გართობაუცნაური

სურვილის ამსრულებელი და სულის წამრთმევი ლაბირინთი

7b85aef4d4a4
ლაბირინთებზე ამოუცნობი ნაგებობა დედამიწაზე არ არსებობს. მასში მოხვედრილი ადამიანი ორიენტაციას კარგავს და პანიკაში ვარდება. ჩვენამდე მოღწეული, უძველეს კლდეზე ამოკვეთილი ლაბირინთი სარდინიაზე მდებარეობს.

ესპანეთში აღმოჩენილი ლაბირინთი ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წელსაა შექმნილი, ხოლო საბერძნეთის ქალაქ ფილოსში თიხის ფირფიტებზე დახაზული ლაბირინთები დაახლოებით, 3 ათასი წლისაა.

კლასიკური ლაბირინთი ცენტრიდან 7 ხაზითაა შემოსაზღვრული და მასში შედარებით ადვილად გადაადგილდებით, მაგრამ საოცრად დამაბნეველია ინგლისური “მეიზამი”, რომელშიც რამდენიმე შესასვლელ-გასასვლელი, მიხვეულ-მოხვეული რგოლები და ჩიხებია.

უნიკალურია კაიროსთან, ტბა ბირკეტ-კა-რუნის მახლობლად აღმოჩენილი ლაბირინთი. იგი დაახლოებით, ჩვენს ერამდე 2300 წელს უნდა იყოს აგებული. ლაბირინთის საერთო ფართი 70 ათასი კვადრატული მეტრია. მას უამრავი მიწისქვეშა გვირაბი და დარბაზი აქვს. მნახველებს მიწისქვეშა ლაბირინთების დათვალიერების უფლება არა აქვთ, რადგანაც იქ ფარაონებისა და ეგვიპტის წმინდა ცხოველის – ნიანგის სამარხებია. შესასვლელს წარწერაც ახლავს: “სიგიჟე ან სიკვდილი – აი, რას იპოვის აქ სუსტი და მანკიერი; ძლიერი და კეთილი კი აქ სიცოცხლესა და უკვდავებას პოვებს”. ძველად, ღმერთ სებეკის – უზარმაზარი ნიანგის პატივსაცემად იქ სარიტუალო მსხვერპლშეწირვა (მას ხშირად, ადამიანებსაც სწირავდნენ) ტარდებოდა. ძველი მანუსკრიპტების თანახმად, ლაბირინთში 30-მეტრიანი ნიანგები ბინადრობდნენ.

ყველაზე ცნობილი, მინოსის ლაბირინთი კუნძულ კრეტაზე მდებარეობდა. იგი 1900 წელს, ინგლისელმა არქეოლოგმა ევანსმა აღმოაჩინა. ლეგენდის თანახმად, იქ მინოტავრი – ადამიანისთავიანი ხარი ბინადრობდა, რომელსაც თვეში ერთხელ, 7 გოგოსა და 7 ვაჟს სწირავდნენ. ლაბირინთები პომპეიში (ქალაქი, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა), ცენტრალურ ინდოეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებსა (შვედეთში 300, ნორვეგიაში – 20, ფინეთში -141, დანიაში – 31) და სუმატრაზეც (კუნძული ინდონეზიის დასავლეთით) არსებობდა. ძველ რომში პატარა ბიჭებს ლაბირინთში ტოვებდნენ და თუ გადარჩებოდა, მეომრად აკურთხებდნენ. ინდიელები და პაკისტანელები ლაბირინთისგამოსახულებიან ნივთებს ავი თვალისგან დასაცავად ატარებდნენ. ინდოელებს სწამდათ, რომ ადამიანს, რომელიც ლაბირინთს ააგებდა, სანუკვარი ოცნება აუსრულდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ, 7 წლის სიცოცხლე წაერთმეოდა.

ლაბირინთთან დაკავშირებული უამრავი ცრურწმენა არსებობს:

* მგზავრობისას ყველა უბედურებას თავიდან აიცილებთ, თუ ხელისგულზე ლაბირინთს დაიხატავთ;

* ლაბირინთში შესვლისას ბოროტი სულები რომ დააბნიოთ, თანამგზავრის ტანისამოსი ჩაიცვით – ამ ნაგებობიდან ადვილად გამოხვალთ, თუ ტანისამოსს სხვას გაუცვლით;

* ლაბირინთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტოსურათის გადაღება არასასურველია, რადგან შესაძლოა, მეხსიერებასა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ;

* თუ ლაბირინთის ცენტრში სურვილს ჩაიფიქრებთ და სამშვიდობოზე იოლად გამოხვალთ, ნატვრა აგისრულდებათ;

* ლაბირინთში შესვლა 7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არ შეიძლება – შესაძლოა, ლაბირინთმა მათი სულები მიითვისოს.

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button