საკითხავისასარგებლო

ღმერთების ოჯახი #2

e110adca14f9

ძველ ბერძნებს მრავალი ღმერთის სწამდათ. თითოეული ღმერთი ცხოვრების ერთ რომელიმე ასპექტს განაგებდა. ბერძნები თვლიდნენ რომ არსებობდა 12 უძლიერესი ღმერთი. დღეს წარმოვადგენ მე–2 ნაწილს.

9ab3d83b81e6

აფროდიტე

აფროდიტე, სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან – მისი ერთ-ერთი ეპითეტი “კიპრიდა”). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით.

ffa20e8fa2d9

დემეტრა

დემეტრა, ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია

დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე – დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი – მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები – დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.

dd4d0f375d1f

არტემიდე

არტემიდა, ასევე არტემისი — ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი. თავდაპირველად ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, ოლიმპიური (ერთიანი ბერძნ.) რელიგიის ჩამოყალიბების ხანაში არტემიდა ნადირობის ქალღმერთი, უფრო გვიან მთვარის ღვთაებაც და სელენესთან იქნა გაიგივებული. არტემიდას კულტი იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროსა და რომში, სადაც მას შედესაბამება მთვარის ადგილობრივი ღვთაება დიანა. არტემიდას სახელზე აგებულ ტაძართაგან განსაკუთრებით ცნობილი იყო ეფესოს ტაძარი, რომელსაც “სამყაროს შვიდ საოცრებას” მიაკუთვნებდნენ. ანტიკურ ხელოვნებაში არტემიდა გამოსახულია მოკლეკვართიანი, ზურგზე კაპარჭმოგდებული მონადირე ქალის სახით.

12c6bf2f81ac

აპოლონი

აპოლონი, სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი.
მეცნიერთა აზრით აპოლონის კულტი მცირე აზიიდან უნდა იყოს შემოსული. ამაზე მეტყველებს რამოდენიმე ფაქტი: 1. ტროას ომში აპოლონი ტროელთა მხარეზეა. 2. აპოლონის ტაძრების უმრავლესობა სწორედ მცირე აზიაშია განლაგებული. 3. არის ცდები აპოლონის სახელის ეტიმოლოგია მცირე აზიის ერთ–ერთი ენის მეშვეობით ახსნან, სადაც აპოლონი თითქოს კარებს უნდა ნიშნავდეს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ აპოლონი თავდაპირველად შესაძლებელია კარების ღმერთი ყოფილიყო (ღმერთი, რომელიც ოჯახის, ქალაქის, სახელმწიფოს კარებს იცავდა ბოროტმზრახველებისაგან). ამის დასადასტურებლად იმასაც იყენებენ, რომ აპოლონის ერთ–ერთი ეპითეტია “თიურაიოსი”, რაც ბერძნულ ენაზე “კარებისას” აღნიშნავს. აპოლონის კულტი საბერძნეთში ადრევე, მიკენის ეპოქაში გადასულა. აპოლონის კულტის უძველესობასა და მის ტოტემურ ხასიათზე მიუთითებს მისი მრავალი ეპიკლესი (ზედმეტი სახელი) როგორიცაა მაგალითად: აპოლონ ლიკეოსი (მგელი), აპოლონ სმინთევსი (თაგვი) და სხვა მსგავსი. ფიქრობენ, რომ აპოლონი თავიდან ამ ცხოველთა სახეს ღებულობდა, შემდეგ კი მიიღო ღმერთის სახე, რომელიც იცავდა ადამიანებს, მათ ნახირს და მოსავალს თაგვების, მგლების და სხვა მავნე ცხოველებისგან.

ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში აპოლონს თვლიდნენ გზების, მგზავრების და მეზღვაურების მფარველად. აპოლონთან, როგორც უბედურებათა უკუმგდებ ღმერთთან, დაკავშირებულია მითები მის ასკლეპიოსთან ნათესაობის შესახებ. შედარებით ადრე აპოლონს აღიარებენ აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად. ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა მისი კიდევ ერთი ზედმეტი სახელი აპოლონ ფებოსი (ბრწყინვალე), რაც შესაძლებელია მოხდა ადგილობრივი ქალღმერთის ფებეს კულტის უარყოფის შემდეგ. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან დაკავშირებით აპოლონმა შთანთქა ჰელიოსის კულტიც. აპოლონი ითვლება აგრეთვე მიწათმოქმედების ღმერთად, ამაზე მეტყველებენ აპოლონის პატივსაცემი ატიკური დღესასწაულები. აპოლონი, როგორც მიწათმოქმედების ღმერთი, ჩამორჩება აპოლონს როგორც ომის ღმერთს. ძველი ბერძნები, ადამიანის უეცარ გარდაცვალებას მხოლოდ და მხოლოდ აპოლონისაგან ნატყორცნი ისრის შედეგად მიიჩნევდნენ. იტალიაში არსებული ბერძნული კოლონიების გამო აპოლონის კულტი გადავიდა რომშიც და იქ, ჩვენს ერამდე 31 წელს, მას ტაძარიც კი აუგეს. პალატინის ახლოს მდებარე აპოლონის ტაძარი იმპერიის პერიოდში ერთ–ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო მთელ რომის იმპერიაში. აპოლონს სწირავდნენ დაფნას და პალმას. აპოლონის წმინდა ცხოველებია: მგელი, დელფინი, ქორი, თაგვი და სხვა. ძველ გამოსახულებებში აპოლონი მაღალი, გამართული, გრძელთმიანი და უწვერ–ულვაშო ახალგაზრდაა, მისი ატრიბუტებია: ლირა, ხმალი და კითარა. ელინისტურ პერიოდში აპოლონი გამოისახებოდა მჯდომარე ყმაწვილად ლირის დაკვრის პროცესში. სხვადასხვა მოქანდაკეთა მიერ შესრულებულ აპოლონის ქანდაკებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი რომაული ასლები. თანამედროვე გაგებით აპოლონი მუსიკისა და პოეზიის ღვთაებაა, ფებოსი კი მზის პოეტური მნიშვნელობაა.

ef46d98b9794

ჰეფესტო

ჰეფესტო, ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან.

მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია, ზევსისათვის – კვერთხი.

ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს “მიჯაჭვული პრომეთე”). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. “ილიადაში” ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, “ოდოსეაში” – აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან – აგლაია. ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები – ჰეფესტეია ან ქალკეია – ძირითადად ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით.

686343a5cefa

ჰესტია

ჰესტია – ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. კრონოსის და რეას ქალიშვილი. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. ერთ-ერთი ვარაუდით, მიიჩნევა, რომ ჰესტიას კულტი ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას ვესტა ეწოდა, თუმცა ეს მოსაზრება სადავოა.

წყარო: ენციკლოპედია –  მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close