არქივი

კაიროსი

0a3385c8dd37

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში კაიროსს, როგორც შანსის, მომენტის, საჭირო წუთის ღვთაებას, ისე აღიქვამდნენ, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. მისი შემჩნევა რთულია, მაგრამ იდეა, რომ ის იქმნება ყველგან და თითქმის ყოველთვის, ეს უკვე კმარა მოქმედებისათვის. საჭირო მომენტის შემჩნევის, აღქმის, გრძნობის შემთხვევაში ამოძრავებაა მართებული.

კაიროსის იდეა გვხვდება ყველგან, ფილოსოფიაში, რელიგიაში, მწერლობაში, ისტორიაში, პოლიტიკაში და საერთოდაც, ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. მაგალითად მარკუს ავრლიუსი თავის “ფიქრებში” მრავალ ადგილას აღნიშნავს ყოველდღიური მოქმედების აუცილებლობას და მეტიც, არც ერთი წუთი, რომლის გამოყენებაც დადებითად შეიძლება არ უნდა იყოს ხელიდან გაშვებულიო. მათეს სახარებაში ვკითხულობთ ხვალე ხვალისამ იზრუნოსო. ილია ჭავჭავაძე მოგვიწოდებს ყოველდღე საკუთარ თავს ვკითხოთ აბა მე დღეს ვის რა ვარგეო. ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო თითქმის ყველა წიგნში სწორედ ყოველდღიურობის აღქმის და მისი, როგორც კიდევ ერთი შანსისა და სასწაულის გამოყენების საშუალებაზე გვესაუბრება. ისტორიას, რომ გადავავლოთ თვალი გამარჯვებულ ბრძოლათა უმრავლესობა სწორედ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას არის გადახდილი. პოლიტიკაში კი კაიროსის გარეშე არაფერი წყდება, თუმცა მას სხვანაირად რისკსაც უწოდებენ.

თუმცა ადამიანის ცხოვრებაში კაიროსის ვერ/არ გამოყენება იწვევს, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე მისტიურ უარყოფით შედეგს. როდესაც ადამიანი უკან მოიხედავს და ხვდება, რომ მან უამრავი შანსი, უამრავი მომენტი ვერ გამოიყენა, აპათეა და სასოწარკვეთა ეუფლება, შესაბამისად ქვეითდება და მცირდება პოტენცია, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ისე ქრება იმედიც. ამ დროს მატულობს სუიციდის ფაქტებიც, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც წარსულსა და მოგონებებში იწყებენ ცხოვრებას, ამბობენ ნეტავ ასე და ასე მექნა მაშინო და თხზავენ ალტერნატიულ სცენარებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე წმინდა ფსიქოლოგიური შედეგის გარდა დგება მისტიური შედეგიც, ადამიანის მუდმივი თანმდევი ხდება უიღბლობა, აღარ იქმნება მომენტები, შანსები, გადამწყვეტი წამები და საერთოდაც, ჩნდება ერთფეროვანი გარემო, რომელიც მუდმივად უარყოფითად არის დამუხტული და შეცვლის შეუძლებლობით არის მოცული. რა თქმა უნდა ამის შეცვლა შეიძლება, ადამიანის მიერ ხელოვნურად (შესაძლოა ბუნებრივიც) შექმნილი ან მოძიებული რამდენიმე ბარიების გადალახვის შემდეგ, რაც გააჩენს მოქმედების იდეას, ამ უკანასკნელის დაკავშირება გაყინულ უმოქმედობიდან გამოსვლასთან კი ნამდვილად შეიძლება. თუმცა, მერწმუნეთ, დიდი ნებისყოფაა საჭირო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ჭეშმარიტად, არ არის საჭირო, არასდროს თავი აქამდე მიიყვანოთ, არის შანსი, არის მომენტი?! მოქმედებაა საჭირო, არავინ იცის რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. გიყვარს?! უთხარი! ამბის თხრობა გინდა?! მოყევი! სწავლა გინდა?! ისწავლე! ტირილი გინდა?! იტირე! ლოცვა გინდა?! ილოცე! სანგრის თხრა გინდა?! გათხარე! შეცვლა გინდა?! შეიცვალე! აკეთე საქმე სანამ დრო გაქვს, რადგან ეს სწორედ შენი შანსია. და ასეც რომ არ იყოს: ხვალინდელი ბედნიერება დღევანდელის შედეგია!

წყარო: http://geword.files.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button