საკითხავისაქართველო

ცოტა რამ პეტრე იბერის შესახებ

http://a.pix.ge/d/j1yy3.jpg
V საუკუნის დამდეგს ქართლის სამეფო ტახტი ეჭირა ბუზმარს. ხოლო ამ დროს კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე იჯდა თეოდოს II. მისი მეუღლე გახლდათ განათლებული, ნიჭიერი და პოეტური ტალანტის მქონე ევდოკია. სწორედ ევდოკიას თავგამოდებული შრომით მოხერხდა ქართლსა და ბიზანტიას შორის ურთიერთობის გამოსწორება.

ამ ურთიერთობის გამო დიდად აღშფოთებული შეიქმნა სპარსეთის მეფე იეზდიგერდ I. იგი მცხეთაში (იმდროინდელი სატახტო ქალაქი) ბუზმართან ელჩობას ელჩობაზე აგზავნიდა და მოითხოვდა კავშირის დაუყოვნებლივ გაწყვეტას ბიზანტიასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში იეზდიგერდი დიდი ომით იმუქრებოდა.

ორივე მხარე (ბიზანტია და სპარსეთი) მეგობრობის სანაცვლოდ ბუზმარის ძეს, მურვანოს ითხოვდა მძევლად. ბუზმარის გადაწყვეტილება იყო ასეთი: იგი სპარსეთთან შერიგებას არ აპირებდა, ამიტომ თავისი ძე გაგზავნა ბიზანტიის საიმპერატორო კარზე, სადაც მურვანოსს დიდი პატივით შეხვდა ცოლ – ქმარი (თეოდოს II და ევდოკია). სწორედ აქედან იწყება მურვანოსის (პეტრე იბერის) ვრცელი ისტორია:

ბიზანტიის კარზე, კარისკაცთა შორის იყო ქართველი კაცი, მირდატ ლაზი (მურვანის ნათლია). ერთ დღეს ლაზი და იბერიელი შეითქვნენ, კონსტანტინოპოლიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) გაქცევა და იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტეს. მრავალი ტანჯვის და წინააღმდეგობის შემდეგ ჩააღწიეს იერუსალიმში, სადაც ისინი ბერად აღიკვეცნენ, ახალი სახელებით მოინათლნენ:

მირდატ ლაზი – იოანე

მურვანოსი – პეტრე

მათ აღაშენეს მონასტერი თვით იერუსალიმში, სიონის ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს, ხოლო ამ მონასტრის დასრულების შემდეგ უცხოელი თანამორწმუნეთათვის ააშენეს ქსენონი (სასტუმრო). გრძელდება პეტრე იბერის გრანდიოზული სატაძრო მშენებლობანი პალესტინაში, სირიასა და ეგვიპტეში.

პეტრე ცდილობდა მისი სახელი სათაყვანო არ გამხდარიყო. აშენებდა და თავის სახელს არ არქმევდა, კურნავდა და საკუთარ ნამკურნალევად არ მიიჩნევდა, წერდა და თავის ვინაობას არ ამხელდა. მხოლოდ ერთგან აღიბეჭდა მისი სახელი, მისივე ხელით აგებულ ქართულ ტაძარში, იერუსალიმის ახლოს.

მალე მაიუმის ეპისკოპოსი გარდაიცვალა და ხალხი მის ადგილას პეტრე იბერის დასმას ითხოვდა. თვითონ პეტრეს ბერობაზე მაღლა არავითარი თანამდებობა არ სურდა,მაგრამ ძალდატანებით იერუსალიმში პატრიარქს წარუდგინეს, და ეპისკოპოსად აკურთხეს. პეტრეს მეოხებამ და სიბრძნემ აამაღლა ქალაქი.

430 წელს გარდაიცვალა პეტრეს მამა ბუზმარი. პეტრეს დედამ, ბაკურდუხტმა მთელი თავისი ქონება ღარიბ – ღატაკებს გაუნაწილა. ბუზმარის მაგივრად ტახტზე ავიდა  არჩილი (პეტრე იბერის ბიძა), რომელმაც ცოლად შეირთო საგდუხტი. სწორედ ამ ქორწინებიდან იშვა ვახტანგი, გორგასლად წოდებული.

პეტრე იბერიელი 82 წლისა გარდაიცვალა. ვისაც დააინტერესებს იმათთვის რამოდენიმე მეცნიერული ნაშრომი პეტრე იბერიელის:

“საღმრთოთა სახელთათვის”

“ზეციური იერარქია”

“საეკლესიო იერარქია”

“მისტიკური თეოლოგია”

“ეპისტოლენი” (10 წერილი)

(არც ერთ მათგანს არ აქვს მიწერილი ავტორის ვინაობა)

მსგავსი ამბები

Back to top button