ჰეი, ჯულიან ნუ შეშინდები, შენ ყველაფრი გამოგივა!
დიდი კომპოზიტორების ნაწარმოები, არა მარტო მუსიკალური შედევრი ხდება, არამედ სულიერი დახმარების საშუალება, როგორც მილიონობით მსმენელისათვის, ისე კონკრეტული ადამიანებისათვის, რომლებისადმიც მიძღვნილია.
ჯულიან ლენონი, ჯონ ლენონის ხუთი წლის შვილი, ძალიან განიცდიდა მამამ რომ მიატოვა. ადამიანებს ცხოვრება ბევრ არასასიამოვნი სიურპრიზს სთავაზობს, მაგრამ პატარა ბავშვები ყველაზე ცოდონი არიან არასასიამოვნო სიურპრიზებისათვის. მათთვის ბევრი რამე გაუგებარია და მხოლოდ ემოციით აღიქვამენ მშობლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ სტკივათ… და მერე ეს ტკივილი მთელი ცხოვრება მოჰყვებათ.
ჩვენ ვწერდით, როგორ განიცადა კურტ კობაინმა მშობლების დაშორება და მერე როგორ იმოქმედა ამან მის ცხოვრებაზე.
ჯულიან ლენონს სახელი დაარქვეს მისი ბებიის, ჯონის დედის, ჯულიას საპატივცემულოდ. მისი სრული სახელია ჯონ ჩარლზ ჯულიან ლენონი. დაიბადა 1963 წლის 8 აპრილს. დედამისი სინტია პაუელი ძალიან კარგი და მოყვარული ცოლი იყო. ის ჯონის გამზრდელ დეიდას, მკაცრ მიმისაც მოსწონდა. სინტია კარგი მეგობარიც იყო ბითლზების წევრებისათვის, საერთოდ ჯონის მეგობრებისათვის.
საინტერესო ისაა, როდესაც იოკო ონო ჩასაფრებული იყო ხოლმე ჯონისა და სინტიას სახლთან, სინტიას ეცოდებოდა, ერთხელ სახლშიც შეიყვანა და ტელეფონით ტაქსი გამოაძახებინა. მერე ჯონი იოკოს გაჰყვა და ოჯახიდან წავიდა.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორისა და მუსიკოსისათვის ეს, ალბათ, ძნელად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა. თვითონაც, დაშორებული წყვილის შვილი იყო და ალბათ ძალიან განიცდიდა ამას. თუმცა სხვების ცხოვრებას ნუ განვსჯით.
ბითლზების წევრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი მეგობრის გადაწყვეტილება. თუმცა, მათ მეგობრად სინტიაცა და განსაკუთრებით პატარა ჯულიანიც რჩებოდნენ. პატარა ჯულიანი, რომელსაც უცბად წაართვეს მამა, რომელზეც არა მარტო ის, არამედ მთელი მსოფლიო გიჟდებოდა.
პოლი ხშირად ეთამაშებოდა პატარა ჯულიანს და უყვარდა ის.
პოლ მაკარტნის ძალიან უნდოდა ნუგეში ეცა პატარა ჯულიანისთვის, რომელიც მამამ მიატოვა. გადაწყვიტა დაეწერა სიმღერა, რომელსაც ჯულიანს მიუძღვნიდა. მოიფიქრა მოტივი და შინაარსი. შემდეგ სიმღერა მან და ჯონიმ ერთად დაწერეს, როგორც ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე. მათ ნაწარმოებებს ხომ ეწერა: ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი.
თავიდან სიმღერას ერქვა კიდეც “ჰეი, ჯულს”. მერე ჯონი თვლიდა, რომ სიმღერა მასზეა დაწერილი. მაგრამ, პოლის იდეის თავდაპირველი ვარიანტი და მიძღვნა, ნუგეშისცემა პატარა ჯულიანისადმი იყო. მერე ჯულის მაგივრად ტექსტში გაჩნდა სახელი ჯუდ. ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილის სამღერი იყო. შინაარსი დაახლოებით ასეთია: “ჰეი, ჯუდ, ნუ მოიწყენ, გააუმჯობესე სევდიანი სიმღერა. იგრძენი გულით და დაიწყე. ჰეი ჯუდ, ნუ შეშინდები… როცა იგრძნობ ტკივილს, დაივიწყე ის. ნუ დაიტვირთავ მხრებს სამყაროთი… შენ ყველაფერი გამოგივა”.
ეს სიმღერა სტუდიაში ჩაიწერეს 1968 წელს. იმ წელსვე გამოქვეყნდა. მღერის პოლი. ეხმარებიან ჯორჯი და ჯონი. როიალზე უკრავს პოლი. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ორკესტრმა 36 მუსიკოსის შემადგენლობით. ორკესტრის წევრებს სთხოვეს, ასევე საფასურის სანაცვლოდ, სიმღერის ფინალში, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია, ემღერათ გუნდად ოთხეულთან ერთად. ყველა დათანხმდა, მხოლოდ ერთმა თქვა უარი.
გავიდა წლები, ჯულიანმა დაუფასა პოლს. ის ინტერვიუში ამბობდა: “ალბომში, რომელიც გააკეთა მამამ პოლისთვის, სურათების კოლაჟია. პოლმა ამ ალბომის ასლი მაჩუქა. ძალიან მესიამოვნა. ასევე, მან სიმღერა Hey Jude ჩემთვის დაწერა, ასე, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს პოლთან”…
კრიტიკოსები ხშირად კამათობენ, ბითლზების ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შორის Hey Jude უფრო მეტად პოპულარულია, თუ Yesrterday.
ჟურნალ Rolling Stones-ის გამოკითხვით, Hey Jude მერვე ადგილზეა მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესი სიმღერას შორის. ჟურნალ Q გამოკითხვით 23 ადგილზეა მსოფლიოს საუკეთესო 100 სიმღერებს შორის. არ არსებობს თითქმის არც ერთი სერიოზული გამოკითხვა, სადაც ეს სიმღერა საუკეთესოთა შორის არ ხვდებოდეს. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოკითხვებში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები თუ კრიტიკოსები, რომელბსაც სხვადასხვა მიმართულების მუსიკა მოსწონთ, დაწყებული როკენროლიდან, დამთავრებული გრანჟით და სხვა.
ჯულიანს გამოყვა მუსიკისა და ხელოვნების სიყვარული მამისგან. შესანიშნავად უკრავს გიტარაზე, დასარტყმელ ინსტრუმენტზე, როიალზე, ჰარმონზე. თვითონაც გატაცებული იყო როკ-მუსიკით და საკმაოდ კარგადაც მღერის.
როცა ჯულიან ლენონი სცენაზე გამოჩნდა, მთელს მსოფლიოში გავრცელდა ხმები, რომ აღდგებოდა The Beatles, ჯონ ლენონის მაგივრად ჯულიანი იმღერებდა. მაშინ, მუსიკის მოყვარულები აღტაცებული ვიყავით ამ ინფორმაციით.
მისი ზოგიერთი სიმღერა სხვადასხვა ქვეყნის როკ-ათეულშიც მოხვდა გამოსვლის დროს. საინტერესოა მისი შესრულებით When I’m Sixty Four, ბითლზების რეპერტუარიდან. გამოცემული აქვს რამდენიმე დისკი. წარდგენილი იყო გრემის ფესტივალზეც 1985 წელს. გატაცებული იყო ზღვით, ფოტოგრაფიით, დოკუმენტური კინოთი.
2011 წლის 14 იანვარს ფოტო-საიტიც გამოაქვეყნა, სახელწოდებით Timeless (მარადიული).
გარდა ზემოთხსენებული სიმღერისა Hey Jude, ბითლზების სხვა სიმღერის შთაგონების წყაროც გამხდარა პატარა ჯულიანი.
შარშან, ლივერპულში ჯონ ლენონის ტრაგიკული დაღუპვიდან 30 წლისთავზე გაიხსნა ჯონ ლენონის მემორიალი, რომელიც სინტიამ და ჯულიანმა გახსნეს.
მემორიალის გახსნაზე ბავრი რამ ითქვა, მათ შორის სინტიაც გამოვიდა სიტყვით და დაახლოებით ასეთი რამ თქვა: “ნუ ვიქნებით დამწუხრებული ჯონის სიკვდილით, მთავარია გვიხაროდეს, რომ ჯონ ლენონმა საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და მსოფლიოს მშვენიერი მუსიკა აჩუქა”. მერე, გულაჩუყებულმა დაამატა: “მადლობა ჯონს რომ მე ჯულიანი მაჩუქაო”.
როგორც ამბობენ, ჯულიან ლენონი კარგი ადამიანია. პატარაობისას მონაწილეობას იღებდა ბითლზების ფილმის გადაღებაში. როცა წამოიზარდა, მამასთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა. “მე სულ ვეუბნებოდი თავს: დიახ მე ვპატიობ მამას…” მაგრამ, დიდხანს ვერ გასტანა ამ ურთიერთობამ, 17 წლის იყო მამა რომ მოუკლეს.
ჯულიანმა აპატია იოკოსაც. კარგი ურთიერთობა აქვს ნახევარძმა შონ ლენონთან: “ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მედია-საშუალებები აცხადებდნენ, რომ ჩვენს შორის წლების განმავლობაში გრძელდებოდა შუღლი. ვცდილობ წარსული შეცდომები გამოვასწორო, რადგან ეს გულს სტკენს შონსა და მის დედას. ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით. ის ჩემი სისხლი და ხორცია”.
ალბათ ძალიან უჭირდა ჯულიანს ბავშვობაში, ძალიან სტკიოდა გული. მაგრამ, პოლ მაკარტნის სიმღერის შეგონებამ გაჭრა და არ შეშინებულა. თავისი საქმის კარგი მცოდნეა, კარგი შვილია და კარგი მეგობრობაც იცის. დიდი ხანია დაძლია ადამიანური ტკივილი და მეტიც, გამოვიდა მამის შემოქმედებითი ჩრდილიდან ამის დასტურად იხილეთ მისი ფოტოხელოვნება: http://www.tableaufineartphoto.com
წყარო:presa.ge
1968-Hey Jude-The Beatles by squirrela
The End