საკითხავისასარგებლოუცნაური

სურის ტომი

სური ეთიოპიაში, სუდანის საზღვართან მობინადრე ტომია, რომლის წევრებიც უცნაური ტრადიციით გამოირჩევიან: გარკვეულ ასაკამდე მისვლისას გოგონები წინა კბილებს იძრობენ, ტუჩს იხვრეტენ და შიგ თეფშს იდებენ. ასევე იხვრეტენ ყურებსაც. ტუჩში ჩადებული თეფშის ზომა დროთა განმავლობაში იზრდება და ზოგჯერ დიამეტრში 40 სმ-ს აღწევს.

მეოცე საუკუნის ბოლოს სურის ტომელების რაოდენობა 20 000-ს სცდებოდა. მათ საკუთარი რელიგია აქვთ, ჰყავთ ცის ღმერთი,სახელად ტუმა. სჯერათ სულების არსებობის და ხშირად ლოცულობენ, ატარებენ მსხვეპლშეწირვის რიტუალებს, რათა ტუმას აამონ. ასევე ჰყავთ “წვიმის მომყვანი”. ეს ტიტული მემკვიდრეობით გადაეცემა მხოლოდ მამაკაცის შტოს. როცა წვიმა სჭირდებათ, წვიმის მომყვანი ხეების სპეციფიკური ჯიშებიდან ფოთლებს აგროვებს, ნაყავს მათ და ზელს. მიღებულ წვენს მიწას ურევენ, შემდეგ წვიმის მომყვანს უსვამენ ტანზე. ეს რიტუალი რომ დასრულდება, წესით წვიმა უნდა მოვიდეს.

გარდა ტუჩის გახვრეტისა, სურის ტომელები ზოგჯერ სხეულზე იკეთებენ ჭრილობებს. ზოგიერთ ანთროპოლოგს მიაჩნია, რომ ამით ბავშვობიდანვე აჩვევენ ტკივილსა და სისხლს. არავინ იცის, საიდან და რატომ დაიწყო ტუჩში თეფშის ჩადების ტრადიცია. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მათ ისტორიაში იყო პერიოდი, როცა სურის ტომელი ქალები ტყვედ მიჰყავდათ ხოლმე, ისინი კი ამ გზით თავს იმახინჯებდნენ. გოგონა განსაზღვრულ ასაკს რომ მიაღწევს, საჭრელ კბილებს აცლიან, ჯოხით ზედა (იშვიათად ქვედა) ტუჩს უხვრეტენ და უწელავენ იქამდე, რომ თიხის პატარა თეფში ჩაეტიოს.

სურის ერთ-ერთმა ტომელმა, სახელად ნაბალამ BBC-ის თანამშრომელთან, ბრიუს პარისთან საუბრისას განაცხადა:

– არც მახსოვს, ტუჩის გახვრეტა როდის მოხდა. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ეს საქმე თავიანთ თავზე ჩემმა ძმამ და მამამ აიღეს. ტუჩი რომ არ გამეხვრიტა, ვერ გავთხოვდებოდი, არც ჩემი ოჯახი მიიღებდა საქონელს (სურის ტომში ქალი შინაურ ცხოველებზე იცვლება). ჩემი ტუჩი ძალიან ფართოა, შესაბამისად დიდ თეფშს ვატარებ. ამ თეფშის გამო 60 შინაური ცხოველის ფასი მაქვს. იშვიათია გოგონა, რომელიც თეფშის ჩადებაზე უარს იტყვის.

კიდევ ერთი უცნაური ტრადიცია ჭრილობებით სხეულის დამახინჯებაა. ქალები ეკალს ირჭობენ კანში და მაღლა წევენ მას, შემდეგ კი აწეულ ნაწილს სამართებლით ჭრიან. კანის მოჭრილ ნაწილს აგდებენ, ხორცი შიშვლდება და ამ ადგილას სამუდამოდ რჩება ნაჭრილობევი. ზოგჯერ კაცებიც მიმართავენ მსგავს პროცედურას. ეს მაშინ ხდება, როცა დაპირისპირებული ტომიდან ვინმეს მოკლავენ. ჭრილობის ფორმა სხვადასხვაა. მაგალითად, სურის ერთ-ერთ ჯგუფში მარჯვენა მკლავზე იჭრიან ნალის ფორმას იმის საჩვენებლად, რომ მამაკაცი მოკლეს, ხოლო თუ ქალი მოკლეს, მარცხენაზე იკეთებენ.

დასასრული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close