საკითხავისაქართველო

იყიდება სამშობლო

ვყიდი საქართველოს თავის მთით და ბარით, ზღვით და მდინარეებით… ვყიდი ჰაერს და მიწისქვეშეთს. ხეს, ბუჩქს და ქვას.რაც დადის რაც დაფრინავს და რაც დაცურავს. ვერ მოვუარე, ვერ ვუპატრონე, იქნებ თქვენ მიხედოთ, თქვენ მოიხმაროთ. ჩამოსახლდეთ ჩემს ქვეყანაში, შვილებთან და ნათესავებთან ერთად, ყველას გეყოფათ აქაურობა…

ვყიდი ქართველობას, ვყიდი ტრადიციებს… ისტორიასაც მოგყიდი თუ გადაიხდი ფულს. ჩემს საამაყო გმირებსაც დაგითმობ იაფად ოღონდ შენ ფული მომეცი. დავითი, თამარი, შოთა რუსთაველი… რომელიც გინდა აირჩიე და შენი იყოს. მე სხვა ქვეყნების გმირები უფრო მომწონს მაინც, ჩემთვის იდეალები უკვე შეიცვალა… დიდ თამარს უკვე მარიამ სტიუარტი მირჩევნია, დავითს კი ლუდოვიკო…
მწერლები და პოეტები თუ გინდა ბლომად მყავს, გალაკტიონი, ილია, აკაკი… ყველას ვყიდი, ყველას შეველევი… მე უკვე პაოლო კოელიოს შემოქმედებას ვკითხულობ და არ მინდა ქართული მწერლობა.

ბევრი რამე შემიძლია შემოგთავაზო… არქიტექტურული ძეგლები მაქვს უამრავი, შენ ფულის გადახდა არ დაგენანოს და მერე შენი დაარქვი… ვყიდი სვეტიცხოველს და ვყიდი გელათს, ვყიდი ვარძიას და ვყიდი ბაგრატის ტაძარს… ჩემზე არ ინერვიულო, მე ეიფელის კოშკის სანახავად წავალ აღებული ფულით და ნიუ–იორკის ცათამბჯენების ცქერით დავტკბები…

ქართულ ფოლკლორს მოგყიდი, ულამაზეს ეროვნულ ცეკვებს და სიმღერებს… ვიცი შენ ვერ იცეკვებ ისე როგორც მე, მაგრამ არაუშავს მე ვიმღერებ, მე ვიცეკვებ და შენი ერქვას, ვერავინ გაიგებს…

ჩემს ულამაზეს ქალაქებს და სოფლებს დაგითმობ, ფასზე არ იდარდო შევთანხმდებით… მე მაინც თბილისს დიდი ხანია პარიზი და ლონდონი ვამჯობინე…

ქართველი ხალხიც შემიძლია გავყიდო დიდიან პატარიანად… ქართული ენაც, დამწერლობაც, ტრადიციებიც, მხატვრობაც, კულტურაც… რაშიც ფასს გადაიხდით უცხოელებო, ყველაფერი თქვენი იყოს, ყველაფერს თქვენი სახელი დაარქვით…

ღმერთი მინდა გავყიდო, ძვირს არ დავაფასებ… თუმცა ახლა გამახსენდა, მე ხომ პირველად ღმერთი გავყიდე, იმიტომ ვყიდი ახლა ყველაფერს… ჩემთვის არაფერია ღირებული ფულის გარდა. თუ ფული მექნება სხვაგანაც მშვენივრად შემიძლია ვიპოვო სამშობლო. რასაც უკვე დიდი ხანია ვაკეთებ ისედაც. უფალსაც, სამშობლოსაც,წარსულსაც, წინაპრებსაც, სამეგობროსაც, სანათესაოსაც, ნაცნობ–უცნობსაც, ყველას ვყიდი, ყველას ვცვლი. თუ რამეში ფულის გადახდა დაგენანებათ გაჩუქებთ. მთავარია მე ვიყო კარგად, არ მშიოდეს, არ მწყუროდეს და ფული მქონდეს. ღმერთიც, სამშობლოც და ქართველი ერიც ჩემში ფულმა ჩაანაცვლა და ისაა ახლა ჩემი უფალი…

იყიდეთ, ყველაფერი იყიდეთ… ყველაფერს ვყიდი და მეც ვიყიდები….

წყარო : sando.ge ავტორი: გიორგი ვიბლიანი

თეგები

Gio_rock

Fuck This Life....

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close