გართობაუცნაური

ყველაზე სულელური ძარცვები

300x300
ყველაზე სულელური ძარცვები

გულმავიწყი ყაჩაღები

კალიფორნიის ქალაქ ლონგბიჩში ერთ–ერთი ქარხნის სამმა თანამშრომელმა ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა. ძარცვის დაგეგმვისას მათ გაითვალისწინეს, რომ ყველაზე სახიფათო პერიოდი ძარცვიდან ერთი საათის განმავლობაშია და უნდა დამალულიყვნენ. გადაწყვიტეს, ბანკი თავიანთი სამუშაოს შესვენების დროს გაეძარცვათ, შემდეგ კი სამუშაო ადგილებს ისე დაბრუნებოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა.

დადგა დღე, როდესაც ბანკი უნდა გაეძარცვათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთეს, მაგრამ რამდენიმე დღეში სამივე მძარცველი სამუშაო ადგილზე დააკავეს. აღმოჩნდა, რომ გულმავიწყ მძარცველებს მკერდიდან საკუთარი პირადობის დამადასტურებელი საშვების მოხსნა დავიწყებოდათ, არადა სახე საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული. ვიდეოკამერებმა კი მათი საბუთები მშვენივრად დააფიქსირეს.

უვიცი მძარცველი

სან ფრანცისკოს მცხოვრებმა, 27 წლის პოლმა, მძარცველებზე ბევრ ფილმს უყურა და გადაწყვიტა, თავადაც გამდიდრებულიყო ამ გზით. ის ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ფილმებში იქცევიან – შევიდა ბანკში, ბლანკზე დაწერა საკუთარი მოთხოვნა და მოლარესთან რიგში დადგა. ამ დროს აღმოაჩინა, რომ იმ ადგილზე, სადაც ბლანკი შეავსო, ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული. იმის შიშით, რომ ადგილზევე არ დაეპატიმრებინათ, სასწრაფოდ დატოვა ბანკი და გადაწყვიტა, ამ მოთხოვნით სხვა ბანკში შესულიყო, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. მოლარეს ბლანკი მიაწოდა, სადაც ეწერა: “ეს ძარცვაა, დროზე მომეცით ფული!”. წერილის წაკითხვის შემდეგ მოლარე მიხვდა, რომ მძარცველი ფსიქიკურად ჯანმრთელი ვერ უნდა ყოფილიყო. თავაზიანად უპასუხა, რომ სხვა ბანკის ბლანკის მიხედვით ის თანხას ვერ მისცემდა. სანამ უცოდინარი მძარცველი ახალ გეგმას მოიფიქრებდა, ამასობაში ის პოლიციამ დააკავა.

ხანძარი ძარცვის მაგივრად

ექვს ბრიტანელს, როგორც ჩანს, ისტორიაში შესვლა სურდათ, როდესაც 1991 წლის მარტში მათ საუკუნის ძარცვა დაგეგმეს. გადაწყვიტეს, ინკასატორების ავტომობილი გაეტაცათ, რომლითაც 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაჰქონდათ. ყველაფერი კარგად მოიფიქრეს, დაცვა განაიარაღეს და გატაცებული მანქანა ტყეში გადამალეს. იქამდე არც ერთ მათგანს ძარცვის არანაირი პრაქტიკა არ ჰქონდა, თუმცა იცოდნენ, რომ ლითონის გაჭრა მხოლოდ სპეციალური აპარატით იყო შესაძლებელი. მათ მანქანის ჭრა სხვადასხვა მხრიდან დაიწყეს, რის გამოც მანქანას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა კი ვერაფრით მოახერხეს. დამნაშავეები გაიქცნენ, ორმა მათგანმა ძლიერი დამწვრობა მიიღო და მაშინვე საავადმყოფოს მიაშურეს, სადაც პოლიციამ დააკავა კიდეც.

საუკუნის ძარცვის ოპერაცია ჩაფლავდა, თუმცა ისინი ისტორიაში შევიდნენ, როგორც საუკუნის ყველაზე ძვირადღირებული ხანძრის გამჩენები. ამ ხანძრის შედეგად ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიწვა.

ძარცვა პირადობის დადასტურებით

22 წლის შონი თავს ყველაზე ჭკვიანად თვლიდა. მან კარგად იცოდა, რომ შეიძლებოდა ციხეში მოხვედრილიყო, თუ ბანკს გაძარცვავდა, რადგან შენობაში დამონტაჟებული იყო სიგნალიზაცია და ვიდეოკამერები. ამიტომაც ბოლოს განზრახვა შეცვალა და ძარცვის ობიექტად ბენზინგასამართ სადგურზე არსებული სადღეღამისო მაღაზია აირჩია.

მაღაზიაში შესვლისას მან პისტოლეტი ამოიღო და გამყიდველი აიძულა, მთელი დღის ნავაჭრი ფული მიეცა. შეიძლებოდა მას ეს ძარცვა შერჩენოდა კიდეც, ბოლო მომენტში მისი ყურადღება თაროზე მდგარ შოტლანდიურ ვისკის რომ არ მიექცია. მოთხოვნაზე “მომეცით ვისკი” გამყიდველმა უარით უპასუხა, არ მაქვს უფლება, ან გავყიდო, ან გავაჩუქო ალკოჰოლი არასრულწლოვანზეო. მას არ სჯეროდა, რომ მძარცველი 20 წელზე მეტის იყო. სრულწლოვანების დასადასტურებლად მძარცველმა პირადობის მოწმობა ამოიღო და გამყიდველს ცხვირწინ ააფარა…. 2 საათის შემდეგ მძარცველი სამართალდამცავებმა დააკავეს.

უიღბლო მძარცველი

ყველაზე სულელ მძარცველად ტექსასელი ენგუსი ითვლება, რომელიც რამდენიმე წლის წინ სასამართლოს წინაშე წარდგა ელექტროტექნიკის საწყობის ძარცვისათვის. ადვოკატის დახმარების გარეშე მან შეძლო, თავი მხოლოდ ჯარიმის, 9.600 დოლარის გადახდით დაეძვრინა. მეორე დღეს ბანკში შევიდა, რათა ეს თანხა სასამართლოსთვის გადაერიცხა და მოლარეს ყალბი ჩეკი წარუდგინა. იმ დღეს მას ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან ბანკში მის გვერდით შემთხვევით აღმოჩნდა ის ადამიანი, რომლის ხელმოწერაც გააყალბა. პოლიციამ სულელი მძარცველი ადგილზევე დააკავა.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button