კულტურაუცნაური

ყველაზე მსუქანი მოზარდი

თინეიჯერებს თუ ჰკითხავ, რაზე ოცნებობენ და რისი მიღწევა სურთ, უმეტესობა ალბათ იტყვის, რომ სიმდიდრე, მსახიობობა, მომღერლობა ან უბრალოდ, პოპულარობა სურს. მაგრამ ეს არ ეხება ბრიტანელ მოზარდს, ჯორჯია დევისს. მისი ერთადერთი ოცნებაა, იყოს ნორმალური, სხვების მსგავსად ჯანმრთელი და ბედნიერი.

17 წლის ასაკში გოგონა უკვე 40 სტოუნზე (254 კგ) მეტს იწონის, რამაც აქცია ბრიტანეთის ყველაზე მსუქან მოზარდად. ეს კი, ცხადია, ჯანმრთელობის გაუარესებასაც იწვევს – ჯორჯიას გამუდმებით აწუხებს მუხლისა და ზურგის ტკივილები. ასეთი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მცირეოდენი მანძილის გავლის შემდეგაც კი სუნთქვა უჩქარდება და აქოშინებული ჩერდება.

გოგონამ ყველაზე მსუქანი მოზარდის სტატუსი 2 წლის წინაც მოიპოვა, მაგრამ მაშინ 45 კგ-ით ნაკლებს იწონიდა. მას შესთავაზეს აშშ-ის სპეციალურ ბანაკში გამგზავრება, სადაც წონის დაკლებას მოახერხებდა. მართლაც, 9 თვიანმა რეჟიმმა მას 95 კგ დაუკლო. მაგრამ გავიდა დრო და არამარტო დაკლებულ წონას, არამედ დაკლებამდელ მაჩვენებელსაც გადააჭარბა.

ალბათ გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს? როგორ შეიძლება გოგონა, რომელიც ყოველდღე იყურება სარკეში, ხედავდეს, რომ მისი გარეგნობა იცვლება და ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდეს? ან რას აკეთებენ მისი მშობლები, როცა ასეთ მკვეთრ ცვლილებას ხედავენ?

s3pte82hiapn2tkong3t
15 წლის ასაკში

ჯორჯია სამხრეთ უელსის ქალაქ აბერდარში ცხოვრობს დედასთან და 73 წლის მამინაცვალთან, არტურთან ერთად. ტანსაცმლის შოვნა ჭარბწონიანთა სპეციალურ მაღაზიებშიც კი უჭირს. ჯორჯია თავის სიმსუქნეზე ასეთ კომენტარს აკეთებს: “მე ყოველთვის მესმოდა, რომ ჩემი წონა ჩემი საქმეა, ჩემი პასუხისმგებლობა. იმაში, რაც მოხდა, არასოდეს არავის დავადანაშაულებ, გარდა საკუთარი თავისა.” თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი 55 წლის დედაც ჭარბწონიანობისკენაა მიდრეკილი, ცხადია, რომ მომხდარში “დამნაშავე” მხოლოდ გულუბრყვილო მოზარდის დაუდევრობა ვერ იქნება. ლესლი (დედა) 108 კგ-ს იწონის და ჭარბი წონით გამოწვეული პრობლემების გამო რამდენიმე წინა კბილი დაკარგა. სავარაუდოდ, შვილის ჯანმრთელ კვებასაც დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

ჯორჯია ღამით ერთმანეთზე შეტყუპებულ ორ საწოლზე იძინებს. სიმსუქნისა და ავადმყოფობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჭარბი რაოდენობით ტკბილეულისა და fast food-ის მიღებაა, ამას დამატებული ისიც, რომ დედა-შვილი გამუდმებით ეწევა. დედის თქმით, გოგონამ მომატება 5 წლისამ დაიწყო, როცა მამამისი გარდაიცვალა 38 წლის ასაკში.

“იმ პერიოდში ჭამა ჩემთვის ერთადერთი სიამოვნება იყო, ეს კომფორტის შეგრძნებას მიქმნიდა. როცა ვჭამდი, უფრო ნაკლებად უბედური ვიყავი.” ამის გამო 10 წლის ასაკში გოგონა 76 კგ-ს იწონიდა. დედამისის ხელმეორედ დაქორწინებამ საქმე არ გამოასწორა – გოგონას მამინაცვალი ასაკში შესული და ავადმყოფი იყო, ამიტომ მასზე მზრუნველობა ისევ დედის პრეროგატივად დარჩა. დღესდღეობით კი ასე იმართლებს თავს: “ყოველთვის ვერ გააკონტროლებ, რას ჭამს შენი შვილი.”

0lrrqvh2bs9u1s43oz
ბანაკიდან წამოსვლისას & ამჟამად

ბანაკში გამგზავრებისას მისი დიეტა შედგებოდა ორაგულისგან, სალათებისგან, წიწილისა და ბიზონის მჭლე ხორცისგან. ამას ემატებოდა სეირნობა, ჩოგბურთის თამაში და ცურვა. შედეგი სახეზე იყო – პირველივე კვირას 10 კგ-მდე “დაიგდო”, 9 თვეში კი 115 კგ-ზე ჩამოვიდა. “ეს საოცარი შეგრძნება იყო, მე ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი. მიხაროდა სარკეში ჩახედვა, ჩემს სახეზე დაკვირვება. მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო.”

ამის შემდეგ 3 თვეში ისევ უნდა მიბრუნებულიყო დამატებით 40 კგ-ის დასაკლებად, მაგრამ სახლში მისვლისას გაიგო, რომ მის მამინაცვალს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ბანაკში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ძირითად დროს ოთახში შეკეტილი ატარებდა და ჭამდა. “ვფიქრობდი, რომ თევზითა და ჩიპსებით არ მოვიმატებდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.” ზაფხულის ბოლოს გოგონამ ისევ მოიმატა 20 კგ-მდე. გასული წლის ოქტომბერში მისმა წონამ გადააჭარბა ბანაკში წასვლამდელ მაჩვენებელს.

აპრილში ის 18-ის ხდება – შედის იმ ასაკში, როცა მისი ტოლები მომავლის დაგეგმვას იწყებენ, მაგრამ ჯორჯიას მომავალზე ფიქრი არ შეუძლია. მისი ერთადერთი სურვილი მომავალთან დაკავშირებით არის გახდომა, უფრო მცირე ზომის ტანისამოსის ჩაცმა და ქუჩაში თავისუფლად, დამოუკიდებლად სიარული.

მსგავსი ამბები

Back to top button