გმირები ღიმილით კვდებიან
ამჯერად სწორედ ის ეპოქა მინდა გაგახსენოთ, როცა ურთიერთ ქიშპობით და შუღლით ქართველებმა ქვეყნის ერთიანობას ბოლო საკუთარი ხელით მოუღეს და ერთიანი საქართველო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დააქუცმაცეს.
თითქმის საუკუნე გასულიყო მას შემდეგ, რაც სულკურთხეულმა ქართველთა მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლთაგან განაწამები საქართველოს ძველი დიდება აღადგინა და ქვეყნის საზღვრები ისევ გადაჭიმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მისი აღსრულების შემდეგ ყველა საჭეთმპყრობლის ერთადერთი საზრუნავი განმძლავრებული ფეოდალებისთვის ლაგამის ამოდება იყო, რომლებსაც საკუთარ მამულში თავი მეფედაც მიაჩნდათ და იმპერატორადაც. იმის მაგივრად, რომ მთელი ძალები შემოსეული მტრის წინააღმდეგ მიემართათ, ურჩი თავადები მეფისა და ერთმანეთის მორევით იყვნენ გართულნი და ვერ აცნობიერებდნენ, რომ ამ უგუნურებით მამულს ასუსტებდნენ.
1446 წელს საქართველოს ჯერ ისევ ერთიან ტახტზე ავიდა გიორგი VIII.
(გიორგი VIII)
გვირგვინი არ ჰქონდა წესიერად დადგმული, რომ სამცხეში ატყდა შინაომი ათაბაგის ტიტულისთვის. იმარჯვა ყვარყვარე ათაბაგმა, ღვიძლი ბიძა გაანადგურა და სამცხე ხელში ჩაიგდო.
(ყვარყვარე ათაბაგი)
სისხლიანი გარჩევებისგან ცოტა რომ მოიშუშა ჭრილობები, ახალი ინტრიგების გზას დადგა ყვარყვარე ათაბაგი. საეკლესიო საქმეებშიც მოიწადინა ხელის ფათური – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაუწყო ურჩობა და განდგომა. სამცხის ეპისკოპოსები, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეებისა, მცხეთაში, პატრიარქისგან იღებდნენ კურთხევას და ხელდასხმას. ყვარყვარემ ამ წესის შეცვლა მოიწადინა და გამოაცხადა, რომ ყველა სამღვდელო და საეპისკოპოსო კანდიდატს კურთხევა მაწყვერელისგან უნდა აეღო აწყურში. რა იყო ეს, თუ არა ერთიანი ქართული ეკლესიის წიაღიდან განდგომის მცდელობა და დიდი ღალატი საქართველოსი? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მესამემ ყვარყვარე და განდგომილი საეკლესიო მოწესენი შეაჩვენა და მღვდელმსახურება აუკრძალა. სამცხის სამღვდელოებამ შერიგების გზების ძიება დაიწყო. პატრიარქმა ყველას ფიცი დაადებინა ერთიანი საქართველოსა და სამეფო ტახტის ერთგულებაზე. ყვარყვარემ ამჯერად უკან დაიხია, მაგრამ გულში კიდევ უფრო ჩაიხვია ბოღმა და შური. მის მაგალითს კი სხვა კუთხეებიც აყვნენ. გიორგი მეფემ, როგორც იქნა, იმჟამად ჩააცხრო გაზულუქებულ ფეოდალთა ვნებანი და ერთიანობა შეინარჩუნა.
შინაომებითა და ქიშპობით ხელდარეულ ფეოდალებს საქართველოს საზღვრებზე ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა გამოეპარათ. ერთმორწმუნე ბიზანტიას და მის დედაქალაქ კონსტანტინეპოლს, თურქთა 200-ათასიანი არმია მიადგა დასაპყრობად. ბიზანტიის ტახტზე იჯდა კონსტანტინე დრაგასი (რომელიც, სხვათა შორის, ქართველთა სასიძო იყო – გიორგი მეფის ასულზე გახლდათ დანიშნული). მამაცურად შეება ბიზანტიის იმპერატორი მომხდურებს. თითქმის ორი თვე კონსტანტინეპოლის დამცველნი იგერიებდნენ ოსმანთა განუწყვეტელ იერიშებს. ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოების მესვეურნი მდუმარედ შეჰყურებდნენ ბიზანტიელთა განწირულ ბრძოლას და თითს არ ატოკებდნენ მისაშველებლად. გულგრილ ევროპას საკუთარი საზღვრების იქით ნაკლებად აინტერესებდა სხვისი გასაჭირი. თუმცა რაღა სხვისი, როცა ვერ ხვდებოდნენ, რომ თუ დაეცემოდა კონსტანტინეპოლი, მართლმადიდებლური ბიზანტიის უზარმაზარ ტერიტორიებს მუსლიმანური ოსმალეთი დაიკავებდა და ოდესმე ევროპის სამანებსაც მიადგებოდნენ თურქნი. ყველაზე მეტად ბიზანტიელთა გამარჯვება ქართველებს აძლევდათ ხელს. აკი, ეს თავის დროზე შეგნებული ჰქონდათ დიდ ქართველ მეფეებს და საჭიროების შემთხვევაში ლაშქრით მიეშურებოდნენ ერთმორწმუნე ქვეყნის საშველად. ამჯერად ვერ განჭვრიტეს, ვერ გაიაზრეს საუკუნო საფრთხე ქართველებმა. ან იქნებ მიხვდნენ კიდეც, მაგრამ ერთმანეთის დაჭმით გართულებმა ვერ მოიცალეს ბიზანტიისთვის. ვერ მოიცალეს და მოუცლელობა საზარელ ბედისწერად ექცათ. 1453 წლის 29 მაისს ქრისტიანული სამყაროსგან მიტოვებული ბიზანტია დამარცხდა. თურქებმა კონსტანტინეპოლი აიღეს, სახელი გაუთურქულეს და ისტანბული დაარქვეს. აია-სოფიას ტაძრის გუმბათზე ჯვრის ნაცვლად ნახევარმთვარე აღიმართა…
გვიან გამოფხიზლდა ევროპაც და საქართველოც. სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ, როცა აღარაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. ქართულ საზღვრებთან მტკიცედ ჩაჯდა თურქეთი და მას შემდეგ აღარც მოუშლია დამპყრობლური ხელის ფათური ივერიის მიწაზე.
ისევ წამოყო თავი ყვარყვარე ათაბაგმა. ირანის შაჰი უზუნ-ჰასანი მოიშველია და 1462 წელს გიორგი მეფეს დაეტაკა. დამარცხდა ერთიანი საქართველოს მეფე… ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოსი…((
ყვარყვარეს კვალს იმერელი ფეოდალი ბაგრატი მიჰყვა და ქუთაისში იმერეთის ცალკე სამეფო ტახტის დადგმა მოიწადინა. ყვარყვარესთან ბრძოლით დასუსტებულმა გიორგი მეფემ, რაც ლაშქარი გააჩნდა, შემოიყარა და დასავლეთისკენ გაეშურა ბაგრატის ასალაგმავად. 1463 წელს ჩიხორთან გამართულ ძმათამკვლელ ომში ბაგრატმა გაიმარჯვა და მეფე იმერეთიდან გამოაძევა. სიმწრით გულადუღებული გიორგი მეფე ისევ ყვარყვარეს წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა და ბანაკი ფარავანთან დასცა. სწორედ ფარავნის ბანაკში მოხდა შემთხვევა, რომელიც იმ წლების ნათელ წერტილად იქცა, როგორც მაგალითი მეფისადმი ერთგულებისა და ქვეყნისთვის თავგანწირვისა.
გიორგი მეფის ბრძოლა ერთიანი საქართველოს შესანარჩუნებლად არა მარტო ქართველ ფეოდალებს უძმარავდა გულს, არამედ საქართველოს მოსისხლე სპარსეთს და ოსმალეთსაც, რამეთუ კარგად უწყოდნენ, რომ სამოთხისდარი გურჯისტანის დამორჩილება მისი ერთიანობის პირობებში შეუძლებელი იყო. ამიტომ «გათიშე და იბატონეს» მზაკვრული ხერხი ჰქონდათ მომარჯვებული და მეფის მომტერე ფეოდალთა შორის მრავლად პოულობდნენ მოღალატეს. გიორგი მეფის მოსაშორებლად ოსმალეთის სულთანმა ნაცად ხერხს მიმართა და მისი გარემოცვის წევრები მოისყიდა, რომელთაც კარავში უნდა მოეკლათ მძინარე მეფე. შეთქმულების შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყო მეფის ერთგულმა კარისკაცმა იოთამ ზევდგინიძემ.
(წმ.იოთამ ზევდგინიძე)
წამსვე ეახლა მეფეს და ყოველივე მოახსენა. გიორგიმ არ დაიჯერა გარემოცვის მუხანათობა და არც ფარავნის ბანაკი აშალა. ბევრს ეცადა იოთამ ზევდგინიძე, მაგრამ ამაოდ, მეფეს გადაწყვეტილება ვეღარ შეაცვლევინა. მაშინ დაუჩოქა კარისკაცმა თავის პატრონს და სთხოვა: – მომეცი ნება, ამაღამ შენს სარეცელზე დავწვეო. ერთხანს უარზე იყო გიორგი, მერე გაიღიმა და დათანხმდა. ის კი უთხრა, – გაძლიერებულ დაცვას მოგიჩენ ამაღამო…
ჩამოწვა სიბნელე ფარავნის ბანაკში. მშვიდ ძილს მისცემია მეფის მხედრობა. მხოლოდ გუშაგების ჩუმი სტვენა არღვევს ღამეულ სიჩუმეს დროდადრო. მშვიდად სძინავს სხვა კარავში იდუმლად გადაბარგებულ მეფე გიორგის, საკუთარი გარემოცვის ერთგულებაში დარწმუნებულს. არ სძინავს მხოლოდ იოთამ ზევდგინიძეს, მეფის სარეცელზე მიწოლილს, საკუთარი ნებით სიკვდილის მომლოდინეს. ეგებ მართალიც იყო მეფე? ეგებ ნამდვილად ერთგული გარემოცვა ჰყავს და ამბავი შეთქმულების შესახებ მხოლოდ მონაჭორია?.. მაშ, რად ვერ ისვენებს იოთამი, რად არ ეკარება რული…
წევს კაცი, ერთი უბრალო მოკვდავი და ელოდება სიკვდილს. რა შინაგანი სიმტკიცე, როგორი ნებისყოფა და ვაჟკაცობა უნდა გაგაჩნდეს, რომ ნებით წახვიდე სიკვდილის შესახვედრად სხვის ნაცვლად. თუმცა, რატომ სხვისი, ის ხომ ერთიანი (ჯერაც ერთიანი!) საქართველოს მეფის სიცოცხლეს იცავს, რადგან სწამს, რომ გიორგის ბრძოლა განუყოფელი სამეფოსთვის სამართლიანია და აუცილებელი. ამიტომაც დაენაცვლა მეფეს და წევს, ელოდება სიკვდილს სამშობლოზე მოფიქრალი…
ირიჟრაჟა. მამლის ყივილზე გამოეღვიძა გიორგი მეფეს. იოთამ ზევდგინიძე გაახსენდა. მხოლოდ მან და იოთამმა იცოდნენ, რომ იმ ღამეს მეფე სხვის კარავში იწვა იდუმლად. წავა, შეაღვიძებს ერთგულ კარისკაცს და დაარწმუნებს, რომ ყველა მისებრ უღალატო ჰყავს გარემოცვაში. სულთნის ოქროს და მზაკვრობას მთლად კი არ ჩაურეცხავს ნამუსი და კაცობა საქართველოში…
სამეფო კარვის კალთა ასწია მეფემ. შეაბიჯა მოფარდაგულ სამყოფელში. სასანთლესთან მივიდა ხელის ცეცებით, კელაპტარი აანთო და სარეცლისკენ შემობრუნდა…
მეფის საწოლზე სისხლში ცურავდა იოთამ ზევდგინიძე…
კარგა ხანს ნაბიჯიც ვერ დაძრა გიორგიმ, თვალწინ გაურბინა მთელმა ცხოვრებამ და როცა გამოერკვა, მაშინღა გაიაზრა გონებამ, რომ სამეფო სარეცელზე მის მაგივრად სხვა კაცი იწვა და სიკვდილს ებრძოდა. მისი ნაცვალი, მისი წილი სიკვდილის უდრტვინველად მიმღები…
დაიჩოქა მეფემ საკუთარ საწოლთან. ნატანჯ სახეზე გადაუსვა ათრთოლებული ხელი იოთამ ზევდგინიძეს. ყელთან ოდნავ, ძლივს შესამჩნევად ფეთქავდა ძარღვი მინავლებული სიცოცხლისა. როგორც იქნა, დაძრა ყელში მომდგარი სიტყვა: – იოთამ!..
დახუჭული თვალები შეერხა მომაკვდავს, ერთხანს ეწვალა და ებრძოლა ტყვიასავით დამძიმებულ ქუთუთოებს. მერე გაახილა თვალი და მეფეს შეავლო დანისლული მზერა. ერთხანს უცქირა მდუმარედ. ვერც მოკუმული ბაგენი გახსნა სულთმობრძავმა, ვერც სიტყვის დაძვრა მოახერხა. მხოლოდ გასისხლიანებული მარჯვენა მიიტანა როგორც იქნა, მეფის ხელთან, სუსტად მოუჭირა და გაუღიმა გიორგის…
მერე ისევ დახუჭა თვალები და… გათავდა იოთამ ზევდგინიძე…
ალბათ იმ ღიმილში ჩააქსოვა მამულის სიყვარული და ერის ჭირისუფლობის განცდა თავშეწირულმა…
მცველთა თავი შევიდა სამეფო კარავში და გახევდა ზღურბლზე – სარეცელთან დამხობილიყო გიორგი მეფე და უხმო ცრემლით დასტიროდა ერთგულ კარისკაცს…
მთელი ბანაკი შეძრა იოთამ ზევდგინიძის თავგანწირვამ. გიორგი მეფემ სასტიკი გამოძიება დაიწყო. მკვლელები იქვე ბანაკში აღმოაჩინა და მაშინათვე ამოწყვიტა. მაგრამ, ვაი, რომ ერთიანი საქართველოს განუყოფლობა უკანმოუხედავად მიექანებოდა უფსკრულისკენ. ძალზე მცირენი იყვნენ იოთამისთანა მამულიშვილნი. საქართველო ჩათრეული ჰყავდა ძმათა შორის გაუტანლობას და ურთიერთმტრობას. ამდენი ღალატით გულგატეხილ მეფე გიორგის აღარ ჰყოფნიდა ძალა შინაგამცემთა დასათრგუნავად და ერთიანობის შესანარჩუნებლად. სასოწარკვეთილს მოულოდნელად ყვარყვარე ათაბაგმა უყელა, ფარავნის ბანაკს დაეცა და მეფე ტყვედ იგდო. მაშინვე ბაგრატი გადმოვიდა იმერეთიდან და ქართლის ტახტი მიიტაცა. მიხვდა ყვარყვარე ათაბაგი, რომ მისი ჯერიც დადგებოდა და გიორგი მეფე ტყვეობიდან გამოუშვა. გვიან იყო თურმე ყველაფერი. გიორგის აღარავინ მიემხრო და სხვა რომ არაფერი დარჩენოდა, კახეთს წავიდა ერთიანი საქართველოს უიღბლო ხელისუფალი…((
1466 წელი… ქართლსა და იმერეთში მეფობს ბაგრატი, კახეთში – გიორგი მერვე, სამცხე ყვარყვარე ათაბაგის ხელშია და ისევ განკერძოებული…
დაშლილია ერთიანი საქართველო…((
P.S. ჩვენისთანა პატარა ერისთვის ერთიანობას და ერთსულოვნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მუდამ. ზოგს ესმოდა ეს ურყევი ჭეშმარიტება, ზოგს – არა. რადგან არ ესმოდათ,”პირადი სიმართლის მქონენი უმიზნოდ ადენდნენ სისხლს საქართველოს. სწორედ ამიტომაც შემოგვეხარჯა ხელში მამული…
დღესაც მეორდება ყოველივე. ისევ გაუტანლობა, ისევ ქიშპი და ბოღმა…
როდემდე…? ამ ქვეყანაში ყველას თავისი სიმართლე აქვს და ამ სიმართლის მტკიცებისას არანაკლებ მზაკვრული ხერხები და მეთოდები, ვიდრე ჩვენს გარეშე მტერს.
ვჭამთ და ვექიშპებით ერთმანეთს, როგორც გააფთრებული მებრძოლნი ბევის ხიდზე, დათმობა არ გვიყვარს და გონს მხოლოდ მაშინ მოვდივართ, როცა იმ ხიდიდან გადავცვივდებით ხოლმე წყალში. თუმცა მერე ყველაფერი გვიანია ხოლმე((..
ვერც ჩვენი მატიანე გვასწავლის რაიმეს, რადგან მისი გადაფურცვლა ზედმეტად მიგვაჩნია. არადა, თუ არ იცი შენი ქვეყნის წარსული, როგორ უნდა ააშენო მისი მომავალი?!.
გმირობაც უკუღმა გვესმის. ასე რომ არ იყოს, საკუთარი ხალხის დამრბევებს არ შევრაცხავდით გმირებად და არც ერთი კლიპის გადაღებისთვის ჩამოვკიდებდით წმინდა მეფის ორდენებს წამიერად კადრში მოხვედრილ «ვარსკვლავებს». გმირობის მაგალითები ჩვენს ისტორიაშია, რომლის გადაშლაც არავის უნდა. რად გადაშლიან? ჩვენ ხომ ყოველდღე ახალ ისტორიას ვქმნით – «პირველად საქართველოში»(?!)…
და რაღატომ გვიკვირს, რომ საკუთარი ისტორიის უარმყოფლებს სხვები გვიწერენ მატიანეს. გვიწერენ წართმეული მიწებით, უბრალო ქართველების სისხლით და მათი დაქცეული და ფერფლად ქცეული სახლ-კარით…
ეს არის ჩვენი უკუღმა გაგებული გმირობის მწარე საზღაური…
ნამდვილი გმირები კი იოთამ ზევდგინიძესავით ღიმილით კვდებიან მამულის სადარაჯოზე!
წყარო:kvirispalitra.ge