გასართობისაკითხავისასარგებლო

თემები, რომლებზეც არ უნდა იკამათოთ


თემები, რაზე კამათიც ინტერნეტ-სამყაროში უბრალოდ არ ღირს, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსამდე მიღწევა თითქმის შეუძლებელია.

კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში

როცა საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთს, ბევრი განსხვავებული აზრი ჩნდება. დაპირისპირებები და კონფლიქტები ამ ტერიტორიაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს. ზოგის აზრით, ისრაელია დამნაშავე. ზოგი პალესტინას ადანაშაულებს. სხვა არაბებს აკისრებს პასუხისმგებლობას, ვიღაც მიიჩნევს, რომ ყველა ბოროტება ებრაელებიდან მოდის და ა.შ. მოკლედ, დაუჭამიათ ერთურთი, თქვენ ნუ მოცდებით მაგათზე კამათით.

ჰომოსექსუალიზმი

ამ თემაზე რაციონალურად მსჯელობა თითქმის არ გამოდის.
– ეს ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია.
– არა, ეს დანაშაულია!
– ორიენტაცია გენეტიკაშია და რა ქნან?
– არა, ჰომოსექსუალიზმი არჩევანია!
– მისგან განკურნება შეიძლება.
გარჩევის საკითხი ხდება ასევე, უნდა იცხოვრონ თუ არა თავისუფლად არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებმა. ზოგისთვის ლიბერალური პრინციპებიდან გამომდინარე, ეს დასაშვებია, ზოგისთვის კი აპოკალიფსის მოახლოების მანიშნებელი.

რასები

წარსულთან შედარებით, რასიზმი თითქოს ნელ-ნელა ჩაცხრა, კანის ფერისა და თვალების ფორმის გამო ადამიანს აღარ ჩაგრავენ, თუმცა მთლად ასეც არაა საქმე. 21-ე საუკუნეშიც კი, არც ისე ცოტაა ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთი რასა მეორეზე რამით აღმატებულია. როგორც ჩანს, ისევ ძნელია, დაარწმუნო მოსაუბრე, რომ კანში მელანინის რაოდენობა და სახის ძვლების სპეციფიკური განლაგება არავის აძლევს უპირატესობას და არც ამცირებს.

იესო ქრისტე

ეჭვგარეშეა, რომ ის ყველაზე განხილვადი და აქედან გამომდინარე, ყველაზე საინტერესო პიროვნებაა მთელს ისტორიაში. მისი ცხოვრება წელთაღრიცხვას შუაზე ჰყოფს – ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან პერიოდებად. მის გამო ხშირად დაპირისპირებიან ერთმანეთს ადამიანთა გარკვეული ფენები თუ მიმდინარეობები. ზოგისთვის უბრალოდ დიდი მასწავლებელი და კარგი ადამიანი იყო, ზოგისთვის ხორცშესხმული ღმერთი, ზოგი მითიურ პერსონად თვლის. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთან შეხვედრისას უმჯობესია, კამათი არ წამოიწყოთ, რადგან ხშირად სიტუაცია მძაფრდება და კონფლიქტში გადადის.

აბორტი

როდის იწყება სიცოცხლე? აქვს დედას უფლება, გადაწყვიტოს უსუსური არსების სიკვდილ-სიცოცხლის საქმე მის ნაცვლად? ხშირად ეს კითხვები ერთმანეთს გადაკიდებს ქალსა და კაცს, რელიგიასა და ათეიზმს, თავისუფლებასა და დოგმას. ზოგისთვის ნაყოფი ადამიანი არაა და უფლებებით დედის სხეულში არსებულ ორგანოებს უტოლდება, ზოგისთვის კი პირველივე უჯრედიდან ადამიანი და სრულყოფილი სიცოცხლეა. ხშირად, თავად ბიოლოგებშიც წარმოიშობა ხოლმე უთანხმოებები, თუ რა პერიოდიდან უნდა მიენიჭოს ჩანასახს ადამიანის სტატუსი. მოკამათე კი იმას იშველიებს, ვინც მის აზრს ეთანხმება. საბოლოოდ, დისკუსიაში ჩაბმულები ან მკვეთრ დაპირისპირებაში გადადიან, ან ჭკუას უხმობენ და წყვეტენ კამათს, ისე რომ ორივენი საწყის აზრზე რჩებიან.

ჰოლოკოსტი

როცა საუბარი იწყება იმათ შორის, ვინც ჰოლოკოსტის თემაში ასე თუ ისე ერკვევა, ხშირად ეჯახება ერთმანეთს განსხვავებული აზრები: ჰოლოკოსტი საერთოდ არ მომხდარა. მოხდა, მაგრამ რიცხვი “გაბერეს”. მოხდა, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ზოგის აზრით, მსხვერპლები [ებრაელები, საბჭოთა ტყვეები, პოლონელები, ბოშები, ინვალიდები, მასონები, გეები, იეჰოვას მოწმეები] იმსახურებდნენ ამას, ზოგის აზრით, ეს ამაზრზენი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ექსპერტებშიც ყოფილა.

პოლიტიკა

სადაც რეალურ ცხოვრებაში უამრავ შეტაკებას და სისხლისღვრას წარმოშობს, რა გასაკვირია, რომ ინტერნეტ-სამყაროშიც ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემა იყოს. მთავრობა ჯობია თუ ოპოზიცია? უნდა დარჩეს პრეზიდენტი პოზიციაზე თუ გადადგეს? არსებობს თუ არა ისეთი ვინმე, ვინც მასზე უკეთესი იქნება? აშშ-ევროპა დაგვეხმარება თუ რუსეთი? რა დღეში ჩაგვაგდო შევარდნაძემ? და ა.შ. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი აპოლიტიკურობაა (ან ჩემსავით ანარქისტობა).

ფეხბურთი

უკომენტაროდ.

ადამიანის წარმოშობა

კრეაციონიზმი თუ ევოლუცია? ინტელექტუალური დაგეგმვა თუ ბუნებრივი გადარჩევა? ორივე მხარის სასარგებლოდ იმდენი წიგნი დაწერილა, ალბათ ყველაზე დიდ ბიბლიოთეკასაც გაავსებდა. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს და ორივე მხარე ფიქრობს, რომ მისი საწინააღმდეგო აზრის მქონეს არგუმენტები ან არ გააჩნია, ან იმდენად სუსტია, რომ ლაპარაკიც არ ღირს. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ რაიმე შუალედური პოზიცია არ არსებობს. თუკი ვინმე შეეცდება, ოქროს შუალედი გამონახოს, საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს პოზიცია ორივე თეორიას ეწინააღმდეგება და ორივე მხარეს გადაიკიდებს.

რელიგია

ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, ათეიზმი, საიენტოლოგია – საკმაოდ ბევრი რელიგიური მიმდინარეობა და შეხედულება არსებობს და კიდევ უფრო მეტი განსხვავებული აზრი. ისტორიის მანძილზე რელიგიის გამო ათასობით კონფლიქტი წარმოშობილა. საქმე იმაშია, რომ რელიგია, ან თუ გნებავთ, სულიერება, ბევრი ადამიანისთვის ერთ–ერთი ყველაზე ფაქიზი და მტკივნეული საკითხია. ასევეა ხშირად იმათ შემთხვევაშიც, ვინც ზოგადად რელიგიებს უარყოფს. გარდა ამისა, ხშირად მეგობრებს მსგავსი რელიგიური შეხედულებები აქვთ, იგივე სიტუაციაა ოჯახის წვერებთან დაკავშირებით. ამიტომ ბევრი მისი რელიგიური შეხედულების ‘დაჩაგვრას’ ავტომატურად აღიქვამს მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე თავდასხმად. საქმეს ისიც ართულებს, რომ პროზელიტიზმი (მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისკენ) ბევრი რელიგიის შემადგენელი ნაწილია. საბოლოოდ რასაც იღებ, ეს არის აწეწილი ნერვები და კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა.

ეს იყო ის 10 საკითხი, რომელზე კამათსაც ონლაინ-სივრცეში უნდა ერიდოთ. სხვა საკითხია არგუმენტირებული საუბარი, რომლის მიზანი აზრთა გაცვლა-გამოცვლაა და არა რომელიმე მოსაზრების დამტკიცება. თუმცა ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close