არქივი

ნარცისი

04deef504976
..ცხრაჯავარის” კალთებზე გაფენილ ჩემს სოფელში გაზაფხულის შემოსვლას ნარცისების აყვითლება-ათეთრებით ვგრძნობ და ამიტომაც უზომოდ მიყვარს ის… საკუთარ თავზე ეგოისტურად შეყვარებულს ამ ყვავილისადმი ნაზ გრძნობებს ძველბერძნული პერსონაჟის, ნარცისის მითიც მიღრმავებს… ( ვისაც მის შესახებ არ გსმენიათ, გააგრძელეთ, ქვემოთ შემოგთავაზებთ)

ნარცისი- გაზაფხულის სათუთი ყვავილი, ანტიკური დროიდან ნაადრევი სიკვდილის, ძილის და მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოა.

ძველბერძნულ მითოლოგიაში ნარცისი-ის მომხიბვლელი ჭაბუკია, რომელიც მოაჯადოვა და სასიკვდილოდ გაწირა წყალში თავისივე ანარეკლით ტკბობამ. ნარცისი მდინარე კეფისეს ღვთაებისა და ნიმფა ლეირიოპეს ძე იყო, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს და მას ისე შეაყვარეს თავისი გამოსახულება წყალში, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალე კიდეც გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ, მისი სახელი განზოგადდა და თავის თავში შეყვარებულ ადამიანებს ნარცისებს ვეძახით, ხოლო თვით ამ ფენომენს თვითტკბობისა-კი ნარცისიზმს.

ნარცისის მითთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესო მოსაზრება არსებობს: უხსოვარი დროიდან ადამიანებს თავისი ორეულის (ანარეკლის) დანახვა აკრთობდათ და სიკვდილის მომასწავებლად მიაჩნდათ. იმ უძველესმა რწმენამ დაბადა მითი ნარცისზე და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ეს-ატავისტური, გაუცნობიერებელი შიში უდევს საფუძვლად ჩვენში გავრცელებულ ჩვეულებას, რომლის თანახმად, გასვენებულის სახლში სარკეები რაიმე ქსოვილით უნდა დაიფაროს.

ნარცისის ყვავილები განუყოფელი ნაწილი იყო ქალღმერთ დემეტრას კულტთან დაკავშირებული იდუმალი მისტერიებისა. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ნარცისის გამაბრუებელ სურნელს ადამიანი შეუძლია დაათროს და ჭკუას გადააცდინოს, სხვათაშორის, ბერძნულში ნარცისი (narkissos) ეტიმოლოგიურად ენათესავება narke-ს, რაც გახევებას, გაშეშებას ნიშნავს (აქედანაა ტერმინი ,,ნარკოზი”).ეს რაღა თქმა უნდა, შემთხვევითი თანხვედრა არ გახლავთ. ანტიკურ სამყაროში იმდენად სჯეროდათ ნარცისის გამაბრუებელი ზემოქმედების რომ სიკვდილმისჯილებს, ჯვარზე გაკვრის წინ ნარცისი გვირგვინს უკეთებდნენ, რათა მათთვის ტანჯვა შეემსუბუქებინათ.

სრულიად განსხვავებულია ნარცისის სიმბოლიკა აღმოსავლეთის ქვეყნებში: სპარსეთში ნარცისის არომატს ,,ახალგაზრდობის” სურნელს” უწოდებდნენ. ამ ყვავილს, მისი სწორი და მკვრივი ღეროს გამო, ისლამში რწმენისადმი ერთგულებისა და უღალატობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

ჩინეთში და მის მიმდებარე ქვეყნებში,სადაც ახალი წელი, გაზაფხულზე სწორედ ნარცისის აყვავებას ემთხვევა-ეს ყვავილი სიხარულის, წარმატებისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლო გახლავთ, ნარცისი (ჩინურად ,,შუი-შინ” ანუ ,,წყლის უკვდავი”) შროშანის ანალოგია და ჩინური ფოლკლორისა თუ ფერწერის საუკუნოვანი ატრიბუტია.

ქართულ პოეზიაში ნარცისი გვახსენებდა, როგორც ბესიკის ,,სევდის ბაღის” ერთი სათუთი მეტაფორა, რომელმაც ვარდთან და იასთან ერთად უნდა განასახიეროს პოეტის შთამაგონებელ ქალთა დასი.

ასეთი გახლავთ ამ ,,მგრძნობიარე მცენარის” (პერსი ბისი შელი) სიმბოლური სპექტრი, მისი სილამაზის აღქმა კი ინდივიდუალურია, პირადად ჩემთვის ნარცისის თაიგული უფრო სასიამოვნო საჩუქარია, ვიდრე ალისფერი ვარდები…

 

032d0aa2b715

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button