არქივი

ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?

fdb431514532

ძველი ბერძნები ლამაზ ქალს ცხენს ადარებდნენ. აღმოსავლეთის ქვეყნებში სილამაზის ნიშნად ითვლებოდა პატარა, დეფორმირებული ტერფები .ძველი ეგვიპტელი ქალები კი ცდილობდნენ წერწეტა, მოქნილი პაპირუსის ღეროს დამსგავსებოდნენ. მაგრამ სილამაზის აღწერის პირველ ცდას, ალბათ, ბიბლიში შევხვდებით. მეფე სოლომონი სატრფოს თვალებს, თმებს, კბილებს, თეძოებს და ფეხებს ასხამს ხოტბას. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სილამაზის აღქმა არ გულისხმობს აბსოლუტურ, სამუდამო იდეალს, არამედ ისევე ექვემდებარება დროის გავლენას ანუ მოდას, როგორც ადამიანის ცხოვრების ბევრი მხარე. მაშ გამოდის, რომ მომავალში, თუ თანამედროვე ტენდეციებს გავითვალისწინებთ, ქალმა, ინტერიერის დეტალის მსგავსად, ”მინიმალიზმის” ან ”ჰაი-ტექის” სტილი უნდა გამოხატოს?

საზოგადოებრივი აზრი ჩვენს ცნობერებაზე ბევრად უფრო მოქმედებს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჟურნალების თვალიერებისას მოგვწონს ნაზი ფიგურები და გრძელი ფეხები, თუმცა დაახლოებით 50 წლის წინ, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ გაძვალტყავებული მუხლები ლამაზია. ჩვენ თვითონ საოცრად სწრაფად ვადგენთ სტანდარტებს და სწრაფადვე ვექცევით მათი გავლენის ქვეშ. დღეს ჩვენს არსენალში საკმაოდ მდიდარი ისტორიული გამოცდილებაა დაგროვილი კულტურული ტრადიციების განვითარების და ურთიერთგავლენის საქმეში, ამიტომ ვერ დავრჩებით გულგრილი იმ აურზაურისადმი, რომელიც ყოველთვის თან ახლდა სუსტ სქესს.

ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანების ცნობერებაში არსებობდა დედის კულტი. ამის შედეგად წარმოიშვა ქალის ტიპი, რომელსაც უპირველეს ყოვლისა უნდა ეშვა და გაეზარდა შვილები. ამიტომ, პრეისტორიული ფიგურები, როგორც წესი, წარმოადგენენ ქალის სხეულს მეტისმეტად ფართო თეძოებით და ჩამოკიდებული მკერდით. ქალის სხეულის ხსენებული ნაწილები დღესაც ყველაზე მიმზიდველად რჩება. ძველ საბერძნეთში ფიზიკური სილამაზე სულიერს უტოლდებოდა. შესაძლოა, ელინელი მზეთუნახავები დღეს ცოტა ”მძიმე წონად” მოგვეჩვენოს, მაგრამ ბერძნებზე უკეთ ვერავინ აღიქვამდა და აფასებდა ქალის სხეულის სილამაზეს. თეძოს უნაკლო ხაზი, რომელიც ამფორის მოხაზულობას მოგაგონებთ, სათანადო კუნთების საგანგებო ვარჯიშის საშუალებით მიიღწეოდა. დიდი ყურადღება ეთმობოდა ფეხების სიმსუქნეს (”კარგი გაგებით”), პატარა ტერფთან ერთად. მრგვალი პირ-სახე და პატარა ცხვირი კეთილშობილი ჯიშის ნიშნად იყო მიჩნეული. ბერძენი ქალის საშუალო სიმაღლე 164 სმ იყო, მაგრამ მაღალი ქალებიც მოსწონდათ. უფრო მეტიც, არისტოტელე ფიქრობდა: ”თუ დაბალი კაცი მაინც შეიძლება ვაჟკაცურად გამოიყურებოდეს, დაბალი ქალი არასოდეს გამოიყურება ლამაზად”.

ბერძნული კულტურა საკმაოდ მრავალმხრივი იყო. როცა ელადაში გაიფურჩნა ჰომოსექსუალიზმი, მოდაში შემოვიდა ქალიანდროგენი, რომელიც უფრო ბიჭს გავდა, ხოლო დამპყრობლურ ეპოქაში, კლასიკური ელინური სილამაზის კანონში შეიმჩნეოდა აღმოსავლური ელფერი – თვალის მოგრძო ჭრილი, სახის რბილი ოვალი, ოდნავ მუქი კანი. რა თქმა უნდა, კულტურა ყოველთვის როდი იყო ჰუმანური ქალების მიმართ. დავაკვირდეთ საფრანგეთის გოთიკური პერიოდის პირქუშ არქიტექტურას. ასეთ კოშკებში, ვიწრო ფანჯრებს მიღმა, მთელ თავის სიცოცხლეს ატარებდნენ ქალიშვილები მაღალი წრიდან. მათ ეცვათ სულის შემხუთველი ვიწრო კორსეტები, იპარსავდნენ თმას შუბლიდან, რათა შუბლი უფრო მაღალი გამოჩენილიყო, ისინი ამაყობდნენ გაფითრებული სახით და ხშირად ეცემოდნენ გულწასულნი, გრძნობათა სიჭარბისგან – ესეც მოდაში იყო. შუა საუკუნეების ფრანგებმა უამრავი შესანიშნავი ტილო დაგვიტოვეს, რომლებზეც ხორცსავსე, რენესანსის ეპოქის ქალბატონებია გამოსახული. ეს ძალიან ამშვიდებს თანამედროვე ”ფუნჩულებს” – აი, ოდესღაც ხომ ყოფილა ჩვენი დროო. იყო, ნამდვილად იყო. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ქალაქების ქუჩები სავსე იყო ჭირიანებით და კეთროვანებით, ტანის დაბანა კი სასიკვდილო საფრთხედ ითვლებოდა. ტილოებზე გამოსახავდნენ სილამაზის საოცნებო ხატებას – ფაშფაშა, სუფთა, ვარდისფერკანიან, ხორცსავსე და ჯანმრთელ ქალს. დღეს? დღეს ფაშფაშა სულაც არ ასახავს კეთილდღეობას, ან ფერმკრთალი კანი – კეთილშობილ წარმომავლობას. როლები შეიცვალა და როგორც წესი, წარმატებული საქმიანი ქალი (ან წარმატებული საქმიანი კაცის ქალი) უამრავ დროს, ფულს და ენერგიას ხარჯავს სალონებში, სპორტულ დარბაზებში, კლინიკებში – ანუ, საკუთარ თავზე დღეს აქტუალურია ცნება ”მოვლილი, დახვეწილი”.

თანამედროვე ქალმა, როგორც იქნა, მიაღწია იმას, რომ შეუძლია ცნობისმოყვარე ცხვირი ჩაყოს ცხოვრების ყველა სფეროში. საამისოდ მას კაცებთან ცხარე კამათი და ბრძოლა აღარ სჭირდება. ის თავისუფალია: უნდა იმუშავებს, უნდა – არა, უნდა გააჩენს შვილებს, უნდა – არა. მაგრამ არიან ქალები, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ. კი მაგრამ, საამისოდ ხომ შესაშური ჯანმრთელობა უნდა ქონდეს, მაშ როგორღა დაემსგავსება პოდიუმის უსისხლხორცო მზეთუნახავებს? უსისხლხორცო ანუ ”უნისექსის” სტილის წინამორბედი იყო ტვიგი, 60-იანი წლების სიმბოლო, გოგონა – ლერწამი. ალბათ, ბევრს ემახსოვრება მისი მელანქოლიური მზერა და არარეალური პროპორციები. ეს მან წაართვა პოპულარობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ ჯინა ლოლობრიჯიდა და სოფი ლორენი. ქალური ქალების ადგილი უსქესო, დიეტებით გადამკვდარმა მოზარდებმა დაიკავეს. მაგრამ, როგორც დრომ აჩვენა, უკიდურესობები დიდხანს ვერ ძლებს. არაჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი სხეულისადმი, ადრე თუ გვიან უნდა შეცვლილიყო ბუნებრივი, მარადიული ქალურობით. ეს უფრო ადრე მოხდებოდა, რომ არა პროზაული ეკონომიკური ურთიერთობები.

კაპიტალიზმის პირობებში ყველაფერი იყიდება. სილამაზეც ისეთივე საქონელია, როგორც ნივთი. საზოგადოებაში, რომლის მსოფლმხედველობა ბაზრის მოთხოვნილებათა პრიზმაში გარდატყდება, ქალს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა საკუთარი საბაზრო ღირებულების აწევა. ფემინიზმი აქ არაფერ შუაშია. ქალი იძულებულია, აიმაღლოს კონკურენტუნარიანობა. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ”პარადი” დასავლეთს მიყავს – ინგლისური ენა, ქცევის პოლიტკორექტული მოდელი, სილამაზის დასავლური ანთროპოლოგიური ტიპი. ჩვენს ბედნიერ, ბრძენ აზიას აშკარად ეტყობა გარკვეული კომპლექსი თავისი უფრო ”დაწინაურებული” მეზობლის მიმართ. ეს პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებზე უკეთ არავინ იცის. ”საერთო ნაციონალური სტანდარტის” დევნაში, აზიურ ქვეყნებში , არასრულწლოვანი გოგონები წვებიან ქირურგის მაგიდაზე. პლასტიკური ქირურგია მართლაც სასწაულებს ახდენს და სხეულის კორექტირების მიზნით ჩატარებული ოპერაციები უკვე იმდენ მითქმა-მოთქმას აღარ იწვევს საზოგადოებაში. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბავშვის გარეგნობის მოდელირება დედის მუცელშივე შეიძლება. ალბათ სწორედ ეს არის ახალი საფეხური. როგორი ქალი იქნება ”ლამაზი” 10 წლის შემდეგ? და კიდევ 10 წლის შემდეგ? არავინ იცის. არჩევანი დაახლოებით ისეთია, როგორ ერთი იაპონელი მწერლის მიერ დასმულ შეკითხვაში: ”რა უფრო ლამაზია და რისკენ უნდა ვესწრაფოდეთ – სხვადასხვა მხარეს გადახრილი, უცნაური ფორმის თუ უნივერსალური სწორი ხე?

წყარო: join.ge

მსგავსი ამბები

Back to top button