მისტიკასაკითხავისასარგებლო

ვანგას ფენომენი

ბულგარეთსა და მის ფარგლებს გარეთ კარგად არის ცნობილი 80 წლის ბრმა მისნის ვანგას ფენომენალური მონაცემები. სხვადასხვა ასაკისა და განათლების ადამიანთა უწყვეტი ნაკადი მიედინება მასთან, რათა გაიგოს თავისი მომავალი. ჯადოქრის მკითხაობით ყველანი დიდად გაკვირვებული რჩებიან. რა ძალით აღასრულებს იგი თავის წინასწარმეტყველებას? სად იმალება მისი ნათელმხილველობის სათავე?
ჯერ მოვუსმინოთ, თუ რას ამბობს იგი თავის მონაცემებზე. დისწულის, ფილოლოგ კრასიმირა სტოიანოვას შეკითხვაზე: „გრძნობ თუ არა, რომ შენი უნარი დაპროგრამებულია უმაღლესი ძალებით?“ ვანგამ უპასუხა: „კი. – როგორ ღებულობ მათ? – უმეტესად მესმის მათი ხმა. – გიხილავს ისინი? – კი, გამჭირვალე ფიგურებია, წყალში არეკლილი ადამიანის გამოსახულების მსგავსი. – მათი თუ შენი ნებასურვილით ხორციელდება კონტაქტი? – ჩვეულებრივ, მათი სურვილით, თუმცა მე შემიძლია მათი გამოძახებაც“.

ქვემოთ მოგვყავს ვანგას დისწულის საინტერესო მონაცემები თავისი წინასწარმეტყველი დეიდის შესაძლებლობათა წყაროებზე: „16 წლისა ვიყავი, როდესაც ერთხელ ჩვენს სახლში პეტრიჩში ვანგა გამომელაპარაკა… მაგრამ ეს მისი ხმა არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის კი არა, სხვა ვინმე მელაპარაკებოდა მისი ბაგეებით. სიტყვები, რომლებიც მისგან მოვისმინე, არავითარ კავშირში არ იყო იმასთან, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, თითქოს ვიღაც უცნობი პირი ჩაერთო საუბარში: მომესმა: „აი, ჩვენ შენ გხედავთ“… რასაც მოჰყვა ჩემი საქციელის სრული ანგარიში დღის განმავლობაში ამ მომენტამდე. მე უბრალოდ შემრცხვა ამ საშინელებისაგან. სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მცირეოდენი პაუზის შემდეგ ვანგამ ამოისუნთქა და თქვა: „ოჰ, ძალებმა დამტოვეს…“ და კვლავ დაუბრუნდა ჩვენი წინა საუბრის თემას. მე ვკითხე, თუ რატომ აღწერა ჩემი საქციელი მთელი დღის განმავლობაში. მან მიპასუხა, რომ ის მხოლოდ იმას იმეორებდა, რაც ესმოდა. შემდეგ კვლავ მითხრა: „ო, ეს ძალები პატარა ძალებია, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან, მაგრამ არიან დიდებიც, რომლებიც პატარებს მართავენ. როდესაც ისინი გადაწყვეტენ ჩემი ბაგეებით ალაპარაკდნენ, მე ცუდად ვხდები და მთელი დღის განმავლობაში არა ვარ კარგად“.

აი, რას წერს ვანგას ნათესავი მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ: „ვანგას წლების განმავლობაში არ დაუტოვებია ეს ადგილი… ვერ გამიგია, რა აჩერებს აქ. მაგრამ მან იცის ეს ადგილი და უყვარს იგი. პირადად ჩემზე აქაურობა დამთრგუნველად მოქმედებს“. იმასვე ამბობენ სხვა ადამიანებიც. მაგრამ ვანგა ამტკიცებს, რომ მხოლოდ აქ ესმის ხმები, რომლებიც მას მრავალ რამეში აცნობიერებენ. აქაოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც მისი მიწური დგას, ამ ოლქში განლაგებული ძველი საკურთხევლების დამაკავშირებელი ცენტრი არსებობს.

აი, რას ამბობს ამის შესახებ ვანგას დის ლუბას შვილი დიმიტრი: „მოგითხრობთ ერთ ადგილობრივ გადმოცემას. მოხუცები გვიამბობენ, რომ აქ დამარხულია მხედრის ბუნებრივი ზომის მქონე ქანდაკება. მათი ვარაუდით, ეს წმ. კონსტანტინეს ქანდაკებაა. იგი ჩაფლეს მიწაში, როცა ქვეყანას თურქები შემოესივნენ. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ფრაკული ღმერთის ხოსროს ქანდაკებაა, რადგან სწორედ ამ რაიონში აღმოაჩინეს მარმარილოს ფილები ამ ღმერთის გამოსახულებით… ჩემი დეიდის სულ პირველი ხილვაც უკავშირდება მხედარს, რომელიც მას თითქოს ჭასთან გაესაუბრა. შემდეგ მას კვლავ გამოეცხადა მხედარი და შეატყობინა, რომ მალე ომი დაიწყებოდა, მანვე უთხრა, რომ იგი ნათელმხილველი გახდებოდა, მას მიეცემოდა უწყება „ცოცხლებსა და მკვდრებზე“. ვანგას ფენომენის შემსწავლელი პროფესორი გ.ლოზანოვი წერს: „1964 წლიდან ჩემი ხელმძღვანელობით გამოკითხულ იქნა მისი ათასი მნახველი. ჩვენ მიზნად დავისახეთ, სტატისტიკის დახმარებით დაგვედგინა, როგორ აღსრულდებოდა მისი წინასწარმეტყველებანი 5, 10, 15 წლის შემეგ“. ლოზანოვის მონაცემით, ვანგას წინასწარმეტყველებათა დაახლოებით 70% მართლდება.
მაშ ასე, ზემოთმოყვანილიდან ნათელია, რომ ყველა „წინასწარმეტყველური“ ცოდნა ვანგას განეცხადება „ძალებით“, რომლებიც ან თვითონ ცხადდებიან მასთან, ან გამოცხადდებიან მისი გამოძახების შემდეგ. ვანგას სიტყვებიდან ჩანს, რომ არსებობენ რაღაც „მცირე ძალები“, რომელთა არსებობას ის გამუდმებით გრძნობს. პერიოდულად მასთან საუწყებლად მიდიან „დიდი ძალებიც“, რის შემდეგაც ის „ცუდად“ ხდება. ამ „ძალებს“ ვანგა აჩრდილის სახით ხედავს. ხმები ყველაზე უკეთ მას ესმის საკუთარ სახლში, სადაც, მისი თქმით „ამ ოლქში მოთავსებული ძველი საკურთხევლების დამაკავშირებელი ცენტრი“ მდებარეობს. ვანგას დისშვილის აზრით კი აქ იყო წარმართული ღვთაების ხოსროს სამსხვერპლო, რომლის ქანდაკებაც მიწაშია ჩაფლული. სხვა ადამიანებზე აქ ყოფნა „დამთრგუნველად“ მოქმედებს.

წიგნი: ,,ადამიანები და დემონები”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close