არქივი

“ჰოლივუდი” ფანტაზიის გარეშე

23d838f566ed

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფილმები სწორედ “ჰოლივუდში” იქმნება და “ჰოლივუდი” ერთ-ერთი რეიტინგული ასოციაციაა, რომელიც სიტყვა “კინოს” გაგონებისას შეიძლება თავში მოგივიდეს.თუმცა, შაბლონებად ქცეული მსგავსებები “ჰოლივუდურ” ფილმებსაც ახასიათებთ. ასე მაგალითად:

1. ფილმის პერსონაჟი ყოველთვის იმდენ ფულს აძლევს ტაქსის მძღოლს, რამდენიც ხელს ჯიბიდან ამოყვება და როგორც წესი, ეს ფული ზუსტად საჭირო რაოდენობის აღმოჩნდება, ვინაიდან ტაქსის მძღოლი ხურდას უკან არასდროს აბრუნებს.

2. თითქმის ყველა ფილმში, ტაქსით მგზავრობისას გვხვდება კადრი, სადაც ახლო პლანით ნაჩვენებია სარკე, რომელშიც მძღოლი ცნობისმოყვარე თვალებით უყურებს იმას, რაც უკანა სავარძელზე ხდება.

3. როდესაც მთავარი გმირი მარტოდმარტო მოკლავს 50-მდე ადამიანს და დაამარცხებს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს, აუცილებლად გაისმის პოლიციის სირენების ხმა.

4. პოლიცია მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი ცუდი ჩაივლის.

5. როდესაც მთავარ პერსონაჟს იარაღს უმიზნებენ და ის-ისაა უნდა ესროლონ, მართლაც გაისმის გასროლის ხმა და როცა გვგონია, რომ მთავარი გმირი მოკლეს, უეცრად ბოროტი მოწინააღმდეგე ეცემა. უკანა პლანზე კი ჩანს კაცი, რომელმაც სინამდვილეში ისროლა.

6. ქუსლებზე მდგარი ქალი ხშირად უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე სერიული მანიაკი.

7. უცხო სახლში შესულმა გმირმა, ყოველთვის ზუსტად იცის, სად არის შუქის ჩასართველი და ოთახში შესული, მაინცდამაინც იმ ადგილას კიდებს ხელს, სადაც ჩამრთველია, თან ისე რომ ამ დროს სულ სხვა მიმართულებით იყურება.

8. მთავარ გმირს ტყვია არასდროს ეკარება, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ქალაქის ნახევარი პოლიცია ერთდროულად ესვრის. იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც მოხვდა, მსუბუქად იკაწრება ან ტყვია ეტაკება რამე ისეთ დეტალს, რომელიც ისხლეტს ან აჩერებს მას (მაგალითად, რკინის მედალიონი, ღვინის ბოთლი, ფულის დასტა და სხვა)

9. რომანტიკულ ფილმებში, სულ ერთი ტიპის სცენარია. მთავარ პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდებათ, მერე რიგი მიზეზების გამო, აუცილებლად ჩხუბობენ, ბოლოს, გოგო, ან ბიჭი, ან ორივე ხვდება, რომ “იდიოტურად მოიქცა” და რატომღაც გონების ეს განათება მაინცდამაინც ისეთ დროს ხდება, როდესაც სიყვარულის გადასარჩენად წუთებიღაა დარჩენილი. მერე ირთვება მხიარული მუსიკა და მთავარი გმირი გარბის ეკლესიაში, სადაც მისი მიჯნური ჯვარს იწერს ან აეროპორტში, საიდანაც სამუდამოდ მიფრინავს სხვა ქვეყანაში და ზუსტად იმ დროს გამოეცხადება, როდესაც მან ვიღაცის ცოლობაზე თანხმობა უნდა განაცხადოს ან თვითფრინავში ავიდეს.

10. მთავარი გმირი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მთელი შემართებით იგერიებს ცდუნებას ვიღაც უცხო ქალისგან და შეყვარებული მაინცდამაინც მაშინ შეუსწრებს, როდესაც ეს ქალი ასე თუ ისე მიზანს მიაღწევს, რასაც აუცილებლად მოყვება ფრაზა: “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია”

11. სწორ გზაზე სიარულისას მთავარი გმირი საჭეს აქეთ-იქით მაინც აბრუნებს

12. დეტექტიურ ფილმებში მთავარი გმირი ერთხელ მაინც შედის სტრიპტიზ-ბარში

13. ყველა ბომბზე დამონტაჟებულია ტაიმერი, რომლის ციფრებიც აუცილებლად წითელია და რომელსაც მთავარი გმირი, აუცილებლად მაშინ თიშავს, როცა აფეთქებამდე 1 წამია დარჩენილი.

14. ყველა ბოევიკური ჟანრის ფილმის ბოლოს აჩვენებენ თუ როგორ ფუსფუსებს ასობით პოლიციელი შემთხვევის ადგილზე, როგორ ზის მთავარი გმირი რამდენიმე ნაკაწრით სასწრაფო მანქანასთან ან საკაცეზე, ფილმი კი მთავრდება კადრით, თუ როგორ ხუმრობს მთავარი გმირი სასწრაფო მანქანის უკანა კარის მიხურვის წინ და შემთხვევის ადგილის ზედხედის ფონზე ნაწერები ამოდის

15. მიუხედავად იმისა, რომ ილეწება და ფეთქდება ათასობით მანქანა, ამის გამო იხოცება უდანაშაულო ხალხი, ინგრევა ნახევარი ქალაქი და სხვა, ფილმის დასასრული მაინც „ჰეფი ენდად“ ითვლება, იმიტომ რომ მთავარი გმირი და მისი რომელიმე ნათესავი უვნებლად გადარჩნენ.

16. საშინელებათა ფილმებში ხშირად ფიგურირებს ჩართული ტელევიზორი, რომელიც შიშინებს

17. ხშირ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული

18. როდესაც პოლიციელს მანქანა სჭირდება, იქვე აუცილებლად ჩნდება მოტოციკლიანი კაცი ან სხვა გაჩერებული ტრანსპორტი და მისი უპრობლემოდ წართმევისათვის სრულიად საკმარია იმის თქმა, რომ „პოლიციელია“.

19. ხდება ძალიან ბევრი ავარია, მაგრამ ამ ავარიის დროს არასდროს არავინ იღუპება.

20. დასკვნით ბრძოლაში მთავარ გმირს, აუცილებლად მაგრად ცემენ, რის შემდეგაც მაინცდამაინც ნაცემს მოსდის ისეთი ენერგია, რომლის საშუალებითაც სიკვდილის პირას მყოფი, აბსოლიტურად უვნებელ მეტოქეს ამარცხებს!

21. ყველა მანქანა რომელიც ავარიაში მონაწილეობს, აუცილებლად ფეთქდება.

22. აფეთქების დროს, რა მანძილითაც არ უნდა დაშორებული მთავარი გმირი, აფეთქების ადგილს, ის მაინც უნდა გადახტეს.

23. ყველა საშინელებათა ფილმი იდილიური და ბედნიერი სიტუაციის ჩვენებით იწყება.

24. ხშირ შემთხვევაში, მაინცდამაინც მაშინ რეკავს ტელეფონი ან აკაკუნებენ კარზე, როცა მთავარმა გმირებმა ბოლოსდაბოლოს ერთმანეთს უნდა აკოცონ.

25. ტელევიზორი მაინცდამაინც იმ დროს და იმ არხზე არის ჩართული, სადაც გადის ინფორმაცია იმ მკვლელზე, რომელიც მაინცდამაინც იმ დროს იქ აღმოჩნდება და იძულებულია ის ადამიანი მოკლას, ვინც ამ ტელევიზორს უყურებს და მას ამოიცნობს.

26. საშინელებათა ფილმში რაოდენ შორსაც არ უნდა გაიქცეს მსხვერპლი, სადაც გაჩერდება მკვლელი მაინც იქ ჩნდება ხოლმე, თან როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, წინიდან.

27. საშინელებათა ფილმებში, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება და მკვლელი ახლოსაა, არასდროს არცერთი ტელეფონი არ მუშაობს

28. როდესაც ცოლი ან ქმარი დასაძინებლად წვება, მის მეორე ნახევარს ხშირ შემთხვევაში ჩართული აქვს მაგიდის ნათურა და წიგნს კითხულობს

29. ძალიან გრძელ სატელეფონო ნომერს გმირი ყოველთვის ჩაწერის გარეშე, ერთი მოსმენით იმახსოვრებს

30. და ბოლოს „ჰოლივუდურ“ ფილმთა უმეტესობა „ჰეფი ენდით“ მთავრდება…

მსგავსი ამბები

Back to top button