არქივი

კაპოეირა

8b33f61f7ece

კაპოეირა – ეს არის ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება. ორთაბრძოლა მიმდინარეობს წრეში, რომელსაც პორტუგალიურად როდა ჰქვია. წრის გარეთ მყოფნი უკრავენ მუსიკას, მღერიან და ტაშით ამხნევებენ მებრძოლებს. კაპოეირა უმეტესად  რიტუალური ბრძოლაა, როგორც შემტევი ისე თავდაცვითი მოძრაობებით, ფინტებით და აკრობატიკით.

კაპოეირას ისტორია

მას შემდეგ, რაც მეთექვსმეტე საუკუნეში პორტუგალიელებმა ბრაზილიის კოლონიზაცია მოახდინეს, ახალი ეპოქა დაიწყო ბრაზილიელების ისტორიაში. პორტუგალიელები მიხვდნენ, რომ ქვეყანა ბუნებრივი სიმდიდრეებით იყო დაჯილდოებული და ამ ყველაფრიდან ეკონომიკური სარგებლის მიღება დაისახეს მიზნად, ამისთვის კი მონური შრომის გამოყენება განიძრახეს.

თავიდან სამუშაო ძალად ისინი ადგილობრივ ინდიელებს იყენებდნენ, მაგრამ ინდიელების ფიზიკური და კულტურული თავისებურებები წინააღმდეგობაში მოდიოდა მონურ შრომასთან, რის გამოც ხშირი იყო ამბოხებები. სამუშაო ძალა ნელ-ნელა შემცირდა. კოლონიზატორებმა ამ სიტუაციიდან გამოსავლად აფრიკელი ხალხის დამონება მიიჩნიეს. “შავი ადამიანებით” ვაჭრობა, რომლებიც აფრიკის კონტინენტიდან ახალ სამყაროში გადმოჰყავდათ, იყო იმ დიდი ტრაგედიის დასაწყისი, რაც ამ ხალხმა გადაიტანა. ტანჯვა, მათრახის და სიკვდილის კანონები ბატონობდნენ პლანტაციებში მომუშავე მონებზე.

XVI საუკუნის დასწყისში უკვე ათასობით აფრიკელი გადაიყვანეს გემებით ბრაზილიაში. თავიდან მათ შაქრის პლანტაციებში ამუშავებდნენ, შემდეგ მთებში, მაღაროებში და უფრო მძიმე სამუშაოებზე.  მიუხედავად ჩაგვრისა, მათ მაინც შეინარჩუნეს თავიანთი კულტურა, ტრადიციები და თავისუფლების მოყვარე სული.

72c46f9bbb0f

პირველი გადმოცემებით კაპოეირა იყო სარიტუალო ცეკვა, რომელიც მათი რწმენით მწირ ნიადაგზე მცენარეებს ამოცვლაში ეხმარებოდა. იმ წრეს, რომელშიდაც ცეკვა სრულდებოდა ადგილობრივმა ინდიელებმა “capu era” უწოდეს. სწორედ აქედან წამოვიდა ამ საბრძოლო ხელოვნების სახელწოდება.  ამ პერიოდში კაპოეირა ძირითადად მინდვრებში სრულდებოდა, მაგრამ არსებობს ზეპირი გადმოცემები, რომლის მიხედვითაც კაპოეირას მონები აჯანყებების დროს საბრძოლველადაც იყენებდნენ. ამის გამო მისი მიმდევრები ორმაგი წნეხის ქვეშ ჰყავდათ ფერმერებს.

იმის გამო, რომ მამულები ერთმანეთისაგან დიდი მანძილით იყო დაშორებული, მონები ერთმანეთთან კონტაქტის დამყარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებდნენ, თუ გაიქცეოდნენ , ან თუ პატრონი მათ სხვა მემამულეს მიჰყიდდა. გაქცევებმა და მონებით ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობამ ხელი შეუწყო კაპოეირას გავრცელებას, აფრიკიდან ჩამოყვანილი მონების სხვადასხვა ჯგუფებში. შეხვედრებისას ისინი ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიდნენ გაქცეული მონების დასახლებების შესახებ, რომლებსაც  “Quilombo” -ს უწოდებდნენ. გაქცეული აფრიკელები კოლონიზატორებისაგან შორს, ტყეებში სახლდებოდნენ. ყველაზე მეტად ასეთმა დასახლებებმა შეუწყო ხელი კაპოეირას , როგორც სხვადასხვა კულტურების ნარევის განვითარებას.  ყველაზე დიდი გავლენა მის ჩამოყალიბებაში ნაგოს და ბანტუს ტომებს  ჰქონდათ.

68f972701bb6

მეცხრამეტე საუკუნეში , მონობის გაუქმების შემდეგ, ყოფილი მონებისთვის ცხოვრება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ისინი მართალია თავისუფლები იყვნენ, მაგრამ ხშირად არ ჰქონდათ სამუშაო, თავშესაფარი და საჭმელი. რადგან გადარჩენის სხვა გზა არ ჰქონდათ, დაიწყეს მოსახლეობის ძარცვა და დაყაჩაღება, რომლის დროსაც კაპოეირას დამხმარე საშუალებათ იყენებდნენ. ამ ყველაფერმა შეცვალა შეხედულება კაპოეირაზე, მის მიმდევრებს როგორც კრიმინალებს ისე უყურებდნენ.. 1890 წლიდან 1937 წლამდე კაპოეირა კანონით აიკრძალა, კანონდამრღვევებს ორიდან ექვს თვემდე პატიმრობით სჯიდნენ.

მეოცე საუკუნის პირველი ოცდაათი წლის განმავლობაში ხშირი იყო კონფლიქტები პოლიციასა და კაპოეირას მიმდევრებს შორის, რომლებიც იარაღად მაჩეტეებს და სამართებლებს იყენებდნენ. ძირითადი შეტაკებები ხდებოდა პერნამბუკოში, ბაიაში და რიო დე ჟანეიროში.

1937 წელს გაუქმდა ამკრძალველი კანონი და კაპოეირამ კვლავ განაგრძო განვითარება. ამ დროიდან დაიწყო მისი სოციალურ-კულტურული აღმასვლა.ის გახდა ბრაზილიაში მცხოვრები ხალხის კულტურის შემადგენელი  ნაწილი. კაპოეირა აისახებოდა მუსიკაში, ლიტერატურაში, თეატრალურ დადგმებში. ის შავი ეპოქა, როცა კაპოეირას საზღვრებს უწესებდნენ, დამთავრდა, ის გახდა მთელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა.

დღეს კაპოეირას მრავალი მიმდევარი ჰყავს, როგორც ბრაზილიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კაპოეირამ შეიძინა გლობალური მნიშვნელობა, მას აღიქვამენ, როგორც ხელოვნებას, რომელიც რიტმებსა და მოძრაობებში გამოიხატება და რომელიც წარმოაჩენს დაჩაგრული ხალხის კრეატიულობას, მათ   თავისუფლების მოყვარე სულს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button