არქივი

სიცოცხლე დედა-ვარსკვლავის გარეშე

qfndzdvujqr4y5y8nb6g

კიდევ ერთი აღმოჩენა სიცოცხლის საკითხის შესახებ – მეცნიერების განცხადებით, იმისთვის რომ პლანეტაზე სიცოცხლემ რამდენიმე მილიარდი წელი გაძლოს, ამისთვის სულაც არაა საჭირო ამ პლანეტას დედა-ვარსკვლავი ჰყავდეს (როგორც ჩვენთან მზეა).

ეს განცხადება თითქოს “ვარსკვლავური ომების” სამყაროს უფრო შეეფერება, ვიდრე ჩვენსას, მაგრამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოთვლებით, პლანეტაზე სიცოცხლეს შეუძლია იარსებოს ისე, რომ არ მიეწოდებოდეს სითბო გარედან.

ასტროფიზიკოსების – დორიან ებოტისა და ერიკ სვიცერის – ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ სიცოცხლისთვის სითბოს მიწოდების წყარო ვარსკვლავის მაგივრად შეიძლება გახდეს პლანეტის გულში მიმდინარე პროცესები – რადიოაქტიური ელემენტების დაშლა.

ეს სითბო საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ოკეანის რაღაც ნაწილი თხევადი იყოს. მაგრამ პლანეტის დანარჩენ ზედაპირს ყინულის სქელი ზეწარი გადაფარავს. ყინულის ფენა პლანეტის ზედაპირს საცხოვრებლად უვარგისად აქცევს, თუმცა ოკეანეში არსებული პირობები საკმარისი იქნება წყალქვეშა სიცოცხლის რაღაც ფორმით განვითარებისთვის.

ამ აღმოჩენას მეცნიერებმა უწოდეს “სტეპების მგელი”, რადგან ასეთ პლანეტაზე აღმოჩენილი სიცოცხლე იქნება მსგავსი მარტოხელა მგელისა, რომელიც გაკლაქტიკის სტეპებში დაეხეტება. მეცნიერთა დუეტმა არ დააკონკრეტა, ასეთი სიცოცხლე რა ფორმის შეიძლება იყოს, თუმცა იმაზე უკვე შეთანხმდნენ, რომ მიკროსკოპული ზომის იქნება.

წყვილი დაკვირვებას ახდენდა იმ პლანეტებზე, რომელთა მასაც შეადგენს 0.1-დან 10X-მდე დედამიწის მაჩვენებელთან შედარებით, ასევე მახასიათებლებით ჩვენს პლანეტას გვანან. შემდეგ გამოთვლებით დაადგინეს, რომ თუკი პლანეტაზე იმავე რაოდენობის წყალი იქნება, რამდენიც დედამიწაზეა, მასით 3.5-ჯერ უნდა აღემატებოდეს მას, რათა სიცოცხლის აღმოცენების შანსი იყოს. მაგრამ თუკი პლანეტაზე ათჯერ მეტი წყალია, მაშინ საკმარისია, მისი მასა სამჯერ ნაკლები იყოს.

შემდეგ წარმოიდგინეს, რა მოხდება, თუკი “სტეპების მგლის” პლანეტაზე იქნება ვულკანები, რომლებიც ატმოსფეროში ნახშიროჟანგს უშვებენ – გამოყოფილი აირები მაშინვე გაიყინება ჰაერში და თითქმის დაუყოვნებლივ თოვლი წამოვა, პლანეტის ზედაპირი კი მშრალი ყინულის ფენით დაიფარება. ამ შემთხვევაში, დედამიწაზე სამჯერ მსუბუქ პლანეტაზე შესაძლებელი იქნება ოკეანის თხევად მდგომარეობაში შენახვა.

უვარსკვლავო პლანეტები მაშინ “ჩნდებიან”, როცა სხვა ვარსკვლავთან ან პლანეტასთან ჩავლისას ორბიტას მოწყდებიან ხოლმე. ამას ცხადია, გრავიტაციული ძალები იწვევს. ძირითადად ასეთი შემთხვევები მაშინ ხდება, როცა მცირე ზომის პლანეტა აირის გიგანტს ჩაუვლის, ამ შემთხვევაში მისი ორბიტა ირღვევა.

ამის შემდეგ იწყება პლანეტაზე ტემპერატურის დაცემა და გაყინვა იმ დონემდე, რომ სიკვდილმა დაისადგუროს. მაგრამ როგორც კვლევებმა აჩვენა, ეს შეიძლება რამდენიმე მილიარდი წელი გაგრძელდეს.

ეს აღმოჩენა ცხადია, ზრდის ალბათობას იმისა, რომ დედამიწის გარდა სამყაროში შეიძლება სადმე რაიმე ფორმით არსებობდეს სიცოცხლე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button