არქივი

ნოვაკ ჯოკოვიჩი პლანეტის პირველი ჩოგანი

b24e5cc668e3

გამარჯობათ მე ამ პოსტში შემოგთავაზებთ უიმბლდონის გამარჯვებულის და პლანეტის პირველი ჩოგნის ინტერვიუს.

ჩოგბურთის გულშემატკივართა არცთუ მცირე რაოდენობის აზრით, გუშინდელი დღიდან ნოვაკ ჯოკოვიჩის ეპოქა დადგა. რამდენად გამართლდება მათი თვალსაზრისი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი უიმბლდონის ტრიუმფატორის როლში “ნოლეს” პირველ ინტერვიუს გაეცანით.

– როდესაც კორტზე მაღალ დონეზე გამოსვლა დაიწყეთ, საჩოგბურთო სამყაროში ფედერერი და ნადალი მეფობდნენ. ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდათ?
– ძალიან ხშირად გულგატეხილი ვრჩებოდი იმის გამო, რომ საკმაოდ კარგად ვთამაშობდი, მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებში გავდიოდი, მაგრამ, როგორც წესი, ან როჯერთან ვმარცხდებოდი ან რაფასთან. გადამწყვეტ მომენტში საუკეთესო თვისებებს ვერ ვავლენდი, ისინი კი უზადოდ გამოიყურებოდნენ. მოგვიანებით მივხვდი, რომ მაშინ სწავლების პროცესში გახლდით. ვვითარდებოდი, როგორც ჩოგბურთელი და ადამიანი. ვეძებდი ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევის გზებს, ამასთან არასდროს მტოვებდა იმედი, სადიდსლემო ტურნირებს რომ მოვიგებდი. უდიდეს პატივს ვცემ ფედერერსა და ნადალს. როდესაც მათ წინააღმდეგ სათამაშოდ გავდივარ, თავს ყოველთვის შთავაგონებ, რომ მაყურებელს ულამაზეს საჩოგბურთო სანახაობას შევთავაზებთ. როდესაც მაღალ მიზანს ისახავ, გონებაში უნდა ჩაიბეჭდო, ნებისმიერი ოპონენტის ძლევა რომ შეგიძლია.
– 12 წლისა სამშობლოდან გერმანიის საჩოგბურთო აკადემიაში გაემგზავრეთ. თუ გრძნობდით, რომ ურთულესი არჩევანი გააკეთეთ?

– ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. ძმებს და მთლიანად ოჯახის წევრებს მოვეთათბირე. მათ ვუთხარი, რომ მაღალ დონეზე თამაში ჩემი ოცნება იყო და ახლობლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩემ წამოწყებას და ყოველმხრივ დამეხმარნენ. მოგეხსენებათ, როგორი რთული სიტუაციაა სერბეთში. ომებმა ჩემი სამშობლო დააძაბუნა და უცხოეთში რომ არ წავსულიყავი, ჩოგბურთის ამ დონეზე თამაში შეუძლებელი იქნებოდა. თანაც, სერბეთს პრაქტიკულად არ ჰქონდა საჩოგბურთო ისტორია, ტრადიცია. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია, სტიმული გახდა. საკუთარ თავთან ერთად, იანკოვიჩს, ივანოვიჩს, ტიპსარევიჩს, ზიმონიჩს ვგულისხმობ. დიდი სირთულეები გადაგვხდა, მაგრამ რაც მეტი იყო წინააღმდეგობა, მით უფრო ჯიუტად მივიწევდით დასახული მიზნებისკენ. ამან მენტალურადაც გამოგვაწრთო.
– წლეულს რაფა ნადალს ყველა მატჩი მოუგეთ. მაინც რაა თქვენი უპირატესობა მალიორკელთან პაექრობისას?
– რაფას წინააღმდეგ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მოტივაციას მმატებს. როდესაც ფინალში სათამაშოდ გავდიოდი, ბოლო 3 უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი მელოდა კორტის საპირისპირო მხარეს. კარიერის განმავლობაში ბალახის კორტზე საუკეთესო მატჩი ჩავატარე. ბედნიერი ვარ, ეს უიმბლდონის გადამწყვეტ შეხვედრას რომ დაემთხვა.
– ჩოგანი კიდევ შეგრჩათ? კორტის ბალახი გემრიელი იყო?
– დევისის თასისთვის წყივილი ჩოგანი გადანახული მაქვს. ბალახს რაც შეეხება, ფინალის კვალობაზე გემრიელი იყო, საეჭვო იყო, ორგანიზატორები გაზონის ასეთ კარგ მდგომარეობაში შენახვას რომ მოახერხებდნენ.
– დაუფარავად გვითხარით, რას გრძნობთ უიმბლდონის ტრიუმფატორის რანგში?
– მთელი ცხოვრება ამისკენ მივისწრაფოდი და ვფიქრობ, ჩემი განწყობის სიტყვებით გადმოცემა უადგილოა.
– დედა ამტკიცებს, რომ თქვენ თამაშზე უაღრესად სასიკეთო ზეგავლენა დევისის თასის მოგებამ მოახდინა. მისი აზრით, უშიშრად ასპარეზობა დაიწყეთ. შარშან დევისის თასი რომ არ მოგეგოთ, დღეს “სხვა” ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიხილავდით?
– თუკი დედაჩემი ამას ამბობს, მაშინ ნაღდად ეგრეა (იცინის). იგი უფრო კარგად მიცნობს, ვიდრე მე საკუთარ თავს. დევისის თასის ფინალმა კი მართლაც უშრეტი ენერგია და დამაჯერებლობა მომცა. შიშის გრძნობა საბოლოოდ გადავლახე. ნებისმიერი სპორტსმენი ცდილობს საუკეთესო გახდეს. გამონაკლისი არც მე გახლავართ, ახლა კი წინსვლა მმართებს, რადგან ადგილზე დგომა უკუსვლას ნიშნავს.

წყარო-http://worldsport.ge

მსგავსი ამბები

Back to top button