არქივი

ნიჭიერი ქართველების კულტურა

ccd8e26e2d13

ბოლო დროს “საეჭვო იდეები” მაწუხებს. საერთოდ, ნელ-ნელა რაც უფრო ვიზრდები, რაც უფრო მეტი ხალხების კულტურის შესახებ ვიგებ, რაც უფრო მეტად ინფორმირებული ვხდები გარესამყაროს შესახებ, ნელ-ნელა იმსხვრება წარმოდგენა ჩემი ერის იდეალებისა და პირველობის. ბავშობაში მეგონა, რომ ჩვენ ყველაფერში მაგრები ვართ, ჩვენი მსგავსი კულტურა არავის აქვთ, ჩვენი მსგავსი ტრადიციები არავის გააჩნია, ჩვენი ვოკალი პირველია მსოფლიოში, და ა.შ. ჩემს ირგვლივ ყველა ამაზე ამახვილებდა ყურადღებას, თუკი რამეს შედარებას ახდენდნენ, თუკი მსჯელობდნენ რამეზე. საბოლოოდ ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ (და მანამადე ბევრი მეცნიერი და მოაზროვნე მივიდა აქამდე), რომ ყველაფერი შედარებითია. ყველა იდეალი თუ ტრადიცია მხოლოდ კონკრეტული სოციუმისთვისაა დამახასიათებელი და რამდენად მისაღები იქნება ეს სხვა სოციუმისთვის, ერისთვის მხოლოდ იმათი გადასაწყვეტია.

21-ე საუკუნეში, როდესაც წაშალა ყოველგვარი ზღვარი თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როდესაც დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია მოვძებმოთ ჩვენთვის სასურველი ადამიანი და სახლიდან გაუსვლელად ვესაუბროთ, მოხდა ამ ერების კულტურათა გაცვლა-გამოცვლა, ზოგან აღრევა, ზოგან პირიქით, ადამიანებმა მანკიერი გადააგდეს და კარგი შეითვისეს.

რა მოხდა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში? თითქმის ყველა ოჯახში, ჩვენი მშობლები კრიტიკულად აფასებენ ამ პროცესს, დასავლეთის ღირებულებები მათთვის მიუღებელია ნაწილობრივ ან მთლიანად, თუმცა ნატოში შესვლა გვსურს. ნატო, ალბათ მხოლოდ “უზრუნველ ცხოვრებად” აღიქმება და მეტი არაფერი. ბოლომდე არაა გააზრებული საკითხის არსი.
ყოველგვარი ამის ფონზე, როდესაც ნაწილი საზოგადოებისა ღია აგრესიას გამოხატავს, საინტერესოა რას ვაკეთებს თავად ჩვენ ჩვენი ფასეულობების განვითარებისთვის ან შენარჩუნებისთვის.

წარსულში არ ვიცი რა ხდებოდა ამ მხრივ (ასაკის გამო), ამიტომ ბოლო წლების ფაქტებს შევეხები. რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად? რა და: 1. კოხორა 2. დნნ-დშნ 3. ჯეოსტარი 4. ნიჭიერი

ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი აღმოჩნდა თუ როგორ შეიყვარა და აიტაცა ხალხმა ადამიანი კოხორა. თავიდანვე მინდა გაიაზროთ, რომ მე პიროვნებებთან საქმე არ მაქვს, რა სჯობს, თუკი ცხოვრებაში წარუმატებელი, ჩვეულებრივი ღარიბი ადამიანი ერთ დილასაც გაიღვიძებს და ვარსკვლავად იგრძნობს თავს! რა სჯობს, იმას როდესაც შენი საუბარი მობილურებში აქვთ ზარებად დაყენებული და ვიდეოებითაა სავსე ქართული ინტერნეტი! რა სჯობს, იმას, რომ ქუჩაში გასულს ახალგაზრდები შენი სურათიანი მაიკებით დადიან და ფან-კლუბი აქვთ გახსნილი! რა სჯობს იმას, როდესაც შოუებში გიწვევენ და ა.შ და ა.შ ამ დროს კი, სოფო ხალვაში სახლში ზის, ნინი შერმადინი საბერძნეთშია, ის რუსეთშია, ეს გერმანიაშია. სულაც დაგვავიწყდა ეს ხალხი. ხო, თავის დროზე ვგულშემატკივრობდით, აბა საქართველოს სახელით გამოდიოდნენ და. მერე? მერე აღარაა საინტერესო, კოხორა გვირჩევნია. თუ დნნ-დშნ სჯობს? აი, ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება, ნეტა რომელი უფრო უყვარს ჩემს ერს?

რატომ არის საზოგადოებაში მსგავსი კულტურული მოთხოვნილება? მეტყველებს თუ არა ეს კულტურის არ ქონაზე? რა პროცესებთან გვაქვს საქმე.

ამ ყველა კითხვას პასუხი შეგვიძლია გავცეთ ჯეოსტარის და ნიჭიერის ქასთინგებიდანაც (რამდენად ამ პროექტების შესარჩევი ხალხი მაყურებელმა იხილა). ვინაიდან, ეს ორივე პროექტი სახალხო იყო, ყველა ადამიანს შეეძლო მონაწილეობა და უკავშირდებოდა კულტურას, შეგვიძლია განვაზოგადოთ ეს ფაქტებიც. რამდენს ვიცინოდით იმ ადამიანებზე, რამდენს ვხარხარებდით. კარგი გასართობი იყო ნამდვილად, როდესაც ნანი ბრეგვაძის “თბილისოს” აბსოლუტურად გაუგონარი ხმებით მღეროდნენ, როდესაც რუსული ესტრადის ჰიტებს ამღერებდნენ, როდესაც საქეიფო მუსიკა ხელოვნების ნიმუშები ეგონათ. დიახ, იმ ხალხს, ეს გამართლებული ეგონა, უმეტესობა თავდაჯერებული იყო, ის ღირსი იყო გამარჯვების! მეკი დამებადა უმარტივესი კითხვა:

ნუთუ მათ ირგვლივ ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ ეთქვა, იცი შენ სმენა არ გაქვს, მოდი ნუ იმღერებ, ხმა არ გაქვს… ან რჩევა მაინც მიეცა, როგორღაც მიენიშნებინა, შენ ხომ მთელი ერის წინაშე გამოდიხარ? როგორც ჩანს ის ერთი ადამიანიც არ არსებობს ანუ მის ირგვლივ ყველა მისნაირია, აქედან გამომდინარე გასაგებია უკვე საზოგადოების კულტურული დაკვეთაც როგორი იქნება და რატომ ხდებიან კოხორასნაირები “წარმატებულები”.

ლომის წვლილი ამ ყველაფერში მედია სივრცეს მიუძღვის, რომელსაც სულ არ აინეტერესებს კულტურული ეთიკა, მხოლოდ რეიტინგებზე და მეტ შემოსავალზეა დამყარებული. არაფერი ადარდებთ. ერთ გადაცემას ვერ დამისახელებთ, რომელიც თავიდან ბოლომდე მოემსახურება თანამედროვე მსოფლიოში კულტურულ სიახლეებისა და მიღწევების მიმოხილვას. რა საჭიროა ხომ? საზოგადოების დაკვეთა არ აქვთ, სიმართლე მათ მხარესაა…

ამ დროს კი იაპონელები საკურას აყვავების დღეს აღნიშნავენ და ამით გაზაფხულის შემოსვლას ხარობენ. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი, ამაზე მეტად ლამაზი, ყოვლისმომცველი და ამაღლებული?..
ჩვენთან აღვნიშნავთ სიყვარულის ანუ ვალენტინის დღეს, რომელიც ჩვენი არაა, დედის და ქალის დღეს, სხვა არც არაფერი. დანარჩენი აღსანიშნი დღეები მხოლოდ რელიგიას უკავშირდება.

საზოგადოების გაერთიანება კულტურით არ ხდება, ფაქტიურად ასეთი რამ არ არსებობს, არცერთი მსგავსი დღე არ მოიპოვება, როდესაც ყველა ბედნიერი იქნება, ან ყველა ერთმანეთს ფერადი საღებავის ფხვნილს შეაყრის (თუ არ ვცდები ინდოეთშია ასეთი დღესასწაული), ან პამიდვრობანას ვითამაშებთ, ან ფორთოხლებს დავუშენთ, ან ბალიშებით დავერევით ერთმანეთს. გესმით ხომ რაზე მაქვს საუბარი? ყველანი ქუჩაში გამოვალთ და ვისეირნებთ, ვილაყბებთ, დავისვენებთ (და ეს მარტო რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე არ მოხდება)…

ყველა ეს დღეს კი საქართველოში მხოლოდ პოლ.-ს უკავშირდება. ჩვენი ისტორიის თარიღები ასეთი ციფრებითაა გაჯერებული. ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ ხომ შეგვიძლია მომავალზე მოვახდინოთ “ზეწოლა”? ხომ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ უგემოვნობა, უკულტურობა, გაუნათლებლობა, პოლიტიზურებულობა…
მიუხედავად იმისა რომ მეოცნებე ვარ, ყველაზე უკეთ, სწორედ ჩვენ ვგრძნობთ რეალობას და ვოცნებობთ. ვგრძნობ, რომ ეს საკითხები უახლოეს მომავალშიც არ იქნება გადაჭრილი დღევანდელი ქვეყნის არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ იმედი დავიტოვოთ და ვიოცნებოთ ბედნიერ დღეებსა და ნიჭიერ, დაფასებულ ადამიანებზე!

წყარო:http://popularpopcorn.blogspot.com/2010/03/blog-post_24.html

პს:გადმოკოპირებული არ გეგონოთ : ))

მსგავსი ამბები

Back to top button