გასართობისაკითხავისასარგებლო

შუა საუკუნეების დადებითი მხარე

რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შუა საუკუნეების ეპოქა დღევანდელს სჯობდა.


დაბალი გადასახადები. შუა საუკუნეების ევროპაში, მაგალითად ინგლისში, გადასახადი დამოკიდებული იყო სოციალურ მდგომარეობასა (მაგალითად იმაზე, რა ზომის მიწას ფლობდა ადამიანი) და მეფის ნებაზე. თუმცა იშვიათად ადიოდა 15%-ზე, უმეტესად 10%-ის ფარგლებში იყო. ხოლო დღევანდელობაში ბევრი ადამიანი შემოსავლის დაახლოებით მესამედს უხდის სახელმწიფოს. ეს გადასახადები ხმარდებოდა სამხედრო საქმესა და სამეფო ოჯახს. გადასახადების რაოდენობა ომის პერიოდშიც კი არ იზრდებოდა.


ცხოვრების სტილი. მაშინდელ დროში რამდენიმე კლასი არსებობდა, თუმცა რომელშიც გინდა ყოფილიყავით, უფრო ჯანმრთელი და მარტივი ცხოვრება გექნებოდათ. არისტოკრატს საერთოდ არ უწევდა შრომა, მთელი დღეები განცხრომაში იყო. დაქირავებული ადამიანი კი ზაფხულობით მუშაობდა, სამაგიეროდ ზამთარში ტკბებოდა ნაშრომით. მხოლოდ გადასახადის დაფარვა იყო საჭირო, რაც ძირითადად ხორბლით ხდებოდა. გლეხი რასაც უნდოდა, იმას უზამდა მიწას, მიწის პატრონი კი გადასახადის მიღების შემდგომ აძლევდა დაცვის გარანტიას. ყოფილა შემთხვევები, რომ ასეთი გლეხები მიწის დამუშავებით გამდიდრებულან.


დანაშაული. შუა საუკუნეებში უხეშად 5 სერიული მკვლელია დაფიქსირებული, ფართო საზოგადოება კი ძირითადად სამს იცნობს: ელიზაბეტ ბეტორი, გილს დე რაისი და შონი ბინი. ამასთან, ისტორიკოსების მიერ ხშირად დამდგარა ეჭვქვეშ საკითხი, მართლა იყვნენ ისინი სერიული მკვლელები თუ პოლიტიკური ნიშნით მოსცხეს ჩირქი მათ სახელს. თანამედროვეობაში კი, მაგალითად მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ათობით სერიული მკვლელის გახსენება შეიძლება. შუა საუკუნეებში მკვლელობები ცოტა ნამდვილად არ იყო, მაგრამ სტატისტიკურად, ერთი ადამიანის მოკვლის ალბათობა უფრო დაბალი იყო. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მაშინ დასჯის უფრო მკაცრი ხერხები იყო, ასევე სახელის გატეხაც უფრო მეტად ეთაკილებოდათ.


ფული. ძველ დროში ფული ფულს ნიშნავდა და ოქრო ოქროს. მას შემდეგ რაც მთავრობამ დაიწყო ფულის ბეჭდვა და ასე თუ ისე, მარტივი საქმე გახდა, გაუჩნდათ შესაძლებლობა ვალუტის კურსის ხელოვნური ცვლისა, ვალუტის შეცვლა/ჩანაცვლებისა და ა.შ. ფასები საკვებზე შედარებით მყარი და უცვლელი იყო (გამონაკლისია შიმშილობის პერიოდები). შემდგომში კი ეკონომიკა, რომელიც ეფუძნებოდა პროდუქციას, შეიცვალა ეკონომიკით, რომელიც ეფუძნებოდა მთავრობის ხელში არსებული ოქროს რაოდენობას. სისტემის შეცვლამ თანდათანობით გამოიწვია სოფლებში მოსახლეობის შემცირება და შესაბამისად, ქალაქში გაზრდა. შუა საუკუნეებში ინგლისში საშუალო ხელფასი იყო დღეში 6 პენი, რაც დღევანდელი კურსით 130 ფუნტ სტერლინგს უდრის. დღეს კი საშუალო ხელფასი ინგლისში დღეში 96 ფუნტია.


სამუშაო. შუა საუკუნეებში არ იყო დაუსაქმებლობის ის პრობლემები, რასაც დღეს ხშირად ვეჩეხებით. თუკი იქნებოდი დაქირავებული (ყმა), გექნებოდა მიწა დასამუშავებლად. თუკი იქნებოდი საშუალო კლასში, გექნებოდა მაღაზია (დუქანი) ან ვინმეს მოემსახურებოდი. მაღალი კლასის ძირითადი საქმიანობა კი გართობა და ნადირობა იყო. ბევრ ქალაქში შენდებოდა მაღალი ტაძრები, რაშიც მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას. ხოლო ისინი, ვისაც მუშაობა არ შეეძლო რაიმე დეფექტის გამო, ბერებსა და მონაზვნებს მიჰყავდათ თავისთან და უვლიდნენ, ან კიდევ საკუთარი ოჯახი ინახავდა, თუკი რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჰქონდათ.


ხელოვნება. არც ისე ცოტაა ისეთი, ვისაც თანამედროვე ხელოვნება მოსწონს, თუმცა უმეტესობა მაინც სკეპტიკური დამოკიდებულებისაა. შუა საუკუნეებში ბევრ ადამიანს ჰქონდა საშუალება, ხელოვნების კარგი ნიმუში ჰქონოდა სახლში, მაგალითად ნახატი ან ქანდაკება. გავრცელებული იყო გობელენების ხელოვნებაც, რადგან ბევრისთვის იყო თავის რჩენის საშუალება. თუმცა ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა, შეეძლო ყოველდღე დამტკბარიყო მდიდარი ადამიანების სამოსელის ცქერით, რომლებიც ხშირად ოქროს ძაფით იყო შეკერილი და ძვირფასი თვლები ჰქონდა მიბნეული. ასევე საუცხოო ნამუშევარი იყო სასულიერო პირების ტანისამოსი, რომლითაც წირვისას იმოსებოდნენ.


რაინდები. ალბათ იშვიათად თუ იკამათებს ვინმე იმაზე, რომ შუა საუკუნეების ერთ-ერთი ხიბლი რაინდების ეპოქა იყო. ადამიანები, რომლებიც ომებში იხვეჭდნენ სახელს და ვაჟკაცობის სინონიმები ხდებოდნენ, დადიოდნენ აბჯარასხმულნი გაწვრთნილ ცხენებზე. თუმცა ისინი ომში წასვლაზე უფრო მეტ დროს უთმობდნენ სპეციალურ ტურნირებს, რომლებიც საკმაოდ სახიფათო იყო. ვისაც რაინდობა სურდა, მას ბავშვობიდანვე წვრთნიდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში, აძლევდნენ კარგ ფიზიკურ მომზადებას და 16-20 წლის ასაკში უკვე რაინდები ხდებოდნენ.


საკვები. არანაირი გენმოდიფიცირებული და ქიმიკატებით გაძეძგილი საკვები. ხილი, ბოსტნეული და ზოგადად მცენარეულობა იზრდებოდა ჯანსაღ გარემოში, ბუნებრივ პირობებში. მათ ჰქონდათ თავისი ბუნებრივი არომატი, გემო და სასარგებლო თვისებები, რაც დღეს მაღაზიაში გამოფენილებს აშკარად აკლიათ. პოპულარული შეხედულებისგან განსხვავებით, შუა საუკუნეებში ხალხი საკმაოდ კარგად იკვებებოდა. BBC-ის ცნობით, საშუალო გლეხი დღეში მიირთმევდა ორ პურს, 8 უნცია (300 გრამამდე) თევზს ან ხორცს. ამას დამატებული დიდი ოდენობით ბოსტნეული, მათ შორის ლობიო, თალგამი და ძირთეთრა. ასევე 1.5 ლიტრი ლუდი. კვების ასეთი რეჟიმი დღეში 3500-4000 კალორიას უდრის, დღევანდელობაში კი საშუალო მაჩვენებელი 2700-ია.

დასასრული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close