არქივი

საქართველოა მარადიული ?!

027c4b87581d
იმედია ამ სტატიას ბევრი თქვენგანი წაიკითხავს და გაიაზრებს, მხოლოდ წაკითხვა არ შველის არფერს, მთავარია გაიაზრო :)

საქართველოა მარადიული ?!

”გავიბითურეთ სამშობლო
მართლაც სამოთხის სადარი,
სხვა საქართველო კი არა
თვით საქართველო სად არის?!”

ვახუშტი

ჩვენი საქართველო განსაკუთრებული ფენომენია, როგორც თავისი ისტორიული წარსულით, ისე თანამედროვე ყოფით. ქართული გენი და ქართული სული უამრავ მტერსა თუ არაკეთილმოსურნეს გადაურჩა. ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს და სახელი ”საქართველო”, ახ.წ.აღ. 2011 წლამდე ”მოიტანეს”, თავისი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით.
დღეს არ ჩაივლის არც ერთი ქართული შეკრება (ქეიფი), სადაც საქართველოსა და წინაპრების სადღეგრძელოს ე.წ. განსხვავებულითა და პატრიოტული გრძნობით გაჟღენთილი სიტყვებით არ იტყვიან. თუ, რა დიდებულია ჩვენი სამშობლო, მადლობა წინაპრებს და ჩვენც ღირსეულად გაგვეგრძელებინოს მათი მონაპოვარი.
მაგრამ საით მიემართება დღეს ჩვენი ქვეყანა? რა მიაჩნია მისაღებად დღევანდელ ახალგაზრდობას და მათზე უფროს თაობას (ისინი, ვისი ყმაწვილობაც სამოქალაქო ომსა და შემდგომ პერიოდს დემთხვა, რომლებიც თავიდან ცდილობენ გაიარონ ახალგაზრდობის წლები)? ასევე ”ახალი ქართული” ენის დამკვიდრებაზე ქვემოთ.

თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპაში დამკვიდრების თემა (მაგ: საქართველოს ჰყავს ევროინტეგრაციის მინისტრი(?!)).
ევროპა, თანამედროვე ახალგაზრდების გაგებით ასოცირდება თავისუფლებასთან (გადამეტებულ) და აღვირახსნილ ცხოვრებასთან. თუ, მოზარდი არ დაემორჩილება მშობლებს, ხშირად გააცდენს მეცადინეობებს, თანატოლებათან ერთად გვიან ღამემდე გაერთობა, ქუჩაში უშვერ სიტყვებს იხმარს გარშემომყოფთა მისამართით და სხვა ეთიკურ ნორმებს გასცდება, დღეს ეს კარგ ტონად ითვლება, კარგ ”ტიპობასთან” და ”მაგარ” ბიჭობასთან იგივდება. ეს მიაჩნიათ ევროპად და ევროპულ ნორმებად, რითაც ჩირქს სცხებენ მის ნამდვილ სახეს. ბებერი კონტინენტი ახალგაზრდების საოცნებო ადგილია, რადგან იქ ზემოთ ჩამოთვლილი ელოდებათ ისე, რომ სახლში მისულებს არავინ დატუქსავს ან უსაყვედურებს ამის გამო.
სინამდვილი, კი სულ სხვაგვარია. თანამედროვე ევროპა ლიდერ სახელმწიფოებს (ინგლისი, საფრაგეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია (თემიდან გამომდინარე უსიამოვნო გამონაკლიასია), ესპანეთი, დანია, შვეიცარია) ეფუძნება, რომლებიც წესრიგის მაგალითები არიან მთელი მსოფლიოსთვის და ქართველთა წარმოდგენისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
გერმანია. იკრძალება 18 წლამდე მოზარდებისთვის თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების მიყიდვა. ახალგაზრდა, რომელიც გვიანობამდე ქუჩაშია პოლიციას სახლში მიჰყავს და მშობელს (ან მეურვეს) აფრთხილებს. განმეორების შემთხვევაში – ფინანსური ჯარიმა. ხოლო კიდევ ერთი ფაქტის შემთხვევაში ახალგაზრდას მცირე ხნით საპატიმროში მოუწევს ყოფნა.
ინგლისი. ასევე იკრძალება 18 წლამდე მოზარდისთვის ალკოჰოლის მიყიდვა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ლუდი განსაკუთრებულად უყვართ. სასწავლებლის უმიზეზოთ გაცდენაზე კი, უმკაცრესი სასჯელია.
საფრანგეთი. ახალგაზრდების მხრიდან მცირედი წესრიგის დარღვევაზეც კი პატიმრობაა, საიდანაც გირაოს გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი თავის დაღწევა.
აი, სინამდვილეში რა არის თანამედროვე ევროპა. იმ ნორმებს, რომლებიც ქართველებს ”ევროპულად” მიაჩნიათ, მხოლოდ ჰოლანდია აკმაყოფილებს, სადაც ყველაფერი დაშვებულია (არასრულწლოვანთა პროსტიტუციის გარდა). თუ, ჰოლანდიელობა გვინდა, გვყავს ერთი ჰოლანდიელი ნათესავი და მას ვთხოვოთ შეგვასწავლოს სხვა უმსგავსობები, რომლებსაც ევროპის სახელით ჩავიდენთ.
ევროპიზაციიდან გამომდინარე ქართველებს ძალიან საშიში სენი შეგვეყარა, რომელსაც ალბათ ათწლეულების მანძილზე ვერ მოვიშორებთ. ეს არის ბარბარიზმების ”მეორე ტალღა”, რომელიც ევროპის კონტინენტიდან (ალბათ ამერიკიდანაც) დაგვატყდა თავს.
ბარბარიზმი, როგროც ცნობილია, უცხო ენიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვებია, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებთ ცხოვრებაში. ბარბარიზმი ცვლის ”მასპინძელ” ენას, რომლიდანაც ზოგიერთი სიტყვა იკარგება და ამ სიტყვას, მხოლოდ ბარბარიზმით მოვიხსენიებთ.
საქართველომ ბარბარიზმების ე.წ. პირველი ტალღა სამოცდაათ წლიანი კომუნისტური მმართველობისას იგემა, როდესაც სალაპარაკო ქართულში, უამრავი ქართული სიტყვა ჩაანაცვლა რუსულმა. ყოველდღიური მოხმარების სიტყვების 30%-ს რუსულიდან შემოსული შეადგენდა. ხალხს უკვე ისინი თავისად მიაჩნდათ და მათი ხმარებისას არანაირ დიკომფორტს განიცდიდნენ.
ჩრდილოური ბარბარიზმების ყველაზე გავრცელებული მაგალითებია ”სპიჩკი”, ”პადიეზდ”, ”ლამპოჩკა”, ”ჟესტიანშიკი” (ავტომობილის თითქმის ყველა ნაწილი) და სხვა მრავალი, მაგრამ ქართველებმა, მხოლოდ ეს არ ვიკმარეთ და ეს სიტყვები ”გადმოვაქართულეთ”. მაგ: ”სპიჩკი” თავისთავად მრავლობითია და მას ქართველებმა ”სპიჩკები” ვუწოდეთ ისევე, როგორც სათვალეს – ”აჩკები”. რუსულ სიტყვებს, როგორც ქართულს ისე ვაბრუნებთ და ვერანაირ უხერხულობას ვგრძნობთ.
გამოდის, რომ ბარბარიზმი კიდევ უფრო დავამახინჯეთ და დამახინჯებული ფორმით დღესაც წარმატებით ვიყენებთ.

21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად, როგორც ზემოთ აღვნიშნე საქართველოს კურსი დასავლეთის მიმართულებით შეიცვალა, საიდანაც რუსეთის არ იყოს, უამრავი უცხო ტერმინი შემოვიდა, რომლებმაც დროის მცირე მონაკვეთში მყარად მოიკიდეს ფეხი სასაუბრო (და არამარტო) ლექსიკაში.
დღეს უკვე რადიოდან და ტელევიზიიდან, გაზეთიდან და ჟურნალიდან, გვესმის და ვკითხულობთ არაქართული სიტყვების უდიდეს არმიას, მაგრამ მათ ჩვენი ყური და გონება ჩვეულებრისამებრ აღიქვამს.

რამდენიმე სავალალო ფაქტი ქართული რეალობიდან:

PR (public relation) – “ფიარი”, რომელიც ძალიან გავრცელებული სიტყვაა საქართველოში. ეს აბრევიატურა ინგლისურია და თავის თავში საზოგადოებასთან ურთიერთობას გულისხმობს. უნივერსიტეტში, როდესაც ბავშვებმა ფურცელზე ნახეს ტექსტი – ”საზოგადოებასთან ურთიერთობის შესწავლა”, არავინ მიაქცია მას ყურადღება მანამ, სანამ ლექტორმა არ განმარტა, რომ იქ ”ფიარი” იგულისხმებოდა.
Sit down dinner (სით დაუნ დინა) – მაშინ, როდესაც 31 დეკემბრის საღამოს ხალხი ტელევიზორებთან ისხდა, ისინი თვითმხილველები გახდნენ ფაქტის, როდესაც ქართველმა ქალბატონმა (?!) ვერ გაიხსენა, როგორ ეთქვა ქართულად – ” -ვახშმად დასხდნენ” და მან გამოიყენა – ”Sit down dinner”, რაც ქართულად ვახშმად დასხდომას ნიშნავს.
Show (შოუ) – ქართულ ტელევიზიებზე არ გადის არც ერთი გასართობი გადაცემა, რომელსაც დაბოლოება ” Show” არ ჰქონდეს (ნანუკა ჟორჯოლიანის შოუ, ვანო ჯავახიშვილის შოუ, ”ქლაბ შოუ” და ა.შ.).” Show” ინგლისური სიტყვაა და ქართულად, ჩვენებას, დანახებას ნიშნავს. ნამდვილად არ ვიცი ვისი ან რისი ბრალია, მაგრამ ამ სიტყვის ქართული მნიშვნელობა დავიწყებულია და პირზე ყველას ”შოუ” აკერია.
Performance (პერფორმენს) – კიდევ ერთ სავალალო შემთხვევას გდაცემა ”თბილისი ლაივში” ვხვდებით, საიდანაც ”რჩეული საზოგადოების” წევრები, ამა თუ იმ თერძის მიერ შეკერილი სამოსების ჩვენებას ”რაჩვეულებრიბ პერფორმენსს” უწოდებენ, ანუ იგივე წარმოდგენას. საინტერესოა, რატომ დამკვიდრდა ეს რთულად წარმოსათქმელი სიტყვა ქართულში.
Creative (ქრეათივ) – არის სიტყვა, რომელიც ტელევიზიიდან ალბათ ყველაზე ხშირად ისმის. ამ სიტყვას ძირითადად ახალგაზრდებისა და ნიჭიერი ადამიანების მიმართ ხმარობენ, მაგრამ უმეტესობამ სავარაუდოდ, არც კი იცის მისი ქართული შესატყვისი – შემოქმედებითი. ”ქრეათივმა” საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვები და საწუხარო ეჭვი მაქვს ასეც დარჩება.
სოციალურ ქსელ ”Facebook (ფეისბუქი)”-ის გავცელება და საზოგადოებაში ახალი ტერმინების მოზღვავება ერთი იყო. ასე მაგალითად: ”დალაიქება”, ”დაპოსტვა”, ”დათაგვა” ჩვეულებრივი ”ქართული” სიტყვები გახდა. კიდევ კარგი, არსებობს ”ფეისბუქის” ქართული სერვისი, სადაც ნაკლებად შევხვდებით არაქართულ სიტყვებს.
სამწუხაროდ, ქართულში არ გვხვდება იმ საერთაშორისო სიტყვების შესატყვისები, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ამიტომ იძულებულები ვართ ვთქვათ – ”კომპიუტერი”, ”მაგნიტოფონი”, ”მობილური ტელეფონი”, ”ტელევიზორი” და სხვ.
წმინდა ინგლისური სიტყვების გარდა ქართველები მივეჩვიეთ ”საოცარი” ინტერპრეტაციის სინტაქსური წყვილების ხმარებას, რომლებიც ქართულად არაფერს ნიშნავს, რადგან კალკი უცხო ენებიდან (ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც არ ითარგმნება) და მათი პირდაპირ გადმოთარგმნა უსახურ შედეგს გვაძლევს.
რამდენიმე თვის წინ განათლების მინისტრმა, რომელიც მშენებარე სკოლაში იმყოფებოდა განაცხადა, რომ – ”მიმდინარეობს მოლოდინი და სკოლა მალე გაიხსნება”. ”მიმდინარეობს მოლოდინი” – რბილად, რომ ვთქვათ უპატივცემულობაა საკუთარი ენის მიმართ, როცა არსებობს სიტყვები: ვიცდით, ველოდები.
იმავე მინისტრის მოადგილემ კი – ”აქ გაიხსნება სპორტული დარბაზი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები” ეს უბრალოდ დაცინვაა ქართული ენისა და დედა ენის, რომელიც ერთადერთია, ძეგლი, რომ დაუდგეს!
საქართველს აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სიტყვები: ”მდგრადი” და ”განვითარება” არ არის ქართული სინტაქსური წყვილი, რადგან განვითარება არის მუდმივი, პროგრსული. ხოლო მდგრადი მყარსა და უცვლელს ნიშნავს. თუ უცვლელი და მუდმივი განვითარება იგულისხმება, მაშინ სიტყვა აკლია დასახელებაში, თუ არ აკლია ე.ი. დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.
ნამდვილად არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ეს ”წყვილი”, მაგრამ საქართველოში, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამინისტრო, რომ არ უნდა ერქვას, ეს ცხადზე უცხადესია.
ხშირად გაგვიგონია – ”თეთრი შურით მშურსო”, ან ”კეთილი შურით მშურსო”… ეს არის რუსულიდან გადმოღებული ძალიან ცუდი კალკი, რომელიც მახინჯებს ქართულ ენას, რამეთუ ”შური” არის უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვა და მას ვერანაირი ზედსართავი ვერ გამოასწორებს. სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით ”შური” არის უარყოფითი დამოკიდებულება სხვისი ბედნიერების მიმართ. ქართულში ძალიან ლამაზი სიტყვა გვაქვს ”თეთრი შურის” შესაცვლელად და მას ”შენატვრა” ქვია, ანუ შევნატრი მე მას, მაგრამ არ მშურს მისი.

დღევანდელ საზოგადოებაში კიდევ ერთუ, მეტად რთულად გამოსასწორებელი პრობლემა დგას. ეს ეხება ქართული სახელების დამახინჯებული ფორმით თქმას. თითქოს მოფერებითი სახელი უკვე მოწმობებში იწერება და ასე ვრცელდება.
სახელი ნანა მინიმუმ 1700 წლისაა, ნანა დედოფალი ყველამ ვიცით, მირიან მეფის მეუღლე. დედოფალსაც ხომ ვინმეს საპატივცემულოდ დაარქვეს ეს სახელი, გამოდის კიდევ უფრო ძველია. დღეს ვერც ერთ ნანას ვერ ნახავთ, სამაგიეროდ ნანუკა (ჟორჟოლიანი), ნანკა (კალატოზიშვილი), ნანიკო (ხაზარაძე) გვყავს.
უძველესი სახელია ასევე ნინო, რომელიც იგივე პერიოდიდან გავრცელდა საქართველოში. დღეს აღარც ”ნინოებია” საქართველოში, სამაგიეროდ ყველა ტელეარხზე ვნახავთ ნინა წკრიალაშვილს, ნინაკა გელაშვილს, ნინი ბადურაშვილს, მაგრამ არც ერთ ნინოს (”პირველ არხზე” არის ერთი, ნინო ქაჯაია და იმედია ისიც არ დაიმახინჯებს სახელს).
ნინო-ზე და ნანა-ზე ცოტა უფრო გვიან, მაგრამ ”ვეფხისტყაოსნის” შემდეგ მაინც ხომ დამკვიდრდა საქართველოში სახელი – თინათინი?! მაგრამ რად გინდა, დღეს არიან თიკა ფაცაცია, თიკო სადუნიშვილი… თინათინი უკვე ცუდ ტონად მიიჩნევა და ე.წ. გოიმობასთან ასოცირდება.
მარიამი მარიშად, უკეთეს შემთხვევაში მარიდ იქცა” დოდო – დოდოშკად, ქეთევანი – ქეთათოდ და ქეთიდ…
არამარტო ქალის, არამედ კაცის სახელებიც საკმაოდ დამახინჯებულია: ნიდიკო, გიუნა, კოტიკო, კახუჩელა, ბიჭოლა… ამათ გარეშე ჩვენს შოუბიზნესს რა ”ფასი” ექნებოდა?!

თანამედროვე ახალგაზრდობა, რომელიც აქტიურად იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ სიტყვებს და კიდევ უამრავ სხვას, არ ფიქრობს, თუ რამხელა ზიანს აყენებს მშობლიურ ენას.
უმეტესობა არასწორად მიიჩნევს ”საბჭოთა” ბარბარიზმებს (”ნასკი”, ”ჩაინიკი”, ”სტოლი”, ”პადზემლია”) და მეორე წუთში იმ მოტივით რომ თანამედროვე ადამიანია უარესს ამბობს (”ჰელფ” – დახმარება, ”ლოსთ” – დაკარგვა, ”ლავ” – სიყვარული, აქ: შეყვარებული). საჭიროა, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს შემდეგი; ბარბარიზმები საზიანოა ჩვენი მშობლიური ენისთვის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართულ ენას და გავუფრთხილდეთ მას! არათუ შევცვალოთ ის და სიტყვები ჩავუნაცვლოთ უცხოეთიდან შემოსული ელემენტებით.
რატომ არ შეიძლება რომ საფრანგეთს მივბაძოთ? საფრანგეთის ხელისუფლება, ხომ ყველა საშუალებით ებრძვის უცხოეთიდან შემოსულ ბარბარიზმებს, რადგან ფრანგები წინა პლანზე ეროვნულობას და ეროვნულს აყენებენ. ჩვენ კი, რას ვშვებით ამ დროს? ვისრუტავთ ყველაფერს ახალს და ცუდს, რაც სხვაგან მიუღებელია. ქართველები ყველასგან განსხვავებულად ვმოქმედებთ.

მგონი უკვე დროა ქართველებმა გავაანალიზოთ დასავლური და ჩრდილოური ისე. რომ მივიდეთ დასკვნამდე: ჯერ საქართველო და ქართული ყველაფერი და შემდეგ სხვა დანარჩენი, ისიც მცირე დოზით.
საქრთველო და ქართველობა, მხოლოდ მაგიდასთან ჯდომით და ლიტონი სიტყვების წარმოთქმით არ უნდა გვიყვარდეს. საქმითაც უნდა ვიმიქმედოთ, რადგან წინაპრების მიერ 2011 წლამდე, ტანჯვით, წამებით და ბრძოლით (როგორც ფიზიკური, ისე სულიერი) მოყვანილი სამშობლო, ჩვენ ღირსეულ გზაზე უნდა ვატაროთ. თავაწეული და წელგამართული გვენახოს ჩვენი ქართული საქართველო!

აკაკი გვენეტაძე
თაკო ფილაშვილი

გამოყებებული ლიტერატურა: ჟურნალი ”გზა” (2010, #34 (გვ.5), 45(გვ.5), 46(გვ 39). 2011, #4(გვ5)), გაზეთი ”კვირის ქრონიკა” (2010, #43), ვიდეოპორტალი “myvideo.ge” (პირდაპირი), ტელეკომპანიები ”რუსთავი2” (31.12.10, 21:40), ”იმედი” (გადაცემა ”თბილისი live”), სულხან-საბა ორბელიანის ”სიტყვის კონა”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button