არქივი

როგორ მოხვდნენ მეგრელები ნაპოლეონის არმიაში?

93f3baf3cdaa
სისხლი თავისას შვრება – ამ ნახატის ფოტორეპროდუქციას 100 წელს მიღწეული ქალბატონი ისე ინახავდა, არც კი იცოდა, რა ამბავს მოუყვებოდა მასზე დარჩენილი წარსული. სისხლი ეძახდა და ინახავდა.

წლებს მიჰქონდა ტკივილიცა და სიხარულიც, ფერმკრთალდებოდა და იცვითებოდა ამ ქალბატონის ახლობლების ფოტოები, მაგრამ ეს სურათი ალბომიდან ალბომში ჯიუტად გადაჰქონდა. ქმარმა დაუტოვა – ჩემ შემდეგ შენ გაუფრთხილდიო… არც ის იცოდა, ქმარს საიდან ჰქონდა. მერე იფიქრა, როცა თავად აღარ იქნებოდა, სურათს ვერავინ მოუფრთხილდებოდა და ჩვენ გადმოგვცა, – თქვენზე უკეთესს ვის მივცემ, ამის ფასი გეცოდინებათო. ჩვენ მას მეცნიერებს გადავცემთ და ისინი შეუნახავენ შთამომავლობას. მანამდე იმას მოგიყვებით, რაც ამ ფოტორეპროდუქციაზეა გადმოცემული. მასზე ის ქართველები არიან, რომელთა სისხლი, როგორც ჩვენს ბედისწერას სჩვევია, გადაკარგულში, ბოროდინოს ველზე, ორი დიდი იმპერიის ომში იღვრებოდა – საფრანგეთისა და რუსეთის. ეს 1812 წელს მოხდა. ვინ იცის, სხვის ომში მიღებული რამდენი ჭრილობა ჰქონდათ ნატანჯ სხეულზე. მერე ეს ნახატი რუსეთის იმპერიამ გამოსცა ღია ბარათად წარწერით – “მეგრელები ბოროდინოს ომში”. რუსეთისთვის ისინი მეგრელები იყვნენ – ასე გვყოფდა (და გვყოფს – მეგრელებად, გურულებად, სვანებად…), ჩვენთვის კი ჩვენი სისხლი და ხორცია და ბედისწერის უკუღმართობის ძახილი. თუმცა საამაყოც არის. აბა, დახედეთ, რა სიმამაცე აღბეჭდვიათ კუშტ სახეებზე, ასხლეტილ ტანზე იარაღი როგორ უხდებათ. ეს ჩვენ ვართ, ასეთნი ვიყავით და ასეთნი ვიქნებით… ის კი გაუგებარია, რუსეთის იმპერიამ ეს ღია ბარათი რატომ გამოსცა, ვის რა ხელს აძლევდა. მასზე ხომ საფრანგეთისთვის მებრძოლი ქართველები არიან გამოსახულნი, ფრანგული დროშისფერებიანი ორდენებით – იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტეს ჯარისკაცები! მაგრამ მის გამომცემელს რუსეთის ინტერესებზე მეტად ალბათ, შემოსავალი აინტერესებდა. მისი რა საქმე იყო, ეს ქართველები ვის მხარეზე იბრძოდნენ, მთავარია, ფოტო კარგად გაიყიდებოდა. – ვინ არ იყიდდა. ღმერთმა აცხონოს, მან ამ ღია ბარათით ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა.

როგორ უნდა მოხვედრილიყვნენ სამეგრელოდან გადახვეწილი ვაჟკაცები ფრანგი იმპერატორის არმიაში? იქიდან, საიდანაც ქართველს ბედისწერა მიაქანებდა – ეგვიპტიდან. ისევ ჩვენიანები ყიდდნენ რჩეულ ქართველ ჭაბუკებს მამლუქებად. ნაპოლეონმა კი 1798 წელს აიღო ეგვიპტე და პირველად ნახა მამლუქების თავგანწირული ბრძოლა. შემდეგ კი, როცა ბრძოლის ველზე მამლუქებისგან აჩეხილი ფრანგი ჯარისკაცები დაკრძალა, სარდლებს უბრძანა, – რადაც უნდა დაგიჯდეთ, მამლუქები გადმოიბირეთო. მაშინ ეგვიპტის სულთნები გასაჟლეტად იყვნენ შესეული ქართველებს – მათი ეშინოდათ. ამიტომაც გამჭრიახმა იმპერატორმა 500 მამლუქის გულის მოგება მოახერხა. ფრანგები დღესაც დიდი მოწიწებით წერენ ვინმე ქართველ რუსტამზე, რომელიც ეგვიპტიდან გაჰყვა ნაპოლეონს და იმპერატორი სამუდამოდ დაივალა – შეთქმულთაგან სიკვდილს გადაარჩინა. დაივალა კაცი, რომლისგანაც თავად საფრანგეთი დარჩა დავალებული. დიდი იმპერატორის დაკრძალვის დღეს კი ფრანგებს შორის მისი მამლუქი მცველი, რუსტამი იდგა. ჭარმაგობაში შესული ქართველის გარეგნობა თვალს იტაცებდა – ყველა უყურებდა. არავინ იცის, იყვნენ თუ არა ამ ფოტორეპროდუქციაზე ასახული ჯარისკაცები იმ დღეს პროცესიაზე, მათი სახელებიც წლებმა წაიღო, მაგრამ თუ მანამდე ცოცხლად მიაღწიეს, მუხლს უეჭველად მოუყრიდნენ მამაც იმპერატორს – ქართველები ქედს მხოლოდ სიმამაცის წინაშე ვიხრით.

წყარო: kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button