი, მართალია, ბაზრის ლიდერობა პრესტიჟულია, მაგრამ რეალურად, კომპანიისთვის ამას ხეირი არ მოაქვს. “ჯენერალ მოტორსს” ხომ ვერაფერი უშველა იმ ფაქტმა, რომ ცოტა ხნის წინ ის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი იყო. და მაინც, “ფორდი” აუცილებლად იამაყებს იმ ფაქტით, რომ 80-წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკულ ბაზარზე ისევ გაყიდვების ლიდერი გახდება. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მალე მას ეს ლიდერობა “ტოიოტამ” დაათმობინოს…

ბოლო ინფორმაციით, “პონტიაკის” ყველაზე პოპულარულ მოდელს, სედან G8-ს, “ჯენერალ მოტორსი” თავის სამოდელო გამაში მაინც შეინარჩუნებს. მისი წარმოება კი “შევროლეს” გადაბარდება, რომლის ხელშიც ავტომობილი ახალ ნათლობას გაივლის და მას “შევროლე კაპრისი” ეწოდება.

“ჯენერალ მოტორსის” რეკორდული გაყიდვები ჩინეთში
ამერიკაში პოზიციების დათმობის პარალელურად, “ჯენერალ მოტორსი” სწრაფად ზრდის თავის ჩინურ ბიზნესს. იმ დროს, როდესაც კომპანიის საქმე სასამართლოებსა და “თეთრ სახლში” წყდებოდა, ჩინეთის ბაზარზე, მისი გაყიდვები რეკორდს რეკორდზე ხსნიდა. რიცხვების ენაზე, “გენერლებმა” და მათმა ერთობლივმა საწარმოებმა, ცისქვეშეთში ამ წლის პირველ ექვს თვეში უკვე 814 442 ავტომობილის გაყიდვა მოასწრეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის ასევე რეკორდულ მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია.

“ჩინეთის საავტომობილო ბაზარი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ზრდა გამოწვეულია როგორც მთავრობის მიერ გატარებული სტიმულირების ღონისძიებებით, ასევე პროვინციულ საშუალო ზომის ქალაქებში პირად ტრანსპორტზე მზარდი მოთხოვნით”, - ამბობს “ჯენერალ მოტორსის” ჩინური შტოს პრეზიდენტი კევინ უეილი.

ამერიკული კომპანიის ჩინური მედროშე ისევ მარკა “ბიუიკია”, რომლის გაყიდვებიც 34 პროცენტითაა გაზრდილი. ამ მარკის მოდელებიდან კი, ჩინელებში ყველაზე მეტი პოპულარობით ქვესაშუალო კლასის სედანი “ექსსელი” ლიდერობს (115 877 გაყიდული ავტო). ასევე იზრდება საშუალო ზომის სედან “რეგალის” პოპულარობა. გასულ ექვს თვეში სულ 35 729 ცალი “რეგალი” გაიყიდა. მალე დაიწყება საშუალო კლასის (ოღონდ პრემიუმ) კიდევ ერთი სედანის – “ლაქროსის” გაყიდვები, რომელსაც ჩინეთში მოუთმენლად ელიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ავტომობილი, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად არჩეული “ოპელ ინსინიას” ბაზაზეა დამზადებული.

უეილი დარწმუნებულია, რომ “ლაქროსის”, ჰიბრიდული “კადილაკ ესკალადისა” და “რეგალის” ახალი ვერსიების წყალობით, ჩინეთში “ჯენერალ მოტორსის” გაყიდვების ტემპი არათუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. გაყიდვების ყველაზე მაღალი (49,9 პროცენტიანი) ტემპით “ჯენერალ მოტორსის”, “შანხაი ოტომოტივისა” (SAIC) და კიდევ ერთი ჩინური კომპანიის – “ვულინის” ერთობლივი საწარმო გამოირჩევა. ამ საწარმოს გაყიდვებმა 524 598 ავტომობილს მიაღწია. ცალკეულ მოდელებს შორის კი ყველაზე სწრაფად “შევროლე სპარკის” (რომელსაც ზემოთ ნახსენები ერთობლივი საწარმო უშვებს) გაყიდვები იზრდება – პირველ ექვს თვეში 32 065 ცალი “სპარკია” გაყიდული, რაც წინა წელთან შედარებით, 60 პროცენტით მეტია.

“ჯენერალ მოტორსი ძველ რეკლამებს აუქმებს

ახალ კომპანიად ჩამოყალიბებიდან ერთი კვირის შემდეგ, “ჯენერალ მოტორს კომპანიმ” გამოაცხადა, რომ აუქმებს მისი წინამორბედის მიერ სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებულ 54 სარეკლამო კონტრაქტს. ამ კონტრაქტებს შორის კი უძველესი ნიუ იორკის ტაიმს სკვერის ბილბორდები და “შევროლეს” საათია, რომლებიც მსოფლიოს საქმიანი სამყაროს ცენტრის შენობათა კედლებიდან გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არ მოხსნილა.

17c795c4d0b3

ამ ნაბიჯის გადადგმას ახალ “ჯენერალ მოტორსს” ფედერალურ მოსამართლე რობერტ გერბერის განკარგულება აიძულებს. ეს მოსამართლე “ჯენერალ მოტორსის” გაკოტრების საქმეს უძღვებოდა. ძველი “ჯენერალ მოტორსის” მიერ გაფორმებული ძვირადღირებული სასპონსორო კონტრაქტები განახლებული და გაკოტრების რეჟიმიდან ახლახანს გამოსული კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესში უქმდება.

გარდა იმისა, რომ ტაიმს სკვერზე თავის ბილბორდებს ხსნის, “ჯენერალ მოტორსი” ასევე შეწყვეტს ჩრდილოეთ ამერიკის უდიდეს სარბოლ ტრეკებზე VIP-ლოჟების დაფინანსებას. ასევე შეწყდება გოლფის პრესტიულ ტურნირ “არნოლდ პალმერ ინვიტეიშნლ”-ის და ქალაქ ლენსინგის (შტატი მიჩიგანი) ბეისბოლის არენის დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გაკოტრებამდე, “ჯენერალ მოტორსმა” სპონსორობა სახელოვან გოლფმენ ტაიგერ ვუდსს შეუწყვიტა. გარდა ამისა, ის არც “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიისა და ამერიკული ფეხბურთის ფინალური შეხვედრის (სუპერ ბოულის) სპონსორი აღარ არის.

სხვათა შორის, გაკოტრების მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რეკლამაზე გაღებული თანხის მოცულობით (424 მილიონი დოლარი), “ჯენერალ მოტორსი” აშშ-ის უმსხვილეს რეკლამის მიმცემთა ხუთეულში შევიდა. ამ სიაში კი, მასზე წინ ისეთი გიგანტები იმყოფებიან, როგორებიცაა “პროქტერ ენდ გემბლი”, “ვერიზონ კომუნიკეიშნი” და AT&T.
aaf.ge

Back to top button