საკითხავისასარგებლო

სადაკო სასაკის ათასი ქაღალდის წერო


1945 წლის აგვისტოს მოხდა ის, რამაც მსოფლიო შეცვალა.სწორედ ამ დღეს იაპონიის ცაზე გადაიფრინა ამერიკულმა B-29 “Enola Gay”“,ჩამოაგდო “Little Boy” და ჰიროსიმა ატომური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად აქცია(3 დღის შემდეგ ნაგასაკის თავზეც გამოჩნდა B-29 “Bockscar”,ჩამოაგდო “Fat Man” და ნაგასაკი ჰიროსიმას გზას გაუყენა) .იაპონია ატომურმა კატასტროფამ მოიცვა,ატომურმა ტალღამ წამიერად გადათელა ეს ქალაქი,წამიერად დაასრულა ათასობით(ჰიროსიმა–ნაგასაკიში საერთო ჯამში დაიღუპა 200 ათასზე მეტი ადამიანი,თუმცა ეს რიცხვიც ბოლომდე ვერ ასახავს რეალობას) სიცოცხლე,სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა მძიმე დაავადების მსხვერპლად აქცია ასიათასობით ადამიანი.დღესაც სახეზეა ბირთვული კვალი…

არაერთი წელი გავიდა ამ ბოროტების შემდეგ… ამ სტატიას კი ერთი გოგონას–სადაკო სასაკის ისტორიას ვუძღვნი,რომელიც იმ საბედისწერო დღეს სულ რაღაც 2 წლის იყო.

სასაკის ოჯახი ჰიროსიმაში ცხოვრობდა.1945 წლის 6 აგვისტოს მათი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში ცაზე მოძრავი ობიექტი გამოჩნდა,რომელიც უახლოვდება მიწას,წამის შემდეგ ჰიროსიმა ბურუსშია,გარშემო ადამიანების განწირული ხმა ისმის… ამ კატასტროფას პატარა სადაკო სასაკი გადაურჩა,თუმცა მთელმა ოჯახმა რადიაციული დასხივების გარკვეული დოზა მიიღო.მათი ორგანიზმი გაჟღენთილი აღმოჩნდა “შენელებული მოქმედების ნაღმით”,რომელიც წლების შემდეგ ამოქმედდება.

თითქოს ცხოვრება ჩადგა კალაპოტში და ყველა შეეგუა სამწუხარო რეალობას,თუმცა წლები ემატება 1945_ს და იზრდება მსხვერპლიც.ენით აუღწერელია ის ტრაგედია რაც ჰიროსიმა–ნაგასაკის მცხოვრებლებმა გადაიტანეს…

სადაკოს ცხოვრება ჩვეულებრივად ვითარდებოდა,საკმაოდ აქტიური ბავშვი იყო.თუმცა „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“…
1954 წელს 11 წლის სადაკოს მდგომარეობა გართულდა და ეს “შენელებული მოქმედების ნაღმის” ამოქმედებას ნიშნავდა.გოგონას ლეიკემია აღმოაჩნდა.ის კლინიკაში მოათავსეს.
1955 წლის გაზაფხულზე სადაკოს მისმა საუკეთესო მეგობარმა ლეგენდის შესახებ მოუთხრო.ეს იყო ძველი იაპონური ლეგენდა,რომელიც მსმენელს აცნობდა შემდეგს–ადამიანი,რომელიც ხელით დაამზადებს ათას ორიგამის–ქაღალდის წეროს,მას შეეძლება ჩაითქვას ნებისმიერი სურვილი,რომელიც აუცილებლად ასრულდება,
ლეგენდამ პატარაზე დიდი გავლენა მოახდინა და ის მაშინვე შეუდგა წეროების დამზადებას.
წამს წამი,წუთს წუთი,დღეს დღე მოსდევდა და იზრდებოდა წეროების რიცხვი სადაკოს პალატაში,ასევე მძიმდებოდა მისი მდგომარეობაც…
გავიდა რამდენიმე თვე და ვეღარ გაუძლო პატარამ ამდენს.1955 წლის 25 ოქტომბერს მისი მდგომარეობა გართულდა.რამდენიმე დღის უჭმელ ბავშვს ბრინჯი შესთავაზეს,მას უარი არ უთქვამს და ასევე ჩაიც მოითხოვა.ეს მისი ბოლო თხოვნა იყო.მცირე ხნის შემდეგ სადაკო სასაკი გარდაიცვალა…
გავა რამდენიმე დღე და მისი მეგობრები გადათვლიან ქაღალდის წეროთა რაოდენობას და აღმოაჩენენ 644 ცალს.სამწუხაროა,რომ ვერ გაუძლო პატარამ,იქნებ ამ ლეგენდას ფრთები შესხმოდა და ბოლო სურვილი მაინც შესრულებოდა სადაკოს…

მისმა სიკვდილის ამბავმა მალევე გადაკვეთა იაპონიის საზღვრები.ამ ტრაგედიამ და წეროების ამბავმა მრავალ ადამიანზე მოახდინა გავლენა,აუცრემლიანა მათ თვალები და კიდევ ერთხელ დააფიქრა მშვიდობაზე.
ჰიროსიმას მშვიდობის პარკში მალევე გამოჩნდა სადაკოს სასაკის მონუმენტი,რომელიც მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.ყოველ წელს ჰიროსიმელი ბავშვები(და არა მარტო) იკრიბებიან მონუმენტთან,მიაქვთ ქაღალდის წეროები, პატივს მიაგებენ სადაკო სასაკისა და მის უკან მდგარ დღუპულთა არმიის ხსოვნას,იხსენებენ ტრაგედიას და ცდილობენ მშვიდობისკენ სვლას…

ყველაზე საგულისხმო ის არის,რომ შეერთებულ შტატებშიც დაიდგა ძეგლი წარწერით:“სადაკო სასაკი–მშვიდობის ბავშვი.მან გვაჩუქა ქაღალდის წერო,სიმბოლო ჩვენი მისწრაფებისა მშვიდობისაკენ.“

სადაკოს სასაკის ისტორიას არაერთი ხელოვანი გამოეხმაურა,ზოგიერთმა მისი უკვდავყოფა ჩანახატებით,მოთხრობებით,ფილმებითა და მულტფილმებით შეძლო.ცნობილ პოეტ რასულ ჰამზატოვზე(წარმოშობით ხუნძი(დაღესტანი)) იმდენად ღრმა კვალი დატოვა სადაკოს ამბავმა,რომ მან 1969 წელს დაწერა ლექსი „წეროები“,რომელიც შემდგომ რუსულ ენაზე ითარგმნა და შეიქმნა ლეგენდარული სიმღერა.

http://www.youtube.com/watch?v=yB1J7JBszys&feature=player_embedded

დღეს იაპონია ისევ ატომური კატასტროფის საფრთხის წინაშეა.თუმცა ამის შანსი მცირეა და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.მთავარი რწმენაა.ამ ტრაგედიამ ერთმანეთის გვერდით დააყენა ქრისტიანობა,ისლამი,ბუდიზმი,სინტოიზმი,იუდაიზმი,ინდუიზმი…სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ლოცულობენ იაპონიისათვის…
სხვადასხვა ქვეყნებში იაპონიის საელჩოს წინ მიდის მრავალი ადამიანი და თანაგრძნობას გამოხატავს.ზოგიერთს ყვავილები მიაქვს,ზოგიერთი სანთლებს ანთებს.იმედია ქაღალდის წეროებიც მიაქვთ…

კაცობრიობამ კი უარი უნდა თქვას ატომური იარაღზე,ატომურ ელექტროსადგურებზე…არავინ იცის კიდევ რომელ ბირთვულ სახელმწიფოს მოუვა აზრად საომარ კონფლიქტში ატომური იარაღის გამოყენება…არავინ იცის როდის ამოქმედდება ეს “ნაღმი” და როდის განმეორდება “ჩერნობილი”… ყოველივე ეს კი კაცობრიობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს…

წყარო: ჩემი ბლოგი

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close