გართობა

გათხოვების ფენომენი საქართველოში

42c04f40112b
გამარჯობა მკითხველო, დღევანდელი დღის თემად მრავალ ჭირ-ვარამ გამოხდილ, ღვინის სმით აწითლებულ, ღვიძლის ცეროზამდე მიყვანილ, ღიპიანი კაცებისა და კუხნიდან არგამოუხედავი ქალების, ქალიშვილობის ჩაბარებით კმაყოფილი ქმრების და მეორე დღეს დასვრილი თეთრეულის გამოფენით ასევე კმაყოფილი დედამთილების, 2 დღე კოჭლობით მოსიარულე აწ უკვე ყოფილი ქალიშვილების, 9 თვეში ბავშვების გაკეთებით მოხარული ოჯახის და კიდევ გამრავლების (უსასრულო პროგრესიით) მსურველებლი ღიპიანი თამადების, ბავშვის მომვლელად გადაქცეული ცოლების და სხვა ქალის გემოს მრავალ გასინჯული ქმრების.. მოკლედ ჩვეულებრივ ქართველთა ქორწინების ფენომენზე მინდა გიამბოთ.

ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი რომაა ყველა დამეთანხმებით, ასე ითვლება საქართველოშიც. შევეცდები მოგიყვეთ ყველაფერი ის, რაც 20 წლის განმავლობაში დავაგროვე : )
ეპიზოდი ნომერი პირველი – 4 წლის ირი
გაგიკვირდებათ და პირველად საქორწინო თუ წინასაქორწინო ტრადიციებთან სეხება 4 წლისას მქონდა. მაშინ,როდესაც ზაფხულში სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვისვენებდი და თამაშის გარდა არაფერი მადარდებდა, მოულოდნელად აღმოვაჩინე,რომ დიდ გოგოობას სულ ტყუილად ვნატრობდი და ამდენ ფაფასაც (იმის ხათრით,რომ უფრო მალე გავიზრდებოდი) სულ ტყუილად ვიტენიდი დილ-დილობით პირში.
იმ დღეს გავიგე, რომ გოგოებს იტაცებენ დიდი, უხეში და უცნობი ბიჭებიც კი. ეს აღმოჩენა მაშინ მოხდა, როცა ჩემი 14 წლის და სახლის ეზოდან მოიტაცა ექვსმა ბიჭმა. მე ამ დროს აივანზე ვიდექი და ვერ გამეგო ან რა აკივლებდა ჩემ დას, ან რატომ იყო ჩაჭიდებული ეზოს ღობეს, რატომ ექაჩებოდა 5 ბიჭი, რატომ სდიოდა ხელებიდან სისხლი, რატომ ჩასვეს მანქანაში, რატომ უყურებდნენ წინ მცხოვრები მეზობლები ამას ჩუმად და როგორ აღმოვჩნდი და ვიმალებოდი მე მაგიდის ქვეშ, ან რატომ ვიმეორებდი ტირილით ერთისა და იმავეს ,,მეც არ მომიტაცო ო ონ ”. ახლა ამას სიცილით ვიხსენებ, ვის რათ უნდოდა 4 წლის ლაწირაკი, მაგრამ მაშინ ეგრე მეგონა, რომ შეიძლებოდა მეც მოვეტაცებინე იმათ : ))

მოკლედ როგორც ხდება ხოლმე, ბევრი ცრემლიც დაიღვარა და რა თქმა უნდა საქმეში სასწრაფოდ ჩარეულ იქნა ქურდული სამყარო. აბა მაშინ პოლიციის საშუალებით ვერაფერს გააწყობდი. მოკლედ იმ დღესვე დააბრუნეს ბავშვი. რომ ვიხსენებ როგორი მოვიდა ჟრუანტელი მივლის, ძალიან ლამაზი იყო ბავშვობიდან და ისე საშინლად არასდროს მინახავს. ძალიან გრძელი, შავი თმა გაჩეჩილი, თვალები ჩაწითლებული, ხელები დასერილი (ღობეს რომ ეჭიდებოდა), 39 სიცხე.. წარმომიდგენია რამხელა სტრესია თითოეული გოგოსთვის მოტაცება. ახლა კიდევ უფრო არა, მაგრამ ადრე, რომ იცოდეთ ზოგიერთი ვეღარც თხოვდებოდა, რადგანაც არსებობდა ე.წ. მონატაცების სახელი, დაახლოებით ისე, როგორც დღეს განათხოვარის სახელია.

თუ ვთქვათ 2 დღე გასტანდა შენი მოტაცება ამ შემთხვევაში ხშირად ამჯობინებდნენ გოგო დაეტოვებინათ გამტაცებელთან, ან კარგა ხანს უნდა ეთმინათ მთელი ქალაქის/სოფლის ჭორაობა და გათხოვება-არგათხოვების საკითხიც ეჭვქვეშ დაეყენებინათ.

  • ამ ასაკში გამოვიტანე დასკვნა: არასოდეს არ უნდა მომიტაცონ.
  • ეპიზოდი ნომერი ორი

    გავიდა დრო და როგორც ჩანს ჩემ დას მაინც მოტაცებით ეწერა გათხოვება. ანუ მე რომ 6 წლის ვიყავი,ჯერ კიდევ მოდაში იყო ეს ამბავი. შემდეგ თანდათან მიწყნარდა და ჩაცხრა ქალის სურვილით აღტყინებულ ბიჭთა ტალღა.
    თუმცა სამტრედია რის სამტრედია იქნებოდა, რამე პარანორმალურ მოტაცებას რომ არ ჰქონოდა ადგილი? ჰოდა გავიხედოთ და ერთ დღეს ჩემს წინ მცხოვრებ ლოთ მეზობელს ქალი მოუნდა. შეუჩნდა ეშმაკი და შორს არც დაუწყია ეტყობა ძებნა, იქვე მყოფი ცოტა მოჭკუასუსტო, 60 წელს გადაცილებული ვერა შეარჩია. მოი დავლიოთო გადაწყვიტეს, ჩამოსხდნენ კიბეზე გუგულებივით და ხუხეს 1-2 ჭიქა არაყი. მერე კაცს სიყვარულის საღერღელი აეშალა და გადაწყვიტა კარგა ხნის წინ დაქვრივებული ვერასთვის კაცის ალერსი შეეხსენებინა. არ ვიცი ეს ამბავი მოასწრეს თუ არა, მაგრამ ის კია, რომ ვერას ეტყობა ნამუსის შენახვა მოესურვილა, აკივლდა და შექმნა ერთი ამბავი, ამას რა მოჰყვებოდა თქვენ ჯერ კიდევ არ იცით. მაგალითად ის, რომ ვერას შვილი ნაჯახით დასდევდა ლოთ მამლაყინწას, ქალებმა კი (იმ ლოთის დედამ და ვერას რძალმა) ყანაში გააჩაღეს ჩხუბი. წარმოიდგინეთ გაგანია ზაფხული, აგვისტოს გვალვა სამტრედიაში და მოხნული ყანა, რა თქმა უნდა კარგად გაქვავებული ბელტებით. დიახ, სწორედ ბელტები დაუშინეს ერთმანეთს ქალებმა, რის შედეგადაც დაზარალებული ისევ გამშველებელი, მშვიდობის ჩამოსაგდებად ყანაში მივლენილი მეზობელი ქალი აღმოჩნდა, მას ბელტით გაუმასპინძლდნენ და 2 კვირა კოპით დადიოდა.

    095b9ef90643

    გავიდა დრო და ვისღა ახსოვდა ქართველი ბიჭები, მაშინ როდესაც Backstreet Boys არსებობდა. გოგონების 80%-ს მეტს თუ არა, მათი რომელიმე წევრი უყვარდა : )) ეს ის პერიოდი გახლდათ სახლის ტელეფონების ხაზები ჯერ კიდევ გაუმართავი რომ იყო, როცა ლაპარაკობდი, ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, თუ ვინმე ჩაგერთვებოდა უცებ. ან რომ დარეკავდი სადმე, სავსებით მოსალოდნელი იყო თუ ვიღაც ორის ლაპარაკის მოწმე გახდებოდი. შეგეძლო გესმინა და გესმინა რას ჭორაობდნენ. ეს განსაკუთრებით მახალისებდა ხოლმე და რამდენჯერ მომისმენია ლაპარაკი აღარც მახსოვს :D
    შემოვიდა მოდაში ტელეფონით გაცნობა, დღეში რამდენჯერმე რეკავდნენ უცნობი ბიჭები. ჩემი მეორე და წიგნის ჭია იყო, არ აინტერესებდა ბიჭები (Backstreet Boys-ის წევრის ნიკის გარდა :D) და მიალანძღავდა ხოლმე გაცნობის მოსურნეებს და ისევ მიუჯდებოდა წიგნს. მე ჯერ პატარა ვიყავი და რა დროს ჩემი ბიჭები იყო.

    აი კიდევ გავიდა დრო და შემოვიდა უკვე მობილური ტელეფონი. შემდეგ კვლავ რამდენიმე წლის გაზოზინების მერე უკვე მობილურითაც დაიწყო ხალხმა ფლირტაობა. აქ ესემესებიო, იქ დარეკვაო და წავიდა ოჯახების შექმნა, ისევე როგორც ბალის ბიჭუნა ამბობს წავიდა ესემესებიო..

    ეპიზოდი ნომერი სამი
    ჰოდა გადავინაცვლებ ისევე სამტრედიაზე, გავიხედოთ და ერთი 16 წლის გოგო 2 კვირა ელაპარაკებოდა ვიღაც ბიჭს (ტელეფონით რა თქმა უნდა). აბა სოფელში მოგეხსენებათ ისეთი სიტუაციაა ბიჭს ვერ გაუღიმებდა, წესიერად ვერ დაელაპარაკებოდა, იქ ხომ მაშინვე ჭორაობის საგანი გახდებოდა. გავიდა ეს ორი კვირა და დათქვეს შეხვედრა, მოვიდა ის ბიჭი მანქანით, თან ახლდნენ ძმაკაცები, ცოტა ხანს ილაპარაკა წყვილმა, ჩაჯდა ეს გოგო მანქანაში და გაყვა. არ ვიცი ორი კვირის გაცნობილს რამდენად შეიძლება ენდო, მაგრამ ამ გოგოს ასე თუ ისე გაუმართლა. ოჯახი გამართლებაში იმას მიიჩნევდა, რომ როგორც ამბობდნენ ბიჭს ორსართულიანი სახლი ჰქონდა, მართალია ბიჭს კი არა, მის დედ-მამას, მაგრამ მაინც ხომ ჰქონდა! ასევე ბევრი ძროხა, ქათამი, ღორი, კარგი ყანა, ბოსტანი და ეგ იყო მთელი გამართლება. თან თურმე დედამთილმა ტანსაცმელიც უყიდა ახალ რძალს.

  • მაშინ დავასკვენი, რომ ბევრი მხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს უკვირდება და ქორწინებაში გამართლება პირდაპირპროპორციულია სიძის ჯიბისა.
  • კიდევ ორი კვირის შემდგომ წინა ეპიზოდში გათხოვილ გოგონას, მისი 15 წლის დაც მიჰყვა, თან იგივე წესით. ოღონდ ამჯერად ტელეფონით გაცნობილ ბიჭს შებინდებულზე შეხვდა, ისე რომ სახეზე არც იცნობდა. ტელეფონი მიანათეს ერთმანეთს (რა რომანწიკაა) და ერთმანეთით კმაყოფილებმა გადაწყვიტეს ოჯახი შეექმნათ. ასე და ამგვარად გაჰყვა ეს გოგო ბიჭს.

  • გადავწყვიტე, რომ ტელეფონით გაცნობილ ბიჭზე სერიოზულად ფიქრი დიდი სისულელე იყო.
  • მე უკვე მარტო ვიყავი, მარტოობაში იმას ვგულისხმობ, რომ ჩემი ორივე და გათხოვდა და დავრჩი ასე დედისერთად, ამიტომაც წავუეგოისტებ ხოლმე ხანდახან. საკმაოდ ბევრჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, შიგადაშიგ ეჭვი მეპარებოდა ხოლმე სიყვარულის არსებობაში, ნიანგის ცრემლებიც დამიღვრია და თვალებგაბრწყინებულიც ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან მეშინია ქორწინების : ) ჩემი თავის დასამშვიდებლად ღრმად დავარწმუნე შინაგანი მე, რომ არ გავთხოვდები. დედაჩემს რომ მოვახსენე ბრძნული აზრები ჯერ გაუხარდა, მაგრამ მერე რომ დაფიქრდა მგონი თავი იმით დაიმშვიდა გადაუვლისო. მაგრამ არა, რა ვქნა ვერა და ვერ ვეგუები ამ ზედმეტვალდებულებებ-აკიდებულ ჩემ თავს.

    დღეს აღარავის იტაცებენ, იშვიათ გამონაკლისებს და მთაში მცხოვრებ ხალხს თუ არ ჩავთვლით. სამაგიეროდ მამაკაცებს რატომღაც გონიათ, რომ სარფიანი ქორწინება არამარტო გოგონებს, არამედ მათაც უნდა ანაღვლებდეთ. ამიტომაც საკმაოდ ბევრი უკვირდება, თუ რამდენი ფული აქვს მის სიმამრს, აჩუქებს თუ არა ქორწილზე მანქანის გასაღებს და აქვს თუ არა მომავალ ცოლს თავისი სახლი.

    იმედია ასეთი კაცები ცოტანი არიან, მაგრამ ეჭვი მეპარება… ყოველ შემთხვევაში იმით მაინც მადლიერი ვარ, რომ პანტა-პუნტით აღარ იტაცებენ გოგონებს..

    გაგვიზიარეთ თქვენი საქორწინო ისტორიები : ))

    გამოკითხვა გოგონებისთვის


    გამოკითხვა მამაკაცებისთვის


    …………………………………………………………………………………………………………………..

    100000692931822.1453.2047260951

    მსგავსი ამბები

    Back to top button