არქივი

ჩარლი ჩაპლინის რუსული ჰონორარი

300x300

დელიკატესებს შორის მსოფლიოში არ არსებობს ხიზილალაზე უფრო ამოუცნობი და ძვირფასი პროდუქტი. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია სავსეა საიდუმლოებებით.

ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში დღეისათვის შავი ხიზილალა ძალიან ცოტაა და დღითიდღე უფრო ნაკლები ხდება. მას ზუთხისებრი თევზებისგან იღებენ, რომლებიც ამ სამყაროში ადამიანებზე ადრე გაჩნდნენ. არსებითად ეს დიდი თევზები “ცოცხალი ნამარხები” არიან – ძალიან მოუქნელები, უძრავები, მწიფდებიან 20 წლის ასაკში. ბუნების ყველა კანონის მიხედვით, ზუთხისებრნი დიდი ხნის გადაშენებული უნდა იყვნენ.

მათი ოცამდე სახეობა არსებობს, შესაბამისად მათი ხიზილალაც განსხვავდება გემოთი და ფასით. ყველაზე ძვირადღირებულია თართის ხიზილალა. ირანელი მწარმოებლები ხიზილალას 59%–იანი სინჯის ოქროსგან დამზადებულ ქილაში ფუთავენ და 100 გრამიანი ქილა დაახლოებით 2,5 ათასი დოლარი ღირს. დღეს მისი დაგემოვნება მხოლოდ მილიონრებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ადრე ხიზილალას სათანადოდ ვერ აფასებდნენ. ზუთხზე დიდი მოთხოვნა იყო, ხიზილალას კი ყრიდნენ. თუმცა ის ანტიკურ წყაროებშიცაა მოხსენიებული. მე–19 საუკუნის შუა ხანებში ევროპაში ხიზილალას ღორებს აჭმევდნენ. რუსეთში კი შუა საუკუნეებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მას მიირთმევდნენ მარხვის პერიოდში. ხიზილალა ფუფუნების პროდუქტად არ მიიჩნეოდა, ის ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა ფენისთვის. კაზაკები ხშირად უგზავნიდნენ მეფეებს ძღვნად ხიზილალას, რომელიც, სავარაუდოდ, მეტად მარილიანი იყო, რადგან კასპიის ზღვიდან დედაქალაქამდე დამარილების გარეშე ვერ ჩააღწევდა.

ინგლისელებმა ძვირფასი პროდუქტი არც ისე დიდი ხნის წინ დააგემოვნეს და მაშინვე მისი თაყვანისმცემლები გახდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ უინსტონ ჩერჩილმა 1941 წელს სტალინთან შესახვედრად გაგზავნილ ლორდ ბივერბრუკს ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის გარდა 25 ფუტი შავი ხიზილალის წამოღება სთხოვა. საბჭოთა ხელისუფლების ფავორიტს, ცნობილ მსახიობ ჩარლი ჩაპლინს ძალიან უყვარდა ხიზილალა. გაგეცინებათ, მაგრამ როცა ერთ–ერთ პოპულარულ გაზეთ “იზვესტიაში” დაიბეჭდა ნაწყვეტი მისი ავტობიოგრაფიიდან, მას ჰონორარის სახით 4 კგ შავი ხიზილალა გადაუხადეს (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი თითო სიტყვაში).

მე–19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მზარეული ანტუან ბოვილიე წერდა, რომ სრული ბედნიერებისთვის საკმარისია, კარაქწასმულ პატარა პურის ნაჭერზე დააწყოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შავი ხიზილალა. დიზაინერი კრისტიან დიორი ხიზილალას შემწვარ კვერცხთან ერთად მიირთმევდა, მწერალი სომერსეტ მოემი კი – შამპანურთან ერთად.

ზოგიერთ რესტორანში ხიზილალა სუფრაზე განსაკუთრებული ცერემონიის თანხლებით მიაქვთ. მე–20 საუკუნის დასწყისში ნიუ იორკში საუკეთესო ფრანგულ რესტორანში მაგიდასთან ხიზილალა ვერცხლის პატარა ურიკით მიჰქონდათ რამდენიმე ოფიციანტის თანხლებით. ერთ–ერთი მათგანი მოწიწებით დგამდა ბროლის თეფშით ხიზილალას სუფრაზე, სხვები აწყობდნენ თბილ ჭურჭელს და წვრილად დაჭრილ მოხარშული კვერცხის ცილას.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button